მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ნახვა, არნახვა

როდესაც შსს-დან დამირეკეს და სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი კადრების სანახავად მიმიწვიეს, დიდხანს ვიფიქრე, წავსულიყავი თუ არა. მართლაც არ არის სასიამოვნო სხვისი უბედურების სანახაობად ქცევა, მაგრამ მეორე მხრივ, ჟურნალისტის მოვალეობაა, საზოგადოებას სიმართლე უთხრას, ხოლო თუ თავად არ იცის, რა არის სიმართლე, ამას როგორ გააკეთებს?

არა მგონია, ვინმეს სიამოვნებდეს სადიზმის ყურება, მაგრამ როდესაც გაქვს ფაქტების შემოწმების საშუალება, ეს უნდა გააკეთო. რატომ უნდა ენდო სიტყვაზე შს მინისტრს? იქნებ ის აზვიადებს, როდესაც ამბობს, ეს კადრები იმაზე უარესია, ვიდრე ციხის კადრები იყოო? თან გაინტერესებს, სადამდე მიდიოდა ამ ადამიანების სადიზმი?

კადრები კასრებიდან

ის დღე მართლაც მძიმე გამოდგა. ჯერ იყო და, იქ შეკრებილი საზოგადოება დაუპირისპირდა ერთმანეთს. ზოგს უნდოდა, კადრები გაეშვათ, ზოგს - არა, ზოგი ითხოვდა, მარტო სახე კი არ ყოფილიყო კადრებზე დაფარული, არამედ მთელი სხეულიც, რადგან შეიძლება ვიღაცის სხეულიც იცნონო. ჩემი აზრით, ეს მაშინ უნდა მოეთხოვათ, კადრები ტელევიზიით რომ გაეშვათ. მაგრამ იმ დახურულ შეხვედრაზე, სადაც მათი ოჯახის წევრი არც ერთი არ ვიყავით, ამის მოთხოვნა ზედმეტი იყო. ზოგმა საერთოდ გადაწყვიტა, ერთმანეთისთვის წარსული გაეხსენებინა და პასუხისმგებლობა მათთვისაც დაეკისრებინა. მოკლედ, საკმაოდ უსიამოვნო დასაწყისი გამოვიდა, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ვნახეთ(!!!).

ეს მართლაც შოკის მომგვრელი კადრებია. ვიცოდით, რომ პოლიციაში ასეთი რაღაცები ხდებოდა, მაგრამ საკუთარი თვალით ძალიან ძნელია იმის ნახვა, რას უშვრებიან უმწეო ადამიანს, როგორ აბამენ მაგიდაზე და მოჰყავთ სპეციალური აგენტი, რომლის ფუნქციაც ხალხის გაუპატიურებაა და ის ამ დავალებას ჩვეულებრივ სამუშაოსავით ასრულებს. უმწეო დაბმულ (მაგიდაზე "მისკოჩილ") ადამიანს აუპატიურებენ შესაძლო თუ შეუძლებელი გზით და ამას აკეთებენ ერთადერთი მიზნით - ამ ადამიანმა მათ სასურველი ჩვენება მისცეს. და ხვდები, სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, ხვდები, რომ ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა და რომ ეს მათთვის ჩვეული საქმიანობა იყო. იქ შეკრებილებმა კადრების ბოლომდე ნახვა ვერ შევძელით. მინისტრს ვუთხარით, რომ საკმარისი იყო, თუმცა მთავარი უკვე ნანახი გვქონდა.

მანიაკები სისტემაში თუ მანიაკური სისტემა?

მთავარი კითხვა, რომელსაც გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს, ასეთია: ეს იყო სისტემური დანაშაული, თუ ამას მხოლოდ რამდენიმე მანიაკი სჩადიოდა საკუთარი ინიციატივით? "ნაციონალური მოძრაობა" ბოლო ვერსიაში გვარწმუნებს, ხელისუფლება კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. პრეზიდენტმა ყველაფერი სულაც ორ ადამიანს დააბრალა: ადეიშვილის მოადგილეს, ვინმე ჩხატარაშვილს და როგორც თავად უწოდა, კუდის ფაქტობრივ შემქმნელს, ლევან ქარდავას. მისივე თქმით, ეს ადამიანები შევარდნაძის რეჟიმიდან შემოეპარათ და დღეს ახალ ხელისუფლებასთანაც თანამშრომლობენ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს ის კი არ ადარდებდა, მის დროს ასეთი რაღაცები რომ ხდებოდა, არამედ იმ ადამიანებზე იყო გაბრაზებული, რომლებიც ახალ ხელისუფლებასთანაც თანამშრომლობენ და მისი ეჭვით, წინა ხელისუფლების დანაშაულზე აწვდიან ინფორმაციას. ანუ პრეზიდენტი კადრების გავრცელების გამო უფრო იყო გამწარებული, ვიდრე იმით, რაც კადრებზე ნახა.

რაც შეეხება სისტემურობას, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე თვის წინ პროკურატურამ ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი დააკავა, რომელსაც ბრალად ასევე პატიმრების წამება - მათ შორის სკამის ფეხით გაუპატიურება - ედება, ანუ ეს საშინელება არც მარტო სამეგრელოში ხდებოდა და არც მარტო პოლიციაში, რადგან გვახსოვს ციხის შემაძრწუნებელი კადრებიც. ვიცით იმ უამრავი ფარული ჩანაწერის შესახებ, რომლებიც დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახება და რომლებზეც კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრებაა ასახული. კარგი, დავუშვათ, სამეგრელოში რა ხდებოდა, არ იცოდა ვანო მერაბიშვილმა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მის ცხვირწინ ათასობით ფარული ჩანაწერი რომ ინახებოდა, ესეც არ იცოდა? მე არ ვიცი, სხვას რას შეიძლება ეწოდოს სისტემური დანაშაული.

"ნაციონალების" გასაჭირი

ზემოთ უკვე ვთქვი, რამდენად არაადეკვატური იყო პრეზიდენტი. მასზე ლაპარაკიც აღარ ღირს. რაც დრო გავა, მით მეტი დანაშაულის შესახებ გავიგებთ და "ნაციონალური მოძრაობა" მით უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მე ის მიკვირს, ასეთი ფაქტების გამომზეურების შემდეგ პოლიტიკურ მოღვაწეობას რომ აგრძელებენ, თუმცა მათი გადასაწყვეტია, რას იზამენ. იმედი მაქვს, პოლიციის წარმატებულ რეფორმაზე ამის შემდეგ მაინც აღარასდროს ისაუბრებენ. ერთხელ დავწერე და გავიმეორებ: "ნაციონალური მოძრაობის" დროს პოლიცია მთვარესავით იყო. მოგეხსენებათ, მთვარეს აქვს ნათელი და ბნელი მხარეები. ასე იყო ჩვენი პოლიციაც: პატრული იყო მისი ნათელი მხარე, დანარჩენი კი - ბნელი. სააკაშვილს შევარდნაძის ეპოქიდან რამდენიმე მანიაკი კი არ შემოეპარა, მათ პრინციპულად არ ისურვეს პატრულის გარდა სხვა რომელიმე პოლიციის რეფორმირება და შეინარჩუნეს ძველი მეთოდები: წამება, იარაღისა და ნარკოტიკების ჩადება... და შემდეგ ატარებდნენ გამოკითხვებს: "ენდობით თუ არა პოლიციას?" ხალხის თვალში პოლიცია ძირითადად პატრულთან ასოცირდებოდა და ამბობდნენ, ვენდობითო. ჰოდა, ამ შედეგებს სახეზე გვაფარებდნენ: როგორ ლაპარაკობთ პოლიციაში დარღვევებზე, როდესაც ხალხის 80 პროცენტი ენდობაო.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრთა მდგომარეობა მარტო იმიტომ კი არ არის რთული, რომ ისინი უნებურად დანაშაულის თანამონაწილეები გამოდიან, არამედ იმიტომაც, რომ ამ დღეებში გაიგეს, თურმე ძალოვანი სტრუქტურები არც თავისიანებს ინდობდნენ და ყველა მათგანზე აქვთ ფარული ჩანაწერები. ამის შემდეგ როგორ უნდა იარო წელგამართულმა და ხმამაღალი განცხადებები აკეთო?!.. თუმცა მათგან აღარაფერი გამიკვირდება.

ყველაზე რთულ მდგომარეობაში კი მათი მხარდამჭერები არიან. იყვნენ ადამიანები, ვისაც მართლაც გულწრფელად სჯეროდა მათი, დღეს კი სხვისი დანაშაულის გამო თავის მართლება ან აბსურდული არგუმენტების მოფიქრება უწევთ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" თუ ვინმეს უნდა მოუხადოს ბოდიში, ჯერ - საკუთარ მხარდამჭერებს, მერე კი მთელი ქვეყნის მოსახლეობას. გაიძახიან, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთო და ეს რაღაცით ხომ უნდა გამოიხატოს?