"გოჩა ეხვაია გუნავას ხელიდან ძლივს გამოვტაცეთ..." - კვირის პალიტრა

"გოჩა ეხვაია გუნავას ხელიდან ძლივს გამოვტაცეთ..."

სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა გოჩა ეხვაიას ცემის ფაქტზე სამხარეო პროკურატურაში დაიბარეს (საქმე ეხება გუნავას სამხარეო პოლიციის უფროსად მუშაობის პერიოდს). გოჩა ეხვაიას ცემის ფაქტი მაშინდელი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის 2008 წლის და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიშებში მოხვდა.

ამონარიდი სახალხო დამცველის 2008 წლის ანგარიშიდან: გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის სასწრაფო დახმარების ექიმი გოჩა ეხვაია 2008 წლის 30 იანვარს ზუგდიდში  სახლში მშობლებსა და მეუღლესთან ერთად ტელევიზორს უყურებდა. ღამის ათ საათზე სახლის კარი პოლიციელებმა შეაღეს და გოჩა ეხვაიას განუცხადეს, სახლში ძებნილი (ვინმე ბადრი) გყავთ და გვანახეთო. ეს რომ იუარა, ეხვაიას პოლიციაში დასაკითხად წაყოლა მოსთხოვეს. გზაში პოლიციელები მოღალატეს ეძახდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. სამხარეო პოლიციის ერთ-ერთ კაბინეტში ეხვაიას პოლიციის ორი თანამშრომელი დახვდა. ერთი უნიფორმაში იყო, მეორე - საშუალო სიმაღლის, შავ ტანსაცმელში ჩაცმული, რომელმაც ეხვაიას უთხრა, - სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ვარო. ეს მეგის ქარდავა იყო. ქარდავამ ეხვაიას უთხრა, გალელებს საერთოდ აგიფეთქებთ საავადმყოფოს და მერე ხომ წამოხვალთ იქიდანო. ცოტა ხანში ოთახში მაღალი, ოდნავ ჭაღარათმიანი მამაკაცი შევიდა, რომელმაც ეხვაიას ჰკითხა, სამსახურში შენთან დავით ნადარაია ხომ არ მოუყვანიათ ან მასთან ხომ არ წაუყვანიხარ ვინმესო.

ეხვაიამ უპასუხა, მორიგეობის დღეს გამოძახება არ მქონიაო. პასუხმა პოლიციის თანამშრომლები გააღიზიანა. მაღალმა ჭაღარათმიანმა მამაკაცმა, რომელსაც უფროსს უწოდებდნენ, ეხვაიას კალამი რამდენჯერმე ესროლა, უთხრა, სამ წუთს გაძლევ მოსაფიქრებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც მოგივა, შენს თავს დააბრალეო. რაკი ვერაფერი ათქმევინა, პოლიციელებს მიუბრუნდა, ერთი ამისიც, მოკალითო. ეხვაიას პოლიციელები ხელებით და ფეხებით სცემდნენ. მან რამდენჯერმე გონება დაკარგა. უცებ ოთახში პოლიციის თანამშრომელი შემოვარდა, - ეხვაიას მშობლები მოვიდნენო. უფროსმა ბრძანა, - წაიყვანეთ და მდინარეში გადააგდეთ, ისე, რომ კვალი არ დატოვოთო. ეხვაია  ეზოში სხვა გასასვლელიდან გაიყვანეს... გოჩა ეხვაიას მანქანაში ის პოლიციელები ჩაუსხდნენ, რომლებმაც დააკავეს. გზაში ემუქრებოდნენ,–"ტრუპი" ხარო და თავში მუშტებს ურტყამდნენ. პოლიციელები ხშირად რეკავდნენ მობილური ტელეფონით და ახსენებდნენ კატერს, რომლითაც ეხვაია ზღვაში უნდა გადაეგდოთ. შს კომბინატის ქვეგანყოფილებასთან ეხვაია მანქანიდან გადმოიყვანეს. იქ დახვდათ პოლიციელი, ქერათმიანი ახალგაზრდა, რომელიც ეხვაიას 20 წუთი სცემდა. ამის მერე მიიყვანეს შს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, სადაც დახვდათ დემკო გაბუნია, რომელმაც ეხვაიას მოსთხოვა აღიარებითი ჩვენება ან იმ ექიმის დასახელება, რომელმაც შამგონიდან გატაცებულ პირს უმკურნალა. ეხვაია არ დათანხმდა ამ წინადადებას.

გოჩა ეხვაია ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წაიყვანეს, მაგრამ ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არ დაუდგინდა. ეზოში ეხვაიამ პოლიციელების საუბარს მოჰკრა ყური, ამას რა ვუყოთ, ადმინისტრაციული ოქმი მაინც შევუდგინოთო. 2007 წლის 31 იანვარს მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 7 დღის ვადით. სასამართლო პროცესზე ეხვაიას არაფერი უთქვამს, რადგან პოლიციელებმა მკაცრად გააფრთხილეს, ხმა არ ამოეღო.

ზუგდიდის #2 დროებითი მოთავსების იზოლატორის გარეგნული დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ ეხვაიას გარეგნული დათვალიერებით დაზიანებები არ აღენიშნება. თუმცა 2007 წლის 3 თებერვალს დროებითი მოთავსების იზოლატორში გონება დაკარგა და ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნეიროქირურგის ჩანაწერში მითითებულია, რომ ,,პაციენტმა მიიღო კომბინირებული ტრავმა, მათ შორის ქალა ტვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა, ავადმყოფი მძიმედ ნაცემია..."

2008 წლის 9 თებერვალს ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში გოჩა ეხვაიას წამების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა მერე საქმე თაროზე შემოდეს.

სოზარ სუბარი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი: გოჩა ეხვაია გალის ქვედა ზონის სოფლებში მუშაობდა როგორც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელი. Mმის საქართველოს ნომრებიან სახელმწიფო მანქანას გალში თავისუფლად მიმოსვლის უფლებას აძლევდნენ აფხაზები, რადგან მოსახლეობას ეხმარებოდა. მას ბრალად დასდეს, რომ ოპერაცია გაუკეთა ძებნილ ქართველს, რომელიც თავს გალში აფარებდა. ამის გამო უსასტიკესად აწამეს თენგიზ გუნავას (მაშინდელი სამხარეო პოლიციის უფროსის) კაბინეტში. დანაშაული რომ ვერ აღიარებინეს, ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რათა ამ დროში დაზიანებები მოშუშებოდა. მისი წამების ამბავი შემთხვევით გავიგეთ, როცა იძულებული გახდნენ, საავადმყოფოში გადაეყვანათ. ეხვაია ხელიდან ძლივს გამოვტაცეთ გუნავას, ფაქტობრივად მოვიტაცეთ და რეანიმობილით გადმოვიყვანეთ თბილისში. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია "ემპათიამ" დააფინანსა.

გოჩა ეხვაია საბედნიეროდ, გადარჩა. შემდეგ ის გლდანში, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე გვყავდა გადამალული, მაგრამ მის ოჯახს დაემუქრნენ, თუ არ გამოჩნდება და არ იტყვის, რომ არაფერი მომხდარა, გაგანადგურებთო. ეხვაიას შეეშინდა და უარი თქვა სასამართლოში ჩივილზე.

- თენგიზ გუნავა ამბობს, რომ მისი დაკითხვაზე გამოძახება საზოგადოების ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად. რადგან ხელისუფლება რუსულ მავთულხლართებს ვერ ეწინააღმდეგება, ამ სანახაობას სთავაზობს ხალხსო.

- ვინმეს რომ ენახა საშინელ მდგომარეობაში მყოფი გოჩა ეხვაია, კარგად გაიგებდა, რაზეც ვლაპარაკობ. ეხვაიას საქმე კარგად აჩვენებს სააკაშვილის რეჟიმის სახეს. სააკაშვილის ხელისუფლება სასტიკად ექცეოდა არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ ყველა იმ პირს, ვინც შემთხვევით გზაზე გადაეღობებოდა. ასეთი საქმე კიდევ ბევრი ამოვა იმ მოხსენებებიდან, რომელიც 5 წლის განმავლობაში დავწერე.