"ეს პუტინმაც იცის"
17-06-2013
"ეს პუტინმაც იცის"
"არ გამოვრიცხავ, რომ კარასინი-აბაშიძის დიალოგში ორ ქვეყანას შორის სავარაუდო პერსპექტივების სხვადასხვა ვარიანტი განიხილება"

"საქართველოს მიმართ ასეთი მეგობრული სიტყვები კარგა ხანია არ თქმულა"

"გაუგებარია ვისთან ვაპირებთ ომს?"

"თუ პუტინმა "ცუდად დაამთავრა", მთელი ქვეყნის საქმე იქნება ცუდად"


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოს მიმართ გამოთქმული განცხადებები, რომლითაც იგი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მოსურნედ მოგვევლინა, ქართველ საზოგადოებაში განსჯის საგნად იქცა. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე "კვირის პალიტრა" რუს პოლიტოლოგსა და პუბლიცისტს ნიკოლაი
სვანიძეს
ესაუბრა.


- ბატონო ნიკოლაი, როგორ შეაფასებთ საქართველოს შესახებ რუსეთის პრეზიდენტის უკანასკნელ განცხადებას?

- სიტყვები საკმაოდ ზოგადი იყო, მაგრამ პრეზიდენტის ზოგად განცხადებას მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს მისამართით ასეთი მეგობრული სიტყვები კარგა ხანია არ თქმულა. მეტიც, არაერთხელ იყო ნათქვამი, რომ ვიდრე  სააკაშვილი
ხელისუფლებაშია, რუსულ-ქართულ ურთიერთობაში არაფერი შეიცვლება. ამ თვალსაზრისით, რუსეთის ხელისუფლება თავის კურსს თანამიმდევრულად მიჰყვება. საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ სააკაშვილი ჯერ ისევ პრეზიდენტად რჩება და მიუხედავად ამისა, რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან დაამყაროს ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ შორის გადაუწყვეტელი დარჩება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები. ამ საკითხში უახლოეს მომავალში არც რუსეთს და არც საქართველოს არ შეუძლიათ დათმობაზე წასვლა.

არასწორია ვიფიქროთ, რომ მოსკოვი სამხრეთ ოსეთს სრულად აკონტროლებს. იქ საკმარისად არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, მოსკოვის კონტროლიდან გამოსასვლელად. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხინვალი და სოხუმი დაინტერესებული არიან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუარესებით. ისინი მხოლოდ მაშინ იქნებიან მშვიდად და კარგად, როცა მოსკოვი და თბილისი ერთმანეთთან მკვეთრად დაპირისპირებული იქნებიან. თუ სრული ურთიერთგაგება იქნება, მათი თამაშიც დასრულებული და უპერსპექტივო აღმოჩნდება. ამიტომ
მავთულხლართებთან დაკავშირებულ ინციდენტში სამხრეთ ოსეთის ფაქტორის გამორიცხვა არ შეიძლება.

- "ნაცმოძრაობის" ლიდერები კარასინი-აბაშიძის დიალოგზე საუბრისას ხშირად მიანიშნებენ, რომ ისინი არა მხოლოდ სავაჭრო და სატრანსპორტო, არამედ სხვა საკითხებზეც აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
- ეს შესაძლებელია და იმიტომ, რომ ქვეყნის პირველი პირები ერთმანეთს ვერ ხვდებიან. ამ თემაზე განცხადებებს ვერც რუსეთის პრემიერ-მინისტრი გააკეთებს და ვერც საგარეო საქმეთა მინისტრი. ასე რომ, სულაც არ არის გამორიცხული, კარასინი და აბაშიძე სავაჭრო და სატრანსპორტო საკითხების გარდა, ე.წ. სხვა საკითხებზეც” მსჯელობდნენ.
არ გამოვრიცხავ, რომ კარასინი-აბაშიძის დიალოგში ორ ქვეყანას შორის სავარაუდო პერსპექტივების სხვადასხვა ვარიანტი განიხილება და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგრამ იმას კი გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში ამ კონსულტაციების შედეგები საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება.

- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე მზადაა რუსულ მხარესთან სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარების საკითხებში ითანამშრომლოს.
- თანამშრომლობა ამ საკითხში იმიტომაცაა შესაძლებელი, რომ ოლიმპიადის თემა რუსეთის ხელმძღვანელობისათვის ერთდროულად მტკივნეულიცაა და საყვარელიც. ვფიქრობ, რომ სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარებაში ქართულ მხარესთან თანამშრომლობა უმნიშვნელო არ იქნება.

- რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის ფონზე საქართველოში გახშირდა საუბარი, რომ კრემლი საქართველოს ევრაზიულ კავშირში ექაჩება. რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ კრემლი ამას ან ახლა ცდილობს, ან შეეცდება?
- პირადად მე ვერანაირ ნიშნებს ვერ ვხედავ იმისას, რომ ევრაზიული კავშირი იქმნება. თუ ეს კავშირი მაინც შეიქმნა, იგი ქაღალდზე დარჩება, ვინაიდან ეფექტიანი ვერ იქნება.
ჩემი აზრით, ამ იდეის უკან ორი რამ დგას - პირველი ის, რომ რუსეთს რიტორიკით სურს დასავლეთთან დაპირისპირება, მეორე კი ისაა, რომ ხელისუფლებას სურს რუსეთის ხალხს პოპულისტურად მიაწოდოს მეორე საბჭოთა კავშირის დაარსების გეგმა.

ევრაზიული კავშირის შექმნა საბჭოთა კავშირის დაბრუნებას ნიშნავს. რუსეთში ბევრს ესმის, რომ ეს ახლა შეუძლებელია. ეს პუტინმაც იცის.

რამდენიმე წლის წინ მან დაახლოებით ასეთი რამ თქვა: "უგულოა, ვისაც გული არ სწყდება საბჭოთა კავშირის დაშლის გამო, მაგრამ უთავოა, ვინც თვლის, რომ რეალურად შეიძლება საბჭოთა კავშირის დაბრუნება". სსრკ-ის დაბრუნება რომ შეუძლებელია, ეს ცხადზე ცხადია.
რუსეთის ხელისუფლებამ იცის, რომ ევრაზიული კავშირის იდეა საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში პოპულარულია, რაც ამავე საზოგადოების პოსტიმპერიულ ნოსტალგიაზე მიუთითებს. ასეთ ფონზე იგი ცდილობს, ამ თემაზე საზოგადოებას დროგამოშვებით ელაპარაკოს.

- როგორ შეაფასებთ ახლახან სრულიად რუსეთის "სახალხო ფრონტის" შექმნას, რომლის ლიდერად პუტინი აირჩიეს და რას შეიძლება ნიშნავდეს პუტინის განცხადება - "თუ ჩვენ არა, მაშინ ჩვენ".

- "თუ ჩვენ არა, ჩვენ" - საკმაოდ მილიტარისტული რიტორიკაა. ვინ იგულისხმა პრეზიდენტმა, შეგვიძლია მხოლოდ ვიმარჩიელოთ. ახლა ხელისუფლებამ ყველა მიმართულებით გააძლიერა ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა. ახალდაფუძნებულ ორგანიზაციასაც “"სახალხო ფრონტი" ეწოდა. სიტყვა "ფრონტი" სამხედრო დატვირთვის შემცველია. თუ არსებობს ფრონტის ხაზი, ხაზს იქით მოწინააღმდეგეც უნდა არსებობდეს. გაუგებარია, ვისთან ვაპირებთ ომს. სამხედრო რიტორიკის ხშირად გამოყენებას იარაღის გამოყენება უნდა მოჰყვეს. მაგრამ ვისთან ვაპირებთ ომს და რისთვის? იარაღის დიდხანს ჟღარუნს აზრი არა აქვს იმიტომ, რომ "ცივი ომი" დიდი ხანია დამთავრებულია.  საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის პრინციპული იდეოლოგიური უთანხმოება იყო. ახლა ამგვარ უთანხმოებას ადგილი არა აქვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქმე მხოლოდ პუტინის სტილისტიკას ეხება, რაც არასწორი მგონია.

- პუტინის გუნდის წევრობაზე უარი თქვა თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური სისტემის ავტორმა და შემქმნელმა სურკოვმა, სულ ახლახან რუსეთის ეკონომიკური სკოლის რექტორი სერგეი გურიევი წავიდა ქვეყნიდან. რას უნდა ნიშნავდეს გურიევის მიერ პარიზში გაკეთებული განცხადება - "ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება" და რამდენად საფუძვლიანად მიგაჩნიათ რუს ექსპერტთა ნაწილის მტკიცება - "პუტინი ცუდად დაასრულებს"?
- თუ პუტინმა “ცუდად დაამთავრა, მთელი ქვეყნის საქმე იქნება ცუდად.
ჩემი პრეტენზიები ხელისუფლებისადმი სწორედ ისაა, რომ თუ ასეა გაგრძელდა, ჩვენ, ყველამ, პუტინთან ერთად, შესაძლოა, მართლაც ცუდად დავამთავროთ.

ასე შესაძლოა იმიტომაც მოხდეს, რომ ქვეყანა არ ვითარდება ეკონომიკურად და ინოვაციურად. ამის ნაცვლად უამრავი ფული იხარჯება სამხედრო სფეროში, ქვეყანაში არ ვითარდება დემოკრატიული ინსტიტუტები, არ მუშაობს სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმები, მეტიც, მათ ხელისუფლება დევნის. ძალოვანების ძალაუფლება ძლიერდება. მათ ვერც სახელმწიფო და ვერც საზოგადოება ვერ აკონტროლებს. ძალოვანები თავის დამოუკიდებელ თამაშს თამაშობენ, რაც ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა. ყოველივე ეს ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხედ მიმაჩნია. ამიტომაც კარგად მესმის ბატონი გურიევის შიში...

კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"
გიორგი
30 ივნისი 2013 17:24
რუსების ბეგობარი და პათხალიმი ხალხი სომხებია სომხები....
გიორგი
19 ივნისი 2013 20:39
პოლიტიკაში სიტყვა -მეგობარი-საკმაოდ უადგილოა. არსებობს ინტერესები .
რუსეთის მოქმედება ამიერკავკასიაში არც ისე ალოგიკურია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
ჩემის აზრით კონფლიქტების შექმნას ქონდა კონკრეტული მიზანი--არ დაეშვათ რუსეთის გვერდის ავლით აზერბაიჯანული და შუააზიური ენერგორესურსების გატანა ევროპაში.
ho-ho
19 ივნისი 2013 19:59
რუსეთთან ერთად ვიყოთ და ნეხვშიც თან ჩავყვეთ - ამას გვთავაზობთ ბატ-ნებო? მე ეს არ მომწონს, ვისაც გინდათ წადით ეგერ ცხინვაში და იქ იგემეთ ნეხვში ჯდომა რუსეთთან ერთად.........

რედაქტორის რჩევით