მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

გმირი თუ ნაძირალა?

მე მაინც ვფიქრობ, რომ არც ერთი და არც მეორე. ბედუკაძემ ბოლომდე ვერც გმირობამდე გაქაჩა და ვერც ნაძირლობამდე. რაღაც მიზეზით ის არ დარჩა სისტემის ნაწილად, მისი მხილება გადაწყვიტა, მაგრამ იმ სისტემაში ვიდრე იყო, მისივე გადაღებული კადრებიდან კარგად ჩანს, რომ წამებაში მონაწილეობდა. ეს პროკურატურამაც არ დამალა, მაგრამ აპატია. ახლა ყველა იმაზე მსჯელობს, სწორად მოიქცა თუ არა მთავარი პროკურორი. ამ კითხვაზე პასუხი არც ისე მარტივია. ივანიშვილს კი სჯერა, რომ ციხის კადრების გარეშეც მოვიდოდა ხელისუფლებაში, მაგრამ მე არ მჯერა. ციხის კადრებმა ორი მნიშვნელოვანი რამ გააკეთა: „"ნაციონალები"“ და მათი მომხრეები არჩევნების წინ მორალურად გატეხა და კიდევ ე.წ. ნეიტრალური ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებზე წასვლას არ აპირებდა, სახლიდან გამოიყვანა. თუმცა თავი რომ დავანებოთ პოლიტიკურ ასპექტს და მხოლოდ სამართლებრივზე ვისაუბროთ, ბედუკაძის დამსახურება მაინც დიდი გამოდის. რომ არა მის მიერ  კადრების გამოტანა და რეჟიმის მხილება, პატიმრები დღესაც იმავე პირობებში იქნებოდნენ.

მაგრამ რა ვუყოთ მის ხმას თავისსავე გავრცელებულ კადრებში, სადაც კარგად ისმის, როგორ ეუბნება ხმა, რომელიც ძალიან ჰგავს ბედუკაძისას, სხვებს „მიდითო, და“ ისინიც პატიმრის ცემას იწყებენ, ხოლო იგივე ხმა ამ პატიმარს დაჟინებით რამდენჯერმე ეკითხება: „ქურდებს პატივს სცემ?“ ბედუკაძის მთავარი პრობლემა  ის არის, რომ ის არათუ არ ინანიებს დანაშაულს, არამედ საერთოდ არ აღიარებს, რომ ასეთი დანაშაული ჩაიდინა. მას რატომღაც სურს, რომ მთლიანად სუფთად წარმოჩნდეს. ის კი არა, არასამთავრობო ორგანიზაციაც დააფუძნა, რომელიც, მისი თქმით, ძალოვან სტრუქტურებს გააკონტროლებს, ანუ ფაქტობრივად ადამიანის უფლებების დამცველი გახდა. როგორია, ადამიანების წამებაში ბრალდებული პირი ადამიანის უფლებებს დაიცავს! ბედუკაძე ზოგადად წინააღმდეგობრივი პიროვნებაა: კადრები ცხადყოფს, რომ ის წამებაში მონაწილეობდა, მაგრამ არიან პატიმრები, რომლებიც ამბობენ,  რომ ბედუკაძე პატიმრებს ყველაზე ადამიანურად ექცეოდა. ამ დრომდე მაინც გამოცანად რჩება, რატომ გააკეთა მან ის, რაც გააკეთა. ფულის გამო? ამის დამტკიცება ვერ ხერხდება.

საით მიდის ახალი ხელისუფლება?

კვირის დასაწყისში მიქაუტაძის ამბავი, კვირის ბოლოს ივანიაძის.  ერთიც დაკითხვის დროს ძალოვანების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა და მეორეც, უბრალოდ, პირველმა ამის გამო თავი ჩამოიხრჩო. მან პირველ რიგში საკუთარ თავს ვერ აპატია ალბათ, რომ ზეწოლას ვერ გაუძლო და მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. მიქაუტაძეს თავი რომ არ მოეკლა და ჩუმად ედარდა, ხომ ვერაფერს გავიგებდით? ხომ შეიძლება, ყოველდღე ჩვენი სასიქადულო პოლიციიდან უამრავი ადამიანი გამოდის, რომელთაც ზეწოლითა და ცემით მიაცემინეს ჩვენება, ჩვენ კი ამის შესახებ ვერაფერს ვიგებთ, რადგან  ყველა ხომ თავს ვერ ჩამოიხრჩობს. მიქაუტაძემ ჩვენ ყველას თავისი სიკვდილით სილა გაგვაწნა და გვითხრა, რომ ჯერ ისევ იმავე მეთოდებით მოქმედებენ  ძალოვან სტრუქტურებში. ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა, ან კი როგორ შეიცვლებოდა, როდესაც იქ ისევ იგივე ხალხი მუშაობს, შინაგან საქმეთა მინისტრი კი ამ ხალხის უპირველეს ქომაგობას იჩემებს. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ქართულ პოლიციაში  ღარიბაშვილს არაფრის შეცვლა არ შეუძლია ან არ სურს. ივანიაძემ კი  პროკურატურაც ამხილა. მასაც ასე ზეწოლით დააწერინეს როგორც ჩვენება, ისე ადვოკატის აცილება. აქაც ყველაფერი ძველი და ნაცნობია. პროკურატურაშიც ხომ ძირითადად ძველი ხალხი მუშაობს.

თუმცა ეს ყველაფერი ასეთი შემაშფოთებელი არ იქნებოდა, მარტო ძველი კადრების პრობლემა რომ იყოს. კვირის ბოლოს გაჩნდა ეჭვი, რომ ეს შეიძლება ახალი ხელისუფლების პოლიტიკაა. თავად განსაჯეთ: კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, 1-ლი სექტემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო ნორმა, რომელიც მოწმის პოლიციაში დაკითხვას კრძალავს და მხოლოდ სასამართლოში დაკითხვას უშვებს. ამ ნორმის ამოქმედება ორჯერ გადაავადა სააკაშვილმა. მისი ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილებით ის დეკემბერში უნდა ამოქმედებულიყო, ახალმა ხელისუფლებამ კი დეკემბრამდე რატომ ვიცადოთო და ამოქმედების ვადა 1-ელ სექტემბერს გადმოსწია, მაგრამ ახლა ივანიშვილი პარლამენტისგან ამ ნორმის ისევ გადავადებას ითხოვს, ოღონდ ამჯერად ორი წლით. რა შეიცვალა ასე უცებ? რატომ აღარ სურს ახალ ხელისუფლებას ამოქმედდეს დემოკრატიული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ნორმა, რომელიც თავისთავად გამორიცხავს მოწმეზე ზეწოლას?  ვინ იცის, ორი წლის განმავლობაში, ვიდრე ეს ნორმა ამოქმედდება, კიდევ რამდენი მიქაუტაძე გვეყოლება?

მაოხრებელი გზირი

ეს კაცი მაოხრებელ გზირად ჩამოყალიბდა. ისე იქცევა, რომ საბოლოოდ ამტკიცებს: მისთვის ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ვიწროპარტიული და პირადი ინტერესები დგას. სადაც კი წავიდა, ყველგან გამოლანძღა საკუთარი ქვეყანა. დადის და გაიძახის: ჩვენ ისევ უკან წავედით, აწი არც ევროკავშირი და არც ნატო გვეღირსებაო. და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ მისი რამდენიმე თანაგუნდელი დააკავეს. მოახლოებულ ვილნიუსის სამიტზე გარკვეულ წინსვლას ველოდებით, სააკაშვილი კი ჩავიდა მოლდოვაში და იქიდან აფურთხებს საკუთარ ქვეყანას. ბათუმში მყოფი ევროკავშირის კომისარი შტეფან ფულე ამბობს, რომ მითია, თითქოს საქართველო ამ სამიტზე წარმატებას ვერ მიაღწევს, წინსვლის შანსი საკმაოდ დიდიაო. სააკაშვილმა კი მოლდოვიდან ცივი წყალი გადაგვასხა.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა დღის წესრიგიდან მოხსნილიაო. მანამდე კი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე გამოვიდა და საქართველო ფაქტობრივად  რუსეთის გავლენის სფეროდ გამოაცხადა. რუსეთმა რასაც ომით ვერ მიაღწია, არჩევნებით გააკეთა, იგივე მოხდა, რაც უკრაინაშიო. ევროპელებს ყოველდღე რომ უმეორებ, საქართველოს ახალი  ხელისუფლება რუსეთის დანიშნულიაო, ვინღა მოინდომებს შენთან ურთიერთობას? არადა, საქართველოს და უკრაინის მდგომარეობის შედარება როგორ შეიძლება? იანუკოვიჩი არც მალავდა თავის პრორუსულ ორიენტაციას და უარიც თქვა ნატოზე, საქართველოს ახალი ხელისუფლება კი ნატოს და ევროკავშირს ისევ პრიორიტეტად აცხადებს.

ღირსეულად წადი, მიშა, და იმას მაინც ეცადე, მაოხრებელი გზირის ადგილი არ დაიკავო!