მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ნახევრად ცარიელი და ნახევრად სავსე ჭიქა

პუტინმა რუსულ არხთან საუბარში საქართველოზე ისე ილაპარაკა, იფიქრებდი, ჩვენს ქვეყანას ამაზე დიდი გულშემატკივარი არა ჰყავსო. ვინ მოთვლის უკვე მერამდენედ გაიმეორა: ჩვენ გვიყვარს ქართველი ხალხიო. რუსებს რომ უცნაური სიყვარული სცოდნიათ, ეს უკვე კარგად ვიცით. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ჩვენ რომ აფხაზებს და ოსებს ძმებს ვეძახით, ისინი კი - დამპყრობლებს. ეჭვი მაქვს, მთელი ამ ომების შემდეგ არც ქართველების დიდი ნაწილი იწვება მათი სიყვარულით. ამიტომ პოლიტიკოსები თავს რაც უფრო მალე დაანებებენ ისეთი აბსურდული კატეგორიებით საუბარს, როგორიცაა "ძმობა" და "სიყვარული", უფრო უკეთესი იქნება. კონფლიქტებს ვერც სენტიმენტები უშველის და ვერც ლირიკა.

არც ჩვენ უნდა ველაპარაკოთ აფხაზებსა და ოსებს ძმობასა და სიყვარულზე, როდესაც ერთმანეთი ვხოცეთ და არც რუსები - ჩვენ. მით უმეტეს ჩვენ არ უნდა გამოვიდოთ თავი რუს და ქართველ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე აქცენტების დასმით. ერთხელ უკვე დავწერე და კიდევ გავიმეორებ: ჩვენი და რუსების მეგობრობა მხოლოდ მითია, რადგან შეუძლებელია მეგობრობა იმპერიასა და კოლონიას შორის, დამპყრობელსა და დაპყრობილს შორის. სხვა ურთიერთობა კი ჯერ ჩვენ არ გვქონია.

აქ ახლა იმაზეა საუბარი, პუტინის განცხადებას რომელი პოზიციიდან შევხედავთ: ნახევრად ცარიელი ჭიქის, თუ ნახევრად სავსესი. თუ ჭიქა ნახევრად ცარიელია, მაშინ აქცენტი პუტინის იმ განცხადებაზე კეთდება, სადაც ის ამბობს, რომ მას ვერ წარმოუდგენია აღიარების უკან წაღება. ასეთ ვითარებაში სხვა რაზე უნდა ველაპარაკოთ? - კითხულობს ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი. ერთი შეხედვით, კითხვა ლოგიკურია. მართალია, პუტინმა თითქოს გამოსავალიც დატოვა, როდესაც თქვა, რომ მოაგვარონ ქართველებმა ოსებთან და აფხაზებთან ურთიერთობა და ჩვენ აღარ ჩავერევითო, მაგრამ გიშვებენ რუსები პირდაპირ სალაპარაკოდ? მოკლედ, ჩაკეტილი წრეა.

ახლა შევხედოთ პუტინის განცხადებას, ნახევრად სავსე ჭიქის პოზიციიდან: ადრე რუსეთის ხელისუფლება ამბობდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას საერთოდ არ დაელაპარაკებოდა, ახლა თქვა, რომ სათანამშრომლოდ მზადაა. ადრე რუსეთის ხელისუფლება ამბობდა, რომ საქართველო უნდა შეეგუოს "ახალ რეალობას", ანუ საქართველომაც უნდა აღიაროს ახალი სახელმწიფოები. ახლა პუტინმა თქვა, რომ როგორც ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები, ისე აქვს საქართველოსო, ანუ ჩვენ გვესმის, რომ საქართველო ვერ აღიარებს "ახალ რეალობას", რადგან ის საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის იბრძვისო.

ეს პოზიციის საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებაა. რუსეთის თავდაპირველი პოზიცია, რომ საქართველო უნდა შეეგუოს ახალ რეალობას, მოლაპარაკებისთვის ფაქტობრივად არანაირ სივრცეს არ ტოვებდა. ახალი პოზიცია კი უკვე საკმაოდ დიდ სივრცეს ქმნის. სკეპტიკოსები იტყვიან: რად გვინდა სხვა დანარჩენზე ლაპარაკი, თუ ტერიტორიები ისევ ოკუპირებული უნდა იყოს, ღვინის დაბრუნება და ფრენების აღდგენა პრობლემის მოგვარება არააო. ვეთანხმები, ეს არ არის პრობლემის მოგვარება, მაგრამ სალაპარაკო თემების სივრცე პუტინის ამ განცხადების შემდეგ არც ისეთი ვიწროა. პირველ რიგში, ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ რუსებს: თუ შენ აღიარებ ჩემს უფლებას, არ ვცნო ახალი რეალობა და ამავე დროს მზად ხარ ჩემთან სათანამშრომლოდ, მაშინ შეწყვიტე სხვადასხვა სახელმწიფოს დაყოლიების მცდელობა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. მეორე: საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია ჩაეჭიდოს პუტინის ნათქვამს, თავად გამონახეთ საერთო ენა აფხაზებთან და ოსებთან და ჩვენ ხელს არ შეგიშლითო და მოითხოვოს ამ დაპირების შესრულება. უფრო მეტიც, მოითხოვოს დახმარება ამ საკითხში, უთხრას: ხომ ამბობ, რომ არ გაქვს პრობლემა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან, თუ ჩვენ მოვილაპარაკებთ, მაშინ შეუწყვე ხელი ჩვენს დიალოგს და რაც ყველაზე მთავარია: დაგვეხმარე დევნილების დაბრუნებაში, პირველ რიგში ცხინვალის რეგიონში. როგორ უნდა აღვადგინოთ ოსებთან ნორმალური ურთიერთობა, რისკენაც თავად მოგვიწოდებ, თუ იქ ქართველი მოსახლეობა არ დაბრუნდება? არ იქნება მათ შორის ურთიერთობა, არ იქნება მიმოსვლა, სანაცვლოდ კი იქნება მავთულხლართები?

დევნილთა დაბრუნება და საოკუპაციო ზოლზე შეზღუდვების მოხსნა ის საკითხია, სადაც რუსეთს რაიმე გონივრული კონტრარგუმენტების მოძებნა ძალიან გაუჭირდება. ოსებს არ უნდათ - არგუმენტი ვერ იქნება. ამიტომ, თუ რუსეთი გამოთქვამს მზადყოფნას ყველაფერზე გველაპარაკოს, აღიარების უკან წაღების გარდა, ეს ჩვენთვის შანსია დევნილების დაბრუნების საკითხი და იქ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევრომონიტორების დაშვება, მთავარ თემებად ვაქციოთ.

წაგება თუ მოგება?

ამ კვირაში "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალურ მოძრაობასთან" ორი სერიოზული მარცხი იწვნია. მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ისევ ის ხალხი აირჩიეს, ვინც კოტე კუბლაშვილს აწყობდა, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ისევ ძველი აკადემიური საბჭო აირჩევს. ორივე შემთხვევაში "ოცნებას" "ნაციონალებმა" ჭკუაში აჯობეს. სასამართლოს შემთხვევაში "ოცნების" მიერ მიღებულ კანონში ისეთი "ხვრელი" იპოვეს, რომელიც სათავისოდ გამოიყენეს, ხოლო უნივერსიტეტის შემთხვევაში, მარტივად, დასწრებაზე ითამაშეს. სანდრო კვიტაშვილს უთხრეს (ბუნებრივია, ამ დიალოგს არ დავსწრებივარ. ეს მხოლოდ ჩემი მოდელირებაა): რექტორი მაინც ვეღარ იქნები, რადგან ახალი კანონით, ამ თანამდებობის დაკავება მხოლოდ აკადემიური ხარისხის მქონე პირს შეუძლია, რაღა მნიშვნელობა აქვს ახლა წახვალ, თუ რამდენიმე თვეში,  ახლავე გადადექი და ახალი, აკადემიური ხარისხის მქონე რექტორი ჩვენვე ავირჩიოთ, ვიდრე "ოცნების" მიღებული კანონი ძალაში შევაო. ასეც მოიქცნენ.

"ნაციონალებს"  ეშმაკობაში  "ოცნება" ჯერ ვერ ჯობნის. პრინციპში, თუ "ოცნება" უფრო რადიკალური იქნებოდა, ალბათ შეძლებდა სასამართლოში სასურველი ხალხის გაყვანას. თუ ადეიშვილი ახერხებდა მოსამართლეების შეშინებას, რა, ღარიბაშვილი ვერ მოახერხებდა? "ოცნებას" "ნაციონალების" მეთოდებით მოქმედება რომ გადაეწყვიტა, მიზანს ალბათ იოლად, ან რთულად მაინც მიაღწევდა, მაგრამ ეს არ ან ვერ გააკეთა. იგივე შეიძლება ითქვას, უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოზეც. მათზე ზეწოლას რომ მიმართოს ახალმა ხელისუფლებამ, ალბათ სასურველ შედეგს მიაღწევს, მაგრამ იმედია, ამას არ იზამს. ასევე იმედია, კანონიდან ამოიღებს იმ მუხლს, რომელიც პრემიერ-მინისტრს აძლევს უფლებას რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნოს. ახალ კანონს მხარი უმრავლესობის ნაწილმაც არ დაუჭირა. ლევან ბერძენიშვილმა თქვა, მირჩევნია, ცუდი რექტორი აირჩიონ, ვიდრე პრემიერმა დანიშნოსო. სწორედ ესაა მთავარი განსხვავება "ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის და ახალი ხელისუფლების მთავარი სიძლიერეც.

"ნაციონალები" დღესაც ცდილობენ ყველა სფეროში გავლენის შენარჩუნებას და ნაწილობრივ ამას ახერხებენ, მაგრამ როდემდე? დღეს შეიძლება "ოცნება" აგებს და ამის გამო მისი მხარდამჭერები ღიზიანდებიან, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ასეთი მიდგომაა მომგებიანი. "ნაციონალები", ადრე თუ გვიან, ბერკეტებს დაკარგავენ, ხოლო ასეთი მიდგომა "ოცნებას" "განაციონალებისგან" დაიცავს.