"მონობას მიჩვეულ მოსამართლეებს თავისუფლების სურვილიც კი არ გასჩენიათ" - კვირის პალიტრა

"მონობას მიჩვეულ მოსამართლეებს თავისუფლების სურვილიც კი არ გასჩენიათ"

"მერწმუნეთ, ოქტომბრის შემდეგ სხვა რეალობა იქნება"

რა მივიღეთ მოსამართლეთა კონფერენციისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევის შედეგად - გამჭვირვალე ორგანო, რომელიც შეძლებს სამართლიანობის აღდგენას, თუ დეფექტური მექანიზმი, რომელიც კვლავ წინა ხელისუფლების ინტერესებს მოემსახურება და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის გავლენას გააძლიერებს? პროკურატურის გავლენას თავდაღწეული მოსამართლეები მონური მორჩილების ვექტორს კვლავ კუბლაშვილისკენ მიმართავენ, თუ დასამარდება უსამართლო სასამართლოს პრაქტიკა? "კვირის პალიტრას" სამართალმცოდნეობის დოქტორი მინდია უგრეხელიძე ესაუბრა.

- როგორც ცნობილია, წინა ხელისუფლების დროს მოსამართლე, როგორი უსამართლო განაჩენიც უნდა გამოეტანა, არ ისჯებოდა. როგორ ხერხდებოდა ეს, კანონის რაიმე მექანიზმით?

- ეს იყო "ნაციონალების" ქცევის წესებით დარეგულირებული მექანიზმი, რომელსაც ძალიან კარგად გაწვრთნილი გაიძვერები ამუშავებდნენ. იმ ხელისუფლების მთელი ეშმაკობა ის იყო, რომ არ მიიღებდა კანონს, რომელსაც დაუწუნებდა ვენეციის კომისია და "პოლიტიკური შორეთი". ამიტომ ახერხებდნენ, მხოლოდ დემოკრატიული რიტორიკით აეხვიათ თვალი ევროპისა და დასავლეთისთვის. მათი ხელწერით, კანონი უნდა ყოფილიყო რაც შეიძლება ბუნდოვანი, პრაქტიკულად კი ემოქმედა კარგად აწყობილ მექანიზმს, რომლის ნებას წინ ვერავინ აღუდგებოდა, ვერც ერთი მოსამართლე. ან ვინ გაბედავდა, როდესაც პროკურორის წინაშე მოსამართლეები შიშით ძრწოდნენ.

იმის სათქმელად, ჩვენთან მოსამართლეს დიდი უფლებები და ფუნქციები აქვსო, ყველანაირი უფლებით კოტე კუბლაშვილი აღჭურვეს.

გარდა იმისა, რომ კუბლაშვილი იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გახლდათ იუსტიციის უზენაესი საბჭოსა და თითქმის ყველანაირი კომისიის თავმჯდომარე, მოსამართლეთა ერთპიროვნული მმართველი... თუმცა თვითონ კუბლაშვილს სააკაშვილი მართავდა. აი, ამ მახინჯ მოვლენას ერქვა მოსამართლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობა.

ანუ კი მიანიჭეს უფლებები უცხოეთის დასანახად, მაგრამ უცხოეთმა ვერ წარმოიდგინა, რომ ამდენი უფლებით აღჭურვილი თავმოყვარე მოსამართლე პრეზიდენტის ხუშტურებზე ივლიდა. ამიტომაც იქმნებოდა ილუზია, რომ საქართველოში არსებობდა დამოუკიდებელი სასამართლო.

- მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და ახალი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევის შედეგად რა მივიღეთ?

- ცვლილებები, რომელიც კანონში შევიდა, დემოკრატიულ გარდაქმნებს გულისხმობდა. თუმცა იუსტიციის სამინისტროს მოწოდებული კანონი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ის, რაც მისგან დარჩა. კოაბიტაციისა და არაერთი სხვა მიზეზის გამო პარლამენტმა შეკვეცა ცვლილებების პროექტი. უმრავლესობა ჩემთვის გაუგებარ დათმობებზე წავიდა და შედეგად რა მივიღეთ? მოსამართლეთა კონფერენციამ (რომელმაც, რა თქმა უნდა, უფრო დემოკრატიულად უნდა აირჩიოს თავისი წევრები) კუბლაშვილის წარდგენილი მოსამართლეები შეიყვანა საბჭოში. 15 კაციდან 9 - ანუ უმრავლესობა - კუბლაშვილი და მისი დამქაშები არიან. სამარცხვინოა, რომ ამ 9 კაცს შორის ცოდვაში ფეხჩადგმულებიც აღმოჩნდნენ. ანუ კონფერენციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აირჩია ის ხალხი, რომელთაც ბიძინა ივანიშვილს უკანონოდ ჩამოართვეს მოქალაქეობა. აირჩიეს მოსამართლე, რომელიც მოლაშვილის თუ მსგავსი სკანდალური საქმეების ხელისუფლების ინტერესების შესაბამისად მოკვარახჭინების გამო დააწინაურეს.

მდგომარეობა ოდნავ გამოსწორდა იმით, რომ ბოლოს აირჩიეს ოთხი კაცი, რომელთაც უსინდისობას ვერ დასწამებ, მაგრამ შეძლებს კი ეს ოთხი კაცი, ხელი შეუშალოს კუბლაშვილს ათასგვარი უბედურების ჩადენაში?

- ოპონენტები ქირქილებენ, რომ წულუკიანს აჯობა კუბლაშვილმა...

- წულუკიანის ჯობნა ცოდნით, შემართებით, უმწიკვლობით კუბლაშვილს კი არა, ბევრს არ შეუძლია. თუ საკითხს ისე დავაყენებთ, რომ მან თავისი გაიტანა, მერწმუნეთ, ეს ძალიან ძვირი დაუჯდება. ჯობნა იქნებოდა, წულუკიანს იმაზე რომ ემუშავა, კუბლაშვილს ვაჯობოო, მაგრამ მისთვის მოწინააღმდეგე არის არა კაცი, არამედ იდეა... მისაღები იყო უფრო დემოკრატიული მექანიზმი, რომლისთვისაც იბრძოლა. მართალია, ისე ვერ გაიტანა, როგორც უნდოდა, მაგრამ ეს დამოკიდებულია პარლამენტში ძალთა თანაფარდობაზე. რას წარმოიდგენდა, რომ კუბლაშვილი ამ პირობებშიც ვერ მოეგებოდა გონს და მოსამართლეების გადაბირებას დაიწყებდა.

უბირმა მოსამართლეებმაც ვერ გათვალეს მომავალი და ვერ დაძლიეს თანამდებობების დაკარგვის შიში.

- მოსამართლეებს კიდევ უნდა შეშინებოდათ? იუსტიციის მინისტრი ხომ ამხნევებდა მათ, მოსამართლეთა კონფერენცია ისტორიულ შანსს გაძლევთ, გათავისუფლდეთო.

- არ მოინდომეს, რადგან თავისუფლება ცოდნას, გამოცდილებას მოითხოვს. მონობას მიჩვეულ მოსამართლეებს თავისუფლების სურვილიც არ გასჩენიათ.

- იმედგაცრუებული ჩანხართ.

- ჯერჯერობით ასეა, მაგრამ ცოტა ხანში სოციალურ-პოლიტიკური ვითარება შეიცვლება. კუბლაშვილის არითმეტიკული უმრავლესობა საბჭოში პოზიციურ უპირატესობას ვერ მოიპოვებს. ჭადრაკში არის მატერიალური უპირატესობა, როდესაც ერთი ფიგურით მეტი მაქვს, მაგრამ არის პოზიციური უპირატესობაც, რომელიც ზოგჯერ უპირისპირდება მატერიალურს. ამ დროს ზედმეტი ქულა, ზედმეტი ეტლი, შესაძლოა, შეგრჩეს და მაინც დამარცხდე. ვფიქრობ, ასე მოხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც. არ ვიცი, უახლოეს მომავალში რა იქნება, მაგრამ ვეჭვობ, მიღებული შედეგი ცოტა გააჭიანურებს სხვადასხვა საქმის გამოძიებას. გაჭიანურდება სამართლიანობის აღდგენის პროცესიც, მაგრამ მერწმუნეთ, ოქტომბრის შემდეგ სხვა რეალობა იქნება. ახლა კუბლაშვილის მოქმედება ძალიან ჰგავს იმ ბავშვის საქციელს, რომელიც უღრან ტყეში თავდაჯერებისთვის შიშით იწყებს ხმამაღლა სიმღერას. სამწუხაროდ, ის ისე გაიტაცა ჯიბრმა და ძალაუფლებით ტკბობამ, რომ უღრანი ტყიდან გამოსვლა ძალიან გაუჭირდება და ვშიშობ, იქვე არ დაიკარგოს.