ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

სახიფათო ზღვარზე

ბოლო დროს საქართველოში მომხდარი მოვლენები რამდენიმე სახიფათო ტენდენციას გამოკვეთს და სასწრაფო რეაგირებას ითხოვს. კერძოდ:

1. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროინდელი სისასტიკის ამსახველი კადრებისა და ფაქტების დოზირებულად და მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სერიებივით გაშვება საზოგადოების სტრესს და აგრესიას იწვევს.

2. იმ დროს, როცა ამ სისასტიკის ავტორები და განმახორციელებლები სათანადოდ არ ისჯებიან და ხელისუფლება, ფაქტობრივად, ვერ ასრულებს თავის ერთ-ერთ უპირველეს მოვალეობას, ანუ ვერ აღადგენს სამართალს - ეს ყველაფერი საზოგადოებით მანიპულირებას ემსგავსება.

3. შედეგად, საზოგადოების ნაწილს შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება, თავად ჩაანაცვლოს ხელისუფლება და მოისურვოს რევანშის აღება, რაც გამოიწვევს უმართავ პროცესებს საზოგადოებაში და სახელმწიფო სტრუქტურების პარალიზებას.

4. დღეს საზოგადოებისა და სახელმწიფოს სტაბილურობაზე პასუხისმგებელი ახალი ხელისუფლებაა და ის ვალდებულია, საკუთარ მოქალაქეებს არა მხოლოდ თვალნათლივ დაანახოს წინა ხელისუფლების დანაშაული, არამედ ადამიანები დაარწმუნოს, რომ დამნაშავეები პასუხს ნამდვილად  აგებენ.

5. ლოგიკური და სამართლიანი იქნებოდა, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელი დანაშაულების გამოძიება და გასამართლება წინ უსწრებდეს ამ დანაშაულთა გასაჯაროებას. თუმცა, დღევანდელ ხელისუფლებას, რა საოცარიც უნდა იყოს, სჭირდება დასავლეთის დარწმუნება, რომ სამართალი უნდა აღსრულდეს და ამისათვის იძულებულია, თავდაპირველად ფაქტები და ნივთმტკიცებები აჩვენოს ყველას, მათ შორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც.

6. როგორც შიდა სტაბილურობის, ასევე საერთაშორისო იმიჯის გადასარჩენად, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს წინა ხელისუფლების მიერ ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მასშტაბური გამოძიება და თუ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შედეგად დადგინდება, რომ ჩადენილ დანაშაულში მხოლოდ ცალკეული პირების ბრალი კი არ იკვეთება, არამედ საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული მასობრივი ტერორი  მიზანმიმართული სახელისუფლებო პოლიტიკა იყო, მაშინ დღის წესრიგში უნდა დადგეს ვადამდე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი.

7. თუ ჩვენ ცხრა წლის განმავლობაში გვმართავდა დანაშაულებრივი რეჟიმი, მაშინ მათი ადგილი პარლამენტში არ ყოფილა; თუმცა, თანამიმდევრობა უნდა იყოს დაცული: ჯერ უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი სამართლებრივი დასკვნა და შემდეგ გამოიკვეთოს ვადამდე არჩევნების საჭიროება.

8. დასასრულ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ რა, რომ დასავლური ორიენტაცია ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, არსებობის ერთადერთი გზაა, კითხვას ვუსვამ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს: მეგობრებო, რომელი დასავლური ქვეყნის ხელისუფლება გაუბედავს, უთხრას თავის მოქალაქეებს: ძვირფასებო, მართალია, თქვენ წინა ხელისუფლება მუდმივ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ტერორში გამყოფებდათ, სჩადიოდა ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, ხელყოფდა არამცთუ კერძო საკუთრებას, არამედ კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებულ, უკლებლივ ყველა ადამიანის უფლებებს, მაგრამ საერთაშორისო კონიუნქტურა ითხოვს, რომ მათ ამისთვის პასუხი არ მოეთხოვოთ და ამიტომ სამართალს ვერ აღვასრულებთო! გაბედავთ და ეტყვით ამას საკუთარ ამომრჩეველს?! მაშ, რატომ გვაიძულებთ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, არ აღვიდგინოთ ჩვენი შებღალული ღირსება?!