"ფულის გამო არ წასულა ჯარში" - კვირის პალიტრა

"ფულის გამო არ წასულა ჯარში"

მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვიდან გეზი კიდევ ერთი დაღუპული ქართველი ვაჟკაცის სახლისკენ ავიღე და ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში გვიან ჩავედი. 25 წლის თეიმურაზ ორთავიძის ოჯახშიც უმძიმესი სიტუაცია დამხვდა. სახლის აივანზე მეზობლების გარემოცვაში იჯდა თემურის მამიდა, რომელსაც მოთქმა-გოდებისგან ხმა დაჰკარგოდა და ჩახლეჩილი ხმით მოთქვამდა: "რა უნდა გითხრათ, ჩემი ძმის ოჯახი დაიღუპა, საშინელ დღეში ვართ, ჩემი თემო აღარა გვყავს. ბავშვობიდან სპორტს მისდევდა. კრივზე დადიოდა.

ძალიან შრომისმოყვარე იყო. 25 წლის არის და მთელ სოფელს უყვარს. მეხუთე წელია ჯარში მსახურობს. დედამისი ეხვეწებოდა, არ წასულიყო, მაგრამ მაინც წავიდა. ჯარში რომ შევიდა, ესეც არ უნდოდა დედამისს, სულ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა. ეტყობა, ეს მისი ბედისწერა იყო. ძალიან ჭკვიანი, მოსიყვარულე ბიჭი გვყავდა. გაგვაუბედურა. დედამისი წამლებით გათიშული წევს. თემოს მეუღლე მარტო დარჩა, არადა, როგორი ბედნიერი იყო. შარშან, დეკემბერში მოიყვანა ცოლი. ძალიან უნდოდა შვილი ჰყოლოდა, უამრავი ოცნება ჰქონდათ, მაგრამ არ დასცალდა. დავრჩით ასე! გაუბედურდა ოჯახი და დაცარიელდა აქაურობა".

თემურ ორთავიძე ოჯახის უფროსი შვილი იყო, მას ერთი და ჰყავს, ფეხმძიმედ არის და ძმის ჩამოსვენებამდე ამ ტრაგედიას უმალავენ. თემოს მეუღლე, თამთა რეხვიაშვილი, 18 წლისაა. სკოლის მოსწავლე იყო, ორთავიძეების რძალი რომ გახდა. სიყვარულით შექმნეს ოჯახი და მშობლებს უხაროდათ. ყველაზე მეტად ერთმანეთთან განშორება უჭირდათ. თემოს როგორც კი საშუალება მიეცემოდა, მაშინვე მეუღლეს ურეკავდა ან სკაიპით ელაპარაკებოდა.

სახლის აივანზე სამხედროფორმიანი ქალი იჯდა, თემოს მეგობარი მეგონა, მაგრამ თურმე არც იცნობდა, - ეს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამსახურის მედდა აღმოჩნდა, ხელში რაცია ეჭირა. მირჩია, თავი შემეკავებინა მეუღლესა და გარდაცვლილის დედასთან საუბრისგან: "წამლებით ვაძლებინებთ, გარდაცვლილის მეუღლე პატარა გოგოა, ცოდვაა, ნუ დაელაპარაკებით". ამ დროს თამთა გამოჩნდა, ხელში მეუღლის ფოტო ეჭირა და ეფერებოდა. "ვისაუბროთ", - მითხრა მან, მაგრამ ვერ შეძლო და მწარედ ატირდა.

სიბნელე იყო, მაგრამ მაინც შევეცადე იმ სახლის ფოტო გადამეღო, სადაც თემური დაიბადა და გაიზარდა. ეზოდან თემურის მეგობართან, შოთიკო მონასელიძესთან ერთად გამოვედი.

შოთიკო მონასელიძე, მეგობარი: - მე და თემური ერთად ვიზრდებოდით.  ჩვენი მამებიც ბავშვობიდან მეგობრობდნენ. ჩვენ მირონიც გვაკავშირებს. მისი დის ნათლია დედაჩემია. პატიოსანი ბიჭი იყო. ერთად ვენახებშიც გვიმუშავია და მწყემსადაც ვყოფილვართ. მის ოჯახს კარგი მეურნეობა ჰქონდა, თემო მამას ეხმარებოდა. მეც ხშირად მივხმარებივარ და მწყემსად გავყოლივარ. ყYველას უყვარდა, ამ ოჯახზე ცუდს არავინ გეტყვით. 18-19 წლისა მამას გვერდში ედგა. თავის საქონელს თვითონ უვლიდა. კრივზე დადიოდა. ცოლი რომ შეირთო, ძალიან ბედნიერი იყო. ფიზიკურად ძლიერი იყო და ამიტომ გადაწყვიტა ჯარში სამსახური. ფულის გამო არ წასულა ჯარში. ძალიან გვიჭირს მის სიკვდილთან შეგუება. ძალიან მეგობრული იყო. ფიზიკურად დახმარება თუ გინდოდა, მოგეხმარებოდა, თუ ფინანსურად გჭირდებოდა, ხელს გაგიმართავდა. უკან არ დაიხევდა. მართლა ვაჟკაცი იყო. არ ვიცი, როგორ ვანუგეშო მისი მშობლები.

ზვიად ბეჟანიშვილი, თანაკლასელი: - ერთად გავიზარდეთ. ძალიან კარგი ადამიანი იყო. გაჭირვებულს სულ გვერდით ედგა, შრომისმოყვარე და კეთილშობილი იყო. მდინარე ალაზანში ბევრჯერ გადაურჩენია ადამიანი. ცურვა კარგად იცოდა და მაშინვე საშველად გაიქცეოდა. ერთხელ ბავშვი გადაარჩინა დახრჩობას. ფეხბურთიც ძალიან უყვარდა და ხშირად ვთამაშობდით. კრივშიც წარმატება ჰქონდა.

მერაბ ზუკაკიშვილი, მეგობარი: "რაც მთავარია, ერთგული მეგობარი იყო. ღალატი არ იცოდა. სულ ერთად ვიყავით. გმირი, მებრძოლი ბიჭი იყო. ვუთხარით, არ წასულიყო, მაგრამ მაინც წავიდა".

საუბარში თემურის ჯარის მეგობარი ჩაერთო: - როცა მთელი ბატალიონი მიდის, შენ ვერ გამოაკლდები, შენი თანამებრძოლების გვერდით უნდა იდგე. უნდა წახვიდე იქ, სადაც სამშობლო მოითხოვს. ჯარში გავიცანით ერთმანეთი. სულ ერთად გვეძინა. მინდოდა, იმ მძიმე წუთებშიც მის გვერდით ვყოფილიყავი, მერჩივნა, მეც რაღაც მომსვლოდა. სკაიპით ველაპარაკე. მითხრა, ერთი დღე მაქვს თავისუფალი, იმ ცხელი წერტილიდან მხოლოდ ერთი დღით მოვყავართო. რომ ვესაუბრე, სამი ბიჭი უკვე დაღუპული იყო და ძალიან განიცდიდა. მითხრა, აქ ისეთი ვითარებაა, პატარა შეცდომა და ცინკის კუბოში ხარო. თვითონ მეკავშირე იყო, ბაზის გარეთ გასვლა არ უწევდა. ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. მისი მეჯვარე უნდა ვყოფილიყავი. ქორწილი არ ჰქონიათ და მითხრა, რომ ჩამოვალ მე და თამთამ ჯვარი უნდა დავიწეროთო, მაგრამ არ დასცალდა. ჯარში ჩვენი საწოლები ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგა და ჩვენს შეყვარებულებს მესიჯებს ვუგზავნიდით. მე რომ ცოლი მოვიყვანე, ვუთხარი, გაჯობე-მეთქი, ერთ თვეში თვითონაც დაქორწინდა. ძალიან უნდოდა, შვილი ჰყოლოდა, მაგრამ ეს ტრაგედია მოხდა. ჯერ ეს ყველაფერი სიზმარი მგონია. თავზარდაცემული ვარ.

თეა ხურცილავა