"სასაცილოა იმის თქმა, რომ უგულავამ არ იცოდა"
08-07-2013
"სასაცილოა იმის თქმა, რომ უგულავამ არ იცოდა"
"ეს ადამიანები ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ ხელისუფლებაში და დღეს იმაზე ვლაპარაკობთ, 40 მილიონი გაფლანგეს თუ 50"

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას გიგი უგულავას მიმართ გარკვეული ეჭვები აქვს და სასამართლოზეც პერმანენტულად უწევს სიარული, დედაქალაქის მერი უფლებამოსილებას ინარჩუნებს. რა კორუფციული სქემებით ხდებოდა დედაქალაქის 600-მილიონიანი ბიუჯეტის განკარგვა და როგორ ნიავდებოდა თბილისის მერიაში მილიონები, ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია გვესაუბრა:

- თბილისის მერიაში ისეთი კორუფციული სქემები იქნა აღმოჩენილი, რომ ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ქალაქის მერს
საზოგადოება მინიმუმ გადადგომას აიძულებდა. მიუხედავად ამისა, უგულავა მთელი მონდომებით ცდილობს სკამის შენარჩუნებას და აქვე ვიტყვი, რომ ფული, რომელსაც ხარჯავდა, გარკვეულწილად მისი სკამის შენარჩუნებას ხმარდებოდა.

უგულავას სურვილისამებრ მიღებული კანონები ისეთია, რომ მერის იმპიჩმენტის საშუალება საკრებულოს არ გააჩნია. ერთადერთი გზა, რითაც მისი უფლებამოსილების შეჩერება შეიძლება, სასამართლოს გადაწყვეტილებაა.
ქალაქის მერს იმხელა უფლებამოსილება აქვს, რაც თვით პრეზიდენტსაც არ გააჩნია. უგულავა ნიშნავდა და ათავისუფლებდა თანამდებობის პირებს. უგულავას ხელის ერთი მოსმით შეუძლია თბილისის ბიუჯეტის, 635 მლნ ლარის განკარგვა. საკრებულო და საკრებულოს უმრავლესობა მან საკუთარ ნოტარიუსებად აქცია, - შემოიტანდა დოკუმენტს, უმრავლესობა ხელს უწერდა და თანხები უგულავას სურვილისამებრ იხარჯებოდა.

- იმ დოკუმენტაციაზე, რითაც თანხების არასწორი განკარგვა დასტურდება, უგულავას ხელმოწერებია?
- ძალიან ბევრ დოკუმენტზე არ არის. ტენდერებისა და ქონების გასხვისების დოკუმენტაციაზე ვალდებული იყო, ქალაქის მერს მოეწერა ხელი, მაგრამ ხელს აწერდნენ პირველი ვიცე-მერი დავით ნინიძე ან სხვა მოადგილეები. რა მნიშვნელობა აქვს ხელისმომწერს, როდესაც უგულავა აკონტროლებდა ყველაფერს?

- რომელ კორუფციულ სქემებში ხედავთ მერის ინტერესებს?
- დასუფთავებისა და დენის გადასახადის გაერთიანება უგულავას იდეა იყო. ის იყო სამარშრუტო ტაქსების ტენდერის ლობისტი, თუმცა დოკუმენტაციაში არსად ფიგურირებს. უგულავა  იყო ინიციატორი იმისა, რომ გრიფი "საიდუმლო" დაედოთ იმ დოკუმენტაციისათვის, სადაც ფინანსური დარღვევები დასტურდებოდა. ბრძანებებს უგულავა გასცემდა და სასაცილოა იმის თქმა, რომ რაღაც-რაღაცები უგულავამ არ იცოდა. დასუფთავების სამსახურში რომ 700 კაცზე მეტი ტყუილად იყო გაფორმებული, რა თქმა უნდა, იცოდა. როდესაც მერის ერთ-ერთ მოადგილეს მოვთხოვე, წარმოედგინათ დასუფთავების სამსახურის ხარჯთაღრიცხვა და ვუთხარი, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დასუფთავება 48 მლნ კი არა, გაცილებით ნაკლები ჯდება და თანხები გაბერილია-მეთქი, დოკუმენტაცია არ მოგვცეს. ამ თანხიდან 5 მილიონი "ნაცმოძრაობის" აგიტატორებზე გაიცა.

გიგი უგულავას მივმართე წერილით, რომ გადმოეგზავნა ნუსხა იმ საკითხებისა, რასაც ადევს გრიფი "საიდუმლო", რადგან ვეჭვობდი, რომ აქაც სერიოზული ფინანსური დარღვევები იქნებოდა. მომივიდა პასუხი, რომ არ მქონდა საიდუმლო დოკუმენტაციასთან წვდომა და ამიტომ ვერ მომაწვდიდნენ. არის ერთი დოკუმენტი, რომელზეც 2006-2007 წლებში სასამართლოში სარჩელი შეიტანეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ამ დოკუმენტაციის თანახმად, რამდენიმე მილიონი გაქრა, მაგრამ ეს საკითხი არ განხილულა, რადგან გრიფი "საიდუმლო" ედო. პროკურატურას მივმართე, რომ ამ დოკუმენტით დაინტერესდეს, რადგან ჩემი აზრით, რამდენიმე ასეულ მილიონზეა ლაპარაკი.

- ხმაურია თბილისის განვითარების ფონდში ჩარიცხული მილიონების არასწორი განკარგვის გამოც.
- თბილისის განვითარების ფონდში  პრობლემის არსებობა დაადასტურა იმ ფაქტმაც, რომ ამ ფონდის თავმჯდომარე გიორგი საბანაძე ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაქრა და გაქრა დოკუმენტაციაც ფონდის საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა, კომპიუტერებში წაიშალა ის ინფორმაცია, რაც ფონდის საქმიანობის ფინანსურ ნაწილს შეეხება.

უგულავამ საკრებულოში შემოიტანა განცხადება, რომ გუდაურის რეაბილიტაციის ფონდში მილიონი ლარი გადაგვერიცხა. დავინტერესდი, ვინ იყო ფონდის ხელმძღვანელი და აღმოჩნდა, რომ ფონდის ხელმძღვანელი დანიშნულიც არ იყო და ისე აძლევდა ფონდს ფულს საკრებულო. მერე  მშენებლობის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მითხრა, ადეიშვილი მიბარებდა და გუდაურის რეაბილიტაციის საქმე მის კაბინეტში წყდებოდაო. "ნაციონალებს" უნდოდათ, მიშას გუდაური სექტემბერში, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გაეხსნა. ამიტომაც გაზაფხულს აღარ დაელოდნენ და სამუშაო დეკემბერში დაიწყო. მშენებლებმა მითხრეს, დაახლოებით 4 ფეხბურთის მოედნისხელა თოვლის საფარი გავიტანეთ, რომ სამუშაოსთვის პლატფორმა მოგვემზადებინა. სამუშაო მარტში რომ დაწყებულიყო, სამჯერ იაფი დაჯდებოდაო. მოკლედ,  არავინ დაინტერესდა, რატომ დებდა თბილისის თვითმმართველობა გუდაურის რეაბილიტაციაში 5 მილიონს.

არსად არ არის შეთანხმებული რიყესა და გმირთა მოედანზე ჩატარებული სამუშაოებიც.

- თუ დანაშაულის დამამტკიცებელ დოკუმენტაციაზე უგულავას ხელი არ აქვს მოწერილი, გამოდის, ვერც ბრალს წაუყენებენ.
- უგულავას ხელი რომ არა აქვს მოწერილი, არ ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებების მიღებაში არ მონაწილეობდა. ყველა ეს კორუფციული სქემა თბილისის მთავრობასთან თანხმდებოდა და შესაბამისად, ქალაქის მერმაც იცოდა. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიგი უგულავასთან დაკავშირებით სასამართლო, მაგრამ მერისა და მისი გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი უკვე დადგა. ქართველმა საზოგადოებამ მათ განაჩენი უკვე გამოუტანა. ეს ადამიანები ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ ხელისუფლებაში და დღეს  იმაზე ვლაპარაკობთ, 40 მილიონი გაფლანგეს თუ 50. უგულავას მორალური პასუხისმგებლობა რომ ჰქონოდა, გადადგებოდა და თავის სიმართლეს ისე დაამტკიცებდა. თუ გამართლდებოდა, მერეღა ექნებოდა პოლიტიკაში მობრუნების უფლება.
datiko48
09 ივლისი 2013 07:23
ერთ ეპიზოდსაც შეგახსენებთ,რიკოთის უღელტეხილთან,იმერეთის მხარეს მუხა ხეებს გაუჩნდათ ხის მჭამელი მიკრობები,უგულავას ოჯახის ახლობელმა ხელში ჩაიგდო ამ ხეების"განკურნების"სახელმწიფო ფინანსირება,და გაიკაფა მრავალი ხე და ბუჩქი,საინტერესოა რატომ არ ინტერესდება დღევანდელი,ვითომ მთავრობა ამ დეტალებით?
ana managadze
08 ივლისი 2013 11:46
ჰმმ, ტონობიტ ფული აქვტ ამატ მოპარული!
ესენი სამუდამო ციხეს იმსახურებენ!
ესენი ხომ ის ხალხია ღარიბებს ქვაბი- ფიცრის მოპარავაზე რომ ციხეში ყრიდენენ!
ნულოვანი ტოლერენტობა ქვეყნის და ერის მძარცველტ!
ციხეა ამატი სამუდამო ბინა!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები