მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
10-06-2013
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
მძიმე დღეები

უმძიმესი კვირა გამოვიდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვებით ვერაფერს გადმოსცემ და ვერაფერს იტყვი. მათ არ ძალუძთ იმ განცდების გადმოცემა, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. ეს სინანულის, სიბრაზის, აღშფოთების გრძნობაა ერთდროულად. სინანული გიპყრობს, რომ ქართველი ჯარისკაცები უცხო მიწაზე ბოლომდე გაურკვეველ მისიაში იღუპებიან, ბრაზდები ყველაზე: მიშაზე, რომელმაც ისინი იქ გაგზავნა, ახალ ხელისუფლებაზე, რომელსაც ისინი იქიდან არ გამოჰყავს, ნატოზე, რომელიც ყოველი ასეთი ტრაგედიის შემდეგ გვისამძიმრებს და გვერდში გვიდგას, მაგრამ ჩვენთვის მაპ-იც კი
ენანება. გიჩნდება კითხვები: რისთვის იღუპებიან იქ ქართველი ბიჭები? რატომ არის ეს საქართველოს უსაფრთხოების დაცვა? სანაცვლოდ, რამე რომ მოხდეს, ნატო ჩვენ დაგვიცავს? ხომ ზუსტად ვიცით, რომ ჩვენ გამო არც ნატო და არც არავინ რუსეთს ომს არ დაუწყებს. ამ თავგანწირვის სანაცვლოდ ნატოში მიგვიღებენ? ჯერჯერობით, რასაც სანაცვლოდ ვიღებთ,
დაზეპირებული მადლობებია ნატოს მაღალჩინოსანთა ბაგეთაგან წარმოთქმული. ვერაფერს იტყვი: მათ არასდროს ავიწყდებათ მადლობა გვითხრან იმ წვლილისთვის, რომელიც ავღანეთის ოპერაციაში შეგვაქვს. მათ არც იმის თქმა ავიწყდებათ, რომ ნატოს კარი ჩვენთვის ღიაა და ოდესმე ალიანსის წევრები გავხდებით, მაგრამ საქართველოში ცოტას თუ სჯერა, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

ამ კითხვებზე პასუხებიც ვიცით: მარტო უსაფრთხოების მიმღები ვერ იქნები, გამცემიც უნდა იყო, ტერორიზმი მთელ მსოფლიოს ემუქრება და იქ ჩვენი ბიჭები საქართველოს უსაფრთხოებასაც იცავენ, საქართველოს უსაფრთხოებას იცავენ იმ გაგებითაც, რომ თუ მათი იქ ყოფნით ჩვენი ნატოში გაწევრება დაჩქარდება, მაშინ ჩვენ უფრო დაცულები გავხდებით და ეს ამ ბიჭების დამსახურება იქნება. თუმცა ჩვენ მიერ გაღებული მსხვერპლი დღითი დღე იზრდება და პირდაპირპროპორციულად იზრდება ჩვენი იმედგაცრუებაც.

იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ავღანეთიდან ქართული ჯარის დაუყოვნებლივ გამოყვანას ითხოვს, მაგრამ ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს: ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ ახლა იქიდან ქართული ჯარის გამოყვანა, იქ დაღუპული ბიჭების ხსოვნის უპატივცემულობა იქნება. ეს არ იქნება წამოსვლა, ეს იქნება გამოქცევა. ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ისინი ტყუილად დაიღუპნენ, ჩვენ შეგვეშინდა და გამოვიქეცით, ხოლო ტერორისტებმა გაიმარჯვეს. ხომ წარმოგიდგენიათ, ჩვენი იქიდან წამოსვლა რა ნიშანი იქნება თალიბებისთვის! ასე რომ, დღეს ფაქტობრივად არჩევანი აღარ გვაქვს. თუ არ გვინდოდა, მაშინ თავიდანვე არ უნდა წავსულიყავით. იქიდან დროზე ადრე წამოსვლა იმაზე უფრო რთულია, ვიდრე საერთოდ არწასვლა იქნებოდა. ან კონტინგენტი არ უნდა გაგვეზარდა. კონტინგენტის გაზრდა წინა ხელისუფლების შეცდომა იყო. ახლა კი უკვე ბოლომდე უნდა ვზიდოთ ის ჯვარი, რომელიც წამოვიკიდეთ. 2014 წლამდე, ვიდრე მისიის ფორმატი შეიცვლება, არც ისე დიდი დროა დარჩენილი, თუმცა საკმარისი, რომ გვეშინოდეს.

როდესაც ამას ამბობ, თან აცნობიერებ, რომ შენ აქ თბილისში კომფორტულად კომპიუტერთან ზიხარ და აზრებს გამოთქვამ, ბიჭები კი იქ იღუპებიან. შენთვის იოლია იმის ძახილი, რომ ავღანეთიდან არ უნდა გამოვიდეთ. გარწმუნებთ, რომ იოლი სულაც არაა, უბრალოდ გამოსავალს მართლა ვერ ვხედავ. ღირსეულ გამოსავალზეა ლაპარაკი, თორემ კუდამოძუებული გამოქცევა ყოველთვის შეიძლება. ერთადერთი კონტინგენტის შემცირებაზე შეიძლება ფიქრი. თან არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ ის ბიჭები ყველანი საკუთარი სურვილით არიან წასულები და აბსოლუტურად შეგნებული აქვთ, რა რისკზეც მიდიან. სწორედ ამიტომ არიან გმირები და არა იმიტომ, რომ დაიღუპნენ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები.

ისევ რუსეთსა და საქართველოზე


ამსაბათს, "რეზიუმესთან" ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილს ვკითხე: რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების ფონზე, თქვენი ოპტიმიზმი ურთიერთობის დარეგულირების თაობაზე ხომ არ შემცირდა-მეთქი? მიპასუხა, რომ არა, რადგან მას სჯერა, რაც დღეს ხდება, ეს თავად რუსეთის ინტერესებში არ შედის. რუსეთის ასეთი საქციელი ლოგიკას არ ექვემდებარებაო. არ მჯერა, რუსეთის ინტერესი მეზობელი ქვეყნების ოკუპაცია იყოსო. არ ვიცი, ივანიშვილის ასეთი განცხადებები რაღაც საიდუმლო ტაქტიკის ნაწილია, თუ მას მართლა ასეთი მარტივი წარმოდგენა აქვს რუსეთზე. მაგალითად, ის ამბობს, რომ არ სჯერა, საოკუპაციო ზოლის გადმოწევა კრემლიდან რომ იმართება, ეს შეიძლება ადგილობრივი გენერლებისა და ჩინოვნიკების გადაწყვეტილება იყოსო. მიუხედავად იმისა, რომ გრიგორი კარასინის განცხადება წავუკითხე, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ კრემლისთვის ყველაფერი კარგადაა ცნობილი და მხარს უჭერს ამ პროცესს, ის მაინც თავის აზრზე დარჩა და შექმნილ ვითარებას გაუგებრობა უწოდა.

მის ასეთ პოზიციას შეიძლება ერთადერთი ლოგიკური ახსნა ჰქონდეს (ამ შემთხვევაში მხოლოდ ლოგიკურ ახსნაზე ვლაპარაკობ): იგი ცდილობს, რუსეთს მანევრირების მეტი საშუალება დაუტოვოს, ანუ თუ მოხდა სასწაული და რუსეთი ამ საკითხში დათმობაზე წასვლას გადაწყვეტს, ეს მისთვის უმტკივნეულო პროცესი იყოს, რუსეთმა სახის შენარჩუნება მოახერხოს. თუ რუსეთი გადაწყვეტს, აღარ გააგრძელოს მავთულხლართების გაბმა და საოკუპაციო ზოლის გადმოწევა, ეს მისი მხრიდან გამოჩნდეს არა როგორც უკან დახევა, არამედ, როგორც გაუგებრობის გამოსწორება, იმ გაუგებრობის, რომელიც ადგილზე რომელიმე გენერალმა ან ჩინოვნიკმა შექმნა. თუ ივანიშვილი მკვეთრ განცხადებებს გააკეთებდა, საოკუპაციო ზოლის გადმოწევაში პირდაპირ კრემლს დაადანაშაულებდა, კრემლის მხრიდან დათმობის შანსი გაცილებით ნაკლები იქნებოდა, რადგან ეს უკვე უკან დახევა გამოვიდოდა. ვერ გეტყვით, ეს ტაქტიკა რამდენად გაამართლებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, შემტევი ტაქტიკა საერთოდ არ გაამართლებდა. ამის გამოცდილება უკვე გვაქვს; რუსეთი უკან თითქმის არასდროს იხევს.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა ოკუპაციის საკითხში რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას მაინც არ ველოდები. რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, დღეს რუსეთს ჩვენთან დაკავშირებით დაახლოებით ისეთივე პოზიცია აქვს, როგორიც "ქართულ ოცნებას" "ნაციონალურ მოძრაობასთან": "ნაციონალები" "ოცნებას" სთავაზობენ, მოდით, ვიცხოვროთ კოაბიტაციის რეჟიმშიო. "ოცნება" პასუხობს: რა პრობლემაა, შეგვიძლია გვქონდეს კოაბიტაცია საპარლამენტო ფორმატში, უშიშროების საბჭოს ფორმატში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ არ დავიჭერთ. ეს ორი საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ უნდა იყოსო. ასევეა რუსეთიც. ის გვეუბნება: გინდათ, თანამშრომლობა, კი ბატონო, ვითანამშრომლოთ ვაჭრობის სფეროში, კულტურის სფეროში, ჰუმანიტარულ საკითხებში (ფრენები, ვიზები), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასა და ჯარების გაყვანაზე უარს ვიტყვით, ან ამ საკითხზე საერთოდ დაგელაპარაკებითო. განსხვავება ამ ორ დამოკიდებულებაში მხოლოდ ერთია: "ქართული ოცნების" პოზიცია სამართლიანია, რადგან კანონის დამრღვევი უნდა დაისაჯოს, ხოლო რუსეთის - უსამართლო, რადგან ეს აღიარება ოკუპაციაა.
tvalsazrisi
16 ივნისი 2013 17:15
კიდევ იმის თქმა მინდა, რომ ომს, ზოგადად, ერთი ძალიან დიდი ნეგატივი ახლავს: იწირავს რ ჩ ე უ ლ ვაჟებს!

სხვა ნეგატივებს თავი დავანებოთ,,-ეგ ერთი ნეგატივი გადაწონის სხვა დანარჩენს!

მშიშრები, ქვეშაფსიები და მისთანები განზე რჩებიან, რჩეულები კი ომობენ და იხოცებიან!!!!!!!!!!!!!!!!!!

ძირს ომი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ძირს რჩეულ ვაჟთა ჟლეტა!!!!!!!!!!!!!!!

ავღანეთში ამერიკამ სამი ათასზე მეტი რ ჩ ე უ ლ ი ვაჟკაცი დაკარგა, იტალიამ ათეულობით

საქართველომაც ასევე!!!!!

tvalsazrisi
15 ივნისი 2013 17:50
ვერ დაგეთანხმებით, მერაბ, რომ ავღანეთიდან გამოსვლა "გამოქცევას" ჰგავდეს.
ეს თუ მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდება, ჯარისკაცებს "გამოქცევაზე" არ გაუჩნდებათ პროტესტის გრძნობა, ხოლო მათი ოჯახები ათას მადლობას იტყვიან გონივრული გადაწყვეტილების გამო: მათ ცოცხალი შვილი ურჩევნიათ ფულს და ცრუ დიდებას!

გამოქცევა კი არა, რაც გსურდეთ ის დაარქვით, ოღონდ საღ-სალამათები და ცოცხლები დაუბრუნეთ საქარტველოს საჯიშე ვაჟები!!!!!!!!!!!!!!!

გიჟი უნდა გეცოდებოდეს, მაგრამ თუ მისი სიგიჟე ქვეყანას ვნებს(თან, კიდევ დიდი დრო აქვს საამისოდ), სასწრაფოდ უნდა გააქანო საგიჟეთში

ნაწილობრივ მართალს ბრძანებს ქ-ნი ხათუნა(ლაგაზიძე), როცა ოქტომბრის გამო სააკაშვილისგან ქართველებზე შურისძიებაზე ლაპარაკობს

მეორე: ქვეყანას, რომელიც თავად მონაწილეობს საოკუპაციო ომში, რუსეთისგან ოკუპაციაზე ჩივილის უფლება არ აქვს!!!!!!!!!!!

რა გვინდა, ხალხო ავღანეთში?

ამერიკას იქ თავისი ინტერესები აქვს,-ნარკოტიკი!
ამერიკელ მაგნატებს სურთ ავღანეთის ნარკოტიკული ბაზრის მონპოლიზაცია და ჩვენ მათ ამაში ვეხმარებით?!

პლუს, ეს ვაჟებიც აუცილებლად ხდებიან ნარკომომხმარებლები!!!!!!!!!!!!!!!!!

პლუს, ავღანელების თავდადებულობა იგავმიუწვდომელია: სიცოცხლეს სწირავენ საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის,-ეს გრანდიოზული ფაქტორია, რაც თავად ამერიკამაც იგრძნო და მიიღო კიდეც იქიდან გამოსვლის გადაწყვეტილება!
რა, ესეც "გაქცევად" გამოჩნდება?
გამოჩნდეს, მთავარია, რომ თავად ამერიკა აღარ დაკრგავს ათასობით ჯარისკაცს დამპყრობლურ ომში(მსხვერპლმა სამი ათასს გადააჭარბა!)


manana
12 ივნისი 2013 13:00
მარტალი ბრზანდებიტ,ბატონო მერაბ.სამწუხაროდ
ჯერჯერობიტ სხვა გზა არ არსებობს.
ტკვენი აზრების ერტგული მკიტხველი

რედაქტორის რჩევით