ხელისუფლება ტერორისტების თავდასხმის ადგილს როგორც ბაზას, ისე მოიხსენიებს, სინამდვილეში კი... - კვირის პალიტრა

ხელისუფლება ტერორისტების თავდასხმის ადგილს როგორც ბაზას, ისე მოიხსენიებს, სინამდვილეში კი...

ვახტანგ მაისაია: "თალიბებმა ეს აფეთქება ქართველებისთვის სანდო პირის მეშვეობით განახორციელეს"

ჰილმენდის პროვინციაში განთავსებულ ბაზებს, რომლებსაც თალიბები ორჯერ დაესხნენ თავს, სპეციალისტები სავარაუდოდ ჩეკპოინტს უწოდებენ. ისინი„"შუკვანიდან" იმართებოდა და მხოლოდ ერთი ოცეულისგან შედგებოდა... ამ ჩეკპოინტების მოვალეობა სატრანზიტო მონაკვეთების გაკონტროლება და თალიბების გადაადგილებაზე სწრაფი რეაგირებაა. ჩეკპოინტი რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული ძირითადი ბაზიდან. სამხედროების თქმით, ასეთი პუნქტების ერთსა და იმავე ადგილას დიდი ხნით დატოვება არ არის მიზანშეწონილი და ის ხუთი-ექვსი დღით იქმნება.

ხელისუფლება ტერორისტების თავდასხმის ადგილს როგორც ბაზას, ისე მოიხსენიებს, სინამდვილეში კი ეს ობიექტი ჩეკპოინტი იყო, რასაც ავღანეთში მყოფი ჯარისკაცებიც გვიდასტურებენ, თუმცა ძირითად ბაზად“წარმოდგენილი ეს ჩეკპოინტი იმაზე მეტხანს არსებობდა ერთსა და იმავე ადგილზე, ვიდრე ეს სამხედრო წესით არის დაშვებული... ეს იყო მიტოვებული შენობა, რასაც ისიც ადასტურებს, რომ რიგითი გიორგი ღუჭაშვილის ცხედარი ნანგრევებში იპოვეს. ექსპერტების თქმით კი, დროებით ბაზებში შენობები არ დგას, გარდა ქვიშით დატვირთული ტომრებით მოწყობილი საფრებისა.

ავღანეთში განვითარებული მოვლენების შესახებ ვესაუბრეთ ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში,”პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას.

- ხედავთ თუ არა მსგავსებას 13 მაისისა და ცოტა ხნის წინ მომხდარ თავდასხმებს შორის?

- 13 მაისის შეტევა იყო კლასიკური ტიპის სამხედრო-პარტიზანული ოპერაცია, რომელსაც ხშირად ატარებენ თალიბები,  ბოლო თავდასხმა კი - პირწმინდა ტერორისტული აქტი, რომელსაც რაღაც ფაქტორმა მისცა ბიძგი.

ამ თავდასხმაზე სამხედრო დაზვერვამ უნდა იმსჯელოს, - იყო ეს ადამიანი, რომელიც თალიბებმა კონკრეტული ფაქტის შემდეგ გადაიბირეს, თუ თავიდანვე ჩანერგილი აგენტი, რომელიც საჭიროების დროს აამოქმედეს. ერთი რამ ცხადია, სამხედრო პუნქტთან მისი ამდენად მიახლოება იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენმა ჯარისკაცებმა ის არ აღიქვეს პოტენციურ საფრთხედ, თორემ აუცილებლად გაანადგურებდნენ(!).

ჩემი ვარაუდით, ეს იყო გადაბირებული პირი. საეჭვოა ისიც, რომ აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც სააკაშვილი ავღანეთში ქართულ ბაზებს ესტუმრა და ტელეეთერში საიდუმლო თემებზე საჯაროდ ისაუბრა  მთელი მსოფლიოს გასაგონად. დარწმუნებული ვარ, ეს იყო მოტივაციური ფონი, რომელიც შექმნა ამ ფაქტმა. ვინც იცის ტერორისტების სპეციფიკა და ფილოსოფია, ეჭვსაც არ შეიტანს ამ ორი ფაქტის კავშირში, ეს თალიბების შურისძიება იყო!

- ოფიციალური ვერსიით, თვითმკვლელი ტერორისტი ბაზასთან ახლოს მივიდა და ასაფეთქებელი მასალით დატვირთული ავტომანქანა ააფეთქა. შესაძლებელია ბაზასთან ასე იოლად მიახლოება?

- ჯერ ერთი, ეს არ უნდა ყოფილიყო ბაზა კლასიკური გაგებით. ეს უფრო ჩეკპოინტია - სახელდახელოდ მოწყობილ ადგილზე ვითარების გასაკონტროლებლად.

ბაზის მოწყობის პრინციპები გამომდინარეობს მისი გეოგრაფიული და რელიეფური მონაცემებიდან. ეს ინდივიდუალური დაგეგმარების საკითხია და მას მეთაურები წყვეტენ. გარდა ამისა, ავღანეთში განსხვავებული კლიმატია, დაწყებული ალპური ზონებითა და დამთავრებული სუბტროპიკული კლიმატით. ჩეკპოინტში”მებრძოლთა პატარა ჯგუფია განთავსებული კონკრეტული დავალებების შესასრულებლად. ეს არის  დროებითი პუნქტი. მათ უმეტესწილად გამავალი ტვირთების, მგზავრებისა და სატრანსპორტო საშუალებების გაკონტროლება ევალებათ. ჩემი აზრით, სწორედ ამას ემსახურებოდა ეს ე.წ.”მოწინავე ბაზა, ანუ ჩეკპოინტი...

ზოგადად, ბაზის დაცულობა, როგორც წესი, განსხვავებულია განსაკუთრებით ცხელ წერტილებში. ბაზაში არსებობს ე.წ. შიდა ზონა, რასაც მწვანე ზონასაც ეძახიან, არის წითელი ზონაც, შეიძლება მათ შუაში კიდევ იყოს დამატებითი ზონა. არსებობს კარგად აღჭურვილი "თაუერები" (სათვალთვალო კოშკები). გარდა ამისა, ბაზაში არის ვიდეომაკონტროლებელი სისტემები, რომლებიც დიდ ტერიტორიას აკონტროლებენ, დაბოლოს, ბაზაში დისლოცირებულია ცოცხალი ძალა, რომელმაც უსაფრთხოების სისტემები უნდა ამუშაოს. ასეთ დაცულ ბაზებთან მიახლოება ძნელია. აი, ის ობიექტები კი, სადაც აფეთქება მოხდა, ასე კარგად ვერ იქნებოდა აღჭურვილი... თანაც ტერორისტებმა გამოიყენეს მოულოდნელობის ეფექტი.

- რას გულისხმობთ მოულოდნელობის ეფექტში? სულ ერთი თვის წინაც ხომ დაესხნენ ბაზას თავს, მეორედ მაინც რატომ არ გაფრთხილდნენ, რატომ მოდუნდნენ?

- მოულოდნელობაში არ ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი სამხედროები გამორიცხავდნენ მორიგ თავდასხმას, მაგრამ ისინი ელოდებოდნენ იდენტურ, პარტიზანულ თავდასხმას და არა ტერორისტულ აქტს, რომელიც შესაძლოა მათთვის სანდო პირს ჩაედინა. თალიბებმა პირველისგან განსხვავებული ოპერაცია დაგეგმეს და ახალი ტაქტიკით შეუტიეს ე.წ. მოწინავე ბაზას ("ჩეკპოინტს"). ჩვენი ჯარისკაცები დაუცველები აღმოჩნდნენ, თან ტერორისტებმა გამოიყენეს სწორედ ისეთი ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება, რომლის მომაკვდინებელი ძალა დიდ ბაზებშიც ტრაგედიას დაატრიალებდა...

ზოგი ამბობს, რომ ეს იყო გაუფრთხილებლობა, მოდუნება და სხვ.  შეიძლება ასეც ყოფილიყო, მაგრამ  გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც. დღეს რატომღაც არავინ ლაპარაკობს დაზვერვის უუნარობაზე. არადა, ჩვენი დაზვერვის ცუდი მუშაობის შედეგია ის, რომ ორივე აფეთქება მსხვერპლით დასრულდა. ამაში ავღანეთში ეროვნული სარდლობის შეცდომაც იკვეთება, კოალიციური სარდლობისაც და რაც ყველაზე მთავარია, პასუხისმგებლობა სრულად უნდა დავაკისროთ საქართველოს უშიშროების საბჭოს...

დღეს გიგა ბოკერია, რომლის მოვალეობაც ასეთი რისკების პრევენციაა, გადაქცეულია სააკაშვილის რუპორად. ის პიარშიკია და არა უშიშროების სისტემის შემქმნელი, რომლის კისერზეც არის იმ დაღუპული ბიჭების სისხლი.

რატომ მოხდა ეს? არ გამოვრიცხავ, რომ იქ სიტუაციის არევა იმასვე აწყობს, ვინც ჩვენთან, ქვეყანაში ურევს სიტუაციას. ჩემი აზრით, ეს ხალხი წინა მთავრობის ხელმძღვანელები არიან.

- მინდა გკითხოთ გავრცელებულ ვიდეორგოლზე და იმაზე, რომ საქართველოში ტერორისტული ჯგუფები გამოჩნდნენ.

- გამოვრიცხავ ამ ვიდეორგოლის კავშირს თალიბებთან, თუმცა დაღესტნის ჯამაათის წევრების ქმედებანი დასაფიქრებელი უნდა იყოს ჩვენთვის. სამწუხაროა, რომ ტერორისტები საქართველოშიც გამოჩნდნენ. მე ამ ყველაფერში კავშირს ნამდვილად ვხედავ - გაიხსენეთ პირველი აფეთქება ავღანეთში, მერე სააკაშვილის ვიზიტი, რომლის შემდეგაც გამოჩნდა ვიდეორგოლი, რასაც მასშტაბური ტერორისტული აქტი მოჰყვა და ახლა უშუალოდ ქვეყანაში ტერორისტების გამოჩენა - ეს ყველაფერი დამთხვევა ვერ იქნება.

უტა ბიწაძე