"პაეზდკები" ბიუჯეტის ხარჯზე - 300 ათასი ხალხის ჯიბიდან! (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"პაეზდკები" ბიუჯეტის ხარჯზე - 300 ათასი ხალხის ჯიბიდან! (ექსკლუზივი)

"საკრებულოში სამივლინებო ხარჯების 95% "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზეა გამოწერილი"

ყველაზე მეტი თანხა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა ახვლედიანის უცხოეთში ვოიაჟებს მოხმარდა...

"კვირის პალიტრამ" თბილისის საკრებულოს სამივლინებო ხარჯების ამსახველი დოკუმენტაცია მოიპოვა, სადაც დეტალურად არის აღწერილი საკრებულოს წევრებიდან მივლინებებში ვინ სად და რამდენს ხარჯავდა ქალაქის ბიუჯეტიდან. საინტერესოა, რომ ყველაზე ხშირად უცხოეთში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიემგზავრებოდნენ.

2010-2013 წლებში საკრებულოს წევრებმა მივლინებებში სულ 282.349 ლარი დახარჯეს და აქედან 88.752 ლარი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა ახვლედიანის უცხოეთში ვოიაჟებს მოხმარდა. საინტერესოა, რომ ახვლედიანი ვიზიტებისას  ერთი ქვეყნიდან მეორეში გადადიოდა და თბილისში კვირაობით არ ჩამოდიოდა. მაგალითად, 2010 წლის 7 სექტემბერს გერმანიაში, ზაარბრიუკენში გაემგზავრა, სადაც ორი დღე დაყო. შემდეგ ნიდერლანდებში, ამსტერდამში გადაინაცვლა. ამავე წლის ოქტომბერში რამდენიმე დღით ვარშავას ეწვია, იქიდან კი ავსტრიაში, ვენაში გაემგზავრა. ამავე წელს ახვლედიანმა ხუთი დღე გაატარა მოლდოვაში, ქალაქ კიშინიოვში. იქიდან პირდაპირ ისრაელში, თელ-ავივში ჩაფრინდა, წლის ბოლოს კი კიევი და მინსკი მოიარა, სადაც დაახლოებით თითო კვირა გაატარა. სამივლინებო ვოიაჟებით კიდევ უფრო დატვირთული აღმოჩნდა 2011 წელი.

ქალაქის მერის, გიგი უგულავას ახლო მეგობარმა, ერთი კვირა ჯერ საბერძნეთში გაატარა, შემდეგ ვენაში გაემგზავრა, იქიდან ისრაელში, შემდეგ კიშინიოვში. იმავე წელს მოიარა ყაზახეთი, ესტონეთი, პოლონეთი, მოლდოვა, სომხეთი, ბელგია, ავსტრია და ამაში, არც მეტი, არც ნაკლები, 20.573 ლარი დახარჯა. არც 2012 წელს მოუკლია ახვლედიანს მოგზაურობა - საბიუჯეტო ხარჯებიდან ირკვევა, რომ ერთი კვირა ჯერ ათენში გაუტარებია, შემდეგ დაახლოებით ამდენივე ხნით ავსტრიაში, ნიდერლანდებშიც მოუსწრია ყოფნა, პარიზი, პოლონეთი, უკრაინა, გერმანია და იტალიაც მოუვლია. საკრებულოს წევრების 2013 წლის სამივლინებო ხარჯები ჯერ უცნობია, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ახვლედიანის სამივლინებო ხარჯები 88.752 ლარიდან 107.000-მდე გაიზარდა.

ბიუჯეტის ხარჯზე დაფინანსებული მივლინებების ნუსხაში ხშირად შეხვდებით "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი აქტივისტისა და საკრებულოს წევრის, კოკი იონათამიშვილის გვარ-სახელს. მას შემდეგ, რაც ის საკრებულოს წევრი გახდა, 3 წლის განმავლობაში მივლინებებში 18.000 ლარზე მეტი აქვს დახარჯული. ბიუჯეტის ხარჯზე ხშირი მივლინების პრივილეგიით სარგებლობდა საკრებულოს აპარატის უფროსი მარინა დათუკიშვილი, რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა სააკაშვილის ადმინისტრაციის აპარატში და ყოფილი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრების მრჩეველი იყო. 2010-2012 წლებში სამივლინებო ხარჯებიდან მას 31.500 ლარი აქვს დახარჯული. არაერთმა მცდელობამ, დავკავშირებოდით მივლინებების "რეკორდსმენებს", უშედეგოდ ჩაიარა. საბიუჯეტო ხარჯებიდან ჩანს, რომ ბიუჯეტის ხარჯზე საკრებულოს სპიკერატიდან მხოლოდ ერთხელ უსარგებლია მივლინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშიას და ინსბრუკში მისი ვიზიტი 2.367 ლარი დამჯდარა. მაშინ, როცა იმავე მივლინებაში მის კოლეგა მამუკა ახვლედიანს 6.026 ლარი აქვს გამოწერილი. საკრებულოს ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა საკრებულოს წევრების ჯგუფურად გამგზავრება ქართველი სპორტსმენების საგულშემატკივროდ(?!).

ჯაბა სამუშია, თბილისის საკრებულოს წევრი: "დაახლოებით 300.000 დაიხარჯა მივლინებებში, მაშინ როცა ამ სამი წლის განმავლობაში თბილისის საკრებულოს არც ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულება არ გაუფორმებია. ამ ხარჯებიდან ჩანს, რომ სამივლინებო ხარჯების 95% "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზეა გამოწერილი. ეს თანხა თბილისელებს რომ მოხმარებოდა, გაცილებით მეტი კარგი საქმის გაკეთება შეიძლებოდა. თქვენს ინფორმაციაზე დაყრდნობით აუცილებლად მოვითხოვ ჩემი კოლეგებისგან, რომ წარმოადგინონ ამ ვიზიტების კონკრეტული შედეგები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე დაუსაბუთებლად ბიუჯეტის ხარჯვა უცხოეთში ვიზიტებზე, სხვა არაფერია, თუ არა ელიტური კორუფციის ერთ-ერთი ნაირსახეობა. საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი! გარდა ამისა,

სამივლინებო ხარჯების ჩამონათვალში ისეთი გვარები გვხვდება, გაუგებარია, საკრებულოს სახელითა და ბიუჯეტის ხარჯზე რატომ უნდა მიემგზავრებოდნენ უცხოეთში და თან ასეთი სიხშირით.

მე ხშირად მიწევს უცხოეთში ყოფნა, მათ შორის არა მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ სამეცნიერო კონფერენციებზე, მაგრამ მხოლოდ ერთხელ ვისარგებლე ბიუჯეტით დაფინანსებული მივლინებით".

P.S. სამივლინებო ხარჯებზე არანაკლებ საინტერესოა საკრებულოს წევრების მიერ "საქონელსა და მომსახურებაში" ბიუჯეტიდან გადახდილი სოლიდური თანხები. მათ შორის საბაკალეიო საქონელში გადახდილი 18.200 ლარი, რესტორან "წისქვილში" მრავალგზის სტუმრობა და ყვარლის ტბაზე გამართული შეხვედრა, რომელიც ქალაქის ბიუჯეტს 10.000 ლარზე მეტი დაუჯდა. თუმცა, ეს სხვა პუბლიკაციის თემაა და იმედია, საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მაშინ მაინც მოიცლიან, რათა ამ ხარჯების მიზნობრიობაში დაგვარწმუნონ.