ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა

არავინ იცის, საქართველო ამ არჩევანის წინაშე დადგება თუ არა, მაგრამ ბოლო ხანს სულ უფრო მკვეთრ შეფერილობას იძენს კითხვები: საქართველო ნატოში დე ფაქტო საზღვრებით, თუ ევრაზიის კავშირში - სამხრეთ ოსეთითა და აფხაზეთით, ოღონდ სახელმწიფოებრიობის გარეშე, ანუ იქ, სადაც, როგორც რუსთა ერთ-ერთი იდეოლოგი დუგინი ამბობს, საზღვრები მნიშვნელობას დაკარგავს და ვერავინ გაიგებს, სად იწყება რუსეთის საზღვარი და სად მთავრდება საქართველოსი.

ფაქტია, რომ ბოლო დროს რუსული საინფორმაციო ხვეულები უაღრესად ნოყიერ საანალიზო მასალას იძლევა.

რუსები, ერთი მხრივ, ცდილობენ საქართველოს საზოგადოებაში შემოაგდონ აზრი იმის თაობაზე, რომ ნატოში საქართველოს შესვლა შესაძლებელია მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. მაგ., სულ რამდენიმე დღის წინ რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ნატოში რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ კომოედოვი ამბობს, ნატოში მივიდნენ იქამდე, რომ საქართველოს ალიანსში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშეც მიიღებენ. მეორე მხრივ,  რუსი პოლიტოლოგები, მაგალითად, იგივე მიხეილ ლეონტიევი და ბორის სოკოლოვი თითქმის ერთ ხმაში წერენ, რომ: რუსეთი არ არის დაინტერესებული ხმამაღლა და საჯაროდ გამოიჩინოს საქართველოს ახალი ხელისუფლებისადმი ყურადღება, რომ ამით კომპრომატი არ გაუჩინონ; კრემლი საქართველოს ხელისუფლებას მისთვის სასურველ პარტნიორად განიხილავს. გათვლა კეთდება იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ყველა მოთხოვნას შეასრულებს.

მოყვანილი ციტატებიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ან რუსეთი საინფორმაციო დივერსიას ეწევა საქართველოს ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ, ან ყოფილ დსთ-ის სივრცეში მიმდინარე, რუსეთის გარშემო ინტეგრაციის დაჩქარებული პროცესების მონაწილენი მალე ჩვენც გავხდებით.

როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებამ ინტეგრაციული პროცესების ფორსირება დაიწყო, ამ ეტაპზე, საბაჟო კავშირის ფარგლებში. ბოლო ხანს აქტიურად საუბრობენ პუტინის ჯანმრთელობის გაუარესებაზე და თუ ამ ხმებს რეალური საფუძველი აქვს, არ არის გამორიცხული, ის ცდილობდეს დააჩქაროს თავისი ოცნების - რუსეთის გარშემო ყოფილი დსთ-ის სივრცის სრული ინტეგრაცია - ასრულება.

ამავდროულად, უკრაინის პარალელურად სომხეთიც გამოთქვამს მზადყოფნას გაწევრდეს რუსეთ-ბელორუს-ყაზახეთის საბაჟო კავშირში დამკვირვებლის სტატუსით.

ამასთან, სომხეთი უარს არ ამბობს ევროკავშირთან ასოცირებულ ხელშეკრულებასა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის სურვილზეც. ამ ნაბიჯებით სომხეთი ზუსტად იმეორებს უკრაინის მოდელს: შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე თვის წინ სწორედ უკრაინა გამოვიდა ინიციატივით, რომ სურდა ორივე კავშირთან თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ზონების შექმნა და სულაც არ აპირებდა არჩევანი გაეკეთებინა რომელიმე მათგანზე. მაშინ ამბობდნენ, რომ უკრაინის ეს იდეა მკვდრადშობილი იქნებოდა, მაგრამ რეალურად გადამდები აღმოჩნდა: სომხეთიც მის გზას დაადგა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს ამ იდეის უკან რუსულ ინტერესზე. ევროკავშირის ჩინოსნები დსთ-ის სივრცეში მიმდინარე პროცესებზე კონტროლის სრულად დაკარგვას არჩევენ რაღაც მაინც შერჩეთ ხელთ და ტრადიციული "შეშფოთებით" ეხმაურებიან უკრაინა-სომხეთის აქტიურ სვლას საბაჟო კავშირისკენ. მაგრამ ეს ფრთხილი განცხადებებიც, არავინ იცის, ამ სივრცის მიმართ შერჩენილი რეალური ინტერესის გამომხატველია თუ მხოლოდ ფერ-უმარილი და ჩვენთვის თვალში ნაცრის შეყრა - დასავლეთის მიერ ამ სივრცის დროებითი დათმობის დასაფარად.

ისიც უცნობია, დაუბრუნდება კი ახლო მომავალში დასავლეთს ჩვენ მიმართ ისეთივე მწველი ინტერესი, როგორიც ბოლო 15 წლის მანძილზე ჰქონდა?! საინტერესოა, რომ რუსი ექსპერტები საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებს რუსეთ-ამერიკის ნაჩქარევი გარიგების შედეგად თვლიან და ამ გარიგების მიზეზებსაც ასახელებენ. კერძოდ, მიხეილ ლეონტიევი მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ ამერიკამ შეინარჩუნოს ლიდერის პოზიციები მსოფლიოში, "მას სჭირდება გარიგებები მოწინააღმდეგეებთან, რათა მათი მეშვეობით მოახდინონ სიტუაციის სტაბილიზაცია მსოფლიოს ბევრ წერტილში, რომ შეამცირონ თავიანთი ყოფნა და პასუხისმგებლობის მოცულობა, იმიტომ, რომ ამ ტვირთის აწევა მარტო მათთვის შეუძლებელია. მეორე მხრივ, დამაიმედებლად გამოიყურება ჯეიმს აპატურაის ბოლოდროინდელი განცხადება ნატოსთვის კავკასიის რეგიონის განსაკუთრებული მნიშვნელობის  თაობაზე, სადაც ის ამბობს, რომ დროა ნატომ გამოიჩინოს განსაკუთრებული ყურადღება კავკასიის მიმართ.

საქართველოსთვის ამ ეტაპზე, შესაძლოა, იდეალური გამოსავალია დრო მოიგოს: დღეს რუსეთში პოლიტიკური ვერტიკალი ერთ კაცზე, პუტინზეა აგებული. და, არავინ იცის, როგორ განვითარდება პროცესები რუსეთში პუტინის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში. თუმცა, საჭიროა ამერიკელები მიხვდნენ, რომ ისეთი მკვეთრი და საქართველოს საზოგადოების განწყობებისგან სრულიად განსხვავებული განცხადებებით, როგორიც ამერიკის კონგრესმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, ისინი სულ უფრო ზრდიან საქართველოს საზოგადოებაში ამერიკის პოლიტიკით უკმაყოფილოთა რიცხვს: "ნაციონალური მოძრაობის" მხურვალე დაცვა მაშინ, როცა 9 წლის განმავლობაში იგივე "ნაციონალური მოძრაობა" მთელ საზოგადოებაზე ძალადობდა და დასავლეთს ბევრი არაფერი გაუკეთებია ამ ძალადობის არც შესამჩნევად და არც შესაჩერებლად, სულ მცირე, გაუგებარია.

სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ამერიკის პოლიტიკური ელიტა ისეთივე ადეკვატური გახდეს საქართველოს საზოგადოების რეალური განწყობების მიმართ, როგორიც ის იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში და უშუალოდ არჩევნების დღეს.

თუ ასე არ მოხდა, საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების შემთხვევაში,  ქართველი საზოგადოების პარალელურად, პასუხისმგებლობის დიდი წილი მასაც დაეკისრება.