"მონობას მიჩვეულ მოსამართლეებს თავისუფლების სურვილიც კი არ გასჩენიათ"
"მონობას მიჩვეულ მოსამართლეებს თავისუფლების სურვილიც კი არ გასჩენიათ"
"მერწმუნეთ, ოქტომბრის შემდეგ სხვა რეალობა იქნება"

რა მივიღეთ მოსამართლეთა კონფერენციისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევის შედეგად - გამჭვირვალე ორგანო, რომელიც შეძლებს სამართლიანობის აღდგენას, თუ დეფექტური მექანიზმი, რომელიც კვლავ წინა ხელისუფლების ინტერესებს მოემსახურება და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის გავლენას გააძლიერებს? პროკურატურის გავლენას თავდაღწეული მოსამართლეები მონური მორჩილების ვექტორს კვლავ კუბლაშვილისკენ მიმართავენ, თუ დასამარდება უსამართლო სასამართლოს პრაქტიკა? "კვირის პალიტრას" სამართალმცოდნეობის დოქტორი მინდია უგრეხელიძე ესაუბრა.


- როგორც ცნობილია, წინა ხელისუფლების დროს მოსამართლე, როგორი
უსამართლო განაჩენიც უნდა გამოეტანა, არ ისჯებოდა. როგორ ხერხდებოდა ეს, კანონის რაიმე მექანიზმით?

- ეს იყო "ნაციონალების" ქცევის წესებით დარეგულირებული მექანიზმი, რომელსაც ძალიან კარგად გაწვრთნილი გაიძვერები ამუშავებდნენ. იმ ხელისუფლების მთელი ეშმაკობა ის იყო, რომ არ მიიღებდა კანონს, რომელსაც დაუწუნებდა ვენეციის კომისია და "პოლიტიკური შორეთი". ამიტომ ახერხებდნენ,
მხოლოდ დემოკრატიული რიტორიკით აეხვიათ თვალი ევროპისა და დასავლეთისთვის. მათი ხელწერით, კანონი უნდა ყოფილიყო რაც შეიძლება ბუნდოვანი, პრაქტიკულად კი ემოქმედა კარგად აწყობილ მექანიზმს, რომლის ნებას წინ ვერავინ აღუდგებოდა, ვერც ერთი მოსამართლე. ან ვინ გაბედავდა, როდესაც პროკურორის წინაშე მოსამართლეები შიშით ძრწოდნენ.
იმის სათქმელად, ჩვენთან მოსამართლეს დიდი უფლებები და ფუნქციები აქვსო, ყველანაირი უფლებით კოტე კუბლაშვილი აღჭურვეს.

გარდა იმისა, რომ კუბლაშვილი იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გახლდათ იუსტიციის უზენაესი საბჭოსა და თითქმის ყველანაირი კომისიის თავმჯდომარე, მოსამართლეთა ერთპიროვნული მმართველი... თუმცა თვითონ კუბლაშვილს სააკაშვილი მართავდა. აი, ამ მახინჯ მოვლენას ერქვა მოსამართლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობა.
ანუ კი მიანიჭეს უფლებები უცხოეთის დასანახად, მაგრამ უცხოეთმა ვერ წარმოიდგინა, რომ ამდენი უფლებით აღჭურვილი თავმოყვარე მოსამართლე პრეზიდენტის ხუშტურებზე ივლიდა. ამიტომაც იქმნებოდა ილუზია, რომ საქართველოში არსებობდა დამოუკიდებელი სასამართლო.

- მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და ახალი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევის შედეგად რა მივიღეთ?
- ცვლილებები, რომელიც კანონში შევიდა, დემოკრატიულ გარდაქმნებს გულისხმობდა. თუმცა იუსტიციის სამინისტროს მოწოდებული კანონი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ის, რაც მისგან დარჩა. კოაბიტაციისა და არაერთი სხვა მიზეზის გამო პარლამენტმა შეკვეცა ცვლილებების პროექტი. უმრავლესობა ჩემთვის გაუგებარ დათმობებზე წავიდა და შედეგად რა მივიღეთ? მოსამართლეთა კონფერენციამ (რომელმაც, რა თქმა უნდა, უფრო დემოკრატიულად უნდა აირჩიოს თავისი წევრები) კუბლაშვილის წარდგენილი მოსამართლეები შეიყვანა საბჭოში. 15 კაციდან 9 - ანუ უმრავლესობა - კუბლაშვილი და მისი დამქაშები არიან. სამარცხვინოა, რომ ამ 9 კაცს შორის ცოდვაში ფეხჩადგმულებიც აღმოჩნდნენ. ანუ კონფერენციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აირჩია ის ხალხი, რომელთაც ბიძინა ივანიშვილს უკანონოდ ჩამოართვეს მოქალაქეობა. აირჩიეს მოსამართლე, რომელიც მოლაშვილის თუ მსგავსი სკანდალური საქმეების ხელისუფლების ინტერესების შესაბამისად მოკვარახჭინების გამო დააწინაურეს.

მდგომარეობა ოდნავ გამოსწორდა იმით, რომ ბოლოს აირჩიეს ოთხი კაცი, რომელთაც უსინდისობას ვერ დასწამებ, მაგრამ შეძლებს კი ეს ოთხი კაცი, ხელი შეუშალოს კუბლაშვილს ათასგვარი უბედურების ჩადენაში? 

- ოპონენტები ქირქილებენ, რომ წულუკიანს აჯობა კუბლაშვილმა...
- წულუკიანის ჯობნა ცოდნით, შემართებით, უმწიკვლობით კუბლაშვილს კი არა, ბევრს არ შეუძლია. თუ საკითხს ისე დავაყენებთ, რომ მან თავისი გაიტანა, მერწმუნეთ, ეს ძალიან ძვირი დაუჯდება. ჯობნა იქნებოდა, წულუკიანს იმაზე რომ ემუშავა, კუბლაშვილს ვაჯობოო, მაგრამ მისთვის მოწინააღმდეგე არის არა კაცი, არამედ იდეა... მისაღები იყო უფრო დემოკრატიული მექანიზმი, რომლისთვისაც იბრძოლა. მართალია, ისე ვერ გაიტანა, როგორც უნდოდა, მაგრამ ეს დამოკიდებულია პარლამენტში ძალთა თანაფარდობაზე. რას წარმოიდგენდა, რომ კუბლაშვილი ამ პირობებშიც ვერ მოეგებოდა გონს და მოსამართლეების გადაბირებას დაიწყებდა.
უბირმა მოსამართლეებმაც ვერ გათვალეს მომავალი და ვერ დაძლიეს თანამდებობების დაკარგვის შიში.

- მოსამართლეებს კიდევ უნდა შეშინებოდათ? იუსტიციის მინისტრი ხომ ამხნევებდა მათ, მოსამართლეთა კონფერენცია ისტორიულ შანსს გაძლევთ, გათავისუფლდეთო.
- არ მოინდომეს, რადგან თავისუფლება ცოდნას, გამოცდილებას მოითხოვს. მონობას მიჩვეულ მოსამართლეებს თავისუფლების სურვილიც არ გასჩენიათ.

- იმედგაცრუებული ჩანხართ.
- ჯერჯერობით ასეა, მაგრამ ცოტა ხანში სოციალურ-პოლიტიკური ვითარება შეიცვლება. კუბლაშვილის არითმეტიკული უმრავლესობა საბჭოში პოზიციურ უპირატესობას ვერ მოიპოვებს. ჭადრაკში არის მატერიალური უპირატესობა, როდესაც ერთი ფიგურით მეტი მაქვს, მაგრამ არის პოზიციური უპირატესობაც, რომელიც ზოგჯერ უპირისპირდება მატერიალურს. ამ დროს ზედმეტი ქულა, ზედმეტი ეტლი, შესაძლოა, შეგრჩეს და მაინც დამარცხდე. ვფიქრობ, ასე მოხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც. არ ვიცი, უახლოეს მომავალში რა იქნება, მაგრამ ვეჭვობ, მიღებული შედეგი ცოტა გააჭიანურებს სხვადასხვა საქმის გამოძიებას. გაჭიანურდება სამართლიანობის აღდგენის პროცესიც, მაგრამ მერწმუნეთ, ოქტომბრის შემდეგ სხვა რეალობა იქნება. ახლა კუბლაშვილის მოქმედება ძალიან ჰგავს იმ ბავშვის საქციელს, რომელიც უღრან ტყეში თავდაჯერებისთვის შიშით იწყებს ხმამაღლა სიმღერას. სამწუხაროდ, ის ისე გაიტაცა ჯიბრმა და ძალაუფლებით ტკბობამ, რომ უღრანი ტყიდან გამოსვლა ძალიან გაუჭირდება და ვშიშობ, იქვე არ დაიკარგოს.
მკითხველის კომენტარი (19)
ქეთევანი
21 ივნისი 2013 01:53
კოტე კუბლაშვილი სასწრაფოდ უნდა მოვაშოროთ სასამართლო სისტემას! მას უნდა საერთოდ აეკრძალოს ამ სისტემაში საქმიანობა მომავალშიც...და მის გზას გავუყენოთ სააკაშვილის რეჟიმის მონა-მოსამართლეები და პროკურორები თავიანთი კრიმინალური ქმედებებისათვის...ეს აუცილებლად მოხდება,ყველა დაისჯება უსამართლო განაჩენებისათვის,ქვეყნის აოხრებისათვის,საკუთარი თავის უპატივცემულობისათვის,უსინდისობისა და უნამუსობისათვის...
giorgi
20 ივნისი 2013 00:16
100% მართალია! იუსტიციის საბჭოში აირჩიეს ხალხი ვისაც თავად აქვს უკანონო გადაწყვეტილებები გამოტანილი. თავდ არღვევდნენ კანონებს! მოვა დრო და ეგ საქმეებიც გამჟღავნდება. სამწუხაროდ ის ვინც ირჩევდა თავადაც გასვრილი იყვნენ და ისევ თავისნაირი გასვრილი მოსამართლეები აირჩიენ. მაგრა, დრონი მეფობენო.. უკანონობა ადრე თუ გვიან დაისჯება, ტყუილად ნუ ექნებათ იმედი რომ უკანონო განაჩენებზე პასუხს ვერ მოთხოვენ
dato
19 ივნისი 2013 14:40
რას იძახი ნიკო თუ იცი საერთოდ. მინდია ერთ-ერთი უძლიერესი იურისტია და მრავალი წელი ევროსასამართლოში საქართველოს წარმოადგენდა, როგორც მოსამართლე. კოტე კუბლაშვილი არ არის მოსამართლეების უფროსი. ყველა მოსამართლე დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს (ასე წერია კონსტიტუციაში), შენ კიდე კუბლაშვილს დაუქვემდებარე (!) ასე ფიქრობენ სხვა მოსამართლეებიც და ესაა დაბალი სამართლებრივი კულტურის მანიშნებელი..
niko
19 ივნისი 2013 01:15
ვინ არის ეს კაცი, რატომ აყენებს ადამიანებს შეურაცხყოფას, ვინ არის მონა, თვითონ არის და ამიტომ სხვაც ასეთი ჰგონია...მინდია არ იყო შევარდნაძის ყურმოჭრილი მონა? დაანებოს ამ კუბლაშვილს თავი, თანამშრომელზე გავლენა ნებისმიერ უფროსს აქვს, ასეა კუბლაშვილიც, ან რას ნიშნავს"წიმა მთავრობის მხარდამჭერი მოსმართლე", ანუ არსებული მთავრობის მხაედამჭერი რომ იყოს, მაშინ ავტომატურად სამართლიანი იქნებოდა. ამ კაცს უბრალოდ ძალიან უნდა კუბლაშვილის ადგილი,მეტი არაფერი
ომარ
18 ივნისი 2013 15:54
მონობას მიჩვეულ მოსამართლეებს თავისუფლების სურვილიც კი იმიტომ არ გასჩენიათ,რომ თავისუფლება პასუხისგებას მოასწავებდა,მონობა კი პასუხისგებისაგან განთავისუფლებას. მატერიალური თვალსაზრისითაც,მონობა გამდიდრებას და წრესგადასულ პრივილეგიებს ნიშნავდა,თავისუფლება კი მარტოოდენ ხელფასზე დაჯდომას ნიშნავს.
levani
18 ივნისი 2013 14:27
მოსამართლეებმა საკუთარი ცოდვების გამო ირჩიეს მონებად დარჩენა.
ანუ მოსამართლეების სული კუბლაშვილის ხელში იყო მრავალი წლით, კუბლასვილს მათზე აქვს მრავალი კომპრომატი. აი, ამის გამო იმუშავა შიშის ინერციამ.
იმედია, მონსტრს, რომლსაც კუბლაშვილის სასამართლო ჰქვია, მალე მოეღება ბოლო.

კარგ საქმეებს არავინ მალავს.
დასამალავად ფაფხურობენ ისინი, ვინც ავ საქმეებს სჩადიან.
ავი საქმეების ჩამდენებად რომ ჰყავდა ნაქცევი, იმიტომაც აღჭურვა მოსმართლეები დაუსჯელობით გიჯბოროტა სააკაშვილმა კუბლაშვილის მეშვეობით.
თორემ კარგ საქმეებს რად უნდა დაუსჯელობა და მალვა?!
აქედან გაზომეთ ნაცური "სასამართლოს რეფორმების"მიზანი.



ქ-ნ თეას არ ესწავლება, მაგრამ მოსამართლეებთან წინასწარ უნდა ჩატარებულიყო სათანადო მუშაობა, რაც, ჩანს, კუბლაშვილს უწარმოებია კარგად.


კუბლაშვილის სასამართლოს არსებობას, ჯობს, სულ არ არსებობდეს სასამართლო,-დაიხუროს!!!!
მაინც არ ისამართლებს სამართალი და............
უფრო,-პირიქით!

დახურეთ, გააუქმეთ, რა საჭიროა სასამართლო, სადაც მოსამართლე კანონს კი არა, კუბლაშვილს ემსახურება?!
merabi
18 ივნისი 2013 13:40
აუცილებელია პარლამენტში სასწრაფოდ შეიქმნას ხარვეზების გასწორების გასწორების კომისია და მიენიჭოს მაღ უფლებამოსილება არაკანონიერად გამოტანილი სასჯელის გაუქმებისა და სასჯელის გამომტანი მოსამართლის დასჯის უფლებიღ მხოლოდ ერთი წლით ამის შემდეგ აღდგება სამარღალი სხვა არაფერი არ უშველის მაგ საქმეს მერწმუნეღ. ტყვილა ილუზია ნურავის ექნება რომ ვინმე რამეს გამოასწორებს ესენი კრიმინალთა დაჯგუფებაა.
ნანა
18 ივნისი 2013 11:07
ბატონო მინდია! არსებობს ამ ჭირისაგან დახსნის გზა?
dato
18 ივნისი 2013 03:24
როგორც ერი, ქართველი ერი მონა იყო ყოველთვის რა თქმა უნდა გამონაკლისი თითო ოროლას გარდა. უგრეხელიძეს მონას ვინც დაუძახებს ის მონა თვითონ. სტრასბურგის სასამართლოში ერთადერთი ქართველი მოსამართლე იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ 15 რესპუბლიკებიდან.თქვენ ალბათ სტრასბურგის სასამართლო კუბლაშვილის სასამართლო გგონიათ
megzuri
18 ივნისი 2013 02:16
ბატონებო, საქმე იმაში კი არ არის ვინ არის მოსამართლე,
მთავარია ჩვენ არ ვარღვევდეთ კანონს. მრავალისათვის
ნათელია რატომ არ მოსწონთ კუბლაშვილები.. მათთან საქმეს
ვერ აწყობენ. ასე მოსდიოდა და მოუვა ქალბატონ კაკაბაძეს
და ეს აწიწმატებს მას.
თქვენ ყველას ის გავიწყდებათ რომ დრო მიდის ყველაფერი
იცვლება, თქვენ გაწიწმატებულებს ის გაგიჟეთ რომ სასამართლოზე ხელი არ მიგიწვდებათ.
რაც შეეხება ბატონ მინდიას: თქვენ რომ შევარდნაძის დროს
ბრძანებულიყავით ასეთი პრონციპული ეხლაც მოქმედი
მოსამართლე იქნებოდით, ასე რომ ყველამ გადავხედოთ ჩვენს
ისტორიებს.
და ბოლოს ის რომ პროკურორებს მოუხდებათ ახალ რეალიებში
მუშაობა ფაქტია, სადაც რამოდენიმე წაგებული საქმე პროცესზე
და დაკარგავენ ადგილებს, ასე რომ აქაც აუცილებელია დარქვას
ყველაფერს თავისი სახელი.
რაც შეეხება იმას რომ ყველანი უდანაშაულონი ზიან ციხეში,
საბოლოოდ სიმართლე შეგიძლიათ ევრო სასამართლოზე
დაამტკიცოთ და აგრეთვე სარგოც მოითხოვოთ მთავრობიდან.
აბა ჩამოგვითვალეთ რამდენი წახვედით ევრო სასამართლოზე
და მოიგეთ საქმეები??? ჩვენ არც ადვოკატები არ გვივარგა,
კანონების ცოდნა კი არა წაკითხულიც არა აქვთ ერთხელაც.
ასე რომ გამოსავალი ყოველთვის არის მთავარია ვიყოთ
განათლებულები და დავიცვათ კანონები,მაშინ არც კუბლაშილი
გვინდა,არც კბილაშვილი და არც არავინ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?