მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
17-06-2013
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
ნახევრად ცარიელი და ნახევრად სავსე ჭიქა

პუტინმა რუსულ არხთან საუბარში საქართველოზე ისე ილაპარაკა, იფიქრებდი, ჩვენს ქვეყანას ამაზე დიდი გულშემატკივარი არა ჰყავსო. ვინ მოთვლის უკვე მერამდენედ გაიმეორა: ჩვენ გვიყვარს ქართველი ხალხიო. რუსებს რომ უცნაური სიყვარული სცოდნიათ, ეს უკვე კარგად ვიცით. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ჩვენ რომ აფხაზებს და ოსებს ძმებს ვეძახით, ისინი კი - დამპყრობლებს. ეჭვი მაქვს, მთელი ამ ომების შემდეგ არც ქართველების დიდი ნაწილი იწვება მათი სიყვარულით. ამიტომ პოლიტიკოსები თავს
რაც უფრო მალე დაანებებენ ისეთი აბსურდული კატეგორიებით საუბარს, როგორიცაა "ძმობა" და "სიყვარული", უფრო უკეთესი იქნება. კონფლიქტებს ვერც სენტიმენტები უშველის და ვერც ლირიკა.

არც ჩვენ უნდა ველაპარაკოთ აფხაზებსა და ოსებს ძმობასა და სიყვარულზე, როდესაც ერთმანეთი ვხოცეთ და არც რუსები - ჩვენ. მით უმეტეს ჩვენ არ უნდა
გამოვიდოთ თავი რუს და ქართველ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე აქცენტების დასმით. ერთხელ უკვე დავწერე და კიდევ გავიმეორებ: ჩვენი და რუსების მეგობრობა მხოლოდ მითია, რადგან შეუძლებელია მეგობრობა იმპერიასა და კოლონიას შორის, დამპყრობელსა და დაპყრობილს შორის. სხვა ურთიერთობა კი ჯერ ჩვენ არ გვქონია.

აქ ახლა იმაზეა საუბარი, პუტინის განცხადებას რომელი პოზიციიდან შევხედავთ: ნახევრად ცარიელი ჭიქის, თუ ნახევრად სავსესი. თუ ჭიქა ნახევრად ცარიელია, მაშინ აქცენტი პუტინის იმ განცხადებაზე კეთდება, სადაც ის ამბობს, რომ მას ვერ წარმოუდგენია აღიარების უკან წაღება. ასეთ ვითარებაში სხვა რაზე უნდა ველაპარაკოთ? - კითხულობს ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი. ერთი შეხედვით, კითხვა ლოგიკურია. მართალია, პუტინმა თითქოს გამოსავალიც დატოვა, როდესაც თქვა, რომ მოაგვარონ ქართველებმა ოსებთან და აფხაზებთან ურთიერთობა და ჩვენ აღარ ჩავერევითო, მაგრამ გიშვებენ რუსები პირდაპირ სალაპარაკოდ? მოკლედ, ჩაკეტილი წრეა.

ახლა შევხედოთ პუტინის განცხადებას, ნახევრად სავსე ჭიქის პოზიციიდან: ადრე რუსეთის ხელისუფლება ამბობდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას საერთოდ არ დაელაპარაკებოდა, ახლა თქვა, რომ სათანამშრომლოდ მზადაა. ადრე რუსეთის ხელისუფლება ამბობდა, რომ საქართველო უნდა შეეგუოს "ახალ რეალობას", ანუ საქართველომაც უნდა აღიაროს ახალი სახელმწიფოები. ახლა პუტინმა თქვა, რომ როგორც ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები, ისე აქვს საქართველოსო, ანუ ჩვენ გვესმის, რომ საქართველო ვერ აღიარებს "ახალ რეალობას", რადგან ის საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის იბრძვისო.

ეს პოზიციის საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებაა. რუსეთის თავდაპირველი პოზიცია, რომ საქართველო უნდა შეეგუოს ახალ რეალობას, მოლაპარაკებისთვის ფაქტობრივად არანაირ სივრცეს არ ტოვებდა. ახალი პოზიცია კი უკვე საკმაოდ დიდ სივრცეს ქმნის. სკეპტიკოსები იტყვიან: რად გვინდა სხვა დანარჩენზე ლაპარაკი, თუ ტერიტორიები ისევ ოკუპირებული უნდა იყოს, ღვინის დაბრუნება და ფრენების აღდგენა პრობლემის მოგვარება არააო. ვეთანხმები, ეს არ არის პრობლემის მოგვარება, მაგრამ სალაპარაკო თემების სივრცე პუტინის ამ განცხადების შემდეგ არც ისეთი ვიწროა. პირველ რიგში, ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ რუსებს: თუ შენ აღიარებ ჩემს უფლებას, არ ვცნო ახალი რეალობა და ამავე დროს მზად ხარ ჩემთან სათანამშრომლოდ, მაშინ შეწყვიტე სხვადასხვა სახელმწიფოს დაყოლიების მცდელობა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. მეორე: საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია ჩაეჭიდოს პუტინის ნათქვამს, თავად გამონახეთ საერთო ენა აფხაზებთან და ოსებთან და ჩვენ ხელს არ შეგიშლითო და მოითხოვოს ამ დაპირების შესრულება. უფრო მეტიც, მოითხოვოს დახმარება ამ საკითხში, უთხრას: ხომ ამბობ, რომ არ გაქვს პრობლემა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან, თუ ჩვენ მოვილაპარაკებთ, მაშინ შეუწყვე ხელი ჩვენს დიალოგს და რაც ყველაზე მთავარია: დაგვეხმარე დევნილების დაბრუნებაში, პირველ რიგში ცხინვალის რეგიონში. როგორ უნდა აღვადგინოთ ოსებთან ნორმალური ურთიერთობა, რისკენაც თავად მოგვიწოდებ, თუ იქ ქართველი მოსახლეობა არ დაბრუნდება? არ იქნება მათ შორის ურთიერთობა, არ იქნება მიმოსვლა, სანაცვლოდ კი იქნება მავთულხლართები?

დევნილთა დაბრუნება და საოკუპაციო ზოლზე შეზღუდვების მოხსნა ის საკითხია, სადაც რუსეთს რაიმე გონივრული კონტრარგუმენტების მოძებნა ძალიან გაუჭირდება. ოსებს არ უნდათ - არგუმენტი ვერ იქნება. ამიტომ, თუ რუსეთი გამოთქვამს მზადყოფნას ყველაფერზე გველაპარაკოს, აღიარების უკან წაღების გარდა, ეს ჩვენთვის შანსია დევნილების დაბრუნების საკითხი და იქ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევრომონიტორების დაშვება, მთავარ თემებად ვაქციოთ.

წაგება თუ მოგება?

ამ კვირაში "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალურ მოძრაობასთან" ორი სერიოზული მარცხი იწვნია. მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ისევ ის ხალხი აირჩიეს, ვინც კოტე კუბლაშვილს აწყობდა, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ისევ ძველი აკადემიური საბჭო აირჩევს. ორივე შემთხვევაში "ოცნებას" "ნაციონალებმა" ჭკუაში აჯობეს. სასამართლოს შემთხვევაში "ოცნების" მიერ მიღებულ კანონში ისეთი "ხვრელი" იპოვეს, რომელიც სათავისოდ გამოიყენეს, ხოლო უნივერსიტეტის შემთხვევაში, მარტივად, დასწრებაზე ითამაშეს. სანდრო კვიტაშვილს უთხრეს (ბუნებრივია, ამ დიალოგს არ დავსწრებივარ. ეს მხოლოდ ჩემი მოდელირებაა): რექტორი მაინც ვეღარ იქნები, რადგან ახალი კანონით, ამ თანამდებობის დაკავება მხოლოდ აკადემიური ხარისხის მქონე პირს შეუძლია, რაღა მნიშვნელობა აქვს ახლა წახვალ, თუ რამდენიმე თვეში,  ახლავე გადადექი და ახალი, აკადემიური ხარისხის მქონე რექტორი ჩვენვე ავირჩიოთ, ვიდრე "ოცნების" მიღებული კანონი ძალაში შევაო. ასეც მოიქცნენ.

"ნაციონალებს"  ეშმაკობაში  "ოცნება" ჯერ ვერ ჯობნის. პრინციპში, თუ "ოცნება" უფრო რადიკალური იქნებოდა, ალბათ შეძლებდა სასამართლოში სასურველი ხალხის გაყვანას. თუ ადეიშვილი ახერხებდა მოსამართლეების შეშინებას, რა, ღარიბაშვილი ვერ მოახერხებდა? "ოცნებას" "ნაციონალების" მეთოდებით მოქმედება რომ გადაეწყვიტა, მიზანს ალბათ იოლად, ან რთულად მაინც მიაღწევდა, მაგრამ ეს არ ან ვერ გააკეთა. იგივე შეიძლება ითქვას, უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოზეც. მათზე ზეწოლას რომ მიმართოს ახალმა ხელისუფლებამ, ალბათ სასურველ შედეგს მიაღწევს, მაგრამ იმედია, ამას არ იზამს. ასევე იმედია, კანონიდან ამოიღებს იმ მუხლს, რომელიც პრემიერ-მინისტრს აძლევს უფლებას რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნოს. ახალ კანონს მხარი უმრავლესობის ნაწილმაც არ დაუჭირა. ლევან ბერძენიშვილმა თქვა, მირჩევნია, ცუდი რექტორი აირჩიონ, ვიდრე პრემიერმა დანიშნოსო. სწორედ ესაა მთავარი განსხვავება "ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის და ახალი ხელისუფლების მთავარი სიძლიერეც.

"ნაციონალები" დღესაც ცდილობენ ყველა სფეროში გავლენის შენარჩუნებას და ნაწილობრივ ამას ახერხებენ, მაგრამ როდემდე? დღეს შეიძლება "ოცნება" აგებს და ამის გამო მისი მხარდამჭერები ღიზიანდებიან, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ასეთი მიდგომაა მომგებიანი. "ნაციონალები", ადრე თუ გვიან, ბერკეტებს დაკარგავენ, ხოლო ასეთი მიდგომა "ოცნებას" "განაციონალებისგან" დაიცავს.
tergdaleuli=თერგდალეული
21 ივნისი 2013 18:59

ყურადღებით წავიკითხე მრავალთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები და გულში იმედი გაცოცხლდა: მთლად დაღუპული არ არის საქართველო, თუ ასეთი საღი აზრები და მოსაზრებები მრავლად არის ჩემი თანამემამულეების თავში!!!
მხოლოდ ერთი უნდა შევიგრძნოთ ყველამ: საქართველოს ყველაზე დიდი მტერი არის თვითონ ქართველი, მისი გამყიდველი სული და ერთმანეთის ისტორიული სიძულვილი, რაც შემდგომში საფუძველი ხდება იმ უბედურებებისა, რაც ისტორიულად ქვეყანას საუკუნეებით მოსდევს!!!
ჩვენ ქართველები, ალბათ ერთად–ერთი ერი ვართ, რომლიც საქართველოს ფარგლებსგარეთ მოხვედრისას უმოკლეს დროში ვახერხებთ ასიმილაციას სხვა ერში და ვერ ვინარჩუნებთ ჩვენ ენას და კულტურას(თუმცა არსებობენ ფერეიდნელიქართველები, რომლებიც 300 წელი ახერხებენ ეროვნულის და ენის შენარჩუნებას), როგორც სხვა ერები (სომხები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, რუსები და ა. შ.), რაც იმაზე მიუთითებს პირდაპირ, რომ ეროვნული შეგრძნება, როგორც ქართველი ერისა, თითქმის დავკარგეთ საუკუნეების განმავლობაში. ამის პირდრპირი მიზეზი კი არის ის, რომ ძირითადად და ხშირად პირადულ ინტერესებს გაცილებით მაღლა ვაყენებთ, ვიდრე სახელმწიფოებრივს და ვიწყებთ „შადიმანობას“, მტრის ინტერესებს ვწირავთ ქვეყანას და მედროშედ მოვუძღვით მის ჯარს ქვეყნის დასამორჩილებლად იმის მოლოდინში, რომ გამყიდველობით გავმდიდრდებით და .... საქართველოს დედაც (ყველას დიდი ბოდიში ამ არაეთიკურ მინიშნებაზე)!!!
ტრაბახის მეტი (ისიც მხოლოდ სუფრაზე) აღარაფრის გამკეთებლები აღარ ვართ ძირითადად, მადლიან ქართულ მიწას სხვებს “ვჩუქნით“ გაზარმაცებულები და ველოდებით, როდის და ვინ აგვიშენებს ქვეყანას, რომელსაც სამშობლო და საქართველო ქვია!!!!! გავიხსენოთ, რა მოუტანა სულხან–საბა ორბელიანის ევროპულმა მოგზაურობებმა ან გენერალ ბაგრატიონის გმირულმა ბრძოლებმა რუსეთის იმპერიის სახელით საქართველოს? ვინ გაასხვისა ქართული ძირძველი მიწები ჩვენს მეზობლებზე? რუსმა ბოლშევიკებმა თუ პირად ინტერესებს გადაყოლილმა ქართველმა “უნიფხვო გამყიდველებმა“ ბოლშევიკებმა?, რა არგო რუსეთის იმპერიის აღმშენებელმა იოსებ სტალინმა სამშობლოს? რა, ქართული ტერიტორიები დაიბრუნა თურქეთიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როგორც გამარჯვებულმა თუ პირიქით – შენელებული მინა დაუდო საქართველოს აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის სახით! რისთვის ახარა “თეთრმა მელამ“ როკის გვირაბი? იმისთვის რომ ოსებს გაადვილებოდათ ურთიერთმისვლა და რუსეთს კი ჯარების შემოყვანა? გამაგებინეთ, რა ძალით დაშალა საბჭოთა კავშირი „დამოუკიდებლობის დიდმა მებრძოლმა„ ბატონმა ზვიად გამსახურდიამ (გაიხსენეთ მისი სიტყვები – საბჭოთა კავშირი ჩვენ დავშალეთო!)? არ სჯობდა რომ ის ენერგია, ზვიადს და ქუჩაში გამოსულ პატრიოტებს, რომლებიც „ეროვნული გმირობის ლიდერობაში“ ექიშპებოდნენ ერთმანეთს, ეს ენერგია იმ დროისთვის საკმაოდ აშენებულ–დამშვენებული ქვეყნის “ევროპიზაციაში„ დაეხარჯათ და არ მიეყვანათ საქმე ძმათამკვლელ ომამდე და ქვეყნის შიგაარეულობამდე? რა, მტრები დაელია საქართველოს????
არა, მე აქ არ ვეძებ მტყუან–მართალს, მხოლოდ მინდა ვუთხრა ჩემს საყვარელ ქვეყანას და შევახსენო ჩემ თანამემამულეებს, ქვეყის დღევანდელ მმართველებს, ოპოზიციას თუ პოზიციას(მიუხედავადიმისა, თუ რომელ გუნდს ეკუთვნიან ისინი) – ვისწავლოთ სწორი აზროვნება, ის აზროვნება, რომელიც დაფუძვნებულია ღრმა განსჯებზე და იმ ფაქტებზე, რომელსაც ყოველი ისტორიული პერიოდი ტოვებს, ნუ დავივიწყებთ წარსულის შეცდომებს, ნუ ვეცდებით გავყიდოთ სული პირადი ინტერესებიდან გამომდინარე(რომელიც ასე კარგად ჩანს დღევანდელი საქართველოში), 21–ე საუკუნეში მაინც გამოვიყენოთ ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, თუ ნამდვილად გვიყვარს ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია და ვერც ერთი მტერი, ვინც არ უნდა იყოს ის, თუ ერი ერთად იდგება ქვეყნის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მოგვისპობს სამშობლოს და ქვეყნის გაერთიანების მოავალს და მის განდიდებას!
ამისთვის კი პირველ რიგში საჭიროა საბოლოოდ ჩავუნერგოთ ჩვენ თავს მხოლოდ ერთი მუდმივი აქსიომა – ქვეყნის ინტერესები ყველგან და ყოველთვის და ყველამ, მიუხედავად მისი სქესისა და მდგომარეობისა, აკეთოთ ის, რაც ქვეყნის განვითარებას და აყვავებას შეუწყობს ხელს, რომ ჩვენს მტერს მოვუსპოთ ილუზია და შეგრძნება იმისა, რომ საქართველო დღეს –ხვალ გაქრება მსოფლიოს რუქიდან!!!
ღმერთმა დალოცოს საქართველო და გაამრავლოს ამ მადლიან მიწაზე ქართველი ერი და საქართველოს ყველა კეთილმოსურნე და მოძმე ერი!!!
ჩვენი გამრავლება და აყვავება ჩვენზე და ჩვენ შვილებზეა დამოკიდებული! ჩვენს მაგივრად ამა ვერავინ ვერ გააკეთებს!!!!!!!!!!!!!

თერგდალეული:
21 ივნისი 2013 18:57

მაშინ როდესაც რუსეთის პოლიტ–ელიტას ძირითადად წარმოადგენენ დუგინისთანა „მოაზროვნეები“ პოლიტიკოსები, რომელთა აზროვნება მიმართულია მცირე და სუსტი ქვეყნების დამონებისკენ თავისი იმპერიული მადის დასაკმაყოფილებლად, ივანიშვილის ოცნება იმაზე ოცნებებს და უმტკიცებს საქართველოს მოსახლეობას(ფაქტიურად კი ატყუებს), რომ რუსეთთან შესძლებს საერთო ენის გამონახვას!
ადამიანი უნდა იყოს პოლიტიკურად ბრმა ან ბეცი(მითუმეტეს დღევანდელი მთავრობა, რომ დათმობითი საგარეო პოლიტიკა(თუ მას პოლიტიკა შეიძლება ვუწოდოთ)აირჩიოს რუსეთთან მიმართებაში.
რა თქმა უნდა სააკაშვილის ყბადაღებული პოლიტიკა რუსეთის მიმართა სევე დამღუპველი იყო საქართველოსთვის, მაგოამ ამ მომენტში მისი 180 გრადუსით შემოტრიალებას რუსეთი აღითქვამს ჩვენი მთავრობის სისუტედ, რაც უფრო მეტ ზიანს მოუტანს ქვეყანას, რამეთუ რუსეთის მიმართ სისუტის გამოვლინება მომაკვდავი იქნება ჩვენი ისედაც დაგლეჯილი ქვეყნისთვის!
აიღეთ მაგალითი აზერბაიჯანიდან, ბელარუსიიდან, თურქმენეთიდან და თუ ქვეყნის მთავრობას რამე გაეგება საგარეო პოლიტიკაში, აირჩიოს დაბალანსებური საგარეო პოლიტიკა და არა დათმობის პოლიტიკა!
ეს საბოლოოდ დაღუპავს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას და დაასამარებს მიღწეულ დამოუკიდებლობას!!!!!!!
akaki
19 ივნისი 2013 00:36
წერილის დასკვნით ნაწილს მთლიანად ვიზიარებ.
ზუსტია და იმიტომ.

რედაქტორის რჩევით