"ის, რომ ისინი ყველასა და ყველაფერზე ინფორმაციას ფლობენ, მითია" - კვირის პალიტრა

"ის, რომ ისინი ყველასა და ყველაფერზე ინფორმაციას ფლობენ, მითია"

ახლახან ცნობილი გახდა, რომ "საკანი # 5" ეთერში აღარ გავა. "უცნობი" მაყურებელს დაემშვიდობა და სამკურნალოდ ისევ საზღვარგარეთ გაემგზავრა. "მაესტროს" მმართველი ეროსი კიწმარიშვილი ახლახან საზღვარგარეთ იმყოფებოდა და გავრცელებული ინფორმაციით, ტელევიზიის დასაფინანსებელი ფული უნდა შემოეტანა.

რომელი გადაცემები გავა "მაესტროს" ეთერში და რა თანხით დაფინანსდება, ამის თაობაზე "კვირის პალიტრას" ეროსი კიწმარიშვილი ესაუბრა:

- ჯერჯერობით "მაესტროსთვის" იმ თანხის ხარჯვა დავიწყე, რაც მე მეკუთვნის ან პირადი საშუალებებით არის მოზიდული. აქედან გამომდინარე, ლაპარაკი იმაზე, რომ "მაესტროს" დაფინანსების  პრობლემა გადაწყვეტილია, გადაჭარბებულია. მაქვს როგორც ბიზნესმენთა, ასევე საერთაშორისო ფონდების დახმარების იმედი.

- გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო ფონდებისგან ასეთ დახმარებაზე უარი მიიღეთ...

- ასეთი ფონდებისთვის არც მიგვიმართავს. ზოგადად, ხელისუფლება ცდილობს რაიმე ფორმით მოახერხოს და იარლიყი მოგვაწებოს, თითქოს "მაესტროს" ერთი ჯგუფი რაღაც ფორმით ცდილობს გადატრიალების მოწყობას, არ გააჩნია ეთიკური და მორალური პრინციპები და ა.შ. ამ გზით სურთ ჩვენი დისკრედიტაცია.

- არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ თქვენ მოახერხეთ და საქართველოში ფული "ქეშად" შემოიტანეთ...

- არ ვაპირებ ასეთი არაკანონიერი ქმედებებით ან რაიმე ფორმით "მაესტროს" რეპუტაციის ეჭვის ქვეშ დაყენებას. შესაბამისად, ფულის შემოტანის არალეგალური მექნიზმები არ შემოდის ჩვენს ინტერესებში. ამ სიამოვნებას ხელისუფლებას არ მივანიჭებ.

- მაგრამ, თქვენ ახლახან განაცხადეთ, რომ პირადი კონტაქტებით მოახერხეთ ფულის მოზიდვა. დააზუსტეთ, რა იგულისხმეთ?

- ჩემი პერსონალური რესურსების დახარჯვა დავიწყე "მაესტროში" არსებული პრობლემების გადასაწყვეტად. ეს არის და ეს! ისე როგორც ჩანს, ხელისუფლება დარწმუნებული იყო, რომ ფულს "ქეშად" შემოვიტანდი. ახლახან მე და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ერთად გავემგზავრეთ ლონდონში. მერე ჩვენი გზები გაიყო, მე პარიზი-საქართველოს რეისით დავბრუნდი, ნანა ლონდონიდან ჩამოფრინდა. მე არა, მაგრამ ნანა კაკაბაძეს კი დახვდნენ აეროპორტში სოდ-ის და კუდ-ის წარმომადგენლები, ეგონათ, ფული კეისით გადმოჰქონდა.

- გავრცელებული ინფორმაციით, "საკანი #5"-ის დახურვა თქვენ გბრალდებათ.

- "საკანი #5"-ის ერთ-ერთ პირდაპირ ეთერში გია გაჩეჩილაძის სტუმარი ვიყავი და ამ გადაცემის ავტორსა და წამყვანს ვთხოვე, პროგრამა შეეწყვიტა, რაც ჩემთვის ბევრ ორგანიზაციულ ასპექტთან იყო დაკავშირებული. ძალიან სასიამოვნოა, რომ ავტორი გაგებით მოეკიდა ჩემს არგუმენტებს. ჯერ ერთი, სხვა ოფისში გადავდივართ, ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს, არის მთელი რიგი ასპექტები, რომლის გადასაწყვეტად საჭიროა არხზე სერიოზული რეორგანიზაციის განხორციელება. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება, რომელიც ბოლო პერიოდში მივიღეთ, უკავშირდება რიგი იდეებისა და სქემების განხორციელებას.

- ე.ი. რაიმე ფორმით აღარ განახლდება "საკანი #5"?

- ეს გადაცემა ძველი ფორმით აღარ განახლდება. ავტორი თუ სხვა უკეთეს ფორმას შემოგვთავაზებს, განვიხილავთ და საერთო გადაწყვეტილებას მივიღებთ.

-  როდის გავა პროექტი "ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას" თქვენს ეთერში?

- ეს არ არის "მაესტროს" პროექტი. მისი ავტორია ცალკე ჯგუფი. როცა ეს ჯგუფი მზად იქნება, პროექტიც მაშინ გავა ეთერში. ვისაუბრეთ იმაზეც, თუ როგორი კონცეფცია უნდა წარმოედგინათ, რომ  გადაცემას ბევრი მაყურებელი ჰყავდეს. ეს იქნება სერიოზული რეალითი-შოუ, რომელიც სკანდალებზე კი არა, ქვეყნის შიგნით არსებულ უამრავი პრობლემის გაშუქებაზე იქნება ორიენტირებული. საერთოდ, ერთი ჩანაწერის ჩვენება ვერ გახდის გადაცემას პოპულარულს, ამას ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხარისხიანი მუშაობა სჭირდება.

- მაგრამ, საზოგადოება ინტერესით ელოდება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებულ ფარულ სკანდალურ ჩანაწერს.

- მე არ მომისმენია ეს ჩანაწერი და თვითონაც ინტერესით ველი.…

საერთოდ პროექტი ძალზე საინტერესოა, მოიცავს უამრავ პრობლემას, მათი დემონსტრირება კი არანაკლებ საინტერესო, ორიგინალური ფორმით მოხდება.

- ინტერნეტტელევიზია "რეალ-ტვ"-მ "უცნობი" ხალხის მოტყუბაში ამხილა, რადგან "საკანი #5"-ის ჩანაწერი გადაიცა, ტიტრებით კი "პირდაპირი ეთერი" იყო მითითებული.

-  თემასთან დაკავშირებით ბევრი ინსინუაცია მოვისმინე. იცი, მე "რეალ-ტვ"-ის დონაძის სახელთანაც კი არ გავაიგივებ. ეს არის შსს-ს  სპეცსამსახურების პროექტი და მოდი, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. "გაურკვეველი" ფულით "გარკვეული" ხალხის სწორედ ეს პროექტი ხორციელდება, რომელსაც ხელისუფლება იყენებს თავისი პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისათვის.

- ყოველ შემთხვევაში, მათ ერთ  რამეს "ჩაავლეს", - "საკანი" #5"-ის ვითომ პირდაპირ ეთერში გასვლა იყო საზოგადოების მოტყუება.

- დეტალები იმისა, თუ  როგორი ფორმით მოხდა ამ პერსონის უსაფრთხოდ, სამკურნალოდ გამგზავრება, მგონი უინტერესოა... ამაზე კომენტარის გამოთქმაც არ მსურს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მაშინ საქართველოში არ გახლდით და მეორეც, ძალიან მსიამოვნებს, რომ ხელისუფლებას "მაესტროს" მომავალი წარმატებების ეშინია. ეს ჩვენს ჭკუასა და პროფესიონალიზმზე მიუთითებს.

"კვირის პალიტრა" "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელს, ნანა კაკაბაძესაც დაუკავშირდა.

- ლონდონიდან როცა დავბრუნდი, აეროპორტში კუდ-ისა და სოდ-ის წარმომადგენლები დამხვდენენ. მითხრეს, - თქვენს ბარგს პრობლემა აქვს, აპარატი წითლით აინთოო. დაიწყეს ჩხრეკა და ამ მოგონილი მიზეზის გამო ორი საათით შემაყოვნეს, ბოლოს მიხვდნენ, რომ "საეჭვო არაფერი იყო". ეგონათ, რომ  ეროსი კიწმარიშვილმა "ქეში" ფულის ნაწილი მე გამომატანა... მანამდე წინასწარ  გაევრცელებინათ ხმები, თითქოს ეროსი საზღვარზე "ქეშად" ფულის გამოტანას სასწაულებრივად ახერხებდა. თანაც, ჩემი ორგანიზაციის წევრი გელა ნიკოლაიშვილი ჩართულია პროექტში "ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას". შესაძლოა, ჩემი აეროპორტში შეფერხება აუდიო თუ სხვა ჩანაწერების ძიებასთანაც იყო დაკავშირებული. მოკლედ, დავრწმუნდი, რომ ამ ხელისუფლებას დაზვერვის არავითარი ძლიერი სამსახური არ ჰყავს. ის, რომ ისინი ყველასა და ყველაფერზე ინფორმაციას ფლობენ, მითია.