"თავი დაანებონ ტლიკინს და კომპეტენტურ ხალხს ხელს ნუ შეუშლიან, მათი ჩასვრილი გამოასწორონ" - კვირის პალიტრა

"თავი დაანებონ ტლიკინს და კომპეტენტურ ხალხს ხელს ნუ შეუშლიან, მათი ჩასვრილი გამოასწორონ"

"ამ ყველაფერში მონაწილეობდა "ნაციონალების" ჟანდარმი დათო საყვარელიძე"

"ქართველი ხალხი ნახირი ეგონათ, საკუთარი თავი კი ერის მხსნელები"

"1-ლი ოქტომბრის მერე შოკში ჩავარდნენ და გაიყურსნენ, ახლა ისევ ხმა აიმაღლეს, გაიჯგიმნენ და უნამუსო რიტორიკა განაგრძეს"

"სახელოვნებო სფეროში ვითარება რომ დალაგდეს, ხელმძღვანელობაში პროფესიონალები უნდა იყვნენ და არა სასაცილო დილეტანტები. მინდა ჩემს ქვეყანაში კულტურა და ხელოვნება იყოს, რადგან მადლიერების გრძნობა მაქვს იმ ქვეყნისა და ხალხისადმი, რომელმაც გამზარდა. სანამ შემიძლია, გამომიყენე", - აცხადებს "კვირის პალიტრასთან" დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე:

- ხელოვანმა ორ რამეზე უნდა ილაპარაკოს: საკუთარ საქმეზე და საზოგადოებრივი პოზიცია გამოხატოს. ხელოვანი, რომლის სულიც მუდამ ოპოზიციისკენ უნდა ილტვოდეს, არ შეიძლება ტაშს უკრავდეს ხელისუფლებას. ხელოვანის ადგილი ოპოზიციაშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს უმადურობასა და ხელისუფლების უაზრო ლანძღვას.

- დღეს საზოგადოება წუხს, სამართლიანობის აღდგენა  იგვიანებსო.

- სიმართლე გითხრათ, ახლა ნაკლებად მაინტერესებს, ვინ როგორ დაისჯება. რა თქმა უნდა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს და წართმეული ქონება უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩემმა მეგობარმა, რომელიც დღეს ხელისუფლებაში მაღალ პოზიციაზეა, ამიხსნა, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლის ძირითადი შემოსავალი უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების გამოგზავნილი ფულიაო. თურმე სამშობლოდან გახიზნული ხალხის გამოგზავნილი ფული ბრუნავს ქვეყანაში! უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში აღარ ვიყოთ.  ტრაგედიაა ის, რომ კულტურის სფეროში იმაზე უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ადრე იყო.

- რა მხრივ?

- ზოგი არაკომპეტენტური პირი დარჩა თანამდებობაზე და ზოგიც, ბევრად არაკომპეტენტური, სასაცილო მოღვაწეობას შეუდგა.

საქართველოში კულტურის პოლიტიკა ჩაშვებულია, არ არსებობს. პროფესიონალიზმი ნიველირებულია.  უცნაურად მეჩვენება, რომ პოლიტიკური ნიშნით გაგდებული ხელოვანები თეატრებში ზოგან დააბრუნეს, ზოგან - არა.

ოპერის მთავარი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, რომელიც 2008 წელს პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს (და მეც მიმაყოლეს) დღემდე არ დაუბრუნებიათ. ზაზა ნიკა რურუას ბრძანებით მოხსნეს, მაგრამ მიზეზი ვერ დაასახელეს. ამაში მონაწილეობდა ოპერის დირექტორი, "ნაციონალების" ჟანდარმი დათო საყვარელიძეც, ეს საცოდავი კაცი. აზმაიფარაშვილი ალბათ, იმიტომ დაავიწყდათ, რომ არ წივის და არ აქტიურობს.

- ჩვენ 9 წელი ისეთ რეალობაში ვიცხოვრეთ, როდესაც ხელისუფლებას კულტურაზე მეტად ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების შექმნა აინტერესებდა, რათა შემდეგ დაეშანტაჟებინა და ემართა.

- რომელი ჭკუათამყოფელი ადამიანი იტყვის, რომ ეს კარგია. როგორ შეიძლება ადამიანის პირადი ცხოვრების გადაღება მოგივიდეს აზრად? მაგრამ მაგათ ყველაფერი მოსდიოდათ თავში. მხოლოდ ქაჯი მიიჩნევს, რომ მისგან იწყება მსოფლიო ისტორიის ათვლა. ორი წიგნი წაიკითხა, ერთი სემესტრი კოლუმბიის უნივერსიტეტში ისწავლა და ჰგონია, ამერიკას იცნობს.  სანამ ხელისუფლებაში იქნება, უნდა მოასწროს და გადაატრიალოს ეროვნული ცნობიერება, წაშალოს ისტორიული მეხსიერება და ტრადიციები.  მთელი 9 წელიწადი უნამუსო რიტორიკასა და დემაგოგიას ვისმენდით. "ნაციონალები" იმასაც არ ფიქრობდნენ, დამაჯერებელი ტყუილი მაინც ეთქვათ. ქართველი ხალხი ნახირი ეგონათ, საკუთარი თავი კი ერის მხსნელები.

ერთმა ბრწყინვალე იურისტმა მითხრა, შარიათზე სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, თუ მოიპარე, ხელს მოგაჭრიანო. მორალურად ვერც შეედავები ამას, მაგრამ სამართლიანობა და დემოკრატიული სამართალი ერთი და იგივე არ არის. ნორვეგიელმა ბრეივიკმა რაც გააკეთა, ამის სამართლიანი პასუხი ის იქნებოდა, რომ უამრავი ადამიანის მკვლელი ნაკუწ-ნაკუწ აეჩეხათ, მაგრამ ამის თქმაც კი არ შეიძლება, თუკი გვინდა, ადამიანები ვიყოთ. ბრეივიკის მიერ დახოცილი ახალგაზრდების მშობლები ჩუმად უნდა იყვნენ და ითმინონ, როცა ბრეივიკი ინტერნეტის გაუმართაობაზე ჩივის. ამას ემოციურად თუ მიუდგები, წარმოუდგენლად გეჩვენება, მაგრამ თუ გვინდა, შეგნებული საზოგადოება გვქონდეს, ემოციების მართვა უნდა ვისწავლოთ და არ გადავუხვიოთ სამართლებრივ ნორმებს.

პრემიერ-მინისტრს თავისუფლად შეეძლო 50 კაცი ციხეში ჩაეყუდებინა, მაგრამ ეს ხელისუფლება "ნაციონალურ მოძრაობასავით" არ იქცევა. სხვა საქმეა, მომწონს თუ არა უგულავა ან ახალაია, მაგრამ ქვეყანაში უზენაესი სამართალი უნდა იყოს. თუ გაქვს შნო, დაუმტკიცე დამნაშავეს დანაშაული, თუ ვერ დაუმტკიცებთ, მე პირველი დავიცავ იმ ადამიანს, რომელიც შეიძლება მეზიზღება, მაგრამ მისდამი თანაგრძნობა გამიჩნდება, თუკი უსამართლოდ მოექცევიან.

მდაბიოები ადამიანურ დამოკიდებულებას სათანადოდ ვერ აფასებენ. 1-ლი ოქტომბრის მერე შოკში ჩავარდნენ და გაიყურსნენ, ახლა ისევ ხმა აიმაღლეს. როცა მათ უსმენ, გინდა ყელში სწვდე.  გატუტუცდნენ, გაიჯგიმნენ და უნამუსო რიტორიკა განაგრძეს. ხომ დაინახეთ, რა უნამუსოდ მოაწყვეს 17 მაისის აქცია. ლგბტ-საზოგადოების დამცველები სად იყვნენ, როდესაც შარშან პოლიციამ ასეთი აქციის მონაწილეებს სცემა, ახლა რომ ტლიკინებენ?

- ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელობა "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოაბიტაციის გააქტიურებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას.

- მე შესაძლებლად მიმაჩნია თანაცხოვრება იმ ადამიანთან, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს, მაგრამ დამნაშავესთან არანაირი კოაბიტაცია არ მინდა. თუ მასთან ვითანამშრომლებ, ამით მოქალაქეობრივ ნებას ვაძლევ, რომ დანაშაულებრივი საქმიანობა განაგრძოს. ვინც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, ასეთების იზოლაცია ხდება ჩადენილის მიხედვით.

- "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას აკრიტიკებს, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პოლიტიკას მოჰყვა შიდა ქართლში მავთულხლართების გაბმაო.

- "ნაციონალები" რაღაცებს რომ როშავენ, მიპასუხონ, რისი გაკეთება ვერ მოახერხა რუსეთმა ამ 9 წლის განმავლობაში? მათი პოლიტიკა რომ სწორი არ იყო, ფაქტია. გადავხედოთ, რა მივიღეთ აქედან: აბსოლუტურად დაბლოკილი ვართ და ვინ გვიშველა? დასავლეთისგან სესხად აღებული მილიარდებით გზა რომ ამიშენეს და ეს ფული ჩემი შვილიშვილების გადასახდელი იქნება, ამის მადლიერი უნდა ვიყო?

ცუდად ვხდები, ვიღაცები რუსეთს რომ ლოკავენ. ნოვოსიბირსკელი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჩემი მტერი რომ არ არის, ვიცი, მაგრამ რუსეთს წარმოადგენს მისი ხელისუფლება და პუტინი, რომელიც მსოფლიოს არ უყვარს და ჩვენ რატომ უნდა გვიყვარდეს? მაგრამ როდესაც ასეთი ბუმბერაზი ქვეყანა შენ გვერდითაა,  ლავირებაა საჭირო. რუსეთთან დაბრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია. იმავე დღეს დავტოვებ ჩემს ქვეყანას, თუკი საქართველო რუსეთის ორბიტაში მოექცევა. ვიღაც იკითხავს, აბა, ამერიკის სატელიტობა გირჩევნიაო? დიახ, მირჩევნია, რომ საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი იყოს, ვიდრე რუსეთის სატელიტი. რუსეთი ეკონომიკურად და ზნეობრივად ჩამორჩენილი ქვეყანაა, რომელსაც ადამიანურ ენაზე არც ერთ ქვეყანასთან არ შეუძლია ურთიერთობა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, 5 წლის მერე, პირველად მივდივარ რუსეთში კონცერტის სადირიჟოროდ.

- და ასეთი პოზიციით მიდიხართ?

- ასეთი პოზიცია რომ მაქვს, ალბათ, იმიტომაც მიმიწვიეს კისლოვოდსკში, სადაც რახმანინოვისადმი მიძღვნილი საზაფხულო ფესტივალი ტარდება.  ქართველი დირიჟორი რომ უზარმაზარ ფესტივალზე უხელმძღვანელებს რუსულ ორკესტრს, არ არის ჩვეულებრივი რამ.

- იარლიყის მოწებების არ გეშინიათ?

- არა. ჩემი პოზიცია რუსების პოლიტიკაზე ჯერ კიდევ 2001 წელს გამოვხატე, როდესაც ტელეხიდის დროს პუტინის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელ მარკოვს ბოდიშები ვახდევინე. მე რუსი ხალხი არ მეზიზღება, მაგრამ მათ ხელისუფლება არ აძლევს ჩვენთან ურთიერთობის საშუალებას.

თუ მოღალატეს დამიძახებენ, ვიკითხავ, ვის მიჰყიდეს "თელასი" და გაზი? რატომ არის ქართული ბაზარი რუსული ნაწარმითა და პროდუქციით სავსე? თავი დაანებონ ტლიკინს და კომპეტენტურ ხალხს ხელს ნუ შეუშლიან, მათი ჩასვრილი გამოასწორონ.