აშშ - კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

აშშ - კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ

აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს კლიმატის შესახებ გაეროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც კოპენჰაგენში გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 90-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური, მათ შორის პრეზიდენტი ობამაც, რაც პრობლემის მოგვარებაში აშშ-ის დაინტერესების დემონსტრირება იქნება. კოპენჰაგენი კლიმატის გლობალური პრობლემის გადაწყვეტის შესანიშნავ შესაძლებლობას გვთავაზობს.

კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, რომელიც ჩვენი პლანეტის წინაშე დგას. მისი შედეგები უკვე თვალნათლივია. მატულობს ზღვის დონე, ოკეანეებში - მჟავას შემცველობა, გახშირდა ქარიშხლები, დნება მყინვარები და  არქტიკული ყინული, ხოლო წყლის მარაგი მცირდება. ამგვარი ცვლილებები არა მარტო გარემოს, არამედ უსაფრთხოებასა და სტაბილურობასაც უქმნის საფრთხეს.

კლიმატის ცვლილება გლობალური გამოწვევაა და, შესაბამისად, გლობალურ გადაწყვეტას მოითხოვს. ამ მიზნით აშშ უერთდება სხვა სახელმწიფოების ძალისხმევას და ცდილობს, მიაღწიოს საერთაშორისო შეთანხმებას გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებათა პროცესში. აუცილებელია იურიდიული ვალდებულების მქონე დოკუმენტის მიღება, თუმცა მსოფლიო ლიდერებმა აღიარეს, რომ კოპენჰაგენის სამიტისას, ასე მოკლე დროში, ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება ნაკლებად სავარაუდოა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანამ, ეკონომიკურად განვითარებული წამყვანი ქვეყნების მეთაურობით, ძალისხმევა წარმართოს ეფექტიანი შეთანხმების შესამუშავებლად, რომელიც დაგვეხმარება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ კლიმატური პრობლემის გადაჭრა, აგრეთვე შევქმნათ ინსტიტუტები ამ პრობლემასთან საბრძოლველად. ამგვარი ხელშეკრულების იდეა პირველმა დანიის პრემიერ-მინისტრმა რასმუსენმა წამოაყენა. მსოფლიოს ლიდერთა მხარდაჭერის შემთხვევაში ხელშეკრულება გახდება ქმედითი და დროში ზუსტად გაწერილი ვალდებულება. მასში აისახება ძირითადი საკითხები: შემარბილებელი ღონისძიებები, ფინანსური და ტექნოლოგიური მხარდაჭერა, გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობა.

აშშ-ის წილი ამოცანის შესრულებას პრეზიდენტი ობამა უხელმძღვანელებს. ამჟამად აშშ მეტ ძალისხმევას მიმართავს ამ პრობლემის გადასაჭრელად როგორც საშინაო (სუფთა ენერგიის, კლიმატის უსაფრთხოების და ეკონომიკური აღორძინების ხელშეწყობა), ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ვაშინგტონი მზად არის, განსახილველად წარმოადგინოს გამონაბოლქვის შემცირების მაჩვენებელი 2020 წლისთვის, რომელიც, 2005 წლის დონესთან შედარებით, დაახლოებით 17%-ით ნაკლები იქნება და შესაბამისობაში მოვა ქვეყნის შიდა კანონმდებლობასთან. ამ მაჩვენებლის მიღწევა შესაძლებლობას მოგვცემს, 2025 წლისთვის გამონაბოლქვი 30%-ით შევამციროთ, 2030 წლისათვის კი 42%-ით, რაც თანხვდება პრეზიდენტ ობამას ამოცანას, 2050 წლისათვის გამონაბოლქვის დონის 83%-ით შემცირების შესახებ. 1990 წლის ფონურ მაჩვენებელთან შეფარდებით, ზემოხსენებული შედეგის მიღწევა ნიშნავს 2025 წლისათვის გამონაბოლქვის 18%-ით, ხოლო 2030 წლისათვის - 32%-ით შემცირებას.

თუმცა, მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები ამ პრობლემას ვერ მოერევა. წარმატების მისაღწევად საჭიროა ყველა ქვეყნის ძალისხმევა. ამისთვის ეკონომიკურად განვითარებულ წამყვან ქვეყნებს მოუწევთ, ე.წ. შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავება კოპენჰაგენის ახალი ხელშეკრულების ფარგლებში და დასახული გეგმების ცალსახა მხარდაჭერა. ჩვენ ამ მიმართულებით საიმედო ნიშნებს ვხედავთ.

გამჭვირვალობა ნებისმიერი ხელშეკრულების საფუძველია. ის საშუალებას გვაძლევს, დავრწმუნდეთ, რომ ყველა ქვეყანა ასრულებს ვალდებულებას. გამჭვირვალობა დაგვეხმარება, შევაფასოთ, მიმდინარეობს თუ არა მთელი მსოფლიოს გამონაბოლქვის ადეკვატური შემცირება. კოპენჰაგენის სამიტისას ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები ვალდებულნი არიან, შეთანხმდნენ ისეთი სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც მაქსიმალურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

საერთაშორისო ხელშეკრულება წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებას, ეკოლოგიურად სუფთა ეკონომიკის დანერგვასა და ნახშირორჟანგის დონის შემცირებას. ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს ფინანსურ და ტექნოლოგიურ მხარდაჭერას უღარიბესი და დაუცველი ქვეყნებისთვის, რათა დავეხმაროთ მათ გამონაბოლქვის შემცირებასა და ახალ გარემოსთან ადაპტაციაში. კლიმატური პრობლემის გადაჭრა სასარგებლო იქნება ყველა ქვეყნისათვის - განხორციელდება ინვესტიციები, შეიქმნება სამუშაო ადგილები და მილიონობით ღარიბი ადამიანი მიიღებს ელექტროენერგიას.

კლიმატური ცვლილებები საქართველოს ბევრ საფრთხეს უქმნის და, ამავე დროს, ბევრ შესაძლებლობას ჰპირდება. რელიეფური მრავალფეროვნების გამო, საქართველოს ემუქრება ეროზიისა და მეწყერების საფრთხე, თუკი გლობალურ დათბობასთან ერთად მყინვარების დნობა გაგრძელდება და ნალექები მოიმატებს. ზღვის დონის აწევამ შესაძლოა დაბლობში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწები დატბოროს. მიწები კი სოფლის მცხოვრებთა უმთავრესი საარსებო წყაროა. კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმება შეაჩერებს გლობალური დათბობის პროცესს, რაც საქართველოს არაერთ საფრთხეს აარიდებს თავიდან და ეკონომიკურ სარგებელსაც ჰპირდება. ატმოსფეროს ყველაზე მეტად დამბინძურებელ ქვეყნებს საშუალება მიეცემათ, გარემოს დაბინძურების საკომპენსაციოდ, ინვესტიციები დააბანდონ ისეთ პროექტებში, რომელიც გარემოს დაცვასა და გამონაბოლქვის შთანთქმას შეუწყობს ხელს.

საქართველო მდიდარია ტყეებითა და წყლის რესურსებით. ეს ბუნებრივი რესურსები მას საშუალებას აძლევს, შეამციროს დამოკიდებულება ნავთობპროდუქტებზე და ევაჭროს იმ ქვეყნებს, რომელთაც ატმოსფეროში გაშვებული მომწამვლელი გაზების შემცირების გზით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება სურთ. ამგვარი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეკონომიკას შეუძლია, მიიღოს მილიონობით დოლარის ინვესტიცია, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს ნახშირბადისაგან თავისუფალი ტექნოლოგიების განვითარებას საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიის ზონაში.

კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესი კოპენჰაგენის კონფერენციით არ სრულდება. ეს კონფერენცია ნაწილია იმ კოლექტიური ვალდებულებისა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პრობლემის გადაჭრას გულისხმობს. კოპენჰაგენში შესაძლებელია ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დაუყოვნებლივ დავიწყოთ იურიდიული ვალდებულების მქონე ხელშეკრულების შემუშავება, დავაჩქაროთ ნახშირორჟანგის დონის შემცირება და ეკოლოგიურად სუფთა ეკონომიკაზე გადასვლა. ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, წვლილი შეიტანოს ამ საქმეში და მოველით, რომ თავის სიტყვას იტყვის საქართველოც.

ჯონ ბასი,

აშშ-ის ელჩი საქართველოში