"ნუ აჰყვებით პანიკას" - კვირის პალიტრა

"ნუ აჰყვებით პანიკას"

"ეს არის მცდელობა, ხელი აგვაღებინონ სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე"

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი: - ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ჯარისკაცებისა და უპირველესად, ჩვენი გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახებისთვის. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და თანადგომას ვუცხადებ მათ. დღეს მთელმა საქართველომ თანადგომა უნდა გამოუცხადოს იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ავღანეთში იბრძვიან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ამ მძიმე დღეებში ჩვენ ქვეყნის ინტერესების დაცვა მოგვეთხოვება. მტერს ჩვენი გატეხა და შეშინება სურს. ტერორისტების მიზანი ჩვენზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა და ასეთ დროს თუ ერთმანეთთან კინკლაობას დავიწყებთ, ეს მტრის მიზანს მოემსახურება. მესმის საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელიც სვამს კითხვებს: რა გვინდა ავღანეთში? რატომ ვხოცავთ ჩვენს ბიჭებს? მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ამას ჩვენი ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფისთვის ვაკეთებთ. როგორ დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ ამ გზის გავლა აუცილებელია? თუ პასუხს ვერ პოულობთ, ჰკითხეთ იმ ჯარისკაცებს, რომლებიც დღეს თანამებრძოლებს დასტირიან და ხვალ კვლავ თავიანთი მოვალეობის შესრულებას აპირებენ.

- უკავშირებთ  თუ არა ერთმანეთს გავრცელებულ ვიდეომასალას და ქართულ ბაზაში მომხდარ აფეთქებას?

- ვფიქრობ, ვიდეორგოლი პროვოკაციაა. მიუხედავად იმისა, რომ თალიბების განცხადება და ქართულ ბაზაში მომხდარი აფეთქება დროსა და სივრცეში ერთმანეთს დაემთხვა, არ ნიშნავს, რომ ეს ფაქტები კავშირშია. უახლოეს ხანში სამართალდამცავები დაადგენენ ვიდეორგოლის წარმომავლობას და მოგვეცემა საშუალება, განვსაზღვროთ, რა ტიპის საფრთხეები არსებობს ან არ არსებობს. ვმუშაობთ, რომ ჩვენი უსაფრთხოება ადეკვატურად იყოს დაცული, მაგრამ, სამწუხაროდ, ტერორიზმი ისეთი ტიპის საფრთხეა, რომელსაც სახე არა აქვს.

მოწინააღმდეგე არ ჩანს. ამიტომაც მასთან ბრძოლა არც ისე ადვილია. ტერორიზმთან გამკლავება უჭირთ დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და ისეთ მეგასახელმწიფოს, როგორიც არის აშშ. ამ ორ ფაქტს შორის პარალელების გავლება ნაადრევია. თანადგომისკენ მოვუწოდებ მედიას, რათა არ მოხდეს ამ ფაქტების ისეთი ფორმით წარმოჩენა, რომ მოსახლეობა დაიზაფროს და უსაფუძვლო პანიკა დაითესოს.

- მაგრამ როდესაც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკვე ნახა თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეორგოლი, სადაც  ლაპარაკია იმაზე, რომ დაიწყებენ შურისძიებას, ეს აჩენს საფრთხის განცდას.

- საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნუ აჰყვებიან პანიკას. ასეთ რთულ ვითარებაში უპირველესად უნდა გავაანალიზოთ, რა უნდა მტერს. მას უნდა შეგვაშინოს და უარი გვათქმევინოს საერთაშორისო მისიაში მონაწილეობაზე. ეს არის პირდაპირი მცდელობა, ხელი აგვაღებინონ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე. ჩვენი მტრის მიზანი ეს არის და თუ ამ ყველაფერს სტრატეგიულად გავაანალიზებთ, მტრის სურვილს კი არ უნდა დავექვემდებაროთ, ჩვენი ინტერესის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ.

- რით ახსნით იმ ფაქტს, რომ ქართველი სამხედროების დაღუპვა ჯეიმს აპატურაის განცხადებით გაიგო საზოგადოებამ, მაშინ როდესაც თავდაცვის სამინისტრო დუმდა. ინფორმაცია არ ჰქონდათ თუ შეგნებულად არ გაავრცელეს?

- თავდაცვის უწყებას ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ სანამ არ დადგინდებოდა დაღუპულების გვარები, მისი გავრცელება ავღანეთში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააყენებდა. დაღუპულების ვინაობის ზუსტად დადგენამდე ინფორმაციის გავრცელების უფლება თავდაცვის სამინისტროს არ ჰქონდა. მინდა ვთხოვო საზოგადოებას, ნუ აჰყვება პანიკას.