"კირვალიძემ იცის ამ ხალხის ვინაობა და აჯობებს, თვითონ დაასახელოს" - კვირის პალიტრა

"კირვალიძემ იცის ამ ხალხის ვინაობა და აჯობებს, თვითონ დაასახელოს"

რა სცენარი გათამაშდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში

"თუ კაცი ასეთ რამეს შეგნებულად დაწერს, თავი სახრჩობელაზე უნდა ჩამოიკიდოს"

"მსმენია, რომ დათო შიდა ბრძოლებს ემსხვერპლა"

რის თქმას აიძულებდნენ კირვალიძის კლასელს?!

"მას შემდეგ, რაც თანამდებობა დავტოვე, კომენტარი არ გამიკეთებია იმის გამო, რომ გამოძიება მალე უნდა დასრულდეს. მივმართავ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილსა და შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ჩვენს ინტერესშია, რომ ეს საქმე სამართლებრივად და სწრაფად იქნეს გამოძიებული, რადგან კიდევ 5 კაცია წინასწარ პატიმრობაში. მჯერა, სამართალი მალე იზეიმებს და ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას მალე დატოვებენ", - ასეთი განცხადებით მიმართა სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა დავით კირვალიძემ ყოფილ კოლეგებს. კირვალიძის ამ განცხადების მიზეზი შპს "მექანიზატორის" დირექტორის მოადგილის, მამუკა ივანიაძის განცხადება გახდა, - 26-გვერდიანი ჩვენება დავით კირვალიძის წინააღმდეგ პროკურორ გიორგი დავითაშვილის კარნახით, შეურაცხყოფისა და ზეწოლის შედეგად დავწერეო. ჩვენების დაწერის შემდეგ 1-ელ მაისს დაკავებული ივანიაძე 2 ივლისს 10.000 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. "კვირის პალიტრა" მამუკა ივანიაძეს დაუკავშირდა:

- ჩემი დაპატიმრება, ალბათ, იმის გამო გადაწყდა, რომ მე და ბატონი მინისტრი კლასელები ვართ და 40 წელია, ვმეგობრობთ. სპეციფიკაციების შემმუშავებელ კომისიაში, რომელსაც შესაძენ ტრაქტორებზე უნდა მიეცა რეკომენდაცია, როგორც აგრონომი შემიყვანეს. 1-ელ მაისს დამაკავეს და მოდულში მიმიყვანეს. შესვლისთანავე დაიწყო ჯოჯოხეთი. 12-მდე კაცი პერიოდულად შემოდიოდა და 4 საათის განმავლობაში უშვერად მლანძღავდნენ, შეურაცხმყოფდნენ.

ღამის საათებში გლდანის მე-8 დაწესებულების უფროსის მოადგილის, მოდებაძის კაბინეტში ავყავდი დასაკითხად. მემუქრებოდნენ, ციხეში ამოგალპობთ, იარაღს დაგიდებთო, მიხსენებდნენ ოჯახის წევრებს, უხამსად მიმანიშნეს ჩემს სტუდენტ ქალიშვილზეც.

ყველაფერს დეტალურად ვერ აღგიწერთ, რადგან ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და მეშინია, ხელი არ შევუშალო. მთხოვდნენ, მინისტრის საწინააღმდეგო ჩვენება მიმეცა.

- კონკრეტულად, რის თქმას ითხოვდნენ?

- რომ სპეციფიკაციების დამდგენი კომისია სიტყვიერ მითითებებს მინისტრისგან იღებდა, რომ ის ეუბნებოდა კომისიის წევრებს, რომელი ტრაქტორი აერჩიათ; რომ რეალურად გადაწყვეტილებებს კომისია კი არ იღებდა, არამედ მინისტრის უკანონო ზეპირ მოთხოვნებს ასრულებდა. ცხადია, ამას არ დავეთანხმე და საშინელი ზეწოლა დაიწყო, - მემუქრებოდნენ, მაგინებდნენ,

ცემის გარდა, ყველა ხერხი გამოიყენეს.

გავიდოდა რამდენიმე კაცი და შემოვიდოდა მამაკაცი, რომელიც მაამებლურად მესაუბრებოდა და მეუბნებოდა, თავს რატომ იკლავ, რატომ ეწირები ამ საქმესო. მათ ერთადერთი მიზანი ჰქონდათ, - მიეღოთ ჩვენება დავით კირვალიძეზე.

5 მეცნიერი დღეს ციხეში ზის გაცემული რეკომენდაციების გამო. ტრაქტორები იყიდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ბატონმა ქარსელაძემ, რომელიც შესყიდვების კომისიის წევრია, მის ხელში იყო ყველა სადავე. შესყიდვების დოკუმენტაციაზე მისი ხელმოწერაა. ქარსელაძემ შესყიდვები იდეალურად ჩაატარა, წინა წლების შესყიდვებთან შედარებით 30-40%-ით ნაკლებ ფასად იყიდა იგივე ტექნიკა და ამით დაახლოებით 12 მლნ-ის მოგება ნახა ქვეყანამ, Mმაგრამ ეს გამოძიებას არ აინტერესებს. რატომ, არ ვიცი.

- ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა მიანიშნა, რომ ამ უცნაურობის ახსნა შეიძლება იმით, თუკი დავადგენთ, ვის ევალებოდა წინა წლებში ტრაქტორების შესყიდვა. თქვენ იცით ამ კომპანიის სახელი?

- ეს არის ავადსახსენებელი "ჯითი ჯგუფი", რომლის ხელმძღვანელი ბატონი გოგსაძეა. ეს კომპანია 3 წლის განმავლობაში აწარმოებდა ყვითელი ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების შესყიდვებს ტენდერების გარეშე, წელს კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში 21 კომპანია მონაწილეობდა. გაიმარჯვა სამმა კომპანიამ, მათ შორის ერთ-ერთ ლოტში "ჯითი ჯგუფმაც", Mმაგრამ ამას არ დასჯერდნენ, მეტი უნდოდათ, რადგან მონოპოლია ჰქონდათ ამ საქმეში და ფასებს ხელოვნურად ზრდიდნენ. ამოიღოს გამოძიებამ 2010 წლიდან მოყოლებული შესყიდვები და ისინი, რომელიც წელს განახორციელა სამინისტრომ. შეადარონ შესყიდული ტექნიკის ხარისხი და ფასები, ყველაფერი ნათელი გახდება. გამოჩნდება, რომ ჩვენმა კომისიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

- "ჯითი ჯგუფის" უკან ვინ დგას?

- სახელდებიან გიგი უგულავაც და ვანო მერაბიშვილიც. ალბათ, გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

- ითქვა, რომ დავით კირვალიძეს თავისივე გუნდში ჰყავს მოწინააღმდეგეები.

- მაქვს ჩემი ვერსია, მაგრამ დამამტკიცებელი საბუთი არ გამაჩნია. მსმენია, რომ დათო შიდა ბრძოლებს ემსხვერპლა. მან იცის ამ ხალხის ვინაობა და აჯობებს, თვითონ დაასახელოს. ჩემი ტელეფონი ისმინება, შეიძლება ჩვენი საუბარიც იწერებოდეს და ამან პრობლემები შემიქმნას. რამდენიმე პირი სწორედ ტელეფონზე საუბრის გამო დააკავეს. ეს ხალხი დაადანაშაულეს, ექსპერტებზე ზეწოლას ახდენდნენო, მაშინ როდესაც ისინი უხსნიდნენ, რატომ აირჩიეს "ზეტორი".

- როგორ მიიღო გამოძიებამ სასურველი ჩვენება თქვენგან?

- დათოს წინააღმდეგ ჩვენებას არ ვაძლევდი. მისი გვარის ხსენებასაც ვერიდებოდი. პPროკურორმა გიორგი დავითაშვილმა მკითხა, რატომ არ ახსენებთ კირვალიძეს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კლასელიაო. ამ კითხვაზეც პასუხი თვითონ მიკარნახა. იმდენად სწრაფად მკარნახობდა, გააზრებასაც ვერ ვასწრებდი, რას ვწერდი. არც წამიკითხავს, ისე მოვაწერე ხელი ჩვენებას. ციხიდან რომ გამოვედი, მერე წავიკითხე და იქ საშინელებები წერია. Aამიტომაც გავემიჯნე ამ ჩვენებას. Eეს ჩვენება დათოსი კი არა, უპირველესად ჩემი დამაზიანებელია. ამ ჩვენებით ჩანს, რომ ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ამას ვერ დაწერდა. თუ კაცი ასეთ რამეს შეგნებულად დაწერს, თავი სახრჩობელაზე უნდა ჩამოიკიდოს. დათოს ავუხსენი, რა ზეწოლაც იყო. ადამიანმა, როდესაც ჯოჯოხეთს გაივლის და მასთან ადვოკატსაც არ შეუშვებენ, ასეთ საშინელ ჩვენებასაც კი შეიძლება მოაწეროს ხელი. Aამის დაწერას სჯობდა, ფიზიკურად შემხებოდნენ და ვეწამებინე.

დანაშაულია 5 ასაკოვანი მეცნიერის ციხეში ყოფნა, რომელთაც სახლში წიგნების მეტი არაფერი აქვთ. მათი სიმდიდრე სახელი და ავტორიტეტია. შეამოწმონ მათი ანგარიშები.

ზაზა მახარობლიძე, პროფესორი, ამჟამად პატიმარი: - სოფლის მეურნეობის სამინისტროში როგორც სპეციალისტი მიმიწვიეს რეკომენდაციისათვის. მეცნიერებს ბრალი დაგვდეს, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამისთვის საკმარისი იყო თურქული წარმოების "ნიუ ჰოლანდ  TD5-110"“მარკის 110 ცხ.ძ.-იანი ტრაქტორი და ჩვენ კი რეკომენდაცია მივეცით 117 ცხ.ძ.-იან ჩეხურ "ზეტორ პროქსიმა 120"-ს. ეს ბრალდება უსაფუძვლო, პროფესიული თვალსაზრისით სრული უვიცობა და ტენდენციურია "ჯითი ჯგუფის" სასარგებლოდ. ეს კომპანია კომისიას ნაკლები სიმძლავრის თურქულ ტრაქტორს სთავაზობდა, რომელსაც რეკომენდაციას ვერ მივცემდით.

კომისიის მუშაობის დროს "ჯითი ჯგუფისა" და "მსოფლიო ტექნიკის" ხელმძღვანელი ზვიად ბრეგვაძე პროვოკაციულად ითხოვდნენ მათი ტექნიკის შესყიდვას და აპელირებდნენ იაფი ფასებით. ლაპარაკია თურქული წარმოების ტრაქტორებზე, რომლებსაც ტესტიც კი არ გაუვლიათ, პლასტმასის კბილანებითა და პლასტმასის კარდანით აწყობილ სათესებსა და კულტივატორებზე. ქვეყანაში მათი შემოტანა სახელმწიფო დანაშაული და სახელმწიფო პროგრამის საბოტაჟი იყო.

ალბათ, ადვილი გასაგებია, რატომ სთავაზობდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრს და პროვოკაციულად მოუწოდებდნენ, შეესყიდა იაფფასიანი თურქული ტრაქტორები ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კომისია შეიქმნებოდა და დასკვნას წარმოადგენდა. ეს იყო პირადი ინტერესების გატარების მცდელობა.

ჩვენი დაკითხვები მიმდინარეობდა კანონდარღვევით, ძირითადად, ღამის საათებში. ჩვენზე ზეწოლას ახდენდა პროკურორი შ. რიჟამაძე ოთხი გამომძიებლის თანდასწრებით. ეს ხდებოდა მოდულში, საგამოძიებო ნაწილის უფროსის, ჯამასპიშვილის კაბინეტში. იყო მუქარა, შანტაჟი, შეურაცხყოფა. ჯამასპიშვილი მე და პროფესორ ქარჩავას გვეუბნებოდა, პროფესორების დაკავება არ გვჭირდებაო, მხოლოდ ჩვენება უნდა მიგვეცა მათთვის სასურველ პირებზე და თუ არ დავთანხმდებოდით, ციხეში გაგვიშვებდნენ. საინტერესოა, ვის ინტერესებში შედიოდა ამ ბინძური შანტაჟით მეცნიერების ციხეში გამომწყვდევა, მაშინ როდესაც სხვა საქმეებზე ანალოგიურ დანაშაულში ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ყველაფერი ეს ემსახურება ჩვენგან სასურველი ჩვენებების გამოძალვას, ვინაიდან ბრალდების მხარეს არ გააჩნია მტკიცებულებები ჩვენთვის წარდგენილი ბრალდების დასასაბუთებლად.

სოსო ბარათაშვილი, ადვოკატი: "ამ საქმეში უმძიმესი დარღვევებია დაკავებისა და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროს. ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ ბრალდების პოზიცია არ არის გამართული და ბრალდებები დაუსაბუთებელია. გამოძიებამ ეს რომ გადაფაროს, ბრალდებულებზე საშინელ ზეწოლას ახდენენ.

ჩემი აზრით, ძაღლის თავი უნდა ვეძებოთ იქ, თუ ვის ჰქონდა წინა წლებში ამ ტექნიკის შეძენაზე მონოპოლია, ვინ იჯიბავდა მილიონებს. ხალხი, ვისაც გზა გადაეკეტა მილიონების მოპოვებისკენ, დღეს მომჩივანის როლშია. არიან პირები, რომელთა გვარები ძალიან საეჭვოდ არ ფიგურირებს ამ საქმეში. ეს არის "მსოფლიო ტექნიკა", რომლის დამფუძნებლის საშუალებითაც ტარდებოდა ეს ოპერაციები. მაკვირვებს არჩილ კბილაშვილის პოზიცია, რომლის ღირსების საქმეც უნდა იყოს ამ საქმის ობიექტური გამოძიება და ამისათვის არაფერს აკეთებს".

P. S. როგორც დაკავებულმა პროფესორმა ზაზა მახარობლიძემ განაცხადა, "მსოფლიო ტექნიკის" დამფუძნებელი ზვიად ბრეგვაძეა. არსებობს ვარაუდი, რომ ზვიად ბრეგვაძე დაახლოებული იყო წინა ხელისუფლებასთანაც და ახლაც მოძებნა ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან მისასვლელი გზა. ჩვენი წყაროს ვარაუდით, სწორედ ამის შედეგია ის სცენარი, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში გათამაშდა.