გადასახლება "საზიზღრობის კუნძულებზე"...
24-06-2013
გადასახლება "საზიზღრობის კუნძულებზე"...
მტრისას, ერმა თუ მოგიძულა

დაჯილდოებული შემოპარულები(?!)


გასულ კვირას კიდევ ერთხელ აფორიაქდა საქართველო. სამალავებში აღმოჩენილმა ფარულმა ჩანაწერებმა მერამდენედ, გველის ნაკბენივით გაგვამწარა და რამაც ყველაზე უფრო შეგვზარა, ეს ფიქრი იყო, ხშირად გაუმხელელი და სირცხვილით თანხლებული ფიქრი, ნუთუ ეს ყველაფერი ცხადია და ისიც მათი ჩადენილი, ვისაც, ვინ იცის, დღე-ცისმარე თითოეული ჩვენგანი გულწრფელ გამარჯობას ეუბნება და წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ მის წინაშე დგას კაცი, რომელსაც აღარ გააჩნია არაფერი ადამიანური.
სირცხვილის ფიქრი კი იმიტომ
გწვავს, რომ ქვეყანას, რომელსაც ჰყავდა დავითი და თამარი, ქვეყანაში, სადაც თავი გაწირა ერთ დღეს, ერთ ქალაქში, 100 ათასმა ადამიანმა სწორედაც იმისთვის, რომ მსგავს ბოროტებას ფეხი აღარ დაედგა ქართულ მიწაზე, მაინც აღმოჩნდა ხალხი, რომელთათვისაც წმინდა არაფერი ყოფილა.

აღარ გვაკვირვებს წინა ხელისუფლების წევრთა ოპოზიციონერობა. არც მათი "უმანკო"
იერი. გვაკვირვებს ამ სადისტობის გამამართლებელთა "ურყევი" პოზიცია და კიდევ ის "ჭეშმარიტი" არგუმენტები, რითაც გამართლებას უძებნიან ნებისმიერ უზნეობას. უსმენ მათ და უნებურად ფიქრობ, რომ ეს ხალხი მძიმედაა ავად და ვეჭვობ, არსებობდეს წამალი, რომელიც მათ განკურნავს. მათი გაწყვეტილი შუბლის ძარღვები სწორედ იმ უზნეო რეჟიმს შეეწირა, რომლებსაც შეეძლოთ ერთდროულად საზიზღრობამდე მისული ცინიზმით გაეუპატიურებინათ ადამიანი და იმავდროულად, წმინდა ილია მართლის უზარმაზარი პორტრეტის ფონზე, ანგელოზის გამომეტყველებით ემტკიცებინათ, რომ მისი საქმის გამგრძელებლები იყვნენ...

როცა უფალი ადამიანს სჯის, უპირველესად გონებას ართმევს. უგონოდ და უჭკუოდ კი ყველაფრის გამართლება შეიძლება. უბრალოდ, ასეთი გონდაკარგული არსება ვეღარასოდეს მიხვდება მარტივ ჭეშმარიტებას - როცა უზნეობას იცავ, შენც უზნეო ხარ და არაფრით განსხვავდები იმათგან, ვისაც ადვოკატად უდგები.

ბოლო წლებში დასავლელმა პოლიტიკოსებმა თუ დიპლომატებმა, საფუძვლიანად შეგვასწავლეს ქართველებს "უწყინარი”სიტყვა "შეშფოთება"(!). აქამდე არ ვუწყოდით და თურმე არსებობს შეშფოთების სხვადასხვა განშტოება და ხარისხი: მსუბუქი, საშუალო და ღრმა. არსებობს კიდევ უღრმესი შეშფოთება, რომელიც ჯერ არავის გამოუხატავს ჩვენ მიმართ, მაგრამ ალბათ ამის დროც დადგება, რადგან
"დემოკრატიის შუქურად" მათ მიერვე მონათლულ რეჟიმს ისეთი და იმდენი სადიზმის ფაქტი უაშკარავდება, რომ თვით ყველაზე ღრმად შეშფოთებულ დიპლომატებსაც არ დასიზმრებიათ.
ახლა მაინც თუ ხვდებით, ვის და რას უჭერდით მხარს და რას გაუძლო ქართველმა ერმა?..
და პრეზიდენტი სააკაშვილი?.. ცხადია, გამოეხმაურა ოპერატიულად, ამჯერად, მგონი, ავსტრიიდან (ჯუმბერ ლეჟავას ასწრებს მსოფლიოს შემოვლაში), ტრადიციულად შეეცადა, მრისხანე სახე მიეღო და კიდევ ერთხელ გამოერეცხა ტვინი იმ გასაცოდავებული ადამიანებისთვის, ვისაც ჯერ კიდევ "ჩვენი მიშა" მიაჩნია სხივმოსილ (მთლად შუქურად უკვე ვეღარ, მაგრამ მაინც) მანათობლად, რომელსაც აღმაშენებლობა არ დააცადეს. ჰოდა, გახსნა კარტები პრეზიდენტმა: "ჩვენ მარსზე არ ვცხოვრობთ... ბოლო წლებში პოლიცია ძალიან შეიცვალა. ეჭვს არ იწვევს, რომ იქ სიტუაცია ძალიან გაუმჯობესებული იყო, მაგრამ ყოველთვის შეიძლება წარმოიქმნას უბედურებისა და საზიზღრობის კუნძული, სადაც შეიძლება შეიპარონ სადისტები და მოძალადეები. ვწუხვარ, რომ ასეთები შეიპარნენ ჩვენი მთავრობის დროს... შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ფირებში, თუ, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს შეესაბამება, არის ასახული ძალიან მძიმე დანაშაული და, ცხადია, ამ დანაშაულის ჩამდენნი უმკაცრესად უნდა დასაჯონ"...

"გაიგეთ, ხალხო, ჩვენ მარსზე არ ვცხოვრობთ(?!) და გაუმჯობესებულ პოლიციაშიც წარმოქმნილა საზიზღრობის კუნძულები..." ეს "გენიალური" ნათქვამი რომ გააანალიზო და გაშიფრო, სულ ცოტა, ღრუბელ-ღრუბელ მაინც უნდა იყო ნაფრენი(!). თუმცა, მთლად გულუბრყვილონი ნუ ვიქნებით და ამის მთქმელს უვიცობას ნუ დავაბრალებთ. პირიქით, მას ყველაფერი მშვენივრად ესმის და მოცემულ სიტუაციაში იქნებ ჩვენზე უკეთადაც კი. ეს ზღაპრები მისი ალიბია და მას ყოველთვის ეყოფა ნამუსი, თქვას, რომ მთელი მსოფლიო აქვს შემოვლილი, მაგრამ ამ "საზიზღრობის კუნძულებზე" ნამყოფი არ არის (დაახლოებით ისე, ახალაია რომ ჰყავს სულ ორჯერ ნანახი). მას ისიც შეუძლია, "კუნძულზე" შემოპარულთა”კონკრეტული გვარები დაასახელოს და ერთი-ორი "ბარტყი" გადმოუგდოს ახალ ხელისუფლებას, ოღონდ კი ის ხე არ მოაჭრევინოს, რასაც 9 წელი რუდუნებით რწყავდა (სხვათა შორის, სისხლითაც), მაგრამ მან არ იცის მთავარი: ის ტოტი თავადვე მოიჭრა, რომელზეც იჯდა და ახლა თავდასახსნელად მარსულ ზღაპრებს უყვება საზოგადოებას.

გასაწირი "ბარტყები" კი ამჯერად ვინმე ჩხატარაშვილი და ქარდავა აღმოჩნდნენ, რომლებიც თურმე შევარდნაძის დროიდან შემოპარულან ხელისუფლებაში(?!) რასაკვირველია, არავის გადაუმოწმებია სააკაშვილის მიერ განწირული "ბარტყების" დოსიე, სადაც გამორჩეული ასოებით არის ჩაწერილი მათი "ღვაწლი" სამშობლოს წინაშე. ჩხატარაშვილი პრეზიდენტს ბრწყინვალების ორდენით ჰყავს დაჯილდოებული, ხოლო ქარდავა "1-ლარიანი" მიწის მოზრდილი ნაკვეთით, რომლის ნამდვილი ფასი, როგორც წესი, ასტრონომიული ციფრებით იზომება(!).

ამ ფაქტების შემდეგ, პრეზიდენტს ან ამნეზიის ნიშნები აქვს (ცოტა ნაადრევი ხომ არ არის?), ანდა თვალს შეგნებულად იბრმავებს, თორემ ორდენებისა და ნაკვეთების წაღმა-უკუღმა დარიგება კი არა, სოფლის მიყრუებულ კლუბში დამლაგებელიც არ ინიშნებოდა ავლაბრის კანცელარიის თანხმობის გარეშე. სადისტებს ორდენებს ურიგებდი, მანიაკებს - ნაკვეთებს. შემოპარულებს რომ აჯილდოებდი და გმირებად გვისაღებდი, ესეც არ გახსოვს?!

რეზო ინანიშვილისა არ იყოს, "შენა, ბიჭო, ქუდში თითი შაიყავ, ხო არ გიჭერსო", ისეა მაგის საქმე:
ციხეში შეგეპარა სადისტი, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეგეპარა, "კუდში", "სოდში", ბორჯომის პოლიციის განყოფილებაში, ზუგდიდში, ხაშურში... ამდენი შემოპარული, კაცო?!.
თუ არ იცოდი, რა პრეზიდენტი ხარ და თუ იცოდი, მაშინ უარესი...

P.S. "ქართლის ცხოვრებაში", მძიმე ქრონიკების აღწერისას, მემატიანე ხშირად ხმარობს ფრაზას: "ცოდვათა ჩვენთა გამო"...”ერს თუ სინანულის განცდა არ აქვს, წასულია მისი საქმე. სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი უბედურება ისაა, რომ მათ ეს განცდა არ გააჩნიათ(!). რა ხანია ელოდება მიმტევებელი ქართველი ერი მათგან ჭეშმარიტად ცრემლიანი სინანულის სიტყვას, მაგრამ ამაოდ, პასუხად მხოლოდ ფარისევლობას იღებს. ამ ყველაფრის მერე კი გადასახლება იწყება, გადასახლება "საზიზღრობის კუნძულებზე"...

მტრისას, ერმა თუ მოგიძულა...
nini
25 ივნისი 2013 19:53
მიხუა შიშველია...... მაგარია
მისი ადგილი ვირის აბანოშია.... და მჯერა, რომ ეს სურვილი ქართველ ხალხს მალე აუხდება.
mzia
25 ივნისი 2013 19:47
ძალიან კარგი წერილია .......
როგორ და რანაირად გავძელით 9 წელი (თუ ამას გაძლება ქვია), ალბათ უფალმა დაგვიფარა..
ოი, ღმერთო, შენ მიუზღე სამაგიერო სააკაშვილსა და მისნაირ ყველა გარეწარს..


leqsusi
25 ივნისი 2013 13:19
გუბაზას, დაიჭირონ უნდა მიშა აბა არ დაიჭირონ? ვერა ხართ რა, დალშე რა და ვერავინ ვერ გაბედოს მსგავსი სისულელეს გაკეთება. აუცილებელია იმ კადრების საზოგადოებისთვის ჩვენება, რომ ვეღარასოდეს გაამართლოთ მიშა, ერთი შენ შემოგივარდნენ, ფეხმძიმე ცოლი გიცემონ და შენ გაგაუპატიურონ, მერე აღარ იკითხავ დალშე რაო...
გამომიდგნენ აქ პოლიტიკოსები, კანონის წინაშე ყველა ერთი უნდა იყოს.

რედაქტორის რჩევით