დაინახე შიშველი... - კვირის პალიტრა

დაინახე შიშველი...

"დაინახე შიშველი!" - ეს ქართულ ტელესივრცეში გამოჩენილი ახალი ტელეარხის "რეალ-ტვ"-ის სლოგანია. ბუნებრივია, სლოგანის შინაარსი და ტელეარხის სახელწოდება გულისხმობს, რომ ჩვენ შიშველი რეალობა უნდა დავინახოთ, მაგრამ როგორია რეალობა იმ ტელევიზიისთვის, რომელსაც შსს-ს ვითომ გადაყენებული მაღალჩინოსანი, გურამ დონაძე ხელმძღვანელობს? ძალიან მარტივი - დონაძის ტელევიზიის მიერ დანახულ რეალობაში შიშველი მხოლოდ ოპოზიციაა. ანუ ტელევიზიის ხელმძღვანელთა ჩანაფიქრით, არხის სლოგანი გულისხმობს: დაინახე შიშველი ოპოზიცია! გახსნის დღიდან ამ ტელევიზიას არ დაუტოვებია არც ერთი მეტ-ნაკლებად გავლენიანი ოპოზიციის ლიდერი, ვინც, მარტივად რომ ვთქვათ, არ "გაეშავებინა". ეს სიუჟეტები ალბათ ნახეთ და მათ დეტალურ განხილვას აღარ შევუდგები. მე თქვენ გეტყვით და ოპოზიციაში გასაშავებელი ხალხისა და თემების მონახვა გაუჭირდებათ თუ რა! რამდენიც გინდა, იმდენია, თუმცა ამდენი მონდომებისგან ზოგჯერ მეტისმეტი გამოსდით. მაგალითად, ალასანიას გასაშავებელი, ჩანს, ბევრი ვერაფერი უპოვეს, ამიტომ ჯერ იმის გარკვევა დაიწყეს, რამდენად ძვირად ღირებული მობილური და საათი აქვს, შემდეგ ნიუ-იორკში ჩავიდნენ და გადაიღეს, როგორ ცხოვრობს აშშ-ის უდიდეს ქალაქში ალასანიას ცოლ-შვილი. მთავარი კომპრომატი კი ის აღმოჩნდა, რომ თურმე ისინი ნიუ-იორკში ისეთ კორპუსში ცხოვრობენ, რომლის ეზოშიც ციყვები დარბიან(!). გათვლა ასეთია: ობივატელმა უნდა იფიქროს, რომ უბანი და სახლი, სადაც ალასანიას ცოლ-შვილი ცხოვრობს, ძვირად ღირებულია, რადგან ეზოში ციყვებიც კი მოუშენებიათ, არადა ციყვებს მიაქვს ამერიკა. აშშ-ის ქალაქებში ციყვი იმდენია, პირდაპირ თავზე გახტებიან. მოკლედ, ვისაც ეს არხი ერთხელ გინახავთ, მიხვდებით, რაზეც ვლაპარაკობ. ტელევიზია მასალების მოსამზადებლად უხვად იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რესურსს, რაც სხვა ტელევიზიებისთვის მიუწვდომელია. მაგალითად, ახლახან მათ აეროპორტში უსაფრთხოების კამერით გადაღებული კადრები აჩვენეს, სადაც ჩანს, "უცნობი" როგორ ტოვებს საქართველოს. ამ კადრებს, ბუნებრივია სხვა ტელევიზია ვერ მოიპოვებს. არა მარტო კადრები, ინფორმაციებიც ძირითადად შსს-ს მოპოვებულია. თავიდან, როდესაც ეს ტელევიზია გაიხსნა, ბევრი დაიბნა: რაში სჭირდებოდა ხელისუფლებას კიდევ ერთი არხი, როდესაც ის სრულად აკონტროლებდა სამ მთავარ ტელევიზიას - "საზოგადოებრივ მაუწყებელს", "რუსთავი 2"-ს და "იმედს"? კიდევ ერთი, ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი არხი რაღა საჭირო იყო? მას შემდეგ, რაც "რეალ-ტვ"-მ სიჩქარე "აკრიფა," უკვე ყველაფერი ცხადი გახდა. არც ერთი სხვა სახელისუფლებო არხი ასე პირდაპირ ოპოზიციას არ უტევს, არც ერთი სხვა სახელისუფლებო არხი არ არის მხოლოდ ოპოზიციის შავი პიარით დაკავებული. არა, "რუსთავი 2"-იც და "იმედიც" ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებენ, მაგრამ ფორმალურად მაინც ცდილობენ სტანდარტების დაცვას და ხელისუფლების შეკვეთის "შეფუთვას". აქ კი ყველაფერი გაშიშვლებულია. ყველაფერი წარმოდგენილია ყოველგვარი შეფუთვის გარეშე. როდესაც ამ ტელევიზიას ვუყურებთ, კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ, როგორია ხელისუფლების მუშაობის სტილი. ვხედავთ, ვის ერჩის ხელისუფლება ყველაზე მეტად და ვის ცოტა ნაკლებად, ვხედავთ მათ გემოვნებას. მოკლედ, ცხადად ვხედავთ, რა უნდა ხელისუფლებას. ამიტომ ამ არხის სლოგანი, ჩემი აზრით, უნდა იყოს არა "დაინახე შიშველი" ან "დაინახე შიშველი ოპოზიცია", არამედ - "დაინახე შიშველი ხელისუფლება".

Back  in  USSR

"ბითლზის" ცნობილი სიმღერის ეს სათაური წინა კვირას ტელეკომპანია "კავკასიაზე" გადაცემა "კვირის რეპორტაჟში" გასულმა ერთმა სიუჟეტმა გამახსენა. რეპორტაჟი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ვერგასულ ფილმს, უფრო სწორად, სერიალის ერთ სეზონს ეძღვნებოდა. ვისაც რეპორტაჟი არ გინახავთ, მოკლედ გეტყვით: ტელეკომპანია "იმედი" ლამის უხსოვარი დროიდან იღებს სერიალს "ცხელი ძაღლი". სერიალის მეოთხე სეზონი ტელეკომპანიამ ჯერ კიდევ მაშინ გადაიღო, როდესაც მისი მეპატრონე ბადრი პატარკაციშვილი იყო, თუმცა ტელეკომპანიის თავს დატრიალებული ცნობილი მოვლენების გამო, ამ სეზონის ეთერში გაშვება თავის დროზე ვეღარ მოხერხდა. შემდეგ მოგეხსენებათ, ტელეკომპანია ხელისუფლების კონტროლქვეშ გადავიდა. ახალმა ხელმძღვანელობამ პროექტზე "ცხელი ძაღლი" უარი არ თქვა და გადაიღო სერიალის მეხუთე სეზონი. განმეორებით გაუშვა სერიალის პირველი, მეორე და მესამე სეზონები, შემდეგ კი ახალი მეხუთე სეზონიც, თუმცა მეოთხე სეზონმა დღის სინათლე ვერ იხილა. გადაცემა "კვირის რეპორტაჟიდან" ვიგებთ, რომ სერიალის მეოთხე სეზონის მოქმედება ვარდების რევოლუციის შემდგომ საქართველოში ვითარდება და ძალიან ბევრ ანალოგიას მოიცავს. მაგალითად იმის დასახელებაც კმარა, რომ სერიალში ვარდების რევოლუციის ერთ-ერთ ავტორს, პრემიერ-მინისტრს, ქალბატონ თინათინს დაკვეთით კლავენ. მართალია, ოფიციალურად არავინ ადასტურებს, მაგრამ ისედაც გასაგები ხდება, რომ ფილმის თაროზე შემოდების მიზეზი პოლიტიკური მოტივი გახდა. ჩემ მიერვე დაწერილი სიტყვები "თაროზე შემოდება", ყურს ძალზე ცუდად მოხვდა. ცუდად მოხვდა ერთი მიზეზით: ამ სიტყვებს, კინოკრიტიკოსები ხშირად მაშინ იყენებენ, როდესაც საბჭოთა ეპოქის დროინდელ კინონაწარმოებებს მიმოიხილავენ. იმ ეპოქის მიმოხილვის დროს ამა თუ იმ ფილმის შესახებ შესაძლოა გაიგოთ, რომ "საბჭოთა ცენზურამ თაროზე შემოდო". უკვე შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ სააკაშვილის ეპოქა საბჭოთას ბევრი რამით ჰგავდა. მაგალითად, სასამართლოს ტოტალური კონტროლით, პროპაგანდის მეთოდებით, მაგრამ ხელოვნების სფეროში ჩარევითაც თუ დაემსგავსებოდა, ნამდვილად აღარ მეგონა. ნამდვილად ვეღარ წარმოვიდგენდი, საბჭოთა კავშირის დანგრევიდან ორი ათეული წლის გასვლის შემდეგაც, საქართველოში კინოს პოლიტიკური მოტივით ისევ თაროზე თუ შემოდებდნენ.

საკნის ეპოქა თუ საპნის ოპერა

ერთი მსახიობის თეატრი ხომ გაგიგიათ, ჰოდა, ეს იყო ერთი მსახიობის ტელესერიალი, რომელიც მეგონა, ყველაზე გრძელ ტელესერიალსაც კი (ჩემს ბავშვობაში მგონი ასეთი "სანტა-ბარბარა" იყო, რომელიც არც დასრულებულა) აჯობებდა და მინიმუმ 2013 წლამდე გავიდოდა ცისფერ ეკრანებზე, მაგრამ ნურას უკაცრავად! მარხვა დაიწყო და ტელესერიალი "საკანი ნომერი ხუთიც" შეწყდა. გვითხრეს, დროებითო, მაგრამ ხომ გაგიგიათ, ყველაზე მუდმივი დროებითიაო. ჰოდა, გული მიგრძნობს, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება და "უცნობს" საკანში ვეღარ ვნახავთ. არადა, რა რიხით იწყებოდა ყველაფერი! პროექტს ისეთი პრომოუშენი ჰქონდა, ვერც ერთი ტელესერიალი და რეალითი-შოუ რომ ვერ ეღირსება. პროექტის იდეას ქუჩაში მდგარი ათიათასობით მოქალაქე (ზოგჯერ ასიათასობითაც კი) უჭერდა მხარს. მთავარი როლის შემსრულებელი ჯერ გმირად გამოაცხადეს, შემდეგ ზოგიერთმა წმინდანად, თავად მას თავი ილია ჭავჭავაძე ეგონა (ყოველ შემთხვევაში, როდესაც აკრიტიკებდნენ, აცხადებდა, რომ თავის დროზე ილიასაც ასე კბენდნენო). ხომ წარმოგიდგენიათ, საქართველოში რა სიტუაცია შეიქმნა: გვყავდა (გვყავდა რა? - გვყავს!) პრეზიდენტი, რომელსაც თავი დავით აღმაშენებელი ეგონა და გვყავდა მისი მთავარი ოპონენეტი, რომელსაც თავი ილია ჭავჭავაძე ეგონა. ასეთ რამეს რეალურ ცხოვრებაში ალბათ მხოლოდ საგიჟეთში და საქართველოში თუ ნახავთ. ორი მეფე (გვირგვინიანი თუ უგვირგვინო, რა მნიშვნელობა აქვს) ერთ ქვეყანაში აბა, როგორ გაძლებდა, ამიტომაც "ილია" ებრძოდა "დავითს". თავიდან "ილიას" პრომოუტერისთვის ამ ბრძოლას შემოსავალიც მოჰქონდა, მაგრამ ბოლოს, როდესაც მისმა ფალავანმა "აღმაშენებლს" ვერაფერი დააკლო და ხალხს არენაზე ვეღარც ბრძოლის ორიგინალური სტილით იზიდავდა, უფრო გამოცდილი პრომოუტერის დახმარებით "ილია" პენსიაში გაუშვა. საგიჟეთი, სახელად "საქართველო" კი ახლა ელოდება, როდის მივა იმავე დასკვნამდე "აღმაშენებლის" პრომოუტერი. თუმცა ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, "აღმაშენებლის" პირველი პრომოუტერი თავად გავიდა პენსიაში, მეორე კი არც ისე აქტიურიაო.