ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

დასავლეთის ორი სახე - გამოცანა საქართველოსთვის

საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო იკვეთება ის შუქჩრდილები, რომლებიც ამ არჩევნების თანამდევი იქნება.

სააკაშვილის განცხადებამ, რომ ის ნომებერში ვილნიუსის სამიტს დაესწრება, იგულისხმება პრეზიდენტის რანგში, თვალსაჩინო გახადა "ნაციონალების" ტაქტიკა და მოლოდინი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით: მათი მთავარი ამოცანაა ამ არჩევნებში ახალი ხელისუფლების შესაძლო გამარჯვება ამ ხელისუფლებისავე მარცხად აქციოს დასავლეთის თვალში. ტაქტიკა მარტივია: არსებული თუ არარსებული საარჩევნო დარღვევების "აღრიცხვა" "ნაციონალების" მიერ კონტროლირებადი, განსაკუთრებით ბოლო დროს სოკოებივით აღმოცენებული და პრეზიდენტის გრანტმირთმეული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით და მათივე დასავლელი ლობისტების მიერ არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებაზე განგაშის ზარის დარისხება. სწორედ ვანდალურად გაყალბებული და არადემოკრატიული“არჩევნების გასაჟღერებლად სჭირდება სააკაშვილს ვილნიუსის სამიტის ტრიბუნა. "ნაციონალური მოძრაობის" დასავლელი ავტორები და შესაბამისად, დღევანდელი ხელისუფლების არაკეთილისმსურველები ეცდებიან საპრეზიდენტო არჩევნები ახალ ხელისუფლებაზე ვენდეტად გამოიყენონ მათი ფავორიტი "ნაციონალების" საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების გამო.

ამიტომ შეეცდებიან ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს არადემოკრატიულისა და არასამართლიანის დამღა დაადონ. ამ "მზადების" ერთგვარი გამოძახილია NDI-ს ბოლო კვლევის რამდენიმე კითხვის პასუხიც, რომლებიც ისეთივე ცინიკურია, როგორიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ "ნაციონალური მოძრაობის" დემოკრატიულობის არნახულად მაღალი შეფასება. საუბარია NDI-ს ახალი კვლევის, სულ მცირე, ორ კითხვაზე: მაგ., მარტში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, სულ ცოტა, 14%-ით შემცირებულა იმათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ანუ გამოდის, 9-წლიანი გაუპატიურების რეჟიმი ქვეყნის მოსახლეობისთვის უფრო მისაღები ყოფილა, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც იმდენად ლოიალურია იმავე "ნაციონალური" რეჟიმის მიმართ, რომ სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს, თუ არა დემოკრატია ქაოსის ზღვარზე. თუმცა, თუ ნავაროს დავუჯერებთ, თურმე დემოკრატიის ეს ხარისხიც არ აკმაყოფილებს საზოგადოებას. ნავაროს თანახმად, საქართველოს მოსახლეობაში 8%-ით შემცირდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც თვლის, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა.

წინა ნომერში ვწერდი და ამჯერადაც მიწევს გამეორება, უკვე საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში: აუცილებელია გასაჯაროვდეს, ცნობილი ამაზრზენი ვიდეოფირების სახით ვისზე აქვთ "ნაციონალებს" უპრეცედენტო ზეწოლის ბერკეტები შემორჩენილი, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი არჩევნების წინა და შემდგომ პერიოდში სხვადასხვა სახის დივერსიების, მათ შორის საინფორმაციო თუ ლობისტური დივერსიების, ალბათობა.