ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

საპრეზიდენტო მარათონი: ვინ იქნება მეორე?

მაისის ბოლოს საპრეზიდენტო მარათონმა არაოფიციალური სტარტი აიღო. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ მისი მთავარი ინტრიგა იქნება არა პირველ, არამედ მეორე ადგილზე გასული კანდიდატი: რადგან "ქართული ოცნების" მთავარი ფალავანი მაინც ბიძინა ივანიშვილია და ამდენად, უკონკურენტო, პოლიტიკური სპექტრი მეორე ადგილზე გასული კანდიდატის გარშემო დაიწყებს სტრუქტურირებას. თუმცა, ბრძოლა მეტისმეტად კონკურენტული იქნება. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი იქნება იმითაც, რომ იგი, ფაქტობრივად, საზოგადოების საგარეო ორიენტაციასა და პრიორიტეტებსაც გამოკვეთს, რაზეც მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატების საგარეო პოლიტიკური მესიჯებიც მიგვანიშნებს.

მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ ნინო ბურჯანაძე და სალომე ზურაბიშვილი, თუკი ეს უკანასკნელი გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას. თუმცა, მეორე ადგილზე გასასვლელად მნიშვნელობა ექნება იმასაც, თავად ხელისუფლება ვის ისურვებს და წარმოაჩენს მთავარ კონკურენტად. ამ არჩევანს კი ხელისუფლება ორი კრიტერიუმით გააკეთებს: ვის ფონზე უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს საარჩევნო მარათონის მიმდინარეობისას და ვის ისურვებს მთავარ ოპონენტად უკვე საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრების შემდეგ, რადგან დიდი შანსია, რომ მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსი სწორედ მეორე ადგილზე გასული კანდიდატის გარშემო არსებულმა დაჯგუფებამ მოიპოვოს. მაგრამ აქაც იმას ექნება მნიშვნელობა, რამხელა პროცენტული დაშორება იქნება გამარჯვებულ და მეორე-მესამე ადგილებზე გასულ კანდიდატთა შორის, რადგან თუ გამარჯვებულმა დიდი სხვაობით გაუსწრო ყველას, ხოლო დანარჩენებმა დაახლოებით ერთნაირი მაჩვენებლები აიღეს, მაშინ დღევანდელი დისბალანსი შენარჩუნდება, ანუ ბიძინა ივანიშვილი იქნება ზემოთ, ხოლო ყველა დანარჩენ პოლიტიკურ ძალას მეტნაკლებად ერთნაირი წონა ექნება. სწორედ ამიტომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ქართული პოლიტიკის უახლოესი წლების პერსპექტივაზე საკმაოდ ნათელ პასუხს გაგვცემს.

ნინო ბურჯანაძემ გასულ კვირას გააკეთა ოფიციალური განაცხადი საპრეზიდენტო კანდიდატობაზე და მკვეთრად მოხაზა ის მესიჯები და ამომრჩევლის ის ფართო სეგმენტი, რომლის მიმხრობასაც აპირებს. მისი პირველი მნიშვნელოვანი მესიჯი მოკლედ შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: "არა გეიაღლუმს, არა პედოფილიას, არა ნარკოტიკების რეალიზაციას", ანუ ბურჯანაძე აპელირებას აკეთებს ტრადიციულ ღირებულებებზე, ტრადიციულ კულტურაზე და ევროპას სთხოვს, მიიღოს საქართველო ისეთი, როგორიც არის. "განსხვავებულობის პატივისცემა იმასაც ნიშნავს, რომ ევროპა გაგებით მოეკიდოს ჩვენს ტრადიციებსა და კულტურას", - ამ განცხადებით ბურჯანაძე ტრადიციულ ღირებულებებზე ორიენტირებული საზოგადოების დიდი ნაწილის გულის მოგებას შეეცდება. მრავლისმთქმელი იყო მეორე მესიჯიც: "დასავლეთთან კეკლუცობას თავი უნდა დავანებოთ და დავიწყოთ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები...

რეალისტები უნდა ვიყოთ. 30 წელი იმის ძახილი, რომ ნატოს კარი ჩვენთვის ღიაა, არაფერს მოგვიტანს. ნატოს კარი ვერ იქნება ღია, თუ უარს არ ვიტყვით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რისი მოგვარებაც მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის დაბალანსებით შეიძლება". ასე და ამგვარად, ბურჯანაძემ თავისი მთავარი სათქმელი მიუკიბ-მოუკიბავად თქვა, სათქმელი, რომელიც ადვილად გასაგები და მისაღებია დღევანდელი ამომრჩევლის სოლიდური ნაწილისთვის.

არსებითად განსხვავებულია სალომე ზურაბიშვილის ბოლო დღეებში გახმაურებული მესიჯები: "საქართველო არც დასავლეთის მარიონეტი უნდა გახდეს და არც რუსეთის მონა... რუსეთთან ბევრი რამის გარკვევა შეიძლება, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ერთი-ერთზე დარჩენილი გავუმკლავდებით რუსეთს. ამ საკითხში ჩვენ გვჭირდება ევროპა და ამერიკა... რუსეთთან დაახლოების მცდელობა არ უნდა ხდებოდეს დათმობის ფასად...

დათმობა შეიძლება მოლაპარაკების დროს, მაგრამ წინ არ უნდა უსწრებდეს! სამწუხაროდ, ამისი ნიშნები (საზღვრის გადაწევის თემაზე რბილი რეაგირებისა ან კიდევ გაუგებარი კოსოვოს მაგალითის ხსენებისა), ცოტა არ იყოს, ასეთ განცდას ტოვებს!" - წერს ზურაბიშვილი. იგი რუსეთთან დამოკიდებულების მხრივ ქართული პოლიტიკური სპექტრის საკმაოდ ნიშანდობლივ დაყოფასაც გვთავაზობს: აშკარად პრორუსული - მიშა სააკაშვილი; უმოქმედონი - რომლებიც ზოგადი ტერმინით - დაბალანსებით შემოიფარგლებიან, და დათმობის მომხრენი, რომლებიც ფსევდონაციონალიზმით შენიღბულნი რუსეთთან უპირობო მორიგების პოლიტიკას ატარებენ. და დასკვნის სახით ამბობს, რომ ამ უკანასკნელებთან კონკურენცია შეიძლება კიდეც აწყობდეს ხელისუფლებას, როგორც "ნაცმოძრაობას", რადგან ამათთან შედარებით ადვილია პროგრესულად და დასავლურად გამოჩენაო. აი, ასე, ზურაბიშვილის ნიშაც მოიხაზა: საზოგადოების პროევროპული, არაულტრარადიკალური ნაწილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ქვეყნის დასავლურ კურსს საფრთხე ემუქრება და რომელიც გამორიცხავს "ნაციონალური მოძრაობის" გაიგივებას დასავლურ მიმართულებასთან. შეიძლება ამიტომაც თქვა სალომე ზურაბიშვილმა, თუ არჩევნებში "ნაციონალებზე" მეტი ხმა მოვიპოვე, ეს ჩემთვის გამარჯვება იქნებაო. თუმცა აშკარაა, რომ ეს მისი ტაქტიკური შეცდომა იყო, რადგან გამოდის, ერთი მხრივ, ის აღიარებს "ნაციონალებს" როგორც მეორე პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში, ხოლო მეორე მხრივ, გამოდის, მაქსიმუმ 10%-იანი რეიტინგის მქონე პარტიას განიხილავს მთავარ კონკურენტად, რითიც თავის შანსსაც აკნინებს ისედაც სულ უფრო შემცირებადი პროდასავლური ელექტორატის ფონზე.

ასე რომ, მომავალი არჩევნები არა მხოლოდ კანდიდატთა, არამედ ორიენტაციათა შერკინების ფონზეც ჩაივლის, რაზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საგარეო პოლიტიკური აქტივობები, იქნება ეს ამერიკის, ევროპის თუ რუსეთის მხრიდან. ვნახოთ, რა მონაგარს მოგვიტანს მომავალი ოქტომბერი.

ღირსება ქართულ პოლიტიკაში

მანამდე კი გასულ ოქტომბერს ჩვენი არჩევანის კიდევ ერთი მისასალმებელი მონაგარი: რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა ოფიციალურ ფინანსურ პოლიტიკასთან თავისი ხედვების შეუთავსებლობის გამო. უპრეცედენტო ნაბიჯია საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში: ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მას თავისი გადადგომის მოტივის გამჟღავნებისა არ შეეშინდა და მეორე იმიტომ, რომ თანამდებობრივ კეთილდღეობას არ გამოეკიდა. მადლობა მას ამისთვის. ასე რომ, გვაქვს საფუძველი, მომავალს იმედით ვუყუროთ.