"პუტინს აგინებს ყველა... ყველა დასაჭერია?!"
10-06-2013
"პუტინს აგინებს ყველა... ყველა დასაჭერია?!"
"ჩვენ გვიყვარს წიგნებიც და სამშობლოც"

"საით მიჰყავთ ამ სამარცხვინოებს ქვეყანა?"


"უსინდისობაა, როდესაც უნდათ, ქართველი გმირების დაღუპვა სხვას გადააბრალონ. ნამუსგარეცხილები არიან ისინი, ვინც ამ ფაქტს პრეზიდენტის ნათქვამთან აკავშირებენ", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ხაბაზმა:

- ბატონო კობა, ითქვა, რომ ქართველი მეომრები პრეზიდენტის შეკითხვებმა (ვის რამდენი ტერორისტი ჰყავდა მოკლული) აქცია თალიბების სამიზნედ.
- ქართველი სამხედროები ავღანეთში გმირულ მისიას ასრულებენ. ეს არა ავღანელებთან, არამედ მსოფლიოში ტერორიზმთან ბრძოლის მისიაა. სანამ პრეზიდენტი ჯარისკაცებს ამ
კითხვას დაუსვამდა, ჩვენი სამხედროები მანამდეც დაიღუპნენ ავღანეთში. საახალწლოდ ვიყავი ავღანეთში, როდესაც ქართველი ჯარისკაცები გადმოასვენეს. ზნეობრივი ადამიანები დაღუპული ჯარისკაცების სისხლით არ სპეკულირებენ.

- ქართულ ბაზაში ტერორისტულ აქტს დაემთხვა ყოუტუბ-ზე გავრცელებული ვიდეოფირი, რომლის ავტორებად თალიბები დასახელდნენ. ვიდეოფირში ნათქვამია, რომ შურისძიება საქართველოს ტერიტორიაზეც დაიწყება. რამდენად იძლევა შეშფოთების საფუძველს
ეს მუქარა?

- უპირველესად მინდა 7 ქართველი მეომრის ოჯახს მივუსამძიმრო. იუტუბ-ზე გავრცელებული ვიდეომასალა, დარწმუნებული ვარ, თალიბების ნამუშევარი არ არის. მისი ხარისხი და შინაარსი მეტყველებს, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურებმა მოამზადეს.

- რა მიზნით?
- რომ საქართველომ უარი თქვას ISAF-ის მისიაში მონაწილეობაზე, ნატოსა და ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვაზე. როცა ამ ყველაფერზე უარს ამბობ, რუსეთისთვის ადვილად ჩასაყლაპი ლუკმა ხდები.

- რამდენიმე დღის წინ ამიტომ ხომ არ გიხილეთ უჩვეულო ამპლუაში, როდესაც ტელეკამერების წინ პუტინს დედას აგინებდით?
- ჩემი გინება აქამდე არავის გაუგონია. ბევრჯერ გავბრაზებულვარ. მოთმინებასაც უღალატია და არაადამიანურადაც მომქცევიან, ციხეშიც მოვხვედრილვარ და საავადმყოფოშიც, მაგრამ არასოდეს შემიგინია. არც ახლა შევიგინებოდი, რომ არა ერთი გამაოგნებელი ფაქტი, - კლუბ "თავისუფალი ზონის" ახალგაზრდები, რომლებიც "დელისის" მეტროსთან აპროტესტებდნენ საქართველოს კაპიტულანტურ პოლიტიკას რუსეთთან და საოკუპაციო ხაზის გადმოწევას. როდესაც იქ ივანიშვილი მივიდა, ორი ახალგაზრდა პუტინის შეგინებისთვის პოლიციამ დააპატიმრა. ეს რომ მითხრეს, ვერ დავიჯერე.

პუტინის შეგინებისთვის არ დაიჭერდნენ-მეთქი. მეორე დღეს სასამართლოზე მოსამართლის შეკითხვაზე, რატომ დააკავეს ეს ახალგაზრდებიო, პოლიციელმა უპასუხა, პუტინს დედას საჯაროდ აგინებდნენო. მეგონა, მოსამართლე გაიღიმებდა, მაგრამ მან ისინი 100-100 ლარით დააჯარიმა პუტინის დედის გინებისთვის. ამიტომაც, ვინც სასამართლოზე ვიყავით, გამოვედით და საჯაროდ შევაგინეთ პუტინს. ყველა, ვისაც საქართველო უყვარს, პუტინს აგინებს იმის გამო, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, პუტინს აგინებს ყველა, ვინც სახლებიდან გამოყარა; პუტინს აგინებენ ისინი, რომელთა ახლობელი და ოჯახის წევრი რუსეთთან ომში დაიღუპა. გამოდის, მთელი საქართველო დასაჭერ-დასაჯარიმებელი ყოფილა! არ ვიცი, საით მიჰყავთ ამ სამარცხვინოებს ქვეყანა. ჩვენ რომ პუტინის შეგინებისთვის ვინმე დაგვეჭირა, წარმომიდგენია, რა ამბავს ატეხდნენ. სად არიან ეს ადამიანები დღეს? სად არიან ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დასავლური ორიენტაციის გამო გულზე ხელს იბრაგუნებდნენ? რატომ არ იღებენ ხმას, როდესაც ხალხს პუტინის გინებისთვის იჭერენ? გამოვაცხადე, მეც შევაგინებ საჯაროდ პუტინს, მეც დამიჭირეთ და დამაჯარიმეთ-მეთქი, მაგრამ ჯერჯერობით არ დავუჭერივარ.

- თქვენი ქმედება ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიერ არჩეული ურთიერთობის ნორმალიზების პოლიტიკას. ამის მერე როგორ წარმოგიდგენიათ ხელისუფლებასთან კოაბიტაცია?
- არ ვიცი, მაგათ ურთიერთობის რანაირი ნორმალიზება უნდათ. რუსებთან ურთიერთობის ნორმალიზებას შევარდნაძეზე უკეთ ვერავინ მოახერხებდა. როდესაც შევარდნაძე თავდაცვის მინისტრს ნიშნავდა, რუსეთის თავდაცვის მინისტრთან ათანხმებდა. ნადიბაიძე გრაჩოვის ნათელ-მირონი იყო, მაგრამ ამის გამო რა დაუთმეს რუსებმა შევარდნაძეს? ამით შევარდნაძემ ტერიტორიები ვერ დაიბრუნა. ამათი ვითომ კეთილმეზობლური პოლიტიკა მათხოვრული, მაამებლური და კაპიტულანტურია, რათა ივანიშვილმა თავისი მილიარდები გადაარჩინოს. მითია, რუსეთში აღარ აქვს მილიარდებიო... აქვს! ეს არის რუსული პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება.

- მას შემდეგ, რაც ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდა, ხომ არ აპირებთ პარტიის ახალი გენერალური მდივნის არჩევას?
- ბატონი ვანოს ადგილზე სხვა კანდიდატურა არ განიხილება. იმედი გვაქვს, სამართლიანობა იზეიმებს. რუსეთიდან მართული პროექტით შეიძლება ხალხი ცოტა ხნით მოტყუვდეს, მაგრამ დიდი ხნით ხალხის მოტყუება შეუძლებელია. საქართველო ისევ დაუბრუნდება ევროატლანტიკური განვითარების გზას, რომელიც არჩეული ჰქონდა ჩვენს ხელისუფლებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში რუსული ჩექმა არ დაბრუნდეს. მჯერა, ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. მახსოვს, როდესაც ჟურნალისტებს ვეუბნებოდი, ასლან აბაშიძე ორ თვეში აჭარაში აღარ იქნება-მეთქი, თვესა და ათ დღეში წავიდა აჭარიდან. მჯერა, ჩვენც დავბრუნდებით.

- როგორც შევიტყვეთ, მერაბიშვილმა ციხეში 80 წიგნის შეტანა მოითხოვა. ეს მხატვრული ლიტერატურაა თუ პოლიტიკური?

- არ ვიცი, რა წიგნების შეტანა ისურვა. ინტერნეტით გავრცელდა, რომ ბერძნული მითოლოგია მოითხოვა. რატომღაც ჰგონიათ, რომ პოლიტიკურად აქტიური ადამიანები წიგნებს არ ვკითხულობთ, მაგრამ ჩვენ ვკითხულობთ ბერძნულ მითოლოგიასაც, ბორხესსაც, მარკესსაც, სტაინბეკსაც და ლიტერატურაზეც შეგვიძლია ლაპარაკი. ჩვენ გვიყვარს წიგნებიც და სამშობლოც.
maria
16 ივნისი 2013 22:03
ქოცებს ყაავთ უკეთესები? უმრავლესობა უწიგნურები ყავთ, რომლებმაც პოლიტიკა კიარა სამშობლოს ისტორიაც კი არ იციან. რა უნდა ილაპარაკონ იმასაც კი ვერ იმახსოვრებენ და ხელის გულზე იწერენ ოროსანი მოსწავლესავით. აი ასეთი პოლიტიკოსებით შემოიფარგლება დღევანდელი მთავრობა. რაზეა საუბარი როცა ქვეყანას მართავს პოლიტიკის უცოდინარი და რომელსაც მართავს ჩვენი სამშობლოს მტერი პუტინი. დანარჩენი ოცნებისთვის მიმინდვია.
duru64
14 ივნისი 2013 21:55
ეს ხაბაზი ვერ აკვირდებით ბუნების შეცდომაა! ბატი ტასიკოსავით საუბრობს ეს ვითომ კაცი. მის ადგილას ხმას არ ამოვიღებდი.
Shoda
13 ივნისი 2013 14:09
დაბრძენდება კი ეს კაცი ოდესმე? ღმერთმა ქნას! ჯერჯერობით კი ცუდადაა საქმე!

რედაქტორის რჩევით