"სააკაშვილმა თავისი განცხადებით აღიარებითი ჩვენება მისცა" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილმა თავისი განცხადებით აღიარებითი ჩვენება მისცა"

"არც ის ვარგოდა, რომ ეს ფირები არავის ენახა და არც ის ვარგა, რომ ყველამ ნახოს, რადგან ძალზე მძიმე სანახავია"

"ჩხატარაშვილი მთავრობაში უკიდურესად მნიშვნელოვანი ფიგურისა და მთავრობის მთავარი მრჩევლის, ხუხაშვილის მარჯვენა ხელი და პროკურატურის საქმეების მთავარი არქიტექტორია", - განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც ფირებზე ასახული საშინელების შემოქმედებად კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები, დავით ჩხატარაშვილი და ლევან ქარდავა დაასახელა.

რა ურთიერთობა აქვს პრემიერის მრჩეველს კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანთან, მიიღეს თუ არა ჩხატარაშვილმა და ქარდავამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ ხელშეუხებლობის გარანტია, ამის გასარკვევად პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, გია ხუხაშვილს დავუკავშირდით:

- როდესაც შს სამინისტრომ წამების ამსახველი ვიდეოფირები დიპლომატიურ კორპუსს, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აჩვენა, დაისვა საკითხი, რატომ არ უნდა ნახოს ეს საზოგადოებამ?

- ქართველი საზოგადოება მუდამ ორ რადიკალურ სიბრტყეში ცხოვრობს. არც ის ვარგოდა, რომ ეს ფირები არავის ენახა და არც ის ვარგა, რომ ყველამ ნახოს, რადგან ძალზე მძიმე სანახავია. სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ასეთ ფორმატში შედგა მისი ჩვენება. ყოფილი ხელისუფლება ცდილობს ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს დევნიან, მაგრამ რადგან ამ რიტორიკას ქვეყანაში გასავალი არა აქვს, ცდილობენ, დასავლეთს შეუქმნან ასეთი წარმოდგენა.

- ფირების განსაჯაროება ხომ არ იყო ერთგვარი პასუხი აშშ-ის კონგრესის შეფასებაზე, თითქოს ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით დევნის ოპონენტებს?

- ამ ორ ქმედებას შორის პირდაპირი კავშირი არ არის, თუმცა კონგრესს ახლა შეგვიძლია ვუთხრათ, განცხადებების გაკეთებამდე ნახეთ ფაქტები და შემდეგ გააკეთეთ დასკვნა. გარდა ელჩებისა, მნიშვნელოვანი იყო, რომ ფირები ენახა საზოგადოების იმ ნაწილს, რომლის მიმართაც ნდობა მაღალია. ასეთ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდისტული შესაძლებლობები იზღუდება, ვეღარ იტყვიან, არაფერი ხდებაო და კვლავ ტყუილსა და დემაგოგიაზე ვერ ააგებენ თავიანთ რიტორიკას. მე ამ ფირების ძალიან მცირე ნაწილი ვნახე, რადგან არ შემიძლია ასეთი რამეების ყურება.

- პრეზიდენტი ამბობს, რომ არაფერი იცოდა, ყოფილი შს მინისტრის თქმით, ეს ინდივიდუალური პირების თვითშემოქმედებაა და არა სისტემური დანაშაული.

- ინდივიდუალური პირები ასეთ რამეებს არ აკეთებენ.

ეს სისტემური დანაშაულია, რაც ყველა სეგმენტში ხდებოდა. ეკონომიკურ სისტემაშიც იგივე ხდებოდა, - ადამიანს დაიჭერდნენ და საკანშივე მიჰყავდათ ნოტარიუსი, რომ მისი ქონება სხვისთვის გაეფორმებინათ.

ეს არ არის ადამიანის გაუპატიურების ერთ-ერთი ნაირსახეობა? ვისაც ზეწოლითა და მუქარით ქონებას ართმევდნენ, არაპირდაპირი გაგებით აუპატიურებდნენ. ასეთი იყო იმ ძალადობრივი რეჟიმის სახე, რომელიც ადამიანის ღირსების შელახვაზე იყო აგებული.

გამიჭირდება წარმოვიდგინო, რა იყო ყოფილი ხელისუფლების ამოცანა, როდესაც ასეთ სისასტიკეს სჩადიოდა. ალბათ, მათსავით გარყვნილი უნდა იყო, რომ მათი მოტივაცია გააცნობიერო. ზოგჯერ ისინი სადიზმს ისეთ ვითარებაშიც ავლენდნენ, სადაც არ ჩანს ამის პრაგმატული ამოცანა...

- სააკაშვილმა კუდ-ისა და პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ჩხატარაშვილი თქვენს მარჯვენა ხელად მოიხსენია და თქვა, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ მან მილიონები და ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო.

- ჩხატარაშვილს არც უმუშავია ჩემთან და არც იმუშავებს. როდესაც პრეზიდენტმა ჩხატარაშვილი დააკავშირა შს სამინისტროში მომხდარ დანაშაულებთან, ამით ფაქტობრივად აღიარა, რომ ეს დანაშაული სისტემური იყო, რადგან ჩხატარაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილე იყო. სააკაშვილმა თავისი განცხადებით აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ამ დანაშაულში ჩართული იყო მთელი სახელმწიფო მანქანა და ის არ ყოფილა კონკრეტული პირების თვითშემოქმედება.

ლევან ქარდავა ნანახიც არ მყავს. ჩხატარაშვილთან კი რამდენჯერმე ეპიზოდური კონტაქტი მქონდა. პრეზიდენტის განცხადების მერე მირჩევდნენ, პატივისა და ღირსების შელახვის გამო, მისთვის მეჩივლა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში ძალზე აბსურდულია, რომ ჩემი მცირე პრობლემით შევიდე იმ საქმეში, რასაც რეჟიმის გასამართლება ჰქვია. ჩემი, როგორც ერთი ადამიანის და არა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლის აზრით, სააკაშვილის რეჟიმმა აუცილებლად უნდა აგოს პასუხი საშინელი სისასტიკის გამო. სააკაშვილი საქართველოს ისტორიის ტრაგიკული პერსონაჟია და Aაზრს ვერ ვხედავ, რომ ვუჩივლო.

- რას იტყვით სააკაშვილის განცხადების იმ ნაწილზე, რომ ამ დანაშაულების ჩამდენმა ჩხატარაშვილმა მიიღო ხელშეუხებლობის გარანტია ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ?

- ადამიანის წამება უმძიმესი დანაშაულია და როგორ შეიძლება ხელშეუხებლობის გარანტია გასცე მძიმე დანაშაულზე.

- მაგრამ ეს არ გავრცელდა ბედუკაძეზე, რომელიც ადამიანების წამებაში მონაწილეობდა.

- ბედუკაძის შემთხვევა გარკვეულწილად უნიკალურია. მას გახსნილ დანაშაულზე კი არ მიუცია ჩვენება, თვითონ გახსნა დანაშაული და ამით ე.წ. ხარაკირი გაიკეთა.

ბედუკაძე, რა თქმა უნდა, დამნაშავეა, მაგრამ მან მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება გამოავლინა. ცალკე საკითხია, ამის გამო ის ციხიდან უნდა გამოეშვათ თუ ბრალი შეემსუბუქებინათ, მაგრამ მან ისეთი რამ გააკეთა, რაც მგონი, არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა.

არ მსმენია, ადამიანს არარსებულ საქმეზე საკუთარი თავის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. როდესაც ადამიანების წამების გამო შს და თავდაცვის სამინისტროების მოქმედი თანამშრომლები დაიჭირეს და ეს პროცესი დაიწყო, არა მგონია, ვიღაცებს ხელი დააფარონ. სააკაშვილის ამ განცხადების ამოცანა დანაშაულის ლოკალიზაცია იყო. მის სიტყვებს მიღმა ისმოდა ყვირილი, ეს საქმე ჩემამდე არ მოიყვანოთო.

- რა დატვირთვა აქვს ფირების განადგურებას მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ იცის, რომ ასლები "ნაციონალური მოძრაობის" ხელშია?

- ფირების განადგურება ვერ იძლევა 100%-იან  გარანტიას, რომ ის მომავალში არსად გამოჩნდება. ამ პროცესს ორი მოტივი აქვს: პირველი - ხელისუფლება უარს ამბობს ასეთი ტიპის ქმედებებზე და მეორე მხრივ, ფირების განადგურება ამნისტიის პაკეტში შედის. ვისაც აქვს ეს ფირები და ნებაყოფლობით დააბრუნებს, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება. ეს ხელს შეუწყობს ამ პრობლემის მაქსიმალურად ლოკალიზებას. თუმცა არ შეიძლება იმის თეორიული გამორიცხვა, რომ ეს ფირები გამოჩნდება. განადგურდება მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა. რაც შეეხება თვალთვალს, დევნას და ა.შ. ამ სახის ფირებს გამოძიება გამოიყენებს. ეს ფირები დაცული უნდა იყოს, რომ მომავალში კიდევ არ მოხდეს გაჟონვა. მას შემდეგ, რაც ესა თუ ის ფირი ამა თუ იმ საქმეზე მაქსიმალურად იქნება ათვისებული, საქმე დაიხურება და განაჩენსაც გამოიტანენ.

- "ნაციონალური მოძრაობა" ფირების საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს, იმის მიუხედავად, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

- მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნა აბსურდია. გამოძიება რომ დასრულდება და საქმე დაიხურება, თუ ვინმეს დარჩება კითხვები, მერე შეიძლება ასეთი კომისიის შექმნა.