ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
08-07-2013
ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
პრეზიდენტი სააკაშვილი ისრაელთან კონფლიქტს პროვოცირებს?!

უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საკმაოდ მძიმე ეჭვის შემცველი განცხადება გააკეთა: მისი ვერსიით, ისრაელისგან შეძენილი უპილოტო საფრენი აპარატების კოდები ვიღაცამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საეჭვო ვითარებაში გაყიდა, რის შედეგადაც რუსეთმა ყველა საფრენი აპარატის განადგურება შეძლო. ამიტომ, მივხვდით რა, რომ სხვისგან შეძენილი იარაღის იმედად ყოფნა სახიფათოა, გადავწყვიტეთ, თავად დაგვეწყო ამ აპარატების წარმოებაო. საინტერესოა, სააკაშვილი გაუცნობიერებლად აკეთებს ასეთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, თუ შეგნებულად აყენებს ეჭვქვეშ ჩვენს სტრატეგიულ
პარტნიორთან ურთიერთობებს?! ის ვალდებულია ახსნას ასეთი პროვოკაციული განცხადების მიზეზი და ადრესატი. და რატომ კეთდება ეს განცხადება პრემიერის ისრაელში წარმატებული ვიზიტის შემდეგ?! აღარაფერს ვამბობთ შიდასახელმწიფოებრივ პროცესებზე, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეუგნებელი თუ მიზანმიმართული დესტრუქციული ქმედებები განსაკუთრებული საფრთხის შემცველია,
ამიტომ საზოგადოება ვალდებულია, მას პასუხი მოსთხოვოს ამ განცხადებებზე.

ნაღმები „ნაციონალთა“ ხელში


სააკაშვილის ხელისუფლების მიერ შექმნილი 13 000-მდე არაადამიანური წამების ამსახველი თუ პირადი ცხოვრების შემლახავი შინაარსის შემცველი ვიდეოების განადგურება-არგანადგურების საკითხი კვლავ აქტუალურ თემად რჩება. დღემდე ამ საკითხის მხოლოდ სამართლებრივ მხარეს ექცეოდა ყურადღება, მაგრამ არანაკლებ, თუ მეტად არა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ასპექტი. ვინმემ იცის დღევანდელი სასამართლო, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების რამდენ წარმომადგენელზე დევს მაკომპრომეტირებელი ვიდეოები, რომელთა მეშვეობითაც მათი შანტაჟი და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე პროვოცირებაა შესაძლებელი?! "ნაციონალების" ხელში ეს ვიდეოები შენელებული ნაღმის როლს ასრულებენ. ეს ვიდეოები თავისი ძალით არაფრით ჩამოუვარდება კომუნისტების ეპოქაში ამა თუ იმ პიროვნების მიერ კგბ-სთან დადებულ ხელწერილებს, რომელთა მეშვეობითაც შემდეგ მათი მართვა ხდებოდა. სწორედ ამ ნაღმების“გასაუვნებლად მიიღეს ლუსტრირების შესახებ კანონები აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა. ამიტომ დღეს ამ ვიდეოების განადგურებაზე კი არ უნდა იყოს საუბარი, რადგან მათი ასლები მაინც იარსებებს, არამედ სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ უნდა შეისწავლოს იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებზეც ეს ვიდეოებია შექმნილი და ამით გამოირიცხოს ამა თუ იმ პიროვნების ან პიროვნებათა ჯგუფის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ჩათრევის ალბათობა.

უსამართლო სამართალი

რამდენიმე დღის წინ ახალციხის სასამართლოს მოსამართლემ, ფაქტობრივად, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება გამოიტანა, უდანაშაულოდ ცნო რა ადამიანის სასტიკ წამებასა და გაუპატიურებაში ბრალდებული ბორჯომის  პოლიციის ყოფილი თანამშრომლები, მიუხედავად წარდგენილი მტკიცებულებებისა. კანონსა და ზნეობასთან მწყრალად მყოფი მოსამართლის გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ "ნაციონალებისთვის" და მათ მიერ მართული სასამართლო ხელისუფლების ნაწილისთვის, მათივე ცხრაწლიანი მმართველობის მანძილზე ჩადენილი დანაშაულები მონანიების საფუძველი კი არა, ახალი დანაშაულების შთაგონების წყარო ხდება.
სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება ისევ„"ნაციონალურ" ეპოქაში გვაბრუნებს: ჩვენი უფლებები ისევე დაუცველია, სამართლიანობა არ გვეღირსა, კანონი უბრალო ადამიანისთვის ისევ არ კანონობს. ანუ გამოდის, რომ ხელისუფლება ვერ ასრულებს თავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვალეობას: სამართლიანი და დაცული გარემოს შექმნას საკუთარი მოქალაქეებისთვის.

"ნაციონალების" მიერ კონტროლირებადი მოსამართლეების ამ ვანდალურ და მომავალში ალბათ კიდევ დაგეგმილ ანალოგიურ გადაწყვეტილებებს ორლესული მახვილის ეფექტი აქვს: ერთი მხრივ, პიკზე აიყვანოს საზოგადოების აგრესია სასამართლო ხელისუფლების მიმართ, რაც შემდეგ უკონტროლო ქმედებებში შეიძლება გადაიზარდოს, ხოლო მეორე მხრივ, გაზარდოს იმედგაცრუება დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. ვინმეს წარმოუდგენია, რა კატასტროფულ შედეგამდე შეიძლება მივიდეთ, თუ ხალხი გადაწყვეტს, თავად აღასრულოს სამართალი, მათ შორის, უსამართლო სასამართლო ხელისუფლების მიმართ?! ეს ხომ დაანგრევს საქართველოს სახელმწიფოებრიობას. მეორე მხრივ, თუკი ხელისუფლება გადაწყვეტს გაატაროს კანონით განსაზღვრული ზომები დამნაშავე მოსამართლეთა წინააღმდეგ, ეს მოინათლება როგორც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელყოფა და დასავლეთი ამას ყალყზე შემდგარი შეხვდება. ამიტომაც, ხელისუფლება ორ ცეცხლს შუაა: ერთი მხრიდან საზოგადოების მზარდი აგრესია და იმედგაცრუება ემუქრება, რაც სასწრაფო ზომების მიღებას ითხოვს, მაგრამ გადაუდებელი ზომების გატარების შემთხვევაში მას დასავლეთის ვერდიქტი ემუქრება. როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს სასამართლო ხელისუფლებაში ჩანერგილი თავისი „აგენტურის“ მეშვეობით, რომელთა მართვა მას არ გაუჭირდება, მათ შორის, ალბათ, მათზე არსებული ვიდეოების მეშვეობითაც, ძირი გამოუთხაროს ახალ ხელისუფლებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - გარეთ. ვნახოთ, როგორ უპასუხებს ახალბედა ხელისუფლება ამ მწვავე გამოწვევას.
max1953
13 ივლისი 2013 22:04
რა სისულელებს წერს ეს ქალი, საიდან გამოაქვს ეს დასკვნები
yuriburi
11 ივლისი 2013 13:38
"ნაციონალების" ხელში ეს ვიდეოები შენელებული ნაღმის როლს ასრულებენ. ეს ვიდეოები თავისი ძალით არაფრით ჩამოუვარდება კომუნისტების ეპოქაში ამა თუ იმ პიროვნების მიერ კგბ-სთან დადებულ ხელწერილებს, რომელთა მეშვეობითაც შემდეგ მათი მართვა ხდებოდა."

ყველა ამ სიბინძურეს რომ წერტილი დაესვას აქსიომაა რომ საჭირო ლუსტრაციის კანონის მიღება! ვინ მიიღებს ამ კანონს როცა ქოცების კოალიცია სავსეა როგორც ძველი კგბ-ს აგენტურით გ. ჟორჟოლიანის თამადობით, ისე აშშ-ს აგენტურით სოროსელი რესპების დიდი უმრავლესობით!
სიღნაღელი
10 ივლისი 2013 21:33
აშკარაა, რომ არც ახალი პარლამენტი, არც მთავრობა,
არც პროკურატურა და არც პოლიცია მომაჯადოვებელი
არ არის... თითქოს რაღაც კეთდება, მაგრამ უნიათოთ.
არ იგრძნობა მოთხოვნის შესაბამისი სტრატეგია და იმ
ენით აუწერელი უმსგასობების ჩამდენთა მიმართ, საღი
და ჯეროვანი მიდგომები. უკვე გამაღიზიანებელია,ეს
ლობიოობა, ამდენი საშუალებებით რაც ხელთ გიპყრიათ
მმართველ ძალას, იმ არარსებული ბუას შიშით, რომ
ანტიდემოკრატიულობა არ დაგაბრალონ.
ჩემო ბატონებო,ნუთუ ვერ გრძნობთ ვის ატლიკინებთ?
ნუთუ ვერ გრძობთ, რომ რაღაცა რაღაცას არ ჰგავს?...

რედაქტორის რჩევით