"ჩვენს ზვიადს ბევრი ოცნება დარჩა..."
10-06-2013
"ჩვენს ზვიადს ბევრი ოცნება დარჩა..."
უცხო მიწაზე დაღუპული ქართველი ვაჟკაცების რიცხვში, სამწუხაროდ, 22 წლის ზვიად სულხანიშვილიც აღმოჩნდა. იგი მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში ცხოვრობდა. ტრაგედიის შემდეგ მის მშობლიურ სოფელში ჩავედი, რათა ოჯახისთვის სამძიმარი მეთქვა და ზვიადის განვლილ ცხოვრებაზე მეტი გამეგო. გზად ბიჭის მეზობელი დამემგზავრა და როცა შეიტყო, ჟურნალისტი ვიყავი, მითხრა, სიტყვები არ მყოფნის ზვიადის დასახასიათებლად, მთელი სოფელი გლოვობს. მეც იქ მივდივარ და დაგეხმარები, ოჯახის წევრებს რომ გაესაუბროო.

ეზოში თანასოფლელები და ნათესავები დაგვხვდნენ. "ეს ზვიადის მამაა", -
მითხრა მან და თვალცრემლიანი მამაკაცისკენ მიმითითა. ბატონ სულხანს შვილის სიკვდილი მივუსამძიმრე... რამდენიმე წუთში სახლიდან ახალგაზრდა მამაკაცი გამოვიდა: "თქვენ ხართ ჟურნალისტი? სასწრაფოდ დატოვეთ აქაურობა, არაფერს გეტყვით. ყველა ტელევიზია კომენტარის გარეშე გავყარე და თქვენც წადით, აქ ნუ დადგებით", - მითხრა და ზურგი შემაქცია. იგი ზვიადის შუათანა ძმა
აღმოჩნდა, ძმის სიკვდილი მთელი გულით მივუსამძიმრე, მოვუბოდიშე და ვუთხარი, რომ მიზანი მხოლოდ ერთი იყო, მეტი გაეგო საზოგადოებას ამ ვაჟკაცზე.

თუმცა, ჭირისუფლის მოთხოვნას დავემორჩილე და ეზოდან გამოვედი. რამდენიმე მეტრის მოშორებით მოხუცი ქალი შევნიშნე, რომელიც თავისი სახლის აივანზე იჯდა და მოთქვამდა: "ამ კეთილ ხალხს ეს რატომ უნდა დამართნოდა, სად არის სამართალი? როგორ გაუძლო ტკივილს მისმა მშობლებმა? - ეს ქალბატონი რუსუდან სოლოღაშვილი აღმოჩნდა, მას სულხანიშვილებთან ნათელ-მირონობა აკავშირებს, - მამამისი ჩემს ხელში გაიზარდა, ეს ბავშვებიც ჩვენი ოჯახის ნათლულები არიან. ისეთი ტკბილი ოჯახია, ამხელა ტკივილის ღირსი არ იყვნენ. ვზივარ აქ და ვტირი. ზვიადი საოცრად კეთილი ბიჭი იყო. დედამისი, ვერიკო, თურმე ისე მძიმედ არის, წამლებით აძინებენ. სამი ვაჟკაცი გაზარდა, გოჩა, ვასიკო და ზვიადი. ზვიადი ნაბოლარა იყო და განსაკუთრებულად ელოლიავებოდნენ. ძალიან უჭირდათ და ეს იყო ჯარში სამსახურის დაწყების მიზეზი. მერე პროფესიამაც გაიტაცა და ღირსეულად იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. მთელი სოფელი საშინლად განიცდის, გლოვობს, მაგრამ ზვიადს რაღა ეშველება. ავღანეთში წასვლამდე ვნახე და ვუთხარი, ზვიად, ნუ მიდიხარ-მეთქი. გამიცინა, ნუ გეშინია, მშვიდობით ჩამოვალო...", - მითხრა ქალბატონმა რუსუდანმა.

ზვიადის უფროსი ძმა გოჩაც წლებია სამხედრო სამსახურშია და სამშვიდობო მისიით ორჯერ იყო ავღანეთში. იქიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, თურმე გოჩა ზვიადმა შეცვალა. მონატრებული ძმები უცხო მიწაზე შეხვდნენ ერთმანეთს, სამი დღე-ღამე ერთად გაატარეს. ალბათ, ძმისგან ზვიადი ბევრ რჩევას მიიღებდა, მაგრამ ყველაზე მძიმე მათი დაშორება იქნებოდა, რადგან გოჩამ კარგად იცოდა, როგორ სახიფათო ზონაში ტოვებდა უმცროს ძმას. თურმე სამშობლოში დაბრუნებული თავს იმით ინუგეშებდა, შედარებით მშვიდ ადგილას დავტოვეო. ამ ტრაგედიამდე სამი დღით ადრე ესაუბრა ოჯახი ზვიადს, არ ინერვიულოთო, დაამშვიდა ახლობლები, მაგრამ ტერორისტულ აქტს შეეწირა. როგორც მეზობლებმა მითხრეს, უმძიმეს მდგომარეობაშია გოჩა, სულ განმარტოებას ცდილობს. მისი მოთხოვნა ყოფილა, ძმაზე ჟურნალისტებთან არავის ესაუბრა.

"გოჩა ამ ამბავმა ძალიან შეცვალა. ამ ტრაგედიის შემდეგ არაფერი მოეკითხება, მაგრამ მიმაჩნია, რომ დაღუპული ბიჭები უფრო მეტად უნდა გაიცნოს ხალხმა. ამ გმირებს ღირსეული პატივი უნდა მივაგოთ", - მითხრა მეზობელმა. ამის შემდეგ ზვიადის ბიძაშვილები დაგვთანხმდნენ გასაუბრებაზე.
მამუკა დიასამიძე: - გოჩა ძალიან ღელავდა, მაგრამ ამბობდა, ყველაზე დაცულ ადგილას დავტოვე ზვიადი და იმდენად არ მეშინიაო. ვინ წარმოიდგენდა, რომ ტერორისტი შიგნით შევარდებოდა. ზვიადი ასაკით ჩემზე უმცროსი იყო, მაგრამ მოასწრო დიდი სიყვარულის დათესვა. ყველას უყვარდა, ეტყობა, ამდენ სიყვარულს იმიტომ თესავდა, რომ რაღაცას გრძნობდა. მიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი. ჩემი მამიდაშვილი იყო და ბევრჯერ მისი აკვანიც დამირწევია. მეოთხე წელია ჯარშია, თავისი სურვილით წავიდა და ახლა კონტრაქტს ასრულებდა. დედამისი ძალიან დარდობდა, ორივე შვილი ავღანეთში რომ ჰყავდა, მაგრამ სრულწლოვანი შვილების არჩევანს პატივს სცემდა. ჩვენს ზვიადს ბევრი გეგმა და ოცნება დარჩა... ძეგვიდან ბევრი ჯარისკაცია ავღანეთში. ისინი იქ გამოემშვიდობებიან თანამებრძოლს და ბავშვობის მეგობარს, ზვიად სულხანიშვილს". 

სოფლის გამგებელი გიორგი გვახაძე: - ეს ბიჭები გმირები არიან, ისეთ ცხელ წერტილში იბრძვიან საქართველოს მომავლისთვის, რომ მათ დაფასება სჭირდება. ისინი მომავალ თაობასაც უნდა ახსოვდეთ. ამ ბიჭებმა სამშობლოსთვის გაწირეს თავი...

ძეგვში 7 წლის წინ ერთ ოჯახს საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს. ერთი ძმა დილით დაიღუპა და იმავე დღეს მეორე ძმაც გარდაიცვალა. ამ ბიჭების ოჯახმა მაშინ მიწა შესწირა ეკლესიას. მინდა მოძღვარს დაველაპარაკო და იმ მიწაზე გმირულად დაღუპული ბიჭების სახელის უკვდავსაყოფად ტაძარი ავაგოთ. სულხანიშვილების ოჯახს ძალიან უჭირს. მშრომელი, პატიოსანი ხალხია. ბიჭები ცდილობდნენ, თავიანთი შრომით პირობები შეექმნათ. ახლა ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაშია. სახლთან დგას თავდაცვის სამინისტროს ამბულატორიის მანქანა და ზვიადის დედას ექიმი მეთვალყურეობს".

თეა ხურცილავა
მარიამი
18 ივნისი 2013 17:19
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ამ ბიჭების სულები. თუმცა ვფიქრობ, რომ როდესაც მტერი შუა გულ საქართველოში გვყავს, ჩვენი ჯარის სადღაც უცხო მიწაზე ყოფნა, თანაც ოკუპანტის იარლიყით, ჩვენთვის ცუდის მეტის არფრის მომტანი იქნება, ამით უფრო ვიქცევთ იმ თალიბების ყურადღებას და საფრთხეს ვიქმნით უარესად, გვირჩევნია თუ რამის თავი გვაქვს, შუა გული საქართველო გავათავისუფლოთ დამპყრობელი რუსებისგან. ავღანელები ჩვენ არაფერს გვერჩიან, თანაც არ მახსოვს აგვისტოს ომში ნატოელი ჯარისკაცები დაგვხმარებოდნენ ჩვენი მიწის დასაცავად, ყველაფერი დავკარგეთ და ეხლა სხვის მიწაზე რა გვინდა?!
nia
18 ივნისი 2013 17:19
ბატონო ნიკა, თქვენ ეტყობა არასდროს გაგჭივრებიათ, ან თუ გაგიჭირდათ ფულის შოვნის სხავა მეთოდი აირჩიეთ, საქართველოში პატიოსანი შრომით სამსახურის შოვნა და თავის რჩენა ძალიან ძნელია, ამ ვაჟკაცებმა ვაჟკაცური გზა აირჩია, რომ ოჯახი ერჩინა თავისი ხელფასით. ქვეყნის სამსახურში ჩადგა და არ დამალულა, ან დედისთვის არ უთქვამს სხა ქვეყანაში წადი ვიღაცას ემსახურე, ან მე წავალ სხვა ქვეყანაში და ან ვიქურდებ ან სხვისი მონა ვიქნებიო.
მე თქვენ უფრო მიმაჩნიხართ საქართველოსთვის საშიშ პიროვნებათ, სირცხვილია ხალხი დაიღუპა და თქვენ რაებს წერთ....
nika
18 ივნისი 2013 05:54
ის ვინც ფულის გამო იარაღს ხელს მოკიდებს და დათანხმდება კაცის მკვლელობას. ის დაქირავებული მკვლელია და არა სამხედრო და პატრიოტი იგივე ტერორისტია და აქ დასწრებაზეა ვინ უფრო მალე მოკლავს . და გმირობა არაფერ შუაშია მახვილის ამღები მახვილით მოკვდება. რით არიან ისინი ავღანელებზე უკეთესები ან რატომ არიან ავღანელები ცუდები? როდესაც ცდილობენ საკუთარი მიწაწყალის დაცვას როგორც ჩვენ ვიცავდით აგვისტოში ისე არიან ისენიც. თანაც მათ საქართველოსთან ომი არ აქვთ პირიქით საქართველოდან ჩასული სამხედროები ილაშქრებენ მათ წინააღმდეგ ისინიც ტავს იცავენ ვერ გავამტყუნებ სამართლიანი საქციელია

ვინც სამშობლოს და საკუთარი მიწაწყალის დასაცავად მოკიდებს იარაღს ხელს ის ვაშკაცი და პატრიოტია საკუთარი მოსახლეობის დასაცავად. მზად არის გაწიროს თავი მას მივესალმები

რედაქტორის რჩევით