"ჩვენ 2013 წელს ვერ დაველოდებით" - კვირის პალიტრა

"ჩვენ 2013 წელს ვერ დაველოდებით"

"რატომ დასჭირდა მედვედევის ადმინისტრაციას, რომ ასე აშკარად გამოქომაგებოდა სააკაშვილს?"

"ყველას ტყავს აძრობენ, უკანონო გადასახადებს აწერენ, მუქარით აიძულებენ, გაყიდონ ყველაფერი და გადაიხადონ გადასახადები, აიღონ ბანკებში სესხი და ბიუჯეტში შეიტანონ, რათა რამენაირად გაისტუმრონ პოლიციელებისა და სამხედროების ხელფასები, რადგან ხელისუფლებას ეშინია, მის მთავარ დასაყრდენ ძალოვან სტრუქტურებში უკმაყოფილება არ გაჩნდეს", - ასეთია "ახალი მემარჯვენეების" ლიდერის, დავით გამყრელიძის თვალით დანახული, ხელისუფლებისთვის კი "ეკონომიკურად აყვავებული" საქართველო. დავით გამყრელიძესთან საუბარი მორიგი სახელისუფლებო კარუსელის მიზეზების ამოხსნით დავიწყეთ:

-  თავის დროზე, განათლების მინისტრად კანალიზაციის სპეციალისტის, ლომაიას დანიშვნით დიდი დარტყმა მიაყენეს განათლებასა და მეცნიერებას. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი და განათლებასთან ასოცირებული გია ნოდიაც მალე ჩაანაცვლეს ნიკა გვარამიათი, რომელმაც პროკურორად მუშაობით "ისახელა თავი". გვარამიას იუსტიციის მინისტრობის დროს გააკეთეს ყველაზე დიდი სიყალბე: არჩევნების დროს ყალბი პირადობის მოწმობები დაბეჭდეს. ამის გამო მთელი პასუხისმგებლობა სწორედ გვარამიასა და გიორგი ვაშაძეს ეკისრებათ. ბატონი ვაშაძე დღეს ცესკოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად სახელდება. სწორედ მან დაბეჭდა 150 ათასი ყალბი პირადობის მოწმობა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნები გაეყალბებინა.

ახალდანიშნული განათლების მინისტრი შაშკინიც არ ასოცირდება განათლების სისტემასთან. მთავრობაში მუშაობის გამოცდილება პენიტენციარული სისტემისა და ციხეების მინისტრის რანგში მიიღო. სააკაშვილის ხელისუფლებას აქვს მავნე მიდრეკილება, რომ განათლების სამინისტრო ძალოვან მინისტრებს დაუქვემდებაროს.

ამბობენ, რომ გვარამია თვალში არ მოუვიდა მერაბიშვილს, ზედმიწევნით ვერ გააკონტროლაო. გვარამიამ მეტ-ნაკლებად ობიექტური პოზიცია დაიკავა იმით, რომ განათლების სისტემა არ აქცია "ნაცმოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესების სარეალიზაციო არეალად. ალბათ, ამიტომაც შემოსწყრა ხელისუფლება. სასაცილოა, რომ თანამდებობიდან მისი წასვლის არგუმენტად სწავლის გაგრძელება დასახელდა. ხელისუფლებას არჩევნებზე განათლების სისტემის სრული მობილიზაცია სჭირდება, რათა გარანტია ჰქონდეს, რომ ამ სფეროს ხმები სახელისუფლებო ყულაბაში მოხვდება. არ გამოვრიცხავ, გვარამიასთვისაც მინისტრობა ამ ეტაპზე სასიამოვნო საქმიანობა ყოფილიყო. შესაძლოა, ერჩივნა გასცლოდა ხელისუფლებას და თავი გადაერჩინა.

- რუსეთში გამართულ მედიაფორუმზე ქართველი ჟურნალისტების გამოჩენას ბრალდებები და უსიამოვნო ეპითეტები მოჰყვა.

- ხელისუფლება თავს ესხმის ყველას, ვინც რუსეთთან რაიმე ტიპის ურთიერთობას დაამყარებს. ეს იმიტომ, რომ შიშობს, არ გამჟღავნდეს რეალური ვითარება და ჩანაფიქრი იმ პოლიტიკისა, რომელსაც სააკაშვილი ატარებს. არ ვიცი, სააკაშვილი რუსეთისთვის მუშაობს თუ არა, მაგრამ ფაქტია, მისი მმართველობისა და ყველა ქმედების შედეგი რუსული პოლიტიკის ინტერესში ჯდება. საქართველოს ბაზარი, ისევე როგორც უმნიშვნელოვანესი ობიექტები, რუსეთის ხელშია, საქართველოში დაბრუნდა რუსეთის ბაზები, ჩვენმა ქვეყანამ  დაკარგა ნატოში გაწევრების რეალური პერსპექტივა, რაც ასევე რუსეთისთვის იყო სასურველი. გაუგებარია ხელისუფლების ისტერიული კივილი და სამშობლოს მოღალატის იარლიყის მიკერება ყველასთვის, მაშინ როდესაც ნატოს გენმდივანი პირდაპირ მოუწოდებს, დაიწყეთ რუსეთთან დიალოგიო. 2010 წელს რუსეთი, სავარაუდოდ, გაიხსნება ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, შეიძლება უვიზო რეჟიმზე გადავიდეს. ხდება რუსეთისა და ევროკავშირის დაახლოება, ჩვენ კი დავშორდით ნატოსაც და ევროკავშირსაც.

- სავიზო რეჟიმის გამარტივება ჩვენც შეგვეხებაო.

- აბა, რომელიმე მოქალაქემ სცადოს შენგენის ვიზის აღება და ვკითხოთ, რამდენად გაიოლდა ეს პროცესი? ეს მხოლოდ პიარია. სინამდვილეში, ჩვენ მოვწყდით ევროპულ სივრცეს, ინვესტიციებს. ხელისუფლება იმაზეა მობილიზებული, არაბული ან აზიური სივრციდან შემოიყვანოს ინვესტორები. მათზეც ეჭვია, რომ ეს ფულის გასარეცხად სჭირდებათ და არა რეალური ინვესტიციისთვის.

- ბუბა კიკაბიძემ ამას წინათ "კვირის პალიტრასთან" განაცხადა, ოპოზიცია რუსეთიდან ფულს იღებსო.

- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,  არათუ ალიანსში შემავალ ძალებს,  არამედ არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ მიუღია ფული რუსეთიდან ბოლო წლების განმავლობაში. არავინ აპირებს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების გამოგზავნილ ფულზე გაიყიდოს და გაყიდული პოლიტიკის საფუძველზე მოვიდეს ხელისუფლებაში. მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი მეწარმეები მკაცრად გააფრთხილა კრემლმა, ქართულ ოპოზიციას არ გაჰკარებოდნენ, კიდევ უფრო გაგვიძლიერდა ეჭვი, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ყველაზე სასურველია კრემლისათვის.

რატომ დასჭირდა მედვედევის ადმინისტრაციას, რომ ასე აშკარად გამოქომაგებოდა სააკაშვილს? ეს ხომ იმის დასტურია, რომ რუსეთის ხელისუფლება დაინტერესებულია, საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციისგან არ შეექმნას რაიმე პრობლემა? სააკაშვილის თანაგუნდელებმა იციან, იგორ გიორგაძის ნაჩუქარი დაჯავშნული "ვილისით" და მისი გამოგზავნილი ფულით რომ დარბოდა სოფელ-სოფელ სააკაშვილი რევოლუციამდე.

- მაგ დროს თქვენ, სააკაშვილი და ჟვანია ერთად არ იყავით?

- 2003 წლის არჩევნები ახლოვდებოდა და გვინდოდა, ყველაფერი არჩევნების გზით შეცვლილიყო ქვეყანაში. მაშინ ვთანამშრომლობდით, რადგან იმ ეტაპზე ჩვენი პოლიტიკური ინტერესები დაემთხვა. მაგრამ სააკაშვილი, ბურჯანაძე და ჟვანია მოგვიანებით რევოლუციის ბარიკადებზე აღმოჩნდნენ. გამოსავალი მაშინ ის იყო, რასაც ყველა მხარეს ვთავაზობდი. 22 ნოემბერს დილით ტელეფონით ვესაუბრე შევარდნაძეს და ჩემს წინადადებას, - გაუქმებულიყო არჩევნების შედეგები და ორ თვეში ახალი არჩევნები დანიშნულიყო, დათანხმდა. შევარდნაძე დამპირდა, რომ 22 ნოემბერს პარლამენტის სხდომა ჩატარდებოდა იმ მიზნით, რომ პარლამენტს არჩევნების შედეგები არ დაემტკიცებინა. ეს შეთანხმება სააკაშვილმა ჩაშალა, რადგან ორი თვის მერე დანიშნულ არჩევნებზე ვერ მიიღებდა იმ შედეგს, რაც ნოემბერში ჰქონდა. ჩემი წინადადება რომ მიეღოთ, შესაძლოა, მას უმრავლესობა ჰყოლოდა პარლამენტში და პრეზიდენტიც გამხდარიყო, მაგრამ ის იქნებოდა შედარებით დაბალანსებული ხელისუფლების წარმომადგენელი.

- მხოლოდ შევარდნაძესთან გქონდათ 2003 წლის ნოემბერში მოლაპარაკებები?

-  ჩემს მოდელს ორივე მხარეს ვთავაზობდი. სააკაშვილს მე და ლევანი 18 ნოემბერს, გვიან ღამით შევხვდით საკრებულოში. მაგრამ ჩვენს წინადადებას სააკაშვილმა 22 ნოემბერს უპასუხა, როდესაც სხდომის დროს შემოიჭრა დარბაზში. იმ დღეს ბევრი უცნაური რამ მოხდა: უცნაური იყო პრეზიდენტ შევარდნაძის ხანგრძლივი გამოსვლა, გაუგებარია, რატომ გადაიდო დილით დანიშნული სხდომა შუადღისთვის? ვიცი, რომ შევარდნაძემ თვითონ შეცვალა სხდომის დაწყების დრო. ის თითქოს ყველაფერს განგებ აკეთებდა მოვლენების პროვოცირებისთვის.

- თემურ შაშიაშვილი სკანდალურ აუდიოკასეტებზე ლაპარაკობს, რომელიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებს ეხება.

- მომავალში არაერთ ისეთ აუდიო თუ ვიდეოკასეტას ვნახავთ, რომელიც თავზარდამცემი იქნება საზოგადოებისათვის. არა მგონია, ამ განცხადებებს უსაფუძვლოდ აკეთებდეს ბატონი თემური. როდესაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას   მოითხოვდა, ვთქვი, დაე, კომისიას ზურას უახლოესმა მეგობარმა, ხათუნა გოგორიშვილმა უხელმძღვანელოს-მეთქი, მაგრამ სწორედ ზურაბ ჟვანიას მეგობრებისგან მივიღე ყველაზე დიდი წინააღმდეგობა და თავდასხმა. ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გარემოებების გამოძიება არასოდეს იქნება გვიან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ვითარებაში გარდაიცვალა პრემიერ-მინისტრი.

- საზოგადოების ნაწილი გულგატეხილია, ოპოზიცია უნიათოდ იქცევაო.

- ვერ მივიღებ საყვედურებს საკუთარ თავზე. საქმე ავანტიურისტ, ყველაფერზე ხელისმომწერ ხელისუფალთან გვაქვს და იმიტომაც არის ჩვენი ბრძოლა ჯერჯერობით უშედეგო. წლების განმავლობაში მე და ჩემს მეგობრებს ერთი წუთითაც  არ შეგვიწყვეტია ბრძოლა და არ შევრიგებივართ ამ ხელისუფლებას. ამ ბრძოლაში თავებიც გაგვიტეხეს, ნეკნებიც ჩაგვიმსხვრიეს. ჩვენი მიზანი იყო, საზოგადოება გამოგვეყვანა იმ ჰიპნოზიდან, რომელშიც სააკაშვილი ამდენი წელია ამყოფებს.

ჩვენ 2013 წლამდე არ დაველოდებით სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლას. თბილისის წართმევით დაიწყება ამ ხელისუფლების დემონტაჟი.