"სააკაშვილის ინტიმური შინაარსიის შემცველი ვიდეომასალის დამონტაჟება მე მთხოვეს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის ინტიმური შინაარსიის შემცველი ვიდეომასალის დამონტაჟება მე მთხოვეს"

რატომ არ აძლევენ აჭარლები მოსვენებას სააკაშვილს? რისთვის ჩუქნიდა წინა მთავრობა აჭარაში მიწებსა და ქონებას ერთ ლარად უცხოელ ბიზნესმენებს და რა გარიგება დაიდო ასლან აბაშიძესა და მიხეილ სააკაშვილს შორის? ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრას" არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე ესაუბრა.

"ასლანი რომ გაიქცა, მის კაბინეტში "ნაციონალები" შეცვივდნენ, მაგიდაზე კი თავიანთი ცხოვრების შესახებ კომპრომატები იპოვეს. ამით ასლანმა აგრძნობინა, თქვენზე ყველაფერი ვიციო..."

- ბათუმი პატარა ქალაქია და იქ, სადაც მიშა დადის, სპეცფორმაში გამოწყობილი ადამიანები ორი-სამი საათით ადრე დგებიან და პრეზიდენტს ელოდებიან. იმ დღეს, როცა სპეცფორმიანი ბიჭები "ბათუმის პლაზასთან" დადგნენ, ნათესავმა დამირეკა, როგორც ჩანს, მიშა უნდა მოვიდესო. ვაცნობე ეს ამბავი ეკომიგრანტებს და ისინი რამდენიმე სოციალურად დაუცველ პირსა და პოლიტპატიმართან ერთად პრეზიდენტის სანახავად გაემართნენ. საიდუმლოდ მითხრეს, მიშა აუზში ბანაობსო. გადავწყვიტეთ, თავზე დავდგომოდით, მაგრამ ადმინისტრაციამ არ შეგვიშვა. ვიდრე იმას ვარკვევდით, რა უფლებით არ გვიშვებდნენ, ან გადახდილი ჰქონდა თუ არა აუზის ფული პრეზიდენტს, შენობას სპეციალური მანქანები მოადგა და მიშაც საიდუმლო გასასვლელიდან გაიპარა.…

სააკაშვილმა რამდენიმე წლის წინ ზარ-ზეიმით წაიყვანა ეკომიგრანტები და წალკაში ჩაასახლა, თუმცა არ დაუკანონა არც მიწის ფართობები და არც შენობები, რის გამოც სამი ათასი ოჯახი ისევ აჭარაში დაბრუნებას ითხოვს. ჩვენ გვსურდა, გამოსულიყო სააკაშვილი და ეთქვა, რატომ დატოვა ეს ხალხი უსახლკაროდ. 65 მილიონი დაიხარჯა ანბანის კოშკის გაკეთებაზე, არადა ამ თანხიდან მცირე ნაწილიც კი საკმარისი იქნებოდა ეკომიგრანტების პრობლემის მოსაგვარებლად. პოლიტპატიმრებს სურდათ ეკითხათ, რატომ გაატარეს წლები უკანონოდ ციხეში.

საკითხავი სწორედ ის არის, რომ ქალაქის ფსევდოგალამაზებაში მან და მისმა კრიმინალურმა ბანდამ დიდი ფული მოტეხეს. ცხადია, მიშამ ის გაყიდა, რაც ხალხის საკუთრება იყო და ნურაფერს გვამადლის. მალე ცნობილი გახდება იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის ბიზნესმენების ვინაობა, რომელთაც ერთ ლარად აჩუქა აჭარაში ქონება და მიწა. ჩემი ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც საზღვაო სანაოსნო იყო, ერთ ლარად გაყიდეს. გვაბოლებენ, მრავალმილიონიანი ინვესტიცია უნდა შემოსულიყოო, რომელიც დღემდე არ ჩანს. როგორც ჩანს, უცხოელებს ეუბნებოდნენ, ერთ ლარად მოგცემთ ამა და ამ ადგილს, თქვენ კი ფული ქეშად გადაგვიხადეთო.

აჭარის პროკურატურა ძალიან უმოქმედოა. არც მიკვირს - პროკურორი ავთანდილ კილაძე ზურაბ ადეიშვილის უახლოესი მეგობარია, 8 წელი იმუშავა ბათუმის პროკურორად. აღარავის სჯერა, რომ ასეთ საქმეებს გამოიძიებს.

- დონალდ ტრამპის ინვესტიციებიც ბლეფი იყო?

- ტრამპს საქართველოში ერთი ლარიც არ ჩაუდვია. ყველაფერი ბიზნესმენმა გიორგი რამიშვილმა გააკეთა. ის ასლან აბაშიძის დროიდან იყო ჩართული ნავთობის ბიზნესში. მამა-შვილი რამიშვილები დიდ ფულს შოულობდნენ ნავთობტერმინალის სარგებლობით. გიორგი ასლან აბაშიძის ვაჟთან მეგობრობდა. შემდეგ კი როგორღაც სააკაშვილს დაუახლოვდა. ტრამპთან სააკაშვილი სწორედ აბაშიძესთან დაახლოებულმა გიორგი რამიშვილმა დააკავშირა.

- თავის დროზე, თქვენ ისიც კი თქვით, რომ "ვარდების რევოლუციით" მოსულმა ხელისუფლებამ აბაშიძეს ნავთობის ბიზნესში წილი შეუნარჩუნაო.

- ეს სიმართლეა. ასლანი რომ გაიქცა, მის კაბინეტში ოქრუაშვილი და სხვა "ნაციონალები" შეცვივდნენ, მაგიდაზე კი თავიანთი ცხოვრების შესახებ კომპრომატები იპოვეს. ამით ასლანმა აგრძნობინა, თქვენზე ყველაფერი ვიცი და თუ დამჭირდა, გამოვამზეურებო. მაგრამ არც ერთი კომპრომატი არ გაუხმაურებია. არაერთი გავლენიანი პირი აბაშიძესთანაც მეგობრობდა და "ნაციონალებთანაც". მათი მეშვეობით შესაძლებელი იყო აბაშიძესა და "ვარდების რევოლუციით" მოსულ ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება

.

- მაინც ვინ იყვნენ შუამავლები?

- თუნდაც მილიონერი დავით იაკობაშვილი, რომელსაც აბაშიძესთანაც მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა და კეზერაშვილის მეგობარიც აღმოჩნდა.

- ხომ არ იცით, რა კომპრომატები დაუტოვა ასლან აბაშიძემ "ნაციონალებს"?

- მხოლოდ ერთი კომპრომატი ვიცი სააკაშვილზე, ისიც იმიტომ, რომ უშიშროების სამსახური ამ ვიდეომასალის დასამონტაჟებლად მე მომადგა. მაშინ აჭარის სახელმწიფო ტელევიზიას ვხელმძღვანელობდი. მითხრეს, ქობულეთში, სასტუმროშია გადაღებული, როცა სააკაშვილი ერთობოდაო.…

- ქალებთან მისი ურთიერთობის სცენა იყო აღბეჭდილი?

- არა, ქალს ტელეფონით ელაპარაკებოდა და მარტო ერთობოდა. ვიდეომასალა რამდენიმე დღეს ასახავდა. უარი რომ ვთქვი დამონტაჟებაზე, განაწყენებულმა აბაშიძემ დამიბარა და მკითხა, რაც გთხოვეს, რატომ არ გააკეთეო. ავუხსენი, მონტაჟი სამი კაცის გარეშე წარმოუდგენელია და მე ვერ ვიქნები პასუხისმგებელი, რომ ინფორმაცია არ გაჟონავს-მეთქი. მიუბრუნდა ასლანი უშიშროების თანამშრომლებს და უთხრა, თქვენც ხომ გაქვთ სამონტაჟო აპარატურა და რატომ იქ არ გააკეთეთ ეს საქმეო. თურმე მათაც შეშინებიათ ინფორმაციის გაჟონვისა და ჩემზე ხელის შეწმენდა მოუნდათ.

- გაქცევამდე რატომ არ გაახმაურა აბაშიძემ ეს კომპრომატები?

- ვერ მოასწრო. თავიდან ამერიკის ელჩმა სთხოვა, ვიცი, რომ გაქვთ მასალები, რომელიც არ უნდა გახმაურდესო…და ანგარიში გაუწია. შემდეგ უკვე დაგვიანებული იყო. მოგვიანებით ასლანმა ამ კომპრომატებიდან გამომდინარე თქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში გახრწნილი ადამიანები მოვიდნენ, რომლებიც მზად არიან, ხალხისა და საქართველოს საწინააღმდეგოდ იმოქმედონო. ის ფირი კი მაინც არ აჩვენა. როგორც ჩანს, უკან დასახევი გზაც დაიტოვა.

- ე. ი. ფირებზე სხვისი ინტიმური ცხოვრების დეტალების ასახვა ასლან აბაშიძის დროსაც აქტუალური იყო.

- ასლანის დროს ამას მასობრივი ხასიათი არ ჰქონდა. სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ კი ბათუმი კომპრომატების მოგროვების ცენტრი გახდა. უღებდნენ ყველას, ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოპოზიციონერებს, მომღერლებს, საზოგადოებისთვის ცნობილ და ნაკლებად ცნობილ პირებს. ყოველ კორპუსში ერთ-ერთი ოთახი უშიშროების სამსახურისგან კონტროლირებულ პირს ეკუთვნოდა, რომელსაც უნდა გადაეცა საჭირო დროს საჭირო ინფორმაცია.

- ეს სისტემა თუ ასე აწყობილი იყო, ხომ შეიძლება იგივე დღესაც გრძელდებოდეს?

- ვერაფერს გეტყვით. რასაკვირველია, სასტუმროების ან რესტორნების მფლობელებმა არაფერი იციან იმის შესახებ, თუ სად და როგორ ამონტაჟებდნენ სათვალთვალო კამერას. ვფიქრობ, ახალ ხელისუფლებას ყველა ის ვიდეომასალა აქვს, რომელიც ადამიანების კომპრომეტირებისთვის იქმნებოდა.