რას გვარგებს "სხვის ომში სიბრძნე"?! - კვირის პალიტრა

რას გვარგებს "სხვის ომში სიბრძნე"?!

ხელისუფლების განცხადებამ, - მორიგი ქართული სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა ავღანეთსა და ერაყში საქართველოს უსაფრთხოების დაცვააო, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგი ფიქრობს, რომ ქართველებს იქ არაფერი ესაქმებათ. ზოგიც თვლის, რომ ქართული ჯარი დიახაც უნდა აქტიურობდეს, რადგან აშშ და ევროპა ჯეროვნად დაგვიფასებენ თავგამოდებას და ძმურად დაგვეხმარებიან გასაჭირში... მოკლედ, ფრიად საკამათო საკითხია და ცალსახა პასუხიც რთულად გასაცემი. ისეთ მდგომარეობაშია საქართველო ჩავარდნილი, განსაკუთრებით საგარეო ჩახლართულობით, რომ ყოველი ნაბიჯი ასჯერ გაზომვას და ერთხელ გაჭრას მოითხოვს. არ ვიცი, რამდენჯერ ზომავენ ხელისუფლების დიდმოხელეები ურთულეს საკითხებს, მაგრამ იმან, რაც აქამდე "გაიჭრა", ჯერჯერობით მხოლოდ ბეწვის ხიდები და თავზე დაყრილი ბომბები მოგვიტანა.

ჩვენს მატიანეში უცხოთა საქმეზე თავგადაკვლის იმდენი მაგალითია, სათვალავი აგერევა. საკითხავია, "სხვის ომში სიბრძნით" რა მოიგო საქართველომ? არც არაფერი, გარდა თავისი შვილების თავგანწირვისა და "მეგობარ"  მოკავშირეთა უმადურობისა. თუ ვინმე მაინც დაგვდგომია გვერდით - მხოლოდ თვალის ასახვევად და მოჩვენებითად, ბრძოლის ბედს კი მუდამ ქართველები წყვეტდნენ საკუთარი სისხლით და სიცოცხლით. ასე იყო დიდგორის ბრძოლაში, როცა დავით აღმაშენებელმა მხოლოდ შორიდან აყურებინა ფრანგ ჯვაროსნებს ქართველთა დაუჯერებელი სიმამაცისთვის; ასე იყო ასპინძასთან, როდესაც "მოკავშირე" ტოტლებენმა არ ინება ერეკლე მეფის დახმარება, რუსთა სისხლის დაღვრა ქართველთათვის და მერე ისევ პატარა კახს მოუხდა არნახული თავგანწირვით უმადური "მეგობრების" გადარჩენა ყელს მომდგარი სიკვდილისაგან; ასე იყო, როცა მხცოვანი სულხან-საბა ევროპაში გაემგზავრა დახმარების სათხოვნელად და ამაოდ ღვარა ცრემლი ცივილიზებული  დასავლეთის მონარქების გულის ასაჩუყებლად - ეგებ სულთმობრძავ ივერიას დაეხმაროთო; ასე იყო XX საუკუნის გარიჟრაჟზე, როცა ჩვენს ხარჯზე სარგებლის მიღების მოიმედე ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა, რიგრიგობითა და უდარდელობით, შეატოვეს პატარა საქართველო წითელი რუსეთის მძვინვარე ბრჭყალებს და თითიც არ გაუნძრევიათ ჩვენს დასახსნელად; ასე იყო სულ ახლახან, რუსეთი რომ ბომბებს გვაყრიდა, ყველა "შეშფოთდა" დასავლეთში, ქაღალდზეც ბევრი პროტესტი წერეს და სიტყვაც თითქოს შეგვაწიეს, მაგრამ შედეგი მხოლოდ და მხოლოდ ისევ ქართული სისხლი და ქართველ ვაჟკაცთა საძმო სამარე იყო...

ნურავის ეგონება, რომ ქართველები უმადურები ვართ და რაც მოგახსენეთ, ვინმეს გარჯის (თუნდაც შეშფოთების) დაუნახავები ვიყოთ, მაგრამ აქლემების ჭიდილში მუდამ კოზაკებივით ვიჭყლიტებით და ამის გაუთვალისწინებლობამ, ვაითუ, კიდევ გვადინოს სისხლი. გვაშოროს უფალმა, თუმცა ზეციერი სიბრძნესაც ითხოვს ჩვენგან და ვწყვეტთ კი ბრძნულად სასიცოცხლო საკითხებს?..

გასაგებია, რომ ავღანეთსა და ერაყში გასაგზავნი ქართული კონტინგენტის უმრავლესობა ე.წ. '"კონტრაქტნიკია" და სად იმსახურებენ, მათი ნებაყოფლობითი არჩევანია, მაგრამ თვით ის თავგადაკლული იდეოლოგია პატარა ქვეყნის მესვეურთაგან, რომ ჩვენ (მაინცდამაინც ჩვენ?!) უნდა გამოვიდოთ თავი და დავუმტკიცოთ ერთგულება ზემძლავრ ქვეყანას, უაღრესად სახიფათოა(!) საქართველოსთვის.

ათწლეულების მანძილზე იბრძოდნენ ქართველი ვაჟკაცები მსოფლიოს დამპყრობელი მონღოლების საომარი დროშის ქვეშ (სხვა რა გზა ჰქონდათ?). სამშობლოდან შორს, ოთხივ კუთხით იქნევდა მახვილს მტრის "საამებლად" მეფე დემეტრე თავდადებული, მისი წინაპრებიცა და შთამომავლებიც. წინა ხაზზე იყვნენ მარად და გასაოცარი სიმამაცით პირველები იპყრობდნენ იძულებითი მოკავშირის მტერთა ციხეებს. მოგეხსენებათ, წინამბრძოლნი ჭარბად გაიღებენ ხოლმე სისხლსაც და სიცოცხლესაც, ასე მიწდებოდნენ ქართველები უცხო მხარეში, მაგრამ შედეგი რა იყო? სხვაზე აღარაფერს ვიტყვით - მონღოლებმა მათი საქმისთვის არაერთხელ სიკვდილს შეთამაშებული დემეტრე მეფე სიცოცხლეს გამოასალმეს. განა ოსმალებმა დაინდეს მათთვის მებრძოლი უდიდესი მხედართმთავარი გიორგი სააკაძე, მისი თანამდგომნი და უმადურად არ გამოასალმეს სიცოცხლეს? განა იგივე ავღანეთი, ერაყი და მათი მეზობელი ქვეყნები არ დაუპყრო სააკაძის ხმალმა ირანს და სანაცვლოდ რა მიიღო? ღალატი და მზაკვრობა მისი "მწყალობელი" შაჰ-აბასისგან... ავღანეთისთვის ბრძოლას შეაწყდნენ ირანის სამსახურში ქართლის მეფე გიორგი XI, მისი ძმები და ძმისშვილები, ათასობით ქართველიც მათთან ერთად მეომარი. ვინ დაუფასა, ვინ დაიტირა, გარდა ბედდამწვარი საქართველოსი? განა თავად ავღანელებს არ დასცდათ სპარსელთაგან მიტოვებული და ვაჟკაცურად აღსრულებული, ბრძოლის ველზე დაცემული ქართველი გმირების ნახვისას: - ნეტავ ვისთვის სწირავენ ღვთის მიცემულ სიცოცხლეს ეს უგუნურებიო!

საუკუნეების მიღმა რად უნდა ვეძებოთ მსგავსი მაგალითები! ამ რამდენიმე ათეული წლის წინ არ იყო, საბჭოთა მთავრობა რომ "ინტერნაციონალური ვალის" მოსახდელად საზარბაზნე ხორცად ერეკებოდა ავღანეთში პირზე რძეშეუმშრალ ბიჭებს და მათ შორის ქართველებს? აღარ გვახსოვს, რამდენი ქართული ოჯახი გამწარდა "ინტერნაციონალური ვალით"?..

იცვლება პოლიტიკურ-ეკონომიკური ფორმაციები, იცვლება ქვეყნების ჰეგემონობაც და მსოფლიო გადანაწილების პროცესი, იცვლება საზღვრებიც, მაგრამ არ იცვლება ერთი რამ - პატარა საქართველოსთვის არავის(!) სცხელა და არავინ იწუხებს თავს, ჩვენ კი არაფრით არ გვსურს წარსულის გაკვეთილების გათვალისწინება. კარგი, ბატონო, ჩვენ თავს ვიკლავთ მოკავშირე დასავლეთისთვის, სოლიდურ ფულად დახმარებასაც გვაძლევენ (ისიც საკითხავია, რას ხმარდება და სად მიდის ეს ფულადი დახმარება), მაგრამ თუნდაც ერთი ქართველის სიცოცხლედ გვიღირს ეს მილიონები და მილიარდები? განა წინათაც უხვად არ აჯილდოებდნენ "ესრეთ სახელის მაძიებელ ქართველებს" "მადლიერი" შაჰები, სულთნები, ხონთქრები და ყეენები მათთვის გამეტებული ქართული სისხლისთვის? რად ენაღვლებოდა ვინმეს, თუკი საკუთრივ საქართველოს შემოსეული მტერი აოხრებდა და თავიანთი სამშობლოს დასაცავ ხმალს მათ სამსახურში იქნევდნენ ქართველი ბიჭები...

ან რატომ ვზრდით ახლა "გასაოცარი" ერთგულებით”ჩვენს სამშვიდობო კონტინგენტს მაშინ, როცა თვით დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნებიც ითვალისწინებენ ხიფათს და ამცირებენ საკუთარი ჯარების რიცხოვნობას (ბევრი საერთოდ არ მონაწილეობს და არ შედის კოალიციაში!)? მათზე მეტნი ვართ თუ ასე გვემეტება სხვათათვის ქართული სისხლი დემოგრაფიულად დაქცეულ ქართველებს?..

P.S. უფალმა მშვიდობით და უვნებლად ატაროს და დაგვიბრუნოს ჩვენი სისხლი და ხორცი. არ გვეეჭვება, ქართველი ვაჟკაცები, სადაც უნდა მიდიოდნენ საომრად, ღირსეულად მოიხდიან ყველა ვალს - "ინტერნაციონალურსაც" და სამშვიდობოსაც. მათ კი, ვინც ნასწრაფევად და სხვის საამებლად იღებენ ხშირად საბედისწერო გადაწყვეტილებებს, შევახსენებთ, რომ ურიგო არ იქნებოდა, თუკი ამ გადაწყვეტილებების მიღებამდე ჩვენს ისტორიას გადახედავენ და გაიაზრებენ იმ საფრთხეებს და უმადურობას, რასაც ყოველთვის უხვად იმკიდა სისხლიან კალოზე სხვათა საქმისთვის თავგადაკლული, "ესრეთ სახელის მაძიებელი" საქართველო...