ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

წრე ვიწროვდება

მთელი საქართველო ფეხზე დგას. 6 ივნისს დატრიალებულმა ტრაგედიამ ზედაპირზე ამოიტანა საზოგადოებაში არსებული ყველაზე მძიმე იმპულსი. რა მოხდა ავღანეთში? აზრი გაიყო: ერთნი ამბობენ, რომ 26 მაისს ავღანეთში მორიგი ვოიაჟისას გადაღებული ვიდეოს გავრცელებით, სააკაშვილმა საკუთარი ჯარისკაცები, როგორც ეს თავისი სახელისუფლებო კარიერის მანძილზე არაერთხელ გაუკეთებია, განადგურების სამიზნედ აქცია; მეორენი კი ამ ტრაგედიის მიღმა რუსულ ხელს ხედავენ, რომლის მიზანია გამანადგურებელი დარტყმის მიყენება საქართველოსა და დასავლეთის პარტნიორობისთვის ჩვენში ანტინატოური ფართომასშტაბიანი მოძრაობის აგორების გზით.

6 ივნისს თალიბების სახელით ცნობილი ვიდეოს ინტერნეტით გავრცელება, ავღანეთში დატრიალებული ქართული ტრაგედია და პარალელურად, სოციალურ ქსელში მასობრივად გავრცელებული ავღანეთში დაღუპული ბავშვების სულისშემძვრელი ფოტოების დადება ერთი ჯაჭვის რგოლებივით აისხა.

ფაქტი ერთია: 6 ივნისს დატრიალებული ტრაგედია ბოლო წვეთად იქცა საქართველოში ანტინატოური და ანტიდასავლური ისტერიის აგორების გზაზე.

ისმება კითხვა: არის თუ არა ეს რუსეთის ინტერესებზე წყლის დასხმა?! და ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოში, 2013 წლის ივნისშიც რუსეთი ეფექტურად იყენებს სააკაშვილის თვისებას: საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნების გზაზე ცოცხალ სამიზნედ აქციოს საქართველოს მოქალაქეები. არ გვინდა დასავლეთი, მაშ ის რუსეთი გვინდა, რომლის ომშიც იმავე ავღანეთის წინააღმდეგ ათასობით ქართველი დაიღუპა? სად არის ლოგიკა?!

წრე ვიწროვდება: წყნარი ოკეანის რეგიონში განთავსებულ სახელმწიფოთა მიმართ აშშ-ის მზარდმა ინტერესმა, შესაძლოა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის თვალში თანდათან დაამცროს დსთ-ის სივრცის ქვეყნების პრიორიტეტულობა.

სულ უფრო იკვრება წრე ჩვენ გარშემო. ძალზე შემაშფოთებელია რუსეთის ლტოლვა - მაქსიმალურად აღადგინოს კონტროლი ყოფილ დსთ-ის სივრცეზე: უკრაინამ პირველი იძულებითი ნაბიჯი რუსეთ-ბელორუს-ყაზახეთის საბაჟო კავშირისკენ უკვე გადადგა, შევიდა რა მასში დამკვირვებლის სტატუსით; მედიაში გახშირდა ლაპარაკი იმაზე, რომ სწორედ რუსეთის ხელისუფლების წიაღში იხარშება აზერბაიჯანის, რუსული გავლენისგან თავისუფალი ხელისუფლების ჩანაცვლების მასშტაბური გეგმები; შემდეგი - საქართველოა.

სამწუხაროდ, საქართველოს დასავლური ვექტორის შენარჩუნების გარანტად რჩება,  ნაკლებად მოსალოდნელი, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ნაბიჯი: ნატომ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და უნდა მისცეს საქართველოს ლამის ფანტომად ქცეული მაპ-ი. ცხადია, საქართველო, თავისი კონფლიქტური რეგიონებით, ვერ აკმაყოფილებს ნატოს ბევრ სტანდარტს, მაგრამ ეს სტრატეგიული არჩევანია:

ან საქართველოს - მაპ-ი, რაც ირიბად მისცემს ფორას აზერბაიჯანის მმართველ რგოლსაც, შეინარჩუნოს ხელისუფლება, ან ყოფილ დსთ-ს სივრცეს რუსეთი დაეპატრონება.

სამწუხაროდ, ამ არჩევანში უძლური ვართ.

არავინ იცის, რა იქნება სცენარის შემდეგი რგოლი - პრეზიდენტ სააკაშვილზე ტერაქტის ინსცენირება ხომ არა?

ეს ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირების მორევში ჩაითრევს. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, დღეს საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი სააკაშვილის უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფაა. შესაძლოა დასავლეთის შესაბამის სამსახურებსაც სთხოვონ სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარება... არავის ვურჩევ ისეთი მძიIმე სცენარის წარმოდგენას, რაც თურქეთის პარალელურად საქართველოში სიტუაციის არევამ შეიძლება მოუტანოს რეგიონს...