მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - მიშა და 4 დღე
08-07-2013
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - მიშა და 4 დღე
მიშა და 4 დღე

ვის ჰქონდა იმედი, რომ მიშა წასვლის წინ მაინც მოიქცეოდა ღირსეულად? სამწუხაროდ, მე უკვე ამ კაცთან დაკავშირებით აღარანაირი იმედი აღარ შემრჩა. წინა კვირას ორჯერ მოიქცა, როგორც პატარა კაცი: ერთხელ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულ კოკი იონათამიშვილს პირადი წერილი გამოუქვეყნა. მეორედ კი, საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის დროს. კოკის საქციელი გასაგებია, შეიძლება, არც ის იყოს მორალთან პირნათელი, მაგრამ პრეზიდენტმა იმდენი ქნა, რომ საზოგადოება არა კოკის საქციელზე, არამედ მიშას უსაქციელობაზე ალაპარაკდა. გასაგებია,
რომ პარტიიდან ასეთ დროს წასვლა გაქცევად აღიქმება, გასაგებია, რომ ის, რასაც იონათამიშვილი პრეზიდენტს წერილით სთხოვდა (ბიზნესწილის გაყიდვაში დახმარებას), რბილად რომ ვთქვათ, უცნაური იყო, მაგრამ ხომ გასაგებია, ადამიანი პრეზიდენტს ასეთი თხოვნით რომ მიმართავს, როგორ გამოუვალ მდგომარეობაშია. პრეზიდენტმა კი, რა გააკეთა: ადგა და შური იმით იძია, რომ
წერილი გამოაქვეყნა.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს: ჯერ მისმა პრესსპიკერმა თქვა, რომ არჩევნები პრეზიდენტმა 27 ოქტომბერს, კვირას დანიშნაო, შემდეგ რამდენიმე საათში გამოვიდა ადმინისტრაციის უფროსი და, უკაცრავად, შეგვეშალა, არჩევნები 31 ოქტომბერს იქნება, ხუთშაბათ დღესო. ჰოდა, წავიდა მარჩიელობა, რატომ ჰქონდა ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა პრეზიდენტისთვის 4 დღეს. ზოგმა ეს ყველაფერი ვილნიუსის სამიტს დაუკავშირა, ზოგმა კიდევ, ვერ გაძღა მაგის მუცელი, ოთხი დღით კიდევ უნდა პრეზიდენტობის გახანგრძლივებაო, თუმცა შემდეგ გამოირკვა, რომ ამას გახანგრძლივების თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს წყდება, ხოლო ინაუგურაცია, არჩევნებიდან მესამე კვირადღეს იმართება. ანუ კვირას ჩატარდება არჩევნები თუ ხუთშაბათს, ინაუგურაცია მაინც მესამე კვირის კვირადღეს უნდა გაიმართოს. გამოდის, ეს არაფერს ცვლიდა. ამიტომაც დღემდე გამოცანად რჩება, რატომ გამოეკიდა ასე პრეზიდენტი 4 დღეს. არ გამოვრიცხავ, თავიდან კონსტიტუციის ეს ნორმა არც მას და არც მისი ადმინისტრაციის უფროსს უბრალოდ არ გაახსენდათ. სხვა ვერსია არ მაქვს, რატომ გაიხადა საქმე სამასხარაოდ. თუმცა ამ ყველაფერს ერთი დადებითი მხარე ჰქონდა: პრეზიდენტმა, პირველად თავისი ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, სამოქალაქო საზოგადოებას მოუსმინა და გადაწყვეტილება შეცვალა: არჩევნების თარიღი ისევ 27 ოქტომბერს გადმოსწია.

ხელები შორს...

ნიქსონ, ხელები შორს კუბისგან! - ეს შეძახილი ერთ-ერთი იტალიური ფილმიდან მახსოვს. ამ ფრაზას სხვადასხვა ვარიაციით ხშირად იმეორებენ. ჰოდა, ახლა ჩვენმა პრეზიდენტმაც შესძახა: "ხელები შორს "რუსთავი 2"-ისგან!" სააკაშვილმა გადაწყვიტა დამოუკიდებელი მედია დაიცვას დიქტატორ ივანიშვილისგან. ის ხომ ყოველთვის მედიის ქომაგი იყო! იმდენად დიდი ქომაგი, რომ ერთხელ ტელევიზიაში სპეცრაზმითაც კი მოგვაკითხა. რა ექნა, ვერ ძლებდა დიდხანს უჩვენოდ. ყოველთვის გიჟდებოდა ჟურნალისტებზე, განსაკუთრებით ტელევიზიის ჟურნალისტები უყვარდა. სულ მათი ქომაგი იყო. ამიტომაც უნდოდა ახლოს ჰყოლოდა. ტელეკომპანია "იმედი" ისე წაართვეს მეპატრონეს, რომ თვალიც არ დაუხამხამებიათ. სხვის ხელში ვერ დატოვებდა თავის საყვარელ ჟურნალისტებს. "რუსთავი 2"- მაც რამდენიმე მეპატრონე გამოიცვალა და ყველა მათგანს პრეტენზია აქვს, წაგვართვესო. ძველი მეპატრონეები სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ, მიშა კი ამას ვერ დაუშვებს! "რუსთავი 2" დამოუკიდებელი ტელევიზია მხოლოდ მის ფრთებქვეშ იქნება. სხვა მის დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს. ასე რომ, ხელები შორს "რუსთავი 2"-ისგან!

სერიოზული მარცხი

ახალი ხელისუფლების პირობებში პროკურატურამ პირველი სერიოზული მარცხი იწვნია. ექვსი თვის წინ დიდი რიხით დაკავებული ბორჯომის პოლიციის უფროსი და მისი რამდენიმე თანამშრომელი, რომლებსაც ბრალად ადამიანის წამება და გაუპატიურება ედებოდათ, სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა - პროკურატურამ მტკიცებულებები ვერ წარმოადგინაო. პროკურატურისგან არაფერი გამიკვირდება, რადგან იქ ძირითადად ისევ ძველი კადრები მუშაობენ, რომლებიც მიჩვეულნი არიან, რომ მათ ყველანაირ ნაბოდვარს სასამართლო კვერს უკრავდა.

პროკურატურის საკადრო პოლიტიკა ისე ჩანს, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მეორე მხარეა სასამართლო და მოსამართლეები. ბევრი საუბრობს ამ გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის მერკანტილურ ინტერესებზე. ხალხი ახალციხეში ქუჩაშიც კი გამოვიდა და ხვედელიანის გათავისუფლება გააპროტესტა. ხალხი ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენას ითხოვს, ამიტომ, თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება უმართავი პროცესები მივიღოთ. ხელისუფლებამ რაც უნდა იძახოს, სასამართლოს ვერ ვაკონტროლებო, ხალხი ყველაფერზე პასუხს მაინც მას მოსთხოვს. აგერ, სასამართლომ ორი სტუდენტი, ილიას და აკაკის ძეგლზე პლაკატის გაკვრის გამო, ათას-ათასი ლარით დააჯარიმა, რაც, ჩემი აზრით, გაუგონარი სიმკაცრეა, ჰოდა, უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ გამოხატეს. ის კი არა, სააკაშვილმაც კი ხელი ახალი ხელისუფლებისკენ გაიშვირა, სტუდენტების ჯარიმებით აპირებენ ბიუჯეტის შევსებასო. ყველას ავიწყდება, რომ სასამართლოს თავმჯდომარე ისევ კოტე კუბლაშვილია. ამიტომ იყო სასამართლოს რეფორმა უფრო საფუძვლიანად გასატარებელი, ისევე როგორც პროკურატურაში. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი შეიძლება ისევ ახალ ხელისუფლებას მოუბრუნდეს ცუდად.

ისევ საკუთარ თავზე მორგება?

ხელისუფლება მორიგი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ემზადება. მათ დეტალურ განხილვას არ შევუდგები. ჩემს შეშფოთებას მხოლოდ ერთი, მოქალაქეობის საკითხი იწვევს. დღეს მოქმედი რედაქციით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს შეუძლია ყველა თანამდებობის დაკავება, გარდა სამისა - პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის. ხელისუფლებას შემოაქვს ცვლილება, რომ ამ სამ თანამდებობაზეც იყოს შესაძლებელი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის დანიშვნა ან არჩევა. ისე, თუ თავდაცვის მინისტრი შეიძლება იყოს ორი ქვეყნის მოქალაქე, რატომ არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ყველა ხვდება, ეს ცვლილება მხოლოდ ივანიშვილის გამო შემოაქვთ, რომელსაც სურს ერთდროულად საფრანგეთის მოქალაქეც იყოს და საქართველოსიც.

კონსტიტუციის ერთ კაცზე მორგებაა ცუდი, რასაც მეორე პლანზე გადაჰყავს თავად იდეა. რაც ყველაზე მთავარია, ამ ცვლილების ინიციატორები აცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან მას, მაგრამ ახლა თურმე საქმეს სჭირდება. აქ მთავარი კითხვა ასე დგას: რატომ არ ეთმობა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა? არჩევნებამდე ხომ თანახმა იყო, დაეთმო? და რაც მთავარია: ამის გამო კონსტიტუციას რატომ ცვლის? მართალია, სააკაშვილმა მგონი ყველა დიქტატორის და ავტორიტარის რეკორდი მოხსნა, როდესაც კონსტიტუცია მარტო საკუთარ თავზე კი არ მოირგო, არამედ ქვეყნის მთავარი კანონი ერთი 21 წლის გოგოსთვის შეცვალა (ფაქტია, 21 წლისა პარლამენტში მარიამ საჯაიას გარდა არავინ შეუყვანიათ), მაგრამ არც ივანიშვილი გამოჩნდება კარგად, ისიც თუ ამ გზას დაადგება(!).
buba
09 ივლისი 2013 22:13
არჩევნებამდე დიდი დროა,არავინ იცის რას მოიპიქრებს ბ-ნი პრეზიდენტი და რას გვამცნობს ქ-ნი მანჯგალაძის საშუალებიტ,ასე რომ ზეიმი ადრეა.
joni
09 ივლისი 2013 20:09
მეტი აზროვნება მერაბ და მოკლე სტატიები..
:D:D
09 ივლისი 2013 15:28
ერთი ფაქტია რომ რაც მერაბმა ივანიშვილთან იბტერვიუ ჩაწერა მის მერე ობიექტურობას მოუკლო საგრძნობლად და ეს ტეხავს არადა როგორ ველოდებოდი ხოლმე ამ ადამიანის კვირის ფიქრებს!!!იმედია გაითვალისწინებ ამ შენიშვნას რადგან ბიძინა ბევრ სისულელეს ამბობს ამ ბოლო დროს და ბევრ შეცდომასაც უშვებს შენ კი ხმას არ იღებ ამაზე ((( საწყენია!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები