ჩვენი მშვიდობის ბიჭები
10-06-2013
ჩვენი მშვიდობის ბიჭები
"ავღანეთი ჩვენი მიწაა და ყველა, ვინც მის დაპყრობას შეეცადა, ალაჰმა დასაჯა. ახლა კი ახალი ჯვაროსნები ჩამოვიდნენ საქართველოდან ჩვენი შვილებისა და ცოლების დასახოცად. ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ამერიკის დასახმარებლად გამოგზავნა ჯარები ავღანეთში. ჯიჰადი ქართველ ჯვაროსნებზე შურს იძიებს. ყოველდღე ჰილმენდში საშინელი სიკვდილით იხოცებიან ქართველი ჯვაროსნები და იგივე ბედი ელის ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე სისხლს ღვრის. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე საქართველოში ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!" - youtube-ზე ასეთი შინაარსის
ვიდეომასალის გავრცელება (რომელშიც აშკარად ემუქრებიან  ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებულ ძალებს) არაერთმა ანალიტიკოსმა დაუკავშირა პრეზიდენტ სააკაშვილის ავღანეთში სტუმრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ამ სტუმრობის ამსახველი ვიდეოფირის გავრცელებას.

ვიდეოფირში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა, სააკაშვილი ქართველ ჯარისკაცებს ეკითხება, ვის რამდენი ტერორისტი ჰყავს მოკლული. ჯარისკაცებთან მისი ამგვარი შინაარსის
საუბრის გავრცელებამ ბევრს ათქმევინა, რომ ამას სავალალო შედეგი მოჰყვებოდა.

ჰილმენდის პროვინციაში ქართულ მოწინავე ბაზასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა სატვირთო მანქანა ააფეთქა, რის შედეგადაც 7 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 9 დაიჭრა...

"სააკაშვილის მთავრობამ მემკვიდრეობად სიკვდილი დაგვიტოვა"

6 ივნისს ავღანეთში დაღუპული შვიდი ქართველი ჯარისკაცისგან სამი გორის რაიონის მკვიდრი აღმოჩნდა. ტრაგედიის მეორე დღესვე მათი ოჯახები მოვინახულე. ასეთ დროს ძნელია ემოციის გარეშე, მხოლოდ პროფესიული მოვალეობის გრძნობით იმოქმედო. ტრაგიკულად დაღუპული "სხვისი შვილი" ყველას შვილი ხდება, თვითონაც ჭირისუფლად გრძნობ თავს და იცი, რომ ვერაფერი ნუგეშია, დედებს უთხრა, ბიჭების სახელით არა მხოლოდ მათმა ოჯახებმა, ერმა, ქვეყანამ უნდა იამაყოსო.

სამივე დაღუპული მეოთხე ბრიგადის 42-ე ბატალიონის ჯარისკაცია. 2008 წელს, ცხინვალის ომის დროს, ყველაზე დიდი დანაკარგი სწორედ ამ სამხედრო შენაერთმა განიცადა - ბევრი დაიღუპა, ბევრიც დაინვალიდდა. ცხინვალში დაღუპული 19 წლის ჯარისკაცის, ვახტანგ გზირიშვილის დედა, ქალბატონი მარინე, ტირილით ამბობს, 42-ე ბატალიონს სახელი შეუცვალონ ან საერთოდ გააუქმონ, დაწყევლილიაო... მისი შვილიც საბედისწერო 42-იდან იყო...  
გზას კარალეთისკენ მივუყვები. აქ ხუთი წლის წინანდელი ომის ჭრილობები გახსნიათ. ხალხს თავზარი დასცა ჯარისკაცების, თანაც ერთდროულად - სამი გორელის სიკვდილმა. მეგზური ალეკო მელქაია წინასწარ მითანხმდება, რომ სახლებში ჩემთან ერთად არ შემოვა. მაპატიე, მარტო უნდა შეგატოვო ტკივილს, - ამბობს ჩუმად, თუმცა ვერ ახერხებს, რომ უზარმაზარი ტკივილი არ გაიზიაროს და ამ ბიჭების ამბებს აყოლებს მათ ახლობლებს...     
ქუჩაში ჯგუფურად მიმავალი ხალხი შევნიშნე. ვეკითხები: "სად ცხოვრობს ის ბიჭი, ავღანეთიდან რომ..." - მიჭირს წინადადების დამთავრება. ქალები ცრემლიან თვალებს იწმენდენ - ჩვენც იქით მივდივართო... გზას კორპუსებისკენ მივუყვებით, თითქოს მზე ანათებს, მაგრამ ირგვლივ ბინდი ჩამოწოლილა.

32 წლის ზურაბ გურგენაშვილის სახლთან ვდგავართ.
"შვილები დაიზარდნენ, კიბეები დაცვდა, სახლი დაბერდა. ვფიქრობდი, ჩემი წასვლის დროც მალე მოვა-მეთქი. მეგონა, მე გამაცილებდნენ ამ ჩამონგრეული კიბიდან პირველს..." - შემზარავია მამის კვნესა. კაცს ტკივილისგან გახევებული სახე და სველი თვალები აქვს, ქანდაკებას უფრო ჰგავს... ვუყურებ და ტირილს ვერ ვიკავებ.
არც კი ვიცი, რა ვუთხრა ამ დროს მამას, რომელიც საყვარელი ვაჟის შვილებსაც ვერ მოესწრო...M
ხშირად ამბობენ, რომ ჯარისკაცთა უმრავლესობა გაჭირვების გამო მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში. სხვა გამოსავალი არ ჰქონდათო... ამ აზრს უკმაყოფილო მოწინააღმდეგეებიც ჰყავს - უსამართლობაა იმის თქმა, რომ ბიჭები ავღანეთში ფულის გამო მიდიან, მათ ამ ნაბიჯისკენ ვაჟკაცობა უბიძგებთო... კაცი რომ ოჯახის გადასარჩენად ომში წავა, ამას გამბედაობა და სიმამაცე არ სჭირდება?

ვცდილობ წარმოვიდგინო, რას იფიქრებენ ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები, როდესაც დაღუპულს შინ მოასვენებენ და სამძიმარზე ეახლებიან ოჯახს. წინა ხელისუფლებას ეს საკითხი "დარეგულირებული"”ჰქონდა. ავღანეთში დაღუპულების დაკრძალვა თითქმის გასაიდუმლოებულ ვითარებაში ხდებოდა. ქვეყნის პირველი პირები ხშირად ღრმა მწუხარებასაც არ გამოთქვამდნენ ხმამაღლა, თუმცა, ყოველთვის რიხი ჰქონდათ, როდესაც ამ ჯარისკაცების მამაცობით ცდილობდნენ საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე თავმოწონებას(!!!).

გურგენაშვილების ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა გრძელ ნუსხაშია. ისინი არაფერს მალავენ და იმაში, რომ ზურა აღარ ჰყავთ, სწორედ სიღარიბეს ადანაშაულებენ. რომ არა გაჭირვება, ჯარში არ დაიწყებდა მუშაობას, კვნესის და, დედა, მამიდა... ბავშვობიდან ცდილობდა მშობლები, ძმა და დები სიღატაკისგან ეხსნა. სკოლიდან მოსვლისთანავე ნახირში გარბოდა ან დღიურ მუშად უდგებოდა ვინმეს, რომ შინ პურის ფული მიეტანა. სულ სამსახურს ეძებდა, იქნებ ამ პატარა, ღარიბი ბინის გარდა ჩემთვის ბუდე მოვიწყო და ოჯახი შევქმნაო.  საკონტრაქტო ჯარში წავიდა. კონტრაქტს რამდენიმე თვეში, ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ გასდიოდა ვადა. იმედი ჰქონდა, რომ ბედი არ უმუხთლებდა, გზად შეყვარებული დამხვდება და შინ ქორწილით დავბრუნდებიო..." - ამბობს ზურას ბიძაშვილი ხათუნა გურგენაშვილი.

ტრაგედიის შეტყობისთანავე, ზურას შეყვარებული გურგენაშვილებთან მივარდნილა, მითხარით, რომ ტყუილიაო...  
"ზურამ წასვლამდე ყველა ვალი გაისტუმრა, პატარა ბინა იყიდა, რომ ცოლი შეერთო და მასთან ერთად ეცხოვრა. ბაღში ხილი გააშენა. უხაროდა, რომ ბლები აყვავდნენ. ისინი კიდევ მრავალჯერ აყვავდებიან, მაგრამ ჩემი ძმა საკუთარ სახლში ღამის გათენებასაც ვერ მოესწრო", - ტირის და.

"ჩემი შვილი ყველას შემწე იყო. ჯარისკაცის ხელფასი, რომელიც 700 ლარსაც არ აღემატებოდა, შეეძლო ყველასთვის გაენაწილებინა. პატრონობდა ავადმყოფ ძმას, ჩვენ, მშობლებს, გათხოვილ დებს, რომელთაგან ერთს ბავშვი შეუძლოდ ჰყავდა და რომ არა ზურა, წამალსაც ვერ იყიდდა..." - ხმა და ცრემლი ერთად გამოუშრა დედას.
"ავღანეთში წასვლის წინადღეს მოგვინახულა ნათესავები. ჯოჯოხეთში მივდივარ და წასვლამდე ყველას უნდა ჩაგეხუტოთო. ეს არ ქნა ზურა-მეთქი, - ყველაფერი კარგად იქნება, ისეთ მეთაურს მივყვებით, ყველას უკლებლივ დაგვაბრუნებსო", - მოთქვამს მამიდა.

ხათუნა გურგენაშვილი - "ნუ მიჰყავთ ჩვენი ბიჭები ავღანეთში. აუხირებიათ, სხვანაირად ნატოში ვერ შევალთო. მთელი საქართველო რომ ჩაიხოცოს ერაყში, ავღანეთში და აფრიკაში, სადაც წაყვანას 2014 წლის შემდეგ უპირებენ ქართველ ჯარისკაცებს, ნატოში მაინც არ მიგვიღებენ, სანამ ასეთი დავრდომილი და გაღატაკებული ვიქნებით.
მოვიდეს სააკაშვილი და ნახოს რა მდგომარეობაში დარჩა ზურა გურგენაშვილის ოჯახი, რომლისთვისაც უკანასკნელი იმედიც ჩაქრა. ნატოში რომ მიგიღონ, უნდა იმსახურებდე, ანუ ხელისუფალს თავისი ხალხის პრობლემების მიმართ სულ მცირე სოლიდარობის გრძნობა უნდა ჰქონდეს."

...სოფელ ორთაშენის მკვიდრი ბორის ცუგოშვილის ახლობლებიც მიიჩნევენ, რომ როდესაც სამსახურს ვერ შოულობ და ხვეწნა-მუდარით აღებულ ვალებს ვერ ისტუმრებ, უკანასკნელი გამოსავალი, საკონტრაქტო ჯარში სამსახურია. ბიჭებს კარგა ხანია საქორწინო ასაკი დაუდგათ, მაგრამ როგორ არჩინონ ცოლ-შვილი?

ტარიელ ცუგოშვილი, ბორისის მამა - "შვილის სიკვდილი ტელევიზორიდან გავიგე და სკამიდან გადმოვვარდი. დაღუპულთა ვინაობის დასახელებისას, მეხუთე ჩემი შვილი იყო. ენა ჩამივარდა... ყველა დაღუპულის ოჯახს ვუსამძიმრებ და ღმერთს ვთხოვ, რომ მეტი განსაცდელი არიდოს საქართველოს, ჩვენს ტანჯულ სამშობლოს. მერჩივნა ჩემი შვილი აქ დაღუპულიყო, თავის მიწაზე, ვიტყოდი, სამშობლოს იცავდა-მეთქი, ახლა რა ვთქვა, ვის და რას იცავდა? როცა შენი მიწა მტრისგან წართმეული გაქვს და ისიც ვერ გითქვამს, სდექ, რაც მიგიტაცებია, იკმარე, საზღვრით ნუღარ მოცოცავო, სხვის დასაცავად როგორ უნდა წახვიდე?"

ბორისმა ერთხელ უკვე ჩაათავა ოთხწლიანი კონტრაქტი. 2008 წლის ომის დროს საინჟინრო-სატანკო ბატალიონში იყო და გორის სამხედრო ბაზის დაბომბვის დროს დაიჭრა, ტვინის შერყევა დაემართა, ცხვირი გაუტყდა. როდესაც კონტრაქტი გაუთავდა, აღარ აპირებდა ჯარში დაბრუნებას. მცირე დანაზოგით ცოლი შეირთო. ეგონა სხვა სამსახურს იშოვიდა, მაგრამ ამაოდ. მერე ბავშვი გაჩნდა, ახლა პატარა ბიჭი 10 თვის არის. დედას საკეისრო ოპერაცია დასჭირდა. 1.000 ლარი მოგვთხოვეს ექიმებმა, ძროხა და ხბო გავყიდე, რომ ბავშვი დაბადებულიყო, სხვა ვალებიც აიღო ბორისმა და იძულებული გახდა მათ გასასტუმრებლად, ისევ ჯარში დაბრუნებულიყო. ერთხელაცო, თქვა და წავიდა. რას იფიქრებდა, რომ ეს ერთხელაც უკანასკნელი გამოდგებოდა? რას იფიქრებდა, რომ მისივე ქვეყნის პრეზიდენტი არ გაუფრთხილდებოდა მათ სიცოცხლეს და სისულელეებს მოროშავდა ტელევიზორში? 

შალვა ცუგოშვილი, ბორისის ბიძაშვილი: - სააკაშვილის მთავრობამ მემკვიდრეობად გაჭირვება და სიკვდილი დაგვიტოვა. თუ ჯარში არ მივდივართ, სიღარიბეს ვებრძვით, რომ გადავარჩინოთ ოჯახები. დაითვალეთ აქ რამდენი ახალგაზრდა კაცი ვართ, ყველა უმუშევარი, ყველა გულგატეხილი და იმედგაცრუებული, რომ ოდესმე ვინმეს დავჭირდებით ამ ქვეყანაში. სააკაშვილს ნატოში შესვლის იმედი რომ აქვს, მოვიდეს, დაგველაპარაკოს და გვიპასუხოს, ქვეყანა, რომელსაც ამდენი დაქცეული ოჯახი ჰყავს, ვის რად უნდა ნატოში?

ბორისი ბოლოს ერთი კვირის წინ შეხმიანებია ძმას, ვიქტორს, დაბადების დღე მიულოცა. მალე გავა სამი-ოთხი თვეც და დაგიბრუნდებითო... "თვითონ სულ რაღაც 29 წლის იყო, ძალიან თბილი და ვაჟკაცური, სამაგალითო ძმა. მობილურ ტელეფონში ჩაწერილ მის ფოტოებს დავყურებ  და ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი პატარა ძმისშვილი ობლად უნდა გაიზარდოს."

გორში, ცუგოშვილების ბინაში სასოწარკვეთილი დედა, ცოლი და პატარა ვაჟკაცი ელოდებიან ქართველი ვაჟკაცის დაბრუნებას, რომ მერე ისევ გააცილონ, ოღონდ უკანასკნელ გზაზე და ცხოვრების პირისპირ მარტო დარჩნენ, ტკივილებით, ცხოვრების შიშით და ვალებით, რომელიც ბორისს გაუსტუმრებელი დარჩა.

"მადლობა შენ, რომ შვილი მაჩუქე, სამაგალითო ბიჭო. შენ ხომ ვალები იმისთვის აიღე, რომ ჩვენ გყოლოდით თბილად და ბედნიერად..." ჩურჩულებს პირგამეხებული ნინო, ბორისის მეუღლე.  

გიორგი ადამოვის ბინის შესასვლელში 20-იოდე წლის გოგონა იატაკზე, თავჩარგული მოთქვამს. ის გიორგის საცოლეა. 23 მაისს ბიჭს 23 წელი შეუსრულდა. დროა ცოლი შევირთოო, უთქვამს წასვლამდე და საცოლე ოჯახისთვის წარუდგენია...

დალი ადამოვი, გიორგის და - "6 ივნისს, დილით, შვიდ საათზე დაგვირეკა და ყველა მოგვიკითხა. მასზე 11 წლით უფროსი ვიყავი. ულამაზესი ძმა მყავდა, ძალიან  მამაცი, კეთილი და თავმდაბალი. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული ხასიათით, დამოუკიდებლობით. ერთხელ მონასტერში წასულა, ისე, რომ არ გვითხრა. გვისაყვედურა, რომ ვეძებდით, სად უნდა წავსულიყავი, რამეს ხომ არ დავაშავებდიო. ოცნებობდა საუკეთესო მეომარი ყოფილიყო, მაგრამ... არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, წარმოუდგენელი ტკივილი გამეფდა ჩვენს სახლში, რომელსაც ვერაფერი მოაშუშებს. გიორგი ისეთი იყო, თავისი საქმით იტყოდა სათქმელს, მაგრამ არ დააცალა ოხერმა სიკვდილმა..."

P.S. გორიდან წამოსვლის წინ დაღუპული ბიჭების ფოტოების ასლების დასამზადებლად შევიარე იქ, სადაც ქსეროქსის აპარატი ედგათ, რათა ორიგინალები ბიჭების ოჯახებში დამებრუნებინა, რამდენი მოგართვათ? ვიკითხე. საყვედურით სავსე ნაღვლიანი თვალებით შემომხედეს ბიჭებმა, - ჩვენ მათთვის ამის გარდა აღარაფრის გაკეთება აღარ შეგვიძლიაო და ფოტოები მომაწოდეს.  
P.P.S. ცხინვალის ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის დედა, მარინე ავღანეთში დაღუპულების ოჯახებში დადის, რომ შვილმკვდარი დედები გაამხნევოს, სოლიდარობის გამოხატვისთვის ვინმეს მაგალითი სჭირდება? აი მაგალითიც.

ეკა ლომიძე

"ჩემი დედისერთა კი არა, შვიდი შვილი მომიკვდა ერთდროულად..."

- მესამე სართულზე უნდა აბრძანდეთ, იქ ცხოვრობდა მიხეილ ნარინდოშვილი... - გაბზარული ხმით მითხრა სამხედროფორმიანმა ბიჭმა... ღია კარში შესვლამდე ყელში ბურთად გაჩრილი ტკივილი სიტყვებად უნდა ვაქციო და შვილმკვდარ დედას ვესაუბრო - როგორი  იყო მისი ერთადერთი შვილი, რატომ აირჩია ეს გზა... 

აქ 26 წლის მიხეილ ნარინდოშვილი ცხოვრობდა. ვინ იცის, რას ფიქრობდა რამდენიმე თვის წინ, როდესაც ამ კიბეებზე ეშვებოდა და რუსთავიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მიდიოდა....
- ცოცხალ-მკვდარი ვარ. ჩემი დედისერთა, გაჭირვებით გამოზრდილი შვილი აღარ მყავს, - მოთქვამს დედა.
ქალბატონ ფიქრიას ხელში მიხეილ ნარინდოშვილის სახელზე თავდაცვის სამინისტროს გაცემული სიგელი უჭირავს.
სამი შვილი დარჩა: უფროსი 8 წლის, შუათანა - 2-ის და ყველაზე პატარა - 9 თვის.

- მიშო ყოველდღე რეკავდა, დედი, კარგად ვარ. ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. არაფერი მიჭირს, თავს მიხედეო. სამხედრო ფორმა ძალიან უყვარდა და უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს. მარტომ გავზარდე და ყოველთვის ვამაყობდი, რომ კარგი შვილი მყავდა.

ეგონა, კარგად იყო მომზადებული და მოწინააღმდეგე ვერაფერს დააკლებდა, მაგრამ ჩემი ტანჯვით გაზრდილი ბიჭი ხელიდან გამომეცალა. სულ მეუბნებოდა, დედა, ძალიან მომწონს სამხედრო საქმე და ჯარში ვაპირებ დარჩენასო. მეგონა, თუ კარგად იყო მომზადებული და თავს გაუფრთხილდებოდა, ხიფათს აირიდებდა. ამბობდა, გერმანიაში ძალიან მაღალი დონის სამხედრო მომზადება გავიარე და ნურაფრის შეგეშინდებათო. დავუჯერე და ვენდე ჩემი შვილის სიტყვებს... ოქტომბრის ბოლოს უნდა ჩამოსულიყო...

წასვლის წინ, თითქოს გულმა უგრძნოო, დიდხანს ვყავდი გულში ჩაკრული, მერე  მითხრა, შვილებს გაბარებ და თუნდაც ამიტომ უნდა მიხედო თავსო... მის სიცოცხლესთან ერთად დასრულდა ჩემი სიძლიერეც.

- იმ ბიჭებზე რა იცით, ვინც მასთან ერთად დაიღუპა?
- მათი გვარები მიშოსგან არ გამიგია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მას შემდეგ, რაც ჩემმა შვილმა ფორმა ჩაიცვა, ყველა ფორმიანს ჩემს შვილად ვთვლიდი. ამიტომ, მარტო ჩემი დედისერთა კი არა, შვიდი შვილი მომიკვდა...   

- ბოლოს როდის ესაუბრეთ?
- დაღუპვამდე ორი დღით ადრე. ნურაფრის შეგეშინდება, კარგად ვარ, მაგრამ შენზე ვნერვიულობ, უფალს ვევედრები, შენ და ჩემი შვილები მყავდეთ კარგადო... დღემდე ყურში ჩამესმის მისი მხიარული ხმა... ალბათ, დედის გული გრძნობდა რაღაცას - ერთი კვირა ძალიან ცუდად ვიყავი. თითქოს მიზეზი არ მქონდა, მაგრამ ვშფოთავდი. ახლობლები მეუბნებოდნენ, მიშო რომ ავღანეთშია, ნერვიულობ და იმიტომაც ხარ ასეო. თავდაცვის სამინისტროდან რომ მოვიდნენ, ელდა მეცა, რა ხდება ჩემს თავს-მეთქი... ვერ წარმოიდგენთ, როგორ გვიჭირს ამ სიტყვების წარმოთქმა, შვილი აღარ გყავთო... სამხედრო ექიმთან ერთად მთელი ღამე დარჩნენ...

- მისი ცოლ-შვილი თქვენთან არ ცხოვრობს?
- ცოლს გასცილდა. ახლა შვილები გააცილებენ სამუდამო გზაზე. 14 წლით ვიყავი მასზე უფროსი და მეგობრები უფრო  ვიყავით, ვიდრე დედა-შვილი. სულ მეუბნებოდა: ნუ ხარ ასეთი გიჟი დედა, გოგო ხომ არ ვარ, რას დამდევ, სირცხვილიაო. ახლა ჩემი სიცოცხლეც მასთან ერთად დამთავრდა. 

მზია ცოფურაშვილი, მიხეილ ნარინდოშვილის ნათესავი: - საოცრად კეთილი იყო, გულიანი. დედამისი მუშაობდა და ბებია ზრდიდა. ის ახლა 84 წლის არის. არ ვიცით, როგორ უნდა ვუთხრათ მიშოს ამბავი.  
რა არ სცადა, მაგრამ სამუშაო ვერსად იშოვა. ძალიან უჭირდათ და რცხვენოდა, ამხელა კაცი დედის კმაყოფაზე როდემდე ვიყოო. ამიტომ გადაწყვიტა თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამსახურში წასვლა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მერე კი ძალიან მოეწონა იქაურობა. ძალიან დარდობდა, ოჯახი რომ დაენგრა. გერმანიაში  წავიდა, ორი შვილი და ფეხმძიმე ცოლი დატოვა. ამბობდა, ცოტას წელში გავიმართები და ცოლ-შვილს არაფერს მოვაკლებო, იქიდან დაბრუნებულს კი ცოლი წასული დახვდა... დედას ამშვიდებდა, ყველაფერს მოვაგვარებ, არ ინერვიულოო. ფიქრია ძლიერი ქალია, ბევრი რამ გადაიტანა. ახლა შვილის სიკვდილიც დაემატა. თვითონ ხომ განადგურებულია და მაინც კითხულობს, დაჭრილი ბიჭები როგორ არიანო...

ლალი პაპასკირი

"მე ყველაზე ვაჟკაცი ძმა მყავდა"

რიგითი გიორგი ღუჭაშვილი 21 წლის იყო. მარტყოფში ჩასულს საზარელი სურათი დამხვდა - ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები 21 წლის ახალგაზრდას გლოვობდნენ. გიორგიმ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში წასვლა 3 წლის წინ, მამის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა. იგი ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს... გიორგი ღუჭაშვილი მარტყოფში დედასა და ძმებთან ერთად ცხოვრობდა. 

გიორგი ღუჭაშვილი, გარდაცვლილის ბიძა: მე დიდი გიორგი ღუჭაშვილი ვიყავი, ის - პატარა, მაგრამ აღარ მყავს ჩემი გიორგი. ჩემს ხელში გაიზრდა. ჩემი ძმა 3 წლის წინ გარდაიცვალა. იმ წელს გიორგიმ სკოლა დაამთავრა და პატარა ბიჭმა გადაწყვიტა, თავად ეპატრონა ოჯახისთვის. სკოლის დამთავრებისთანავე წავიდა ჯარში. ამით არჩენდა ოჯახს. სულ მირეკავდა, ყველაფერი კარგად არის და არ ინერვიულოო.

სოსო ღუჭაშვილი, გიორგის უფროსი ძმა: როცა გიორგიმ სამხედრო სამსახურში წასვლა გადაწყვეტა, წინააღმდეგობა არ გამიწევია. გულჩათხრობილი იყო, ისიც არ უთქვამს, კონტრაქტის დასრულების შემდეგ აპირებდა თუ არა სამხედრო სამსახურში დარჩენას. მე ყველაზე ვაჟკაცი ძმა მყავდა.

ბექა გოგნიაშვილი, გიორგის მეგობარი: ორი თვის წინ წავიდა ავღანეთში. მიჭირს იმის დაჯერება, რომ ცოცხალი აღარ არის. მარტყოფის ცენტრში ვიყავი, როცა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მანქანა გააჩერეს და მკითხეს, გიორგი ღუჭაშვილის სახლი სად არისო. ეს შემზარავი ამბავი მათ შეატყობინეს სოფელს და ოჯახს. ჯერ გვითხრეს, აფეთქება მოხდა და გიორგი ნანგრევებშიაო. მისი გადარჩენის იმედი გვქონდა, მაგრამ...  
გიორგი ღვინიაშვილი, მეგობარი: როცა მირეკავდა, მეუბნებოდა, მალე დავბრუნდები და ერთად ვიცხოვრებთ კარგ ქვეყანაშიო, მაგრამ...

თამუნა ჩოხელი, გიორგის მამიდაშვილი: ბაზაზე, სადაც აფეთქება მოხდა, გიორგი რამდენიმე საათით ადრე გადაიყვანეს. ბოლო დღეებში ხშირად გვირეკავდა, ეტყობა, გრძნობდა რაღაცას. ბოლოს როცა დამირეკა, სახლში არ ვიყავი. სიმღერა უყვარდა და კარგადაც მღეროდა... ხალხი გვეუბნება, რომ გიორგი გმირია, რაც ოდნავ გვიმსუბუქებს ტკივილს... ბოლოს სკაიპით რომ ვესაუბრე, მითხრა, ერთი გოგო მომწონს, ჩამოვალ და აუცილებლად გაგაცნობო. ერთ თვეში შინ უნდა დაბრუნებულიყო. მგონი, დაოჯახება უნდოდა, მაგრამ ისიც კი არ ვიცით, ვინ მოსწონდა.
ლია ღუჭაშვილი, გიორგის ბიძაშვილი: როცა საკონტრაქტო სამსახურში წასვლა გადაწყვეტა, გვითხრა, მამის დაკარგვამ გული ძალიან მატკინა, ოჯახსაც დახმარება სჭირდება, ქვეყანასაც უნდა პატრონობაო და წავიდა. ძალიან უყვარდა მამა. სანამ ბიძაჩემი დაიღუპებოდა, სახლი აუშენა გიორგის. ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ სწორედ ამ სახლში აპირებდა ცხოვრებას.

თამარ ბოჭორიშვილი

"ჩვენს ზვიადს ბევრი ოცნება დარჩა..."


უცხო მიწაზე დაღუპული ქართველი ვაჟკაცების რიცხვში, სამწუხაროდ, 22 წლის ზვიად სულხანიშვილიც აღმოჩნდა. იგი მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში ცხოვრობდა. ტრაგედიის შემდეგ მის მშობლიურ სოფელში ჩავედი, რათა ოჯახისთვის სამძიმარი მეთქვა და ზვიადის განვლილ ცხოვრებაზე მეტი გამეგო. გზად ბიჭის მეზობელი დამემგზავრა და როცა შეიტყო, ჟურნალისტი ვიყავი, მითხრა, სიტყვები არ მყოფნის ზვიადის დასახასიათებლად, მთელი სოფელი გლოვობს. მეც იქ მივდივარ და დაგეხმარები, ოჯახის წევრებს რომ გაესაუბროო.

ეზოში თანასოფლელები და ნათესავები დაგვხვდნენ. "ეს ზვიადის მამაა", - მითხრა მან და თვალცრემლიანი მამაკაცისკენ მიმითითა. ბატონ სულხანს შვილის სიკვდილი მივუსამძიმრე... რამდენიმე წუთში სახლიდან ახალგაზრდა მამაკაცი გამოვიდა: "თქვენ ხართ ჟურნალისტი? სასწრაფოდ დატოვეთ აქაურობა, არაფერს გეტყვით. ყველა ტელევიზია კომენტარის გარეშე გავყარე და თქვენც წადით, აქ ნუ დადგებით", - მითხრა და ზურგი შემაქცია. იგი ზვიადის შუათანა ძმა აღმოჩნდა, ძმის სიკვდილი მთელი გულით მივუსამძიმრე, მოვუბოდიშე და ვუთხარი, რომ მიზანი მხოლოდ ერთი იყო, მეტი გაეგო საზოგადოებას ამ ვაჟკაცზე. თუმცა, ჭირისუფლის მოთხოვნას დავემორჩილე და ეზოდან გამოვედი. რამდენიმე მეტრის მოშორებით მოხუცი ქალი შევნიშნე, რომელიც თავისი სახლის აივანზე იჯდა და მოთქვამდა: "ამ კეთილ ხალხს ეს რატომ უნდა დამართნოდა, სად არის სამართალი?

როგორ გაუძლო ტკივილს მისმა მშობლებმა? - ეს ქალბატონი რუსუდან სოლოღაშვილი აღმოჩნდა, მას სულხანიშვილებთან ნათელ-მირონობა აკავშირებს, - მამამისი ჩემს ხელში გაიზარდა, ეს ბავშვებიც ჩვენი ოჯახის ნათლულები არიან. ისეთი ტკბილი ოჯახია, ამხელა ტკივილის ღირსი არ იყვნენ. ვზივარ აქ და ვტირი. ზვიადი საოცრად კეთილი ბიჭი იყო. დედამისი, ვერიკო, თურმე ისე მძიმედ არის, წამლებით აძინებენ. სამი ვაჟკაცი გაზარდა, გოჩა, ვასიკო და ზვიადი. ზვიადი ნაბოლარა იყო და განსაკუთრებულად ელოლიავებოდნენ. ძალიან უჭირდათ და ეს იყო ჯარში სამსახურის დაწყების მიზეზი. მერე პროფესიამაც გაიტაცა და ღირსეულად იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. მთელი სოფელი საშინლად განიცდის, გლოვობს, მაგრამ ზვიადს რაღა ეშველება. ავღანეთში წასვლამდე ვნახე და ვუთხარი, ზვიად, ნუ მიდიხარ-მეთქი. გამიცინა, ნუ გეშინია, მშვიდობით ჩამოვალო...", - მითხრა ქალბატონმა რუსუდანმა.

ზვიადის უფროსი ძმა გოჩაც წლებია სამხედრო სამსახურშია და სამშვიდობო მისიით ორჯერ იყო ავღანეთში. იქიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, თურმე გოჩა ზვიადმა შეცვალა. მონატრებული ძმები უცხო მიწაზე შეხვდნენ ერთმანეთს, სამი დღე-ღამე ერთად გაატარეს. ალბათ, ძმისგან ზვიადი ბევრ რჩევას მიიღებდა, მაგრამ ყველაზე მძიმე მათი დაშორება იქნებოდა, რადგან გოჩამ კარგად იცოდა, როგორ სახიფათო ზონაში ტოვებდა უმცროს ძმას. თურმე სამშობლოში დაბრუნებული თავს იმით ინუგეშებდა, შედარებით მშვიდ ადგილას დავტოვეო. ამ ტრაგედიამდე სამი დღით ადრე ესაუბრა ოჯახი ზვიადს, არ ინერვიულოთო, დაამშვიდა ახლობლები, მაგრამ ტერორისტულ აქტს შეეწირა. როგორც მეზობლებმა მითხრეს, უმძიმეს მდგომარეობაშია გოჩა, სულ განმარტოებას ცდილობს. მისი მოთხოვნა ყოფილა, ძმაზე ჟურნალისტებთან არავის ესაუბრა.

"გოჩა ამ ამბავმა ძალიან შეცვალა. ამ ტრაგედიის შემდეგ არაფერი მოეკითხება, მაგრამ მიმაჩნია, რომ დაღუპული ბიჭები უფრო მეტად უნდა გაიცნოს ხალხმა. ამ გმირებს ღირსეული პატივი უნდა მივაგოთ", - მითხრა მეზობელმა. ამის შემდეგ ზვიადის ბიძაშვილები დაგვთანხმდნენ გასაუბრებაზე.
მამუკა დიასამიძე: - გოჩა ძალიან ღელავდა, მაგრამ ამბობდა, ყველაზე დაცულ ადგილას დავტოვე ზვიადი და იმდენად არ მეშინიაო. ვინ წარმოიდგენდა, რომ ტერორისტი შიგნით შევარდებოდა. ზვიადი ასაკით ჩემზე უმცროსი იყო, მაგრამ მოასწრო დიდი სიყვარულის დათესვა. ყველას უყვარდა, ეტყობა, ამდენ სიყვარულს იმიტომ თესავდა, რომ რაღაცას გრძნობდა. მიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი. ჩემი მამიდაშვილი იყო და ბევრჯერ მისი აკვანიც დამირწევია. მეოთხე წელია ჯარშია, თავისი სურვილით წავიდა და ახლა კონტრაქტს ასრულებდა. დედამისი ძალიან დარდობდა, ორივე შვილი ავღანეთში რომ ჰყავდა, მაგრამ სრულწლოვანი შვილების არჩევანს პატივს სცემდა. ჩვენს ზვიადს ბევრი გეგმა და ოცნება დარჩა... ძეგვიდან ბევრი ჯარისკაცია ავღანეთში. ისინი იქ გამოემშვიდობებიან თანამებრძოლს და ბავშვობის მეგობარს, ზვიად სულხანიშვილს". 

სოფლის გამგებელი გიორგი გვახაძე: - ეს ბიჭები გმირები არიან, ისეთ ცხელ წერტილში იბრძვიან საქართველოს მომავლისთვის, რომ მათ დაფასება სჭირდება. ისინი მომავალ თაობასაც უნდა ახსოვდეთ. ამ ბიჭებმა სამშობლოსთვის გაწირეს თავი...

ძეგვში 7 წლის წინ ერთ ოჯახს საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს. ერთი ძმა დილით დაიღუპა და იმავე დღეს მეორე ძმაც გარდაიცვალა. ამ ბიჭების ოჯახმა მაშინ მიწა შესწირა ეკლესიას. მინდა მოძღვარს დაველაპარაკო და იმ მიწაზე გმირულად დაღუპული ბიჭების სახელის უკვდავსაყოფად ტაძარი ავაგოთ. სულხანიშვილების ოჯახს ძალიან უჭირს. მშრომელი, პატიოსანი ხალხია. ბიჭები ცდილობდნენ, თავიანთი შრომით პირობები შეექმნათ. ახლა ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაშია. სახლთან დგას თავდაცვის სამინისტროს ამბულატორიის მანქანა და ზვიადის დედას ექიმი მეთვალყურეობს".

თეა ხურცილავა

"ფულის გამო არ წასულა ჯარში"

მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვიდან გეზი კიდევ ერთი დაღუპული ქართველი ვაჟკაცის სახლისკენ ავიღე და ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში გვიან ჩავედი. 25 წლის თეიმურაზ ორთავიძის ოჯახშიც უმძიმესი სიტუაცია დამხვდა. სახლის აივანზე მეზობლების გარემოცვაში იჯდა თემურის მამიდა, რომელსაც მოთქმა-გოდებისგან ხმა დაჰკარგოდა და ჩახლეჩილი ხმით მოთქვამდა: "რა უნდა გითხრათ, ჩემი ძმის ოჯახი დაიღუპა, საშინელ დღეში ვართ, ჩემი თემო აღარა გვყავს. ბავშვობიდან სპორტს მისდევდა. კრივზე დადიოდა. ძალიან შრომისმოყვარე იყო. 25 წლის არის და მთელ სოფელს უყვარს. მეხუთე წელია ჯარში მსახურობს. დედამისი ეხვეწებოდა, არ წასულიყო, მაგრამ მაინც წავიდა. ჯარში რომ შევიდა, ესეც არ უნდოდა დედამისს, სულ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა. ეტყობა, ეს მისი ბედისწერა იყო. ძალიან ჭკვიანი, მოსიყვარულე ბიჭი გვყავდა. გაგვაუბედურა. დედამისი წამლებით გათიშული წევს. თემოს მეუღლე მარტო დარჩა, არადა, როგორი ბედნიერი იყო. შარშან, დეკემბერში მოიყვანა ცოლი. ძალიან უნდოდა შვილი ჰყოლოდა, უამრავი ოცნება ჰქონდათ, მაგრამ არ დასცალდა. დავრჩით ასე! გაუბედურდა ოჯახი და დაცარიელდა აქაურობა".

თემურ ორთავიძე ოჯახის უფროსი შვილი იყო, მას ერთი და ჰყავს, ფეხმძიმედ არის და ძმის ჩამოსვენებამდე ამ ტრაგედიას უმალავენ. თემოს მეუღლე, თამთა რეხვიაშვილი, 18 წლისაა. სკოლის მოსწავლე იყო, ორთავიძეების რძალი რომ გახდა. სიყვარულით შექმნეს ოჯახი და მშობლებს უხაროდათ. ყველაზე მეტად ერთმანეთთან განშორება უჭირდათ. თემოს როგორც კი საშუალება მიეცემოდა, მაშინვე მეუღლეს ურეკავდა ან სკაიპით ელაპარაკებოდა.

სახლის აივანზე სამხედროფორმიანი ქალი იჯდა, თემოს მეგობარი მეგონა, მაგრამ თურმე არც იცნობდა, - ეს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამსახურის მედდა აღმოჩნდა, ხელში რაცია ეჭირა. მირჩია, თავი შემეკავებინა მეუღლესა და გარდაცვლილის დედასთან საუბრისგან: "წამლებით ვაძლებინებთ, გარდაცვლილის მეუღლე პატარა გოგოა, ცოდვაა, ნუ დაელაპარაკებით". ამ დროს თამთა გამოჩნდა, ხელში მეუღლის ფოტო ეჭირა და ეფერებოდა. "ვისაუბროთ", - მითხრა მან, მაგრამ ვერ შეძლო და მწარედ ატირდა.

სიბნელე იყო, მაგრამ მაინც შევეცადე იმ სახლის ფოტო გადამეღო, სადაც თემური დაიბადა და გაიზარდა. ეზოდან თემურის მეგობართან, შოთიკო მონასელიძესთან ერთად გამოვედი.
შოთიკო მონასელიძე, მეგობარი: - მე და თემური ერთად ვიზრდებოდით.  ჩვენი მამებიც ბავშვობიდან მეგობრობდნენ. ჩვენ მირონიც გვაკავშირებს. მისი დის ნათლია დედაჩემია. პატიოსანი ბიჭი იყო. ერთად ვენახებშიც გვიმუშავია და მწყემსადაც ვყოფილვართ. მის ოჯახს კარგი მეურნეობა ჰქონდა, თემო მამას ეხმარებოდა. მეც ხშირად მივხმარებივარ და მწყემსად გავყოლივარ. ყველას უყვარდა, ამ ოჯახზე ცუდს არავინ გეტყვით. 18-19 წლისა მამას გვერდში ედგა. თავის საქონელს თვითონ უვლიდა. კრივზე დადიოდა. ცოლი რომ შეირთო, ძალიან ბედნიერი იყო. ფიზიკურად ძლიერი იყო და ამიტომ გადაწყვიტა ჯარში სამსახური. ფულის გამო არ წასულა ჯარში. ძალიან გვიჭირს მის სიკვდილთან შეგუება. ძალიან მეგობრული იყო. ფიზიკურად დახმარება თუ გინდოდა, მოგეხმარებოდა, თუ ფინანსურად გჭირდებოდა, ხელს გაგიმართავდა. უკან არ დაიხევდა. მართლა ვაჟკაცი იყო. არ ვიცი, როგორ ვანუგეშო მისი მშობლები.

ზვიად ბეჟანიშვილი, თანაკლასელი: - ერთად გავიზარდეთ. ძალიან კარგი ადამიანი იყო. გაჭირვებულს სულ გვერდით ედგა, შრომისმოყვარე და კეთილშობილი იყო. მდინარე ალაზანში ბევრჯერ გადაურჩენია ადამიანი. ცურვა კარგად იცოდა და მაშინვე საშველად გაიქცეოდა. ერთხელ ბავშვი გადაარჩინა დახრჩობას. ფეხბურთიც ძალიან უყვარდა და ხშირად ვთამაშობდით. კრივშიც წარმატება ჰქონდა.
მერაბ ზუკაკიშვილი, მეგობარი: "რაც მთავარია, ერთგული მეგობარი იყო. ღალატი არ იცოდა. სულ ერთად ვიყავით. გმირი, მებრძოლი ბიჭი იყო. ვუთხარით, არ წასულიყო, მაგრამ მაინც წავიდა".

საუბარში თემურის ჯარის მეგობარი ჩაერთო: - როცა მთელი ბატალიონი მიდის, შენ ვერ გამოაკლდები, შენი თანამებრძოლების გვერდით უნდა იდგე. უნდა წახვიდე იქ, სადაც სამშობლო მოითხოვს. ჯარში გავიცანით ერთმანეთი. სულ ერთად გვეძინა. მინდოდა, იმ მძიმე წუთებშიც მის გვერდით ვყოფილიყავი, მერჩივნა, მეც რაღაც მომსვლოდა. სკაიპით ველაპარაკე. მითხრა, ერთი დღე მაქვს თავისუფალი, იმ ცხელი წერტილიდან მხოლოდ ერთი დღით მოვყავართო. რომ ვესაუბრე, სამი ბიჭი უკვე დაღუპული იყო და ძალიან განიცდიდა.

მითხრა, აქ ისეთი ვითარებაა, პატარა შეცდომა და ცინკის კუბოში ხარო. თვითონ მეკავშირე იყო, ბაზის გარეთ გასვლა არ უწევდა. ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. მისი მეჯვარე უნდა ვყოფილიყავი. ქორწილი არ ჰქონიათ და მითხრა, რომ ჩამოვალ მე და თამთამ ჯვარი უნდა დავიწეროთო, მაგრამ არ დასცალდა. ჯარში ჩვენი საწოლები ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგა და ჩვენს შეყვარებულებს მესიჯებს ვუგზავნიდით. მე რომ ცოლი მოვიყვანე, ვუთხარი, გაჯობე-მეთქი, ერთ თვეში თვითონაც დაქორწინდა. ძალიან უნდოდა, შვილი ჰყოლოდა, მაგრამ ეს ტრაგედია მოხდა. ჯერ ეს ყველაფერი სიზმარი მგონია. თავზარდაცემული ვარ.

თეა ხურცილავა
iveri
15 ივნისი 2013 15:41
გასკდა გული, გასკდაააა

გამაგებინეთ ვინმემ, რა ისეთი გასაჭირი ადგას ამერიკას, სადაც 3OO OOO OOO ადამიანი ცხოვრობს, რომ ციცქნა საქაღტველოდან არ მიყავდეს ვაჟები ავღანეთში?
მაგრამ ეს მატრაკვეცა სააკაშვილისგან არის: მე სკამი, თქვენ იაფი ჯარისკაცები საქართველოდანო!

საძაგელო, შენი შვილები ჩახოცვინე იქ!

სხვა რა არის ერის გენოციდი?
ნაწილი ავღანეთში იღუპება, ნაწილი ციხეებში დააინვალიდეს, ნაწილი ქუჩებში ჩახოცეს, ნაწილი გაანარკომანეს

ამათი დანდობა როგორ შეიძლება?!


დავაწესოთ ფონდი დაღუპული ჯარისჯაცების ოჯახთა დასახმარებლად,-ბევრი თუ არა, საკვების ფული მაინც შეგროვდება.


გიჟუას ტრაბახის შემდეგ ვიფიქრე, ვაი, ეს გიჟუა იმდენს იზამს, მიზანში ამოაღებინებს ჩვენს ბიჭებს ავღანელებს-მეთქი.
ასეც მოხდა!
და კიდევ მოხდება, რადგან ქართველები უკვე ყავთ ამოღებული მიზანში!
ანუ, მსხვერპლი აუცილებლად მოიმატებს!

იღონეთ რამეეეეეე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ან, როგორ შეიძლება რუსეთისგან ოკუპაციაზე ჩიოდეს ქვეყანა, რომელიც თავად მონაწილეობს საოკუპაციო ომში?!

temida
10 ივნისი 2013 19:57
რაღა დროს სააკაშვილის მთავრობაა? პასუხი მოსთხოვეთ ბიძინას: ისიც უჭერს მხარს ამ უაზრო მსხვერპლშეწირვას.
ხალხი ფულის გულისთვის კაცის კვლას თანხმდება! რა დონეზეა ქვეყანა გაჭირვებული...
და ეს ხალხი საბჭოთა კავშირს და რუსეთს ლანძღავს...
Ano
10 ივნისი 2013 19:44
ნათელში ამყოფოს უფალმა მათი სულები.უბრალოდ ცრემლებს ვერ ვიკავებ.....

რედაქტორის რჩევით