ავღანური იარა
10-06-2013
ავღანური იარა
"სააკაშვილის მთავრობამ მემკვიდრეობად სიკვდილი დაგვიტოვა"

6 ივნისს ავღანეთში დაღუპული შვიდი ქართველი ჯარისკაცისგან სამი გორის რაიონის მკვიდრი აღმოჩნდა. ტრაგედიის მეორე დღესვე მათი ოჯახები მოვინახულე. ასეთ დროს ძნელია ემოციის გარეშე, მხოლოდ პროფესიული მოვალეობის გრძნობით იმოქმედო. ტრაგიკულად დაღუპული "სხვისი შვილი" ყველას შვილი ხდება, თვითონაც ჭირისუფლად გრძნობ თავს და იცი, რომ ვერაფერი ნუგეშია, დედებს უთხრა, ბიჭების სახელით არა მხოლოდ მათმა ოჯახებმა, ერმა, ქვეყანამ უნდა იამაყოსო.

სამივე დაღუპული მეოთხე ბრიგადის 42-ე ბატალიონის ჯარისკაცია. 2008 წელს,
ცხინვალის ომის დროს, ყველაზე დიდი დანაკარგი სწორედ ამ სამხედრო შენაერთმა განიცადა - ბევრი დაიღუპა, ბევრიც დაინვალიდდა. ცხინვალში დაღუპული 19 წლის ჯარისკაცის, ვახტანგ გზირიშვილის დედა, ქალბატონი მარინე, ტირილით ამბობს, 42-ე ბატალიონს სახელი შეუცვალონ ან საერთოდ გააუქმონ, დაწყევლილიაო... მისი შვილიც საბედისწერო 42-იდან იყო...

გზას კარალეთისკენ მივუყვები. აქ
ხუთი წლის წინანდელი ომის ჭრილობები გახსნიათ. ხალხს თავზარი დასცა ჯარისკაცების, თანაც ერთდროულად - სამი გორელის სიკვდილმა. მეგზური ალეკო მელქაია წინასწარ მითანხმდება, რომ სახლებში ჩემთან ერთად არ შემოვა. მაპატიე, მარტო უნდა შეგატოვო ტკივილს, - ამბობს ჩუმად, თუმცა ვერ ახერხებს, რომ უზარმაზარი ტკივილი არ გაიზიაროს და ამ ბიჭების ამბებს აყოლებს მათ ახლობლებს...     
ქუჩაში ჯგუფურად მიმავალი ხალხი შევნიშნე. ვეკითხები: "სად ცხოვრობს ის ბიჭი, ავღანეთიდან რომ..." - მიჭირს წინადადების დამთავრება. ქალები ცრემლიან თვალებს იწმენდენ - ჩვენც იქით მივდივართო... გზას კორპუსებისკენ მივუყვებით, თითქოს მზე ანათებს, მაგრამ ირგვლივ ბინდი ჩამოწოლილა.

32 წლის ზურაბ გურგენაშვილის სახლთან ვდგავართ.
"შვილები დაიზარდნენ, კიბეები დაცვდა, სახლი დაბერდა. ვფიქრობდი, ჩემი წასვლის დროც მალე მოვა-მეთქი. მეგონა, მე გამაცილებდნენ ამ ჩამონგრეული კიბიდან პირველს..." - შემზარავია მამის კვნესა. კაცს ტკივილისგან გახევებული სახე და სველი თვალები აქვს, ქანდაკებას უფრო ჰგავს... ვუყურებ და ტირილს ვერ ვიკავებ.
არც კი ვიცი, რა ვუთხრა ამ დროს მამას, რომელიც საყვარელი ვაჟის შვილებსაც ვერ მოესწრო...
ხშირად ამბობენ, რომ ჯარისკაცთა უმრავლესობა გაჭირვების გამო მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში. სხვა გამოსავალი არ ჰქონდათო... ამ აზრს უკმაყოფილო მოწინააღმდეგეებიც ჰყავს - უსამართლობაა იმის თქმა, რომ ბიჭები ავღანეთში ფულის გამო მიდიან, მათ ამ ნაბიჯისკენ ვაჟკაცობა უბიძგებთო... კაცი რომ ოჯახის გადასარჩენად ომში წავა, ამას გამბედაობა და სიმამაცე არ სჭირდება?

ვცდილობ წარმოვიდგინო, რას იფიქრებენ ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები, როდესაც დაღუპულს შინ მოასვენებენ და სამძიმარზე ეახლებიან ოჯახს. წინა ხელისუფლებას ეს საკითხი "დარეგულირებული"”ჰქონდა. ავღანეთში დაღუპულების დაკრძალვა თითქმის გასაიდუმლოებულ ვითარებაში ხდებოდა. ქვეყნის პირველი პირები ხშირად ღრმა მწუხარებასაც არ გამოთქვამდნენ ხმამაღლა, თუმცა, ყოველთვის რიხი ჰქონდათ, როდესაც ამ ჯარისკაცების მამაცობით ცდილობდნენ საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე თავმოწონებას(!!!).

გურგენაშვილების ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა გრძელ ნუსხაშია. ისინი არაფერს მალავენ და იმაში, რომ ზურა აღარ ჰყავთ, სწორედ სიღარიბეს ადანაშაულებენ. რომ არა გაჭირვება, ჯარში არ დაიწყებდა მუშაობას, კვნესის და, დედა, მამიდა... ბავშვობიდან ცდილობდა მშობლები, ძმა და დები სიღატაკისგან ეხსნა. სკოლიდან მოსვლისთანავე ნახირში გარბოდა ან დღიურ მუშად უდგებოდა ვინმეს, რომ შინ პურის ფული მიეტანა. სულ სამსახურს ეძებდა, იქნებ ამ პატარა, ღარიბი ბინის გარდა ჩემთვის ბუდე მოვიწყო და ოჯახი შევქმნაო.  საკონტრაქტო ჯარში წავიდა. კონტრაქტს რამდენიმე თვეში, ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ გასდიოდა ვადა. იმედი ჰქონდა, რომ ბედი არ უმუხთლებდა, გზად შეყვარებული დამხვდება და შინ ქორწილით დავბრუნდებიო..." - ამბობს ზურას ბიძაშვილი ხათუნა გურგენაშვილი.

ტრაგედიის შეტყობისთანავე, ზურას შეყვარებული გურგენაშვილებთან მივარდნილა, მითხარით, რომ ტყუილიაო...  
"ზურამ წასვლამდე ყველა ვალი გაისტუმრა, პატარა ბინა იყიდა, რომ ცოლი შეერთო და მასთან ერთად ეცხოვრა. ბაღში ხილი გააშენა. უხაროდა, რომ ბლები აყვავდნენ. ისინი კიდევ მრავალჯერ აყვავდებიან, მაგრამ ჩემი ძმა საკუთარ სახლში ღამის გათენებასაც ვერ მოესწრო", - ტირის და.

"ჩემი შვილი ყველას შემწე იყო. ჯარისკაცის ხელფასი, რომელიც 700 ლარსაც არ აღემატებოდა, შეეძლო ყველასთვის გაენაწილებინა. პატრონობდა ავადმყოფ ძმას, ჩვენ, მშობლებს, გათხოვილ დებს, რომელთაგან ერთს ბავშვი შეუძლოდ ჰყავდა და რომ არა ზურა, წამალსაც ვერ იყიდდა..." - ხმა და ცრემლი ერთად გამოუშრა დედას.
"ავღანეთში წასვლის წინადღეს მოგვინახულა ნათესავები. ჯოჯოხეთში მივდივარ და წასვლამდე ყველას უნდა ჩაგეხუტოთო. ეს არ ქნა ზურა-მეთქი, - ყველაფერი კარგად იქნება, ისეთ მეთაურს მივყვებით, ყველას უკლებლივ დაგვაბრუნებსო", - მოთქვამს მამიდა.

ხათუნა გურგენაშვილი - "ნუ მიჰყავთ ჩვენი ბიჭები ავღანეთში. აუხირებიათ, სხვანაირად ნატოში ვერ შევალთო. მთელი საქართველო რომ ჩაიხოცოს ერაყში, ავღანეთში და აფრიკაში, სადაც წაყვანას 2014 წლის შემდეგ უპირებენ ქართველ ჯარისკაცებს, ნატოში მაინც არ მიგვიღებენ, სანამ ასეთი დავრდომილი და გაღატაკებული ვიქნებით.
მოვიდეს სააკაშვილი და ნახოს რა მდგომარეობაში დარჩა ზურა გურგენაშვილის ოჯახი, რომლისთვისაც უკანასკნელი იმედიც ჩაქრა. ნატოში რომ მიგიღონ, უნდა იმსახურებდე, ანუ ხელისუფალს თავისი ხალხის პრობლემების მიმართ სულ მცირე სოლიდარობის გრძნობა უნდა ჰქონდეს."

...სოფელ ორთაშენის მკვიდრი ბორის ცუგოშვილის ახლობლებიც მიიჩნევენ, რომ როდესაც სამსახურს ვერ შოულობ და ხვეწნა-მუდარით აღებულ ვალებს ვერ ისტუმრებ, უკანასკნელი გამოსავალი, საკონტრაქტო ჯარში სამსახურია. ბიჭებს კარგა ხანია საქორწინო ასაკი დაუდგათ, მაგრამ როგორ არჩინონ ცოლ-შვილი?

ტარიელ ცუგოშვილი, ბორისის მამა - "შვილის სიკვდილი ტელევიზორიდან გავიგე და სკამიდან გადმოვვარდი. დაღუპულთა ვინაობის დასახელებისას, მეხუთე ჩემი შვილი იყო. ენა ჩამივარდა... ყველა დაღუპულის ოჯახს ვუსამძიმრებ და ღმერთს ვთხოვ, რომ მეტი განსაცდელი არიდოს საქართველოს, ჩვენს ტანჯულ სამშობლოს. მერჩივნა ჩემი შვილი აქ დაღუპულიყო, თავის მიწაზე, ვიტყოდი, სამშობლოს იცავდა-მეთქი, ახლა რა ვთქვა, ვის და რას იცავდა? როცა შენი მიწა მტრისგან წართმეული გაქვს და ისიც ვერ გითქვამს, სდექ, რაც მიგიტაცებია, იკმარე, საზღვრით ნუღარ მოცოცავო, სხვის დასაცავად როგორ უნდა წახვიდე?"

ბორისმა ერთხელ უკვე ჩაათავა ოთხწლიანი კონტრაქტი. 2008 წლის ომის დროს საინჟინრო-სატანკო ბატალიონში იყო და გორის სამხედრო ბაზის დაბომბვის დროს დაიჭრა, ტვინის შერყევა დაემართა, ცხვირი გაუტყდა. როდესაც კონტრაქტი გაუთავდა, აღარ აპირებდა ჯარში დაბრუნებას. მცირე დანაზოგით ცოლი შეირთო. ეგონა სხვა სამსახურს იშოვიდა, მაგრამ ამაოდ. მერე ბავშვი გაჩნდა, ახლა პატარა ბიჭი 10 თვის არის. დედას საკეისრო ოპერაცია დასჭირდა. 1.000 ლარი მოგვთხოვეს ექიმებმა, ძროხა და ხბო გავყიდე, რომ ბავშვი დაბადებულიყო, სხვა ვალებიც აიღო ბორისმა და იძულებული გახდა მათ გასასტუმრებლად, ისევ ჯარში დაბრუნებულიყო. ერთხელაცო, თქვა და წავიდა. რას იფიქრებდა, რომ ეს ერთხელაც უკანასკნელი გამოდგებოდა? რას იფიქრებდა, რომ მისივე ქვეყნის პრეზიდენტი არ გაუფრთხილდებოდა მათ სიცოცხლეს და სისულელეებს მოროშავდა ტელევიზორში? 

შალვა ცუგოშვილი, ბორისის ბიძაშვილი: - სააკაშვილის მთავრობამ მემკვიდრეობად გაჭირვება და სიკვდილი დაგვიტოვა. თუ ჯარში არ მივდივართ, სიღარიბეს ვებრძვით, რომ გადავარჩინოთ ოჯახები. დაითვალეთ აქ რამდენი ახალგაზრდა კაცი ვართ, ყველა უმუშევარი, ყველა გულგატეხილი და იმედგაცრუებული, რომ ოდესმე ვინმეს დავჭირდებით ამ ქვეყანაში. სააკაშვილს ნატოში შესვლის იმედი რომ აქვს, მოვიდეს, დაგველაპარაკოს და გვიპასუხოს, ქვეყანა, რომელსაც ამდენი დაქცეული ოჯახი ჰყავს, ვის რად უნდა ნატოში?

ბორისი ბოლოს ერთი კვირის წინ შეხმიანებია ძმას, ვიქტორს, დაბადების დღე მიულოცა. მალე გავა სამი-ოთხი თვეც და დაგიბრუნდებითო... "თვითონ სულ რაღაც 29 წლის იყო, ძალიან თბილი და ვაჟკაცური, სამაგალითო ძმა. მობილურ ტელეფონში ჩაწერილ მის ფოტოებს დავყურებ  და ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი პატარა ძმისშვილი ობლად უნდა გაიზარდოს."

გორში, ცუგოშვილების ბინაში სასოწარკვეთილი დედა, ცოლი და პატარა ვაჟკაცი ელოდებიან ქართველი ვაჟკაცის დაბრუნებას, რომ მერე ისევ გააცილონ, ოღონდ უკანასკნელ გზაზე და ცხოვრების პირისპირ მარტო დარჩნენ, ტკივილებით, ცხოვრების შიშით და ვალებით, რომელიც ბორისს გაუსტუმრებელი დარჩა.
"მადლობა შენ, რომ შვილი მაჩუქე, სამაგალითო ბიჭო. შენ ხომ ვალები იმისთვის აიღე, რომ ჩვენ გყოლოდით თბილად და ბედნიერად..." ჩურჩულებს პირგამეხებული ნინო, ბორისის მეუღლე.  

გიორგი ადამოვის ბინის შესასვლელში 20-იოდე წლის გოგონა იატაკზე, თავჩარგული მოთქვამს. ის გიორგის საცოლეა. 23 მაისს ბიჭს 23 წელი შეუსრულდა. დროა ცოლი შევირთოო, უთქვამს წასვლამდე და საცოლე ოჯახისთვის წარუდგენია...

დალი ადამოვი, გიორგის და - "6 ივნისს, დილით, შვიდ საათზე დაგვირეკა და ყველა მოგვიკითხა. მასზე 11 წლით უფროსი ვიყავი. ულამაზესი ძმა მყავდა, ძალიან  მამაცი, კეთილი და თავმდაბალი. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული ხასიათით, დამოუკიდებლობით. ერთხელ მონასტერში წასულა, ისე, რომ არ გვითხრა. გვისაყვედურა, რომ ვეძებდით, სად უნდა წავსულიყავი, რამეს ხომ არ დავაშავებდიო. ოცნებობდა საუკეთესო მეომარი ყოფილიყო, მაგრამ... არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, წარმოუდგენელი ტკივილი გამეფდა ჩვენს სახლში, რომელსაც ვერაფერი მოაშუშებს. გიორგი ისეთი იყო, თავისი საქმით იტყოდა სათქმელს, მაგრამ არ დააცალა ოხერმა სიკვდილმა..."

P.S. გორიდან წამოსვლის წინ დაღუპული ბიჭების ფოტოების ასლების დასამზადებლად შევიარე იქ, სადაც ქსეროქსის აპარატი ედგათ, რათა ორიგინალები ბიჭების ოჯახებში დამებრუნებინა, რამდენი მოგართვათ? ვიკითხე. საყვედურით სავსე ნაღვლიანი თვალებით შემომხედეს ბიჭებმა, - ჩვენ მათთვის ამის გარდა აღარაფრის გაკეთება აღარ შეგვიძლიაო და ფოტოები მომაწოდეს.  
P.P.S. ცხინვალის ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის დედა, მარინე ავღანეთში დაღუპულების ოჯახებში დადის, რომ შვილმკვდარი დედები გაამხნევოს, სოლიდარობის გამოხატვისთვის ვინმეს მაგალითი სჭირდება? აი მაგალითიც.
mcinari rubashvili
12 ივნისი 2013 12:54
ვაი მის დედობას, ის რომ ცოცხლობს! !! რა ქნას თავი მოიკლას?! წავიკითხე მისი წერილი მიმართვა ქართველი ხალხისადმი, გამწარებული ქალი დიდსულოვანი ადამიანი, მართლაც კარგი კაცის მეუღლე და საუკეთესო ვაჟკაცის გამზრდელი, საყვარელი მეუღლეც ომში დაკარგა სიმწრით აღზარდა ორი შვილი კერა არ გაუცია მეუღლეს დაუზარდა შვილები მოელოდა მათს წარმატებებს დაოჯახებას ,გამრავლებას და აი სად უმუხლთა ბედმა, ვახტანგ გზირიშვილიც ხომ ავღანეთში არ მოუკლავთ ის აქ საქართველოს დაცვას შეეწირა, მერე რა, ვინ დაუფასა ასეთი შვილის გაზრდა? არაფიტარი დაფასება არავის არ გამოუხატავს მის მიმართ გმირის წოდება მიანიჭეს ო ეს რა უქნიათ?! მის დედას ეს ვერ დააპურებს შვილის მაგივრობას ვინ გაუწევს?! კატასტროფაა ნამდვილად ჩვენი ყოფა ამ ქვეყნად!
nino
11 ივნისი 2013 16:27
გმერტმა ნატელსჰი ამყოპოს ტქვენი ვაჯკაცი სული ბიჯებო!!!
mamuka
11 ივნისი 2013 02:52
საქარტველოს ქ-ნი მარინე გზირიშვილის ნაირი დედები გადაარჩენენ დედები რომლებიც ყველა დაღუპულს საკუტარ შვილად ტვლიან და ყველას ერტნაირად დასტირიან.ისინი ყველა ჩვენტაგანის ტკივილია და სიამაყე.დიდი მადლობა დედებო,მამებო, დებო,ძმებო ესეტი ბიჭების აღზრდისატვის.

რედაქტორის რჩევით