კასრებში დაარქივებული ფაშიზმი - კვირის პალიტრა

კასრებში დაარქივებული ფაშიზმი

ერეკლე საღლიანი: "ამ კადრებს რომ ნახავ, მერე როგორ უნდა გაიღიმო?"ხომ შეიძლება ჩვენი გონების სამარიდან ისე ამოვთხაროთ ვარლამის გვამი, რომ მომავალი გადავარჩინოთ?!"

ტრაგედია #1 - უდანაშაულო ადამიანის სახლში სამართალდამცველები შეცვივდნენ და სცემეს ისიც და მისი ფეხმძიმე მეუღლეც. ქალი, რომელსაც სისხლდენა დაეწყო, მიაგდეს, კაცი - გაიტაცეს. საბედნიეროდ, ქალიც გადარჩა და ბავშვიც, მაგრამ კაცს სამუდამოდ დაენგრა სული... გატაცებული სარდაფში ჩაიყვანეს, გაკოჭეს, ჯერ ელექტროშოკით აწამეს, შემდეგ გააუპატიურეს (ამ საშინელებას ფირში ადამიანის მსგავსი მხეცი სჩადის, გამაუპატიურებელი - როგორც ჩანს, ასეთი თანამდებობაც ჰქონდათ). ამაზრზენი სანახაობაა. ბორკილებდადებული შიშველი მსხვერპლი მაგიდაზეა გადასკოჩილი, მოძალადე მშვიდად იხდის ტანსაცმელს, იტოვებს მხოლოდ ნიღაბს და... როდესაც ჯალათების ბანდა რწმუნდება, რომ მსხვერპლისგან სასურველ აღიარებით ჩვენებას ვერ მიიღებს, უშვებენ...

ტრაგედია #2 - მსხვერპლს, რომელიც ასევე ქუჩიდან გაიტაცეს, სთხოვენ, აღიაროს არარსებული ტერაქტის მოწყობის მცდელობა. იმ დღეს ნაცნობმა სთხოვა, სასაფლაოზე ამყევი, ახლობლის საფლავი უნდა მოვინახულოო. გაჰყვა. იქ დაესხნენ თავს და წაიყვანეს...

წამების წესი იგივეა, ერთი განსხვავებით, პროფესიით გამაუპატიურებელს ფეხი აქვს მოტეხილი და მიუხედავად იმისა, რომ ყავარჯნებს ეყრდნობა, მოვალეობის შესრულებაზე არც კი ყოყმანობს. მსხვერპლს რამდენიმე დღე აუპატიურებენ... ცოტა ხნით პირადი უსაფრთხოება ავიწყდებათ და ნიღბებს იხსნიან. ჯალათების სახეს ცოცხალ-მკვდარი მსხვერპლი აფიქსირებს. ამის შემდეგ გადაწყვეტენ, რომ ის საფრთხეს წარმოადგენს და საგანგებოდ შეთხზული დანაშაულით ციხეში უშვებენ, უკეთებენ ნარკოტიკს, ცოტასაც ჯიბეში უდებენ. იძახებენ პოლიციის სხვა ჯგუფს და "ნარკომომხმარებელსა და გამსაღებელს" 7 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიან...

მსხვერპლი ფირების აღმოჩენამდე ცოტა ხნით ადრე ამნისტიით გათავისუფლდა.

ეს ორი ამაზრზენი ამბავი მხოლოდ ფრაგმენტებია იმ სისასტიკისა, რომელსაც ყოფილი ხელისუფლების დროინდელი შსს-ს თანამშრომლები სჩადიოდნენ. წამების, სხვადასხვა ფორმით ძალადობისა და პირადი ცხოვრების  ამსახველი ფარული ვიდეო და აუდიომასალის რაოდენობა ათი ათასს აჭარბებს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ მასალების კოპირებული არქივები წინა ხელისუფლების სხვადასხვა მაღალჩინოსანსაც აქვს. მათი განადგურების შემთხვევაშიც კი, არსებობს საშიშროება, რომ ფარულ გადაღებებსა და თვალთვალში დაფიქსირებული პირები დაცული ვერ იქნებიან იმ პრობლემებისგან, რაც შეიძLლება მოჰყვეს ამ მასალების გავრცელებას. ამიტომაც ფარულად ჩაწერილი ვიდეო თუ აუდიომასალების განადგურების თემა ზღაპრული დრაკონის ამბავს ემსგავსება, როდესაც იძულებული ხარ, დრაკონის თავის მოჭრაზე მანამდე მაინც თქვა უარი, სანამ ისე არ მოჭრი, რომ ერთი თავის ადგილზე ათი არ ამოვიდეს.

"ეს იყო ფაშისტური რეჟიმის მსგავსი სისტემა, რომელიც ჩამოაყალიბა ჩვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ, რომლის სათავეშიც იყვნენ დღესაც მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და სხვა იდეოლოგები. მიმაჩნია, რომ ეს იყო კაცობრიობისა და პირადად ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული. ეს იყო რეჟიმი, რომელიც ებრძოდა ყველასა და ყველაფერს; ებრძოდა საკუთარ ხალხს და ამაზრზენია, რომ დღეს ამ ფირის ნახვის გამო პრეტენზიას გამოთქვამს ის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში "აპრავებდა" "ნაციონალურ" რეჟიმს", - განაცხადა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას შემდეგ, რაც სამინისტროს დარბაზში ვიდეოფირის გაშვებამდე სკანდალი მოხდა.

ჯერ ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ და შემდეგ დათო პაიჭაძემ გააპროტესტეს ფირის ჩვენება, რასაც კვესიტაძესთან ირაკლი კაკაბაძისა და სხვების დაპირისპირება მოჰყვა. მათი თქმით, კვესიტაძე ასეთი განცხადებით ცდილობდა, ხელი დაეფარებინა იმ სასტიკი რეჟიმისათვის, რომელსაც თვითონ და მისი ქმარი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი შოთა უტიაშვილი ემსახურებოდნენ.

როცა ფირი ვნახე, დიდხანს ვფიქრობდი, რა ფორმით გადმომეცა მისი შინაარსი მკითხველისთვის, რომელთაგან ერთი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს, რომ "ვანოს ჯალათების" მიერ გადაღებული "საშინელებათა კინო" სრულიად საქართველომ ნახოს. სტატიაზე მუშაობის დროს გავეცანი ფაქტობრივად ყველა, მსოფლიოში გახმაურებულ, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი სისასტიკისა და ადამიანთა მასობრივი წამების ამსახველ ფაქტებს. თვალში საცემია, რომ დამნაშავეთა ახლობლებს ჰქონდათ შეგნება, მოკრძალებულად დაეგმოთ დანაშაული, რომელიც არ უნდა მომხდარიყო... როგორც ჩანს, ჩვენთან არა მხოლოდ ჯალათობის, მონანიების პრობლემაც დგას. მავანს უჯობს, იყვიროს, რომ არაეთიკურია ადამიანის უფლებების, პირადი ცხოვრების, თუნდაც წამების ამსახველი ფაქტების გასაჯაროება, რომ ასე, ყვირილით გადაფაროს თავისი წილი დანაშაული ან შეცდომა.

ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი: - ყოველ ადამიანში არის არქეტიპული ფსიქიკური შრე, რომელსაც კარლ იუნგმა უწოდა ჩრდილი, ადამიანში არსებული ბნელი მხარე. რელიგიაში ამას ეწოდება "ეშმაკი ჩვენში", აქედან არსებობს გამოთქმა, ეშმაკი გვებრძვისო! ადამიანი, რომელსაც ამ ჩრდილოვანი ფსიქიკური შრის გამოვლენა უწევს, უბედურია. ბრძოლის ველზე მყოფი მეომარიც კი არ იმართება ამ ჩრდილიდან. ამიტომ არ არის მის მიერ ჩადენილი მკვლელობა მკვლელობა. ის იმართება გარკვეული მოტივაციით - ეს არის სამშობლოს დაცვა ან სხვა მიმართულება, რომელსაც აძლევენ საბრძოლო ოპერაციების წინ. თუ ეს მიმართულებები მცდარია, პასუხისმგებლობა სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას ეკისრება. როდესაც არქეტიპული შინაარსის მქონე ბნელი მხარე წამოტივტივდება რომელიმე ხელისუფლის, ხელისუფლების ან პოლიტიკური იდეოლოგიისგან, ვიღებთ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს. ფაშიზმი სწორედ ამ არქეტიპული, ბნელი მხარის გამოვლინებისგან შექმნილი სისტემის შედეგი იყო. როგორ ფიქრობთ, ვინც ფაშიზმის იდეოლოგიას ასრულებდა,  არ ჰყავდა ოჯახი? არ ჰქონდა პირადი ცხოვრების პოზიტიური მხარეები? ფაშისტური სისტემა ადამიანებში ბნელ მხარეს ხდიდა აქტუალურს. როდესაც სისტემას ჩართული ჰყავხარ ბნელი მხარეების გამოვლენის რიტმში და შენ პიროვნულად, ინდივიდუალურად, წინააღმდეგობას უწევ, არ ასრულებ სისტემის მითითებას, ეს გმირობაა. შეიძლება ითქვას, 9 წლის განმავლობაში ასეთი გმირობა არაერთმა ჩაიდინა. გმირები არიან ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" სისტემის რიტმში არ ჩაერთვნენ.

საქართველოს მოსახლეობამ 1-ელ ოქტომბერს უარი თქვა იმ სისტემაზე, რომელიც ადამიანში არსებულ ბნელ მხარეებს უკეთებდა პროვოცირებას და პირდაპირ გამოიხმობდა ბოროტებას. თუმცა, არიან სუსტი ადამიანებიც და ყველას ვერ მოსთხოვ გმირობასა და  მოქალაქეობრივი პოზიციისთვის თავგანწირვას. მათ ბნელი მხრიდან მართული ხელისუფლებები იყენებენ.

- რამდენად გამართლებულია სისასტიკის ამსახველი ვიდეოფირების გასაჯაროება?

- მნიშვნელოვანია, როდესაც ამ ფაქტებს ახალი ხელისუფლება ახმაურებს. ასე საკუთარი თავის მიმართაც პრევენციას აკეთებს, რომ მათი ხელისუფლობის პირობებში იგივე არ მოხდეს. საზოგადოება უკვე არის შემართული იმისათვის, რომ რაიმე არ გამოეპაროს. ეს ყველაფერი არჩევნების მნიშვნელობას, მის წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას გვკარნახობს და მოქალაქეობრივი შეგნების ზრდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტია. სამწუხაროდ, ამხელა ტრაგედია დაგვიტრიალდა, მაგრამ, საბედნიეროდ, შევძელით მისი ტრაგიკულობის აღქმა და სისტემის მონებად არ ვიქეცით.

- თქვენი აზრით, ვიდეომასალების საყოველთაო ჩვენება უნდა მოეწყოს თუ არა?

- რა თქმა უნდა, არა. ეს ძალზე მძიმედ იმოქმედებს ხალხზე. მეტიც, შესაძლოა შფოთვითი აშლილობებიც გამოიწვიოს. ეს პრობლემა დისკომფორტისა და შფოთვითი აშლილობების ზღვარზე გადის. ამიტომ ამის პროვოცირება დაუშვებელია. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს მსხვერპლისა და მოძალადე მსხვერპლის ცნებაც. როდესაც მოძალადეს ევალება, ძალადობა იტვირთოს, ჯალათის როლი შეასრულოს, ისიც ზოგჯერ სისტემის მსხვერპლია, ამიტომ მთავარი პასუხი უნდა მოეთხოვოს ამ სისტემის შემქმნელებს, განკარგულების გამცემებს და ორგანიზატორებს.

დღეს მთელი საზოგადოება მსხვერპლია; ვინც ასეთ ფირებს ნახულობს, ისიც მსხვერპლია. ამიტომაც მსხვერპლი მხსნელად რომ იქცეს, მასმედიამ და ხელისუფლებამ უნდა ითამაშოს დიდი როლი. არსებობს სამი მდგომარეობა: მსხვერპლის, მოძალადისა და მხსნელის. მხსნელად მსხვერპლი რომ გადაიქცეს, მან კარგად უნდა გააცნობიეროს არსებული და დაინახოს მისი არსი და მნიშვნელობა. ამ მხრივ არაჩვეულებრივია ქრისტიანული რელიგია. ქრისტე იყო მსხვერპლი, მაგრამ მხსნელი. მის თავში არსებულმა მხსნელმა შეძლო ეთქვა, შეუნდე, რადგან არა იციან, რასა იქმანო. შენდობა არ ეხება მათ, ვინც იცოდა, რასაც სჩადიოდა და პოლიტიკურ სისტემას ქმნიდა, ვინც ამას ცნობიერად აკეთებდა და არავის წინაშე არ იყო ვალდებული.  აუცილებლად უნდა გაცნობიერდეს "ვარდების რევოლუციის" როლი, მისი ლიდერების პიროვნული ინტერესები ამ რევოლუციაში და მთელი 9 წელი აიგოს ამის მიხედვით.

მტკიცებულებები, რომელიც წინა ხელისუფლებისგან რატომღაც მათ მიერვე შემორჩა ვიდეო და აუდიომასალების სახით, იმაზე მეტყველებს, რომ "ნაციონალური რეჟიმის" მიზანი უმწეო, უკონტროლო ხალხის მართვა იყო. საბედნიეროდ, ხალხის დაშინების მცდელობა ამაო გამოდგა, რადგან სააკაშვილის რეჟიმს მთავარი შეეშალა - თაღლითობაში გაწაფულმა სისტემამ ვერ შეძლო ხალხის მიმართ სიძულვილის დაფარვა. თუ ხალხი გრძნობს, როგორ გეზიზღება, თვითონაც ვერასოდეს შეგიყვარებს.

ერეკლე საღლიანი: - ნანახმა შემძრა.

ამ ფირს რომ ნახავ, მერე როგორ უნდა გაიღიმო?

ადამიანის ტვინში ასეთი სიბილწე რომ დაიბადება, დაზარალებულზე მეტად სადიზმის ჩამდენია შესაბრალისი და საცოდავი, მაგრამ ვერც იმას მივემხრობი, რომ ეს ყველაფერი მიფუჩეჩდეს და ვინმე დაუსჯელი დარჩეს. ადამიანის ცნობიერებიდან უნდა ამოიძირკვოს ის, რაც ჩვენ გარშემო ხდება. ყველაფერი არის გამოხატულება იმისა, რაც ცნობიერებაშია დაგროვილი. როგორც ჩანს, შინაგანად ვერ გავქრისტიანდით. ქართველი იმით იყო მყარად, რომ ცხოვრების წესით ქრისტიანობდა. ეგ რომ მოაცილო, მიიღებ ჩვეულებრივ ნაძირალას და ეს ხდება ახლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული. ვეთანხმები, მაგრამ როდესაც ვამბობ, რომ ქრისტიანულად უნდა ვიცხოვროთ, იქვე უნდა გაგვახსენდეს, რომ სისტემასაც ჩვენში, საზოგადოებაში არსებული ზნეობა ქმნის. ერთთან მომხდარი ამბავი მყისიერად გამოძახილს პოულობს მეორესთან. სამწუხაროა, რომ ვერ შევძელით ცნობიერებიდან ფაშიზმის ამოძირკვა. ამბიციები არ აძლევს მოსვენებას საზოგადოების ნაწილს და ვერ ხვდება, რომ ფაშიზმი უაზრობაა. ეს ჩანდა დარბაზში შეკრებილ ხალხშიც. ზოგს წინა რეჟიმის ნოსტალგია ეტყობა.

პ. ს. შსს-ში "საშინელებათა კინოს" ნახვის შემდეგ ფაშიზმთან ერთად ბოლშევიზმი გამახსენდა და საგანგებოდ ვუყურე თენგიზ აბულაძის "მონანიებას". "მიუხედავად მრავალგზის ნახვისა და ფიქრისა, კიდევ ვერ გავეცი პასუხი კითხვას, რომელიც ბოლო 22 წლის განმავლობაში არ მასვენებს. ვინ ვართ? ბოლშევიკური საქართველოს, ანუ ვარლამ არავიძის შვილი, აბელი, რომელსაც ერთადერთი ვაჟის სიკვდილი სჭირდება გამოსაფხიზლებლად და მამისეული ბოროტებისგან გასათავისუფლებლად, თუ თორნიკე არავიძე, რომელიც იძულებულია, თავი მოიკლას, რათა უარი თქვას საშინელ მემკვიდრეობაზე? ორივე შემთხვევაში მომავალი კვდება. არადა, ხომ შეიძლება ჩვენი გონების სამარიდან ისე ამოვთხაროთ ვარლამის გვამი, რომ მომავალი გადავარჩინოთ?!

ჰოლოკოსტი - "საშინელებათა კინო"

კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ყველაზე საშინელი დანაშაული ჰოლოკოსტის სახელით არის ცნობილი. ინგლისური სიტყვა Holocaust "სრულად დაწვას" ნიშნავს ".

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ნაცისტურმა ხელისუფლებამ და მისმა მოკავშირეებმა ებრაელების, ბოშების, ჰომოსექსუალებისა და სხვათა მასობრივი გენოციდი მოაწყვეს.

ომის დასრულების შემდეგ ამერიკელებმა აიძულეს ტყვე გერმანელი ჯარისკაცები, ეყურებინათ იმისათვის, რა ხდებოდა საკონცენტრაციო ბანაკებში. გაეროს ბიბლიოთეკაში დაცულ ფოტოზე აღბეჭდილია ჯარისკაცების ემოციები...

"აბუ-გრეიბი"

ამერიკის ფედერალური სადაზვერვო ბიუროს (FBI) შეფი ედგარ ჰუვერი ისტორიაში შევიდა როგორც შანტაჟისტი და მოძალადე - გავლენიან ადამიანებზე ჰუვერი არაკანონიერად, არალეგალურად მოიპოვებდა მათი პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს და შემდეგ შანტაჟისა და ზეგავლენის მოსახდენად იყენებდა. მის დოსიეში დანაშაულებრივი მასალა 1900 გვერდს მოიცავს. დღეს აშშ მკაცრად ებრძვის ადამიანის წამების და მათი დაშანტაჟების გამოვლინების ფაქტებს, რისი მაგალითიც არის ბოლო წლებში ერაყში, აბუ-გრეიბის ციხეში ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტების გასაჯაროება. პატიმრების წამების ფაქტების გამოაშკარავების შემდეგ გლდანის ციხეს ამიტომაც უწოდეს "აბუ-გრეიბი 2".