"კადიევი შსს-ს ერთ-ერთი დაჯგუფების დავალებას ასრულებდა!"
17-06-2013
"კადიევი შსს-ს ერთ-ერთი დაჯგუფების დავალებას ასრულებდა!"
მამუკა არეშიძე: "უფრო მეტი ვიცი, ვიდრე ვამბობ"

"ამ პერიოდის განმავლობაში პრეზიდენტის მფრინავი საეჭვოდ გამდიდრდა"

"სხვათა შორის, პრეზიდენტის მფრინავის სიძე შსს-ს მაღალჩინოსანია და შეუძლებელია, მას არ სცოდნოდა კადიევის ადგილსამყოფელი"

"არ გამოვრიცხავ, რომ ეს ასაფეთქებელი ნივთიერება  "საჭირო დროს"  რომელიმე პოლიტიკოსის სალიკვიდაციოდ გამოეყენებინათ"


გასულ კვირას ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი დააკავეს. ავის მომასწავებელი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ (რომლის თანახმადაც, თითქოს საქართველოს ჯიჰადს უცხადებდნენ), ექსპერტთა უმრავლესობა ჩვენი ქვეყნის
ტერიტორიაზე ტერაქტების საფრთხეს არ გამორიცხავდა. მართალია, ჯერჯერობით არავინ ამბობს, ვიდეორგოლის გამავრცელებლებსა და ტერაქტის ჩადენის მცდელობისთვის დაკავებულ პირებს შორის არსებობს თუ არა კავშირი, მაგრამ გაჩნდა უამრავი კითხვა. რასთან გვაქვს საქმე?

"კვირის პალიტრა" შეეცადა ქრონოლოგიურად დაელაგებინა ამ საქმესთან დაკავშირებული როგორც უკვე გავრცელებული, ასევე, სხვა ახალი ინფორმაცია, რათა
თვალსაჩინო გახდეს ზღვარი სიმართლესა და პროვოკაციას შორის. შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შსს-ს ოპერატიული დანაყოფებისა და პროკურატურის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი დააკავეს. თბილისში მათი დროებითი საცხოვრებლიდან ამოიღეს დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები. დაკავებულთაგან ერთ-ერთს, მიკაილ კადიევს (მას მიკაილ კადოევადაც მოიხსენიებენ), სხვადასხვა საინფორმაციო საშუალება დაღესტნელ მაგომედ მაგომედოვთან ერთად  დაკარგულად მიიჩნევდა. პრესა (არა მხოლოდ ქართული, არამედ სხვა,  რუსულენოვანი საინფორმაციო საშუალებებიც) საქართველოს ხელისუფლების მიერ მოჯაჰედების რუსული სპეცსამსახურებისთვის გადაცემის ვერსიას ავითარებდა. მაგრამ იყვნენ კი კადიევი და მაგომედოვი დაკარგული?

სხვათა შორის, საინფორმაციო სააგენტო "კავკაზცენტრმა" ახლახან ასეთი ინფორმაცია გაავრცელა: "შეგახსენებთ, რომ კადიევი (26 წლის) ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2012 წლის 14 დეკემბერს გაიტაცეს. ამის შესახებ "კავკაზცენტრი" ჯერ კიდევ 2013 წლის 19 მაისს აცხადებდა წერილში სათაურით: ,,საქართველოში კვლავ იკარგებიან დევნილები ჩრდილოეთ კავკასიიდან". კადიევი და მასთან ერთად მაგომედ მაგომედოვი საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრისა და აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. მაშინ დაღესტნელებისთვის ბრალდება არ წაუყენებიათ. ისინი სხვადასხვა მანქანაში ჩასხეს და თბილისიდან გაიყვანეს. გზად მანქანები გაჩერდნენ და მაგომედოვისა და კადიევის გაქცევის იმიტაცია მოაწყვეს. მას შემდეგ კადიევის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა. მოგვიანებით ის კვლავ დააკავეს ასაფეთქებელი ნივთიერებების არსენალით".

ამ საკითხზე კომენტარი "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარეს, ზაალ კასრელიშვილს ვთხოვეთ: "როგორც ვიცი, შსს-ში მიმდინარე გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეს ობიექტურად გამოიძIებენ და ამიტომ მოვლენებს წინ არ გავუსწრებ", - განაცხადა კასრელიშვილმა.

რა აკავშირებდა პრეზიდენტის მფრინავს კადიევთან?

პრეზიდენტის მფრინავის გვარის მოხსენიებამ ტერაქტის ჩადენის მცდელობისთვის დაკავებულ კადიევთან კავშირში საკმაოდ   უხერხულ კონტექსტში გაიჟღერა. ეს ყოველივე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პროვოკაციად შეაფასა და განაცხადა, რომ კომპანია "თუშეთი", რომლის დირექტორიც ზაურ ქორთოშიძეა, დამოუკიდებელი კომპანიაა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დაქირავებული, რომელიც უკვე პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადავიდა. მიუხედავად ამისა, ამ კომპანიის მომსახურებით პრემიერ-მინისტრს არც ერთხელ არ უსარგებლია, ხოლო სააკაშვილს ძმებ ქორთოშიძეებთან (კომპანია "თუშეთის" მეწილეები) 9 წლის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა. 

ზაურ ქორთოშიძე: - მიკა კადიევს პირველად 2011 წელს შევხვდი. მამაჩემი წარმოშობით დაღესტნიდან არის, თუმცა  6 წლის ასაკიდან საქართველოში ცხოვრობს და ამ ქვეყნის მოქალაქეა. რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს ნათესაური კავშირები დაღესტანში. ერთხელაც მამაჩემის დისშვილმა (ქალმა) დაღესტნიდან დაგვირეკა და გვითხრა, რომ ჩვენი მესამე ძმა, რომელიც აფხაზეთის ომში დაკარგულად მიგვაჩნდა, ცოცხალი იყო და სოხუმში შავ მუშად მუშაობდა. გვითხრეს, მეხსიერება აქვს დაკარგულიო. მოკლედ, ჩემი მამიდაშვილის ნაცნობი დაგვპირდა, რომ არძინბას ყოფილი მძღოლის მეშვეობით მოვძებნიდით და დავაბრუნებდით საქართველოში ჩემს ძმას. სიმართლე გითხრათ, თავიდანვე ეს ინფორმაცია არასერიოზულად მეჩვენა, თუმცა მშობლის გული ხომ იცით, როგორია? ჩვენს დედ-მამას შვილის გადარჩენისა და ნახვის იმედი არ დაუკარგავს.

ამიტომ მათი ხათრით ჩავრთეთ დაღესტნელები ჩემი ძმის პოვნის საქმეში. ისინი მართლაც ჩავიდნენ აფხაზეთში, მოიარეს სოხუმი, გუდაუთა, ბაბუშერა, ოცი კაცი მაინც ნახეს, რომლებიც შავ მუშებად მუშაობდნენ აფხაზებთან, მაგრამ მათ შორის ჩემი ძმა არ აღმოჩნდა. ამის შემდეგ დაღესტნელებთან  კავშირი გავწყვიტე, მაგრამ ერთხელ ისევ მამაჩემის ახლობელმა დამირეკა დაღესტნიდან და მთხოვა, ჩემს მეგობრებს შვილი ჰყავთ თბილისში, მოჭიდავეა. ვაკეში, ფალავანთა კლუბში ვარჯიშობს, ფინანსური პრობლემა შეექმნა და იქნებ ჩვენს ჩამოსვლამდე 100-150 დოლარი მიაწოდოო. მართლაც დამირეკა იმ კაცმა და მიკად (მიკაილ კადიევი) გამეცნო. მას ვაკეში, მე-9 საავადმყოფოსთან შევხვდი და ფული გადავეცი. ამ ამბიდან 2-3 კვირაში ჩემი მამიდაშვილი (ქალი) მამაჩემის ახლობელ მამაკაცსა და ჩვენთვის უცნობ ერთ პირთან, ვინმე აჰმედთან ერთად ჩამოვიდა. ისინი ერთი დღით თელავში, ჩემს მშობლებთან დარჩნენ, შემდეგ სხვა ადგილებიც მოიარეს და მალევე გაფრინდნენ ბაქოში. ეს ყველაფერი 2011 წელს მოხდა. გავიდა ცოტა ხანი და მამაჩემმა დამირეკა, დაღესტნიდან ახლობელი მთხოვს, იმ ახალგაზრდას, ვისაც ფულით დაეხმარე, ბინის დაქირავება სურს და იქნებ შეურჩიოო. მაშინ ჩემი ვაჟი (ისიც მფრინავია) მივლინებით საზღვარგარეთ იყო, ჩიტაძის ქუჩაზე ბინა ჰქონდა დაკეტილი და დროებით მიკა იქ შევუშვით. ორ-სამ კვირაში ჩემი ვაჟი დაბრუნდა და მაშინ ჩემმა მძღოლმა დაუქირავა კადიევს ბინა დოლაბაურისა და ქეთევან წამებულის ქუჩების გადაკვეთაზე, სწორედ იქ, სადაც ახლა ასაფეთქებელი ნივთიერებები და შეიარაღება აღმოაჩინეს.

წითელი ცირკულარით ძებნილი თუ იყო ან ტერორისტი, რაში სჭირდებოდა ბინა, რომელიც ვიდეოთვალითა თუ ფარული კამერებით კონტროლდებოდა? ეს ბინა სწორედ ასეთი იყო.
კადიევთან მეტად კავშირი არ მქონია. მხოლოდ ერთხელ, როცა ჩემი შვილის ბინაში ცხოვრობდა, ყურადღების მიქცევის მიზნით მივაკითხე. მან ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, მახსოვს, ჩვენს რელიგიაზე მკითხა რაღაც, შემდეგ იმდენი ილაპარაკა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, რომ შემრცხვა, ჩემზე ინფორმირებული აღმოჩნდა.

- ე. ი. კადიევი უგზო-უკვლოდ სულაც არ დაკარგულა?
- არა, რა უგზო-უკვლოდ დაკარგული! აკი გითხარით, მისიანების თხოვნით, დავეხმარეთ იმ ბინის დაქირავებაში, საიდანაც ის აიყვანეს.

- ბატონო ზაურ, შემიძლია პრეზიდენტის მფრინავი გიწოდოთ?
- ავიაციაში 1983 წლის აგვისტოდან ვმსახურობ, თავდაპირველად, შევარდნაძეს, შემდეგ გუმბარიძეს, პატიაშვილს, ცხონებულ ზვიად გამსახურდიას, მერე ისევ შევარდნაძეს ვემსახურებოდი. ბოლო 9 წელიწადია ბატონ მიხეილს ვემსახურები. ის თავის სიცოცხლეს მანდობდა და მე ჩემს მოვალეობას ვასრულებდი, მაგრამ არც მე მომინათლავს მისთვის შვილი და არც მას მოუნათლავს ჩემი.…სხვათა შორის, მე პატარკაციშვილსა და ივანიშვილსაც მოვმსახურებივარ. 

- როდის დასჭირდა ივანიშვილს თქვენი მომსახურება და რამდენად ხშირად?
- ეს იყო ადრე, მაშინ პრემიერ-მინისტრი არ იყო. სამჯერ თუ ორჯერ მოვემსახურე. საქართველოში სულ 4 პირს ჰქონდა ვერტმფრენზე ფრენის ლიცენზია, აქედან ერთი გარდაიცვალა, დარჩენილი სამიდან ერთი მე ვარ, მეორე ჩემი ძმა, მესამე კი ჩემი მოადგილეა კომპანია "თუშეთში"...

"კვირის პალიტრა" ერთ საინტერესო ინფორმაციასაც გაგაცნობთ, რომელიც სანდო წყაროსგან მივიღეთ. ბატონი ზაურ ქორთოშიძის სიძე გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსია. ამრიგად, შეუძლებელია, მას  არ ჰქონოდა ინფორმაცია კადიევის ან თუნდაც მაგომედოვის ადგილსამყოფლის შესახებ, როცა ოჯახის წევრები თითქოსდა მათ ეძებდნენ. მეტიც, მაგომედოვი, ოჯახის წევრებისა და ახლობლების განცხადებებით, გურამიშვილის გამზირიდან დაიკარგა, რის გამოც მათ განცხადებით სწორედ გლდანი-ნაძალადევის პოლიციას მიმართეს. იმხანად კი კახეთის საინფორმაციო ცენტრმა შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: "საქართველოს შს სამინისტრო მაგომედ მაგომედოვის დაკავებას არ ადასტურებს. შსს-ს წარმომადგენლის, სალომე წერეთლის განმარტებით, მაგომედ მაგომედოვის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტზე გლდანი-ნაძალადევის პოლიციას მისმა მეგობრებმა 20 აპრილს მიმართეს და სამძებრო სამუშაოები ოფიციალურად დაიწყო. მაგომედ მაგომედოვის მეუღლე ქალიმან ბაგდანი და მეგობარი მირზა მიქატაძე ადასტურებენ, რომ პოლიციამ ისინი დაჰკითხა".

მართლა მზადდებოდა თუ არა ტერაქტი და როგორ დააკავეს თითქოსდა გაუჩინარებული კადიევი? ამ საკითხზე "კვირის პალიტრას" მამუკა არეშიძე ესაუბრა: - მაქვს ინფორმაცია, რომ კადიევი დაახლოებული იყო იმ ჯგუფთან, რომელიც ლაფანყურის მოვლენებში მონაწილეობდა. კადიევი შარშან დეკემბერში დააპატიმრეს, მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლეს. სხვათა შორის, მისი დაპატიმრებაც და გათავისუფლებაც მეტად საეჭვოა. გავრცელდა ხმა, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცეს. ახლა კი ირკვევა, რომ მას რამდენჯერმე გადმოუკვეთია სახელმწიფო საზღვარი და საბოლოოდ დააკავეს როგორც ტერორისტული აქტის მზადებაში ეჭვმიტანილი. რასაკვირველია, ცრუ აღმოჩნდა კადიევის ოჯახის ინფორმაცია მისი გაუჩინარების თაობაზე. ვფიქრობ, ეს იყო ერთგვარი გადაფარვის მცდელობა იმ საეჭვო საქმისა, რასაც კადიევი სჩადიოდა.  საინტერესოა ისიც, რომ კადიევი არის იმ ჯგუფის წევრი, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელია რუსლან პაპასკირი, იგივე ზოონი. როგორც ვიცი, ის თურქეთში ამ ქვეყნის სპეცსამსახურმა დააკავა იმ ბრალდებით, რომ გრუ-ს დავალებით სამი ჩეჩენი ლტოლვილის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა.
სხვათა შორის, ამ პაპასკირს ჩამოჰყავდა საქართველოში ლაფანყურის მოვლენების მონაწილე ჩეჩნებიც.

- ე. ი. ფიქრობთ, რომ ტერაქტი შურისძიების მიზნით იგეგმებოდა?
- არა, ეს ადამიანები ფულის გამო  "მუშაობენ".

- როგორც ჩანს, ტერაქტის მომზადების ვერსია სარწმუნოდ გეჩვენებათ.
- არ ვიცი, ისინი ტერაქტს ამზადებდნენ თუ არა, მაგრამ  ეჭვი არ მეპარება, რომ კადიევი და ომაროვი დააპატიმრეს ბინაში, სადაც ინახებოდა ასაფეთქებელი ნივთიერება და ელექტროდეტონატორები. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ასაფეთქებელი ნივთიერება გამოეყენებინათ "საჭირო დროს" და ვინმეს, თუნდაც რომელიმე პოლიტიკოსის სალიკვიდაციოდ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ  მაინცდამაინც ახლა მოხდებოდა ტერაქტი. უნდა გაირკვეს, საიდან მოხვდა ასაფეთქებელი ნივთიერება იმ სახლში.  
მართალია, საქართველოს საზღვრები თავისუფალია და ხალხი დაუბრკოლებლად მოძრაობს, მიუხედავად ამისა, მაინც არის რაღაც კონტროლი და ასაფეთქებელი ნივთიერების აქეთ-იქით ტარება თითქმის შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში იშოვეს.

-  მაგრამ რაღა მაინცდამაინც იმ ბინაში შეიტანეს, რომელიც ფარული კამერებით კონტროლდებოდა?
- ჩემოდნით რომ შეიტანო ასაფეთქებელი ნივთიერება,  არ გამოჩნდება. საერთოდ, საინტერესოდ მეჩვენება, რომ მთელ ამ სიტუაციაში პრეზიდენტის მფრინავი ფიგურირებს. რაც უნდა უარყონ, ის  2003 წლიდან მიხეილ სააკაშვილს ემსახურება. სხვათა შორის, ამ პერიოდის განმავლობაში საეჭვოდ გამდიდრდა.

- რას გულისხმობთ?
- თუშეთსა და კახეთში შეძენილი მიწებისა და ქონების ჩამოთვლას არ დავიწყებ. მისი ოჯახის წევრები მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ, ერთ-ერთი მათგანი შს სამინისტროს მაღალჩინოსანია.
ჩემი აზრით, ძველი ხელისუფლების პერიოდში კადიევი და შსს-ს ერთი დაჯგუფება თანამშრომლობდნენ. როგორც ჩანს, ეს დაჯგუფება შსს-ში ისევ არის, რომლის დავალებასაც კადიევი ამჯერადაც ასრულებდა.…

უფრო მეტი ვიცი, ვიდრე ვამბობ. გამოძიების დასრულებას ველოდები. თუმცა, ვფიქრობ, კადიევის ფსევდოგაუჩინარება შემთხვევითი არ იყო.…
გიორგი
18 ივნისი 2013 10:44
ვინ რაშია დამნაშავე, მაგის გარკვევა ძნელია, მაგრამ კომენტარებში რომ აშკარა, დაუფარავი მუქარები გაისმის, ეს კი ცხადია! ტერორისტებზე ხმის ამოღებას როგორ ბედავთო!
დონ ჩიჩო
18 ივნისი 2013 09:47
ამ ლობიოს ფერცელზე მკითხავი არეშიძის ერთი სიტვაც არ მჯერა, და საერთოდ რაც დღეს საქართველოში ხდება ეს გახლავთ ცირკი მეტი არაფერი
.
18 ივნისი 2013 00:05
მამუკა აფერუმ შენს ლოგიკას და ანალიზს,სწორად ბრძანებს აქ, ერთი კომენტარის ავტორი,თუ ქორთოშიძემ იცოდა ვის ეხმარებოდა და კონტროლირებად (ვიდეოთი) ბინაში შეასახლა,მაშინ ქორთოშიძეს ეროვნული გმირობა ეკუთვნის და საერთოთ თუშები ცუდად გცოდნია, ან საერთოდ არ გცოდნია შენ--საკუთარი თავის გადასარჩენად არ გეტყვის თუში ტყუილს არეშიძე,ყოვილ შემთხვევაში 99%...ერთი რამე მინდა გირჩიო მამუკა: შენ,დღეს მოსაქნევად გაშლილ ხელში ბუმერანგი გიჭირავს და ჩემი რჩევა იქნება, არ გაისროლო ის,რამეთუ მისი გასროლის შედეგი შენ, მკითხაობის გარეშე უნდა იცოდე! პრეზიდენტები და პრემიერები მოდიან და მიდიან და ფულიც ქარს მიაქვს მამუკა,ამაშიდაც მალე დარწმუნდებით! ქორთოშიძის მიწებს და ვენახებს რომ ითვლი,ხელფასიც დაგეთვალა მისი,ბიზნესს თავი დავანებოთ,თან მაგ სპეციალობის ხალხი 1000-ჯერ ნაკლები ყოფილან პოლიტექსპერტებზე (საქართველოში).ავღანეთის ტერაქტი გიწინასწარმეთყველებია როგორც გავიგე და ეგებ ისიც იწინასწარმეტყველო, ვინ ატვირთა ის ვიდეო,ქვეყანა რომ შეძრა,თუ ვერ შეძლებ, ქუჩაში ვინმე გააჩერე და გეტყვის პასუხს და გააცანი საზოგადოებას,მხოლოდ მაშინ შეიძლება აგცდეს შენგან განატყორცნი ბუმერანგი არეშიძე!

რედაქტორის რჩევით