"ზოგიერთი მზად არის, გადმოგდებულ ლუკმას დასჯერდეს" - კვირის პალიტრა

"ზოგიერთი მზად არის, გადმოგდებულ ლუკმას დასჯერდეს"

"თუკი ზურას ოჯახს რაიმე პრობლემა ექნება, ყველაფერს მოვუგვარებთ"

"შალვა რამიშვილი უკეთესი წამყვანია, ვიდრე მინდია უგრეხელიძე იქნება"

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი "კვირის პალიტრას" გასული კვირის მთავარ თემებზე, ზურაბ ჟვანიას ძმის სკანდალურ განცხადებასა და გარდაცვლილი პრემიერის ოჯახთან ურთიერთობაზე ესაუბრა:

- მედვედევის განცხადება, საჰაერო მიმოსვლის აღდგენასა და ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების თაობაზე ხელისუფლებამ როგორ მიიღო?

- ქართული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნაზე იმიტომ ილაპარაკა მედვედევმა, რომ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში პრობლემები ექმნება პოლიტიკური მიზნებით  ქართული პროდუქციისათვის ბაზრის დაკეტვის გამო. Kკარგია რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაც, მაგრამ ეს საკითხები არ არის მთავარი საქართველოსათვის. მთავარია, რუსეთის ჯარმა საქართველოს ტერიტორია დატოვოს. ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული და არა ვიღაცის გადმოგდებულ ლუკმაზე. თუმც ვხედავ, რომ ზოგიერთი ქართველი მზად არის, მხოლოდ გადმოგდებულ ლუკმას დასჯერდეს.

- ვის გულისხმობთ?

- ზოგიერთ ქართველს, მეტად არ დავაკონკრეტებ. საქართველოს ხელისუფლება ჩვენი მიწა-წყლის  ოკუპაციას არ შეეგუება და, ალბათ, ამიტომაც არის რუსეთის ხელისუფლების მთავარი  სამიზნე. ამიტომ აცხადებენ პუტინი და მედვედევი, სანამ ეს ხელისუფლებაა საქართველოში, არ დაველაპარაკებითო. თუკი იმ ხალხის საშუალებით, ვინც მოსკოვში დადის, მიმოსვლა და ბაზარი გაიხსნება და საქართველოს ასეულობით მოქალაქეს ცხოვრება შეუმსუბუქდება, ძალიან კარგია.

- ჟურნალისტებს გულისხმობთ იმ პირებში, "ვინც რუსეთში დადის"?

- ცხადია, არა. ჟურნალისტებს ბაზარს არავინ გაუხსნის. ყველას შეუძლია, სადაც უნდა, იქ წავიდეს და თავისი აზრი გამოხატოს. თუმც ისიც ფაქტია, რომ რუსეთში ყველა ჟურნალისტი არ მიუწვევიათ. ვფიქრობ, ყველა ქართველი ჟურნალისტისთვის მთავარი კითხვა უნდა იყოს, როდის გავა რუსეთის ჯარი საქართველოდან. ჩვენ გვაქვს მინიმალური პირობები, რაზეც დაველაპარაკებით რუსებს. ეს არის 3 პირობა: მედვედევი-სარკოზის შეთანხმების შესრულება, რაც ნიშნავს დეოკუპაციას; დევნილების საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების შესაძლებლობა და აფხაზეთისა და ოსეთის აღიარების გაუქმება. ამ პირობებზე სალაპარაკოდ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში შევხვდეთ რუსულ მხარეს. საქართველოში არავის აქვს ანტირუსული განწყობა და არავინ ატარებს ანტირუსულ პოლიტიკას, თუმც ვაღიარებ, რომ პუტინის, მედვედევისა და პრიმაკოვის საწინააღმდეგო პოლიტიკა მაქვს,  რადგან ეს ადამიანები თავიანთი მოღვაწეობით ყველაფერს აკეთებდნენ (და აკეთებენ), რომ საქართველო მუხლებზე დამდგარიყო.

- პრიმაკოვს საქართველოს გაერთიანება დაევალა.

- რა დაევალა?! ქვეყანა ჩალით ხომ არ არის დახურული? კაგებეშნიკმა პუტინმა შეგნებულად გაუჩინა საზოგადოებას კიდევ ერთი ფუჭი მოლოდინი. პრიმაკოვი პრემიერ-მინისტრი და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი არ იყო და გაცილებით მეტი არ ეთქმოდა, როდესაც ჩვენ აფხაზეთის პრობლემები გვქონდა? მაგრამ რუსული პოლიტიკა ასეთია: საქართველოში და კავკასიაში მხოლოდ რუსული ინტერესი უნდა გატარდეს  და არის ხალხი, ვინც ამას ეგუება.

- ალბათ, ისევ იმათ გულისხმობთ, ვინც "რუსეთში დადის"?

- ყველას ვგულისხმობ, ვისაც აქვს პირდაპირი და არაპირდაპირი ურთიერთობა არა მარტო პრიმაკოვთან. ვიცი იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ნიადაგს სინჯავს რუსეთში და ხვდება არა მხოლოდ პრიმაკოვს.

- მათ რიცხვში თქვენი მეგობარი ზურაბ ნოღაიდელიც უნდა იყოს, წესით. ამის მიუხედავად, ისევ მეგობრები ხართ?

- დიახ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მათ შორის ერთ-ერთია, მაგრამ არა ერთადერთი. მეგობრობა ცოტა ისეთი განცდაა... თავად მას ჰკითხეთ, რა.

- რამდენიმე დღის წინ გოგლა ჟვანიამ რამდენიმე პირი ჩამოთვალა (მათ შორის თქვენც გახსენათ) და განაცხადა, ესენი ზურას მეგობრები არ არიანო.

- გოგლას ამას არავინ ეკითხება. გული მწყდება და მიმძიმს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ თუკი გოგლა ასე ფიქრობს, ეს მისი პრობლემაა.

ყველა ის დოკუმენტი მაქვს ნანახი და შესწავლილი, რაც ზურას გარდაცვალებას უკავშირდება და ეჭვი არ გამჩენია.

- რას ფიქრობთ შაშიაშვილის განცხადებაზე სკანდალური კასეტის თაობაზე?

- კარგი რა... შაშიაშვილს სერიოზულად არ ვუყურებ. ასევე მახსოვს მისი დამოკიდებულება ზურასადმი. ისეთი ადამიანები ლაპარაკობენ დღეს ზურაზე, რომელთაც ის არც უყვარდათ. ამ განწყობას ზურასადმი ვერც ახლა მალავენ და სახეზე ეტყობათ. ამ კასეტას დიდი ხანია ელოდებიან. 10 დეკემბერი არ ყოფილა ერთადერთი თარიღი, რომელიც დასახელდა. როდის გახდა თემურ შაშიაშვილი ზურას გულშემატკივარი და ჭირისუფალი? თემურ შაშიაშვილს ზურა კი არა, ის აინტერესებს, ქვეყნის ხელისუფლების დამხობაში მიიღოს მონაწილეობა. ერთადერთი, რითაც შაშიაშვილი პრესაში ხვდება, არის ის კასეტა და ის, რომ მოსკოვში ჩადის და ძასოხოვის გაშლილ სუფრაზე ჭამს.

- გოგლა ჟვანია ამბობს, რომ ზურას მეგობრებთან ურთიერთობა აღარ აქვს. რატომ არ გელაპარაკებათ პირადად თქვენ?

- არ მახსოვს ჩვენი ბოლო საუბარი. თუმც გეტყვით, რომ გოგლას კონფლიქტით არ დავშორებივარ. ნამდვილად არ გვიჩხუბია.

- ნინო ქადაგიძესთან მიდიხართ?

- დიდი ხანია ნინო არ მინახავს,  რადგან თვითონ არ სურს ზურას მეგობრებთან ურთიერთობა.

- რის გამო?

- უთქვამს, იმიტომ, რომ ხელისუფლებასთან არიანო. თუმც ეს არ ნიშნავს, რომ ზურას ოჯახს უყურადღებოდ მოვეკიდებით. თუკი ზურას ოჯახს რაიმე პრობლემა ექნება, ყველაფერს მოვუგვარებთ.

- მატერიალურს გულისხმობთ?

- ყველანაირს. არის კანონი მიღებული, რაც გარანტიას აძლევს ოჯახს, რომ მატერიალურად არაფერი დაემუქრება.

- სახალხო სასამართლოზე რას იტყვით?

- სჯობს საქმეზე ვილაპარაკოთ. ტელეშოუები რა სალაპარაკოა?

- თუ სახალხო სასამართლო შოუა, გინდათ თქვათ, რომ მინდია უგრეხელიძე შოუმენია?

- შალვა რამიშვილი უკეთესი წამყვანია, ვიდრე მინდია უგრეხელიძე იქნება.

- ოპოზიცია აქციების მესამე ტალღისთვის ემზადება, რომელიც ახალი წლის შემდეგ დაიწყება.

- მეორე ტალღა როდის დაამთავრეს? ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადებით. ის, ვინც ხელისუფლების დამხობისთვის ემზადება, ნუ ექნება იმედი, რომ ეს გამოუვა.