გოგა ხაინდრავა - ”ზურას საქმე სულ მალე ატომური ბომბივით აფეთქდება” - კვირის პალიტრა

გოგა ხაინდრავა - ”ზურას საქმე სულ მალე ატომური ბომბივით აფეთქდება”

"კოტე კუბლაშვილის დატოვება სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელად, ბოროტებაა. ახალციხის საქმე ერთგვარ ლაკმუსის ქაღალდად იქცევა, რომელიც გამოაჩენს პროკურატურის, სასამართლოსა და საზოგადოების მდგომარეობას. გამოჩნდება, რამდენად პრინციპულები და მომთხოვნები ვართ", - აცხადებს რეჟისორი გოგა ხაინდრავა:

- ივანიშვილზე დიდი ზეწოლაა დასავლეთიდან, რასაც ის ვაჟკაცურად უძლებს და ლომივით იბრძვის. სააკაშვილი დღეს დგას "ევროპის სახალხო პარტიაზე", ესტონეთის პრეზიდენტსა და ასეთი ტიპის მოღვაწეებზე. ეს ცუდად მოუტრიალდება ევროპას, ეს ფარისევლობაა, რომელიც გულისხმობს ვირტუალურ დემოკრატიასა და რეალურად ისეთი რეჟიმების მხარდაჭერას, როგორიც იყო მუბარაქისა და სააკაშვილის რეჟიმები. სააკაშვილის მხარდაჭერა სამარცხვინო მოვლენაა. ბიჭებისა და მამაკაცების გაუპატიურება ტვინგადაბრუნებულ ნაცისტებსაც არ მოსვლიათ თავში. ეს სირცხვილი საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება, რადგან ჩვენ ამ უმსგავსობას ვითმენდით. ეს არსება მთელ მსოფლიოში თავს სჭრის თავის ოჯახს. ვინც დღეს სააკაშვილის გვერდით დგას, სამშობლოს მტერია. მათ სამარცხვინო არსება აქციეს კერპად.

58 წლის კაცი ვარ და პირველად ვნახე, რომ გენერალურმა პროკურორმა ქვეყნის პირველ პირს უარი უთხრა. რაკი ეს პრეცედენტი შექმნა, მხოლოდ ამიტომ არის ის დასაფასებელი.

- ეს გათამაშებულ სცენად მოინათლა.

- ივანიშვილი არ არის მოთამაშე კაცი. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, პროკურატურაში სამასზე მეტი პროკურორი იყო. მათგან 200 ხომ მაინც იქნებოდა უკანონო ქმედებაში ჩართული. სწორედ ისინი არიან იმ გაუგებრობის მიზეზი, რისი მომსწრეც ხშირად ვხდებით. ჩვენ ხომ არ გვინდა სააკაშვილის სამართალი, როდესაც დილით დაჭერილ კაცს სასამართლო შუადღისას 30 წელს უსჯიდა და საღამოს გლდანის ჯურღმულში აწამებდნენ. სამართლის დამყარებას წლები და მოთმინება უნდა... სხვა საქმეა, რა ვერდიქტი გამოაქვს კუბლაშვილის სასამართლოს, რომელმაც გიგი უგულავა გაუშვა. მისი გაშვება შეიძლებოდა? ის რომ ხაზინის ქურდია და 102 მილიონი გაფლანგა, ეს ჩემი მინისტრობის დროს იყო ცნობილი.

- უგულავა სასამართლომ გაუშვა იმიტომ, ბრალდების არგუმენტები არ იყო მყარიო...

- ეს საბოტაჟის გამო ხდება... აღარაფერს ვამბობ სასამართლოზე, რომლის სახე კარგად გამოჩნდა ახალციხის სასამართლოს მოსამართლის, გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილებაში. პოლიციის 5 თანამშრომელი, რომლებიც დაზარალებულმა დაადანაშაულა საშინელ წამებაში, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ან წამებასთან, ან ცილისწამებასთან. მოსამართლე ჯეირანაშვილს ვეუბნები: თუ ეს 5 კაცი უდანაშაულოდ აღიარე, მაშინ ის ადამიანია დასაპატიმრებელი, რომელმაც ასე მძიმე დანაშაულში დასწამა მათ ცილი. კეთილინებოს პროკურატურამ და საფუძვლიანად გამოიძიოს ეს საქმე. ეს პირველი გამამართლებელი გადაწყვეტილება იყო, რაც ჯეირანაშვილმა თავისი საქმიანობის განმავლობაში გამოიტანა. ჯეირანაშვილის ფესვები უერთდება ამირან მესხელისა და ვანო მერაბიშვილის ფესვებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს ჯგუფური დანაშაულია. ამ დანაშაულის თანამონაწილეა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელმაც გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე თავისი პრესმდივნის პირით გვამცნო, გადაწყვეტილება სწორიაო, რითაც ჩაკეტა გზა სააპელაციო სასამართლოსკენ. ვინც დღეს კუბლაშვილს უჭერს მხარს და კბილაშვილს უტევს, უზნეო ან პოლიტიკურად ანგაჟირებულია.

- კბილაშვილს საპარლამენტო უმრავლესობაც კი აკრიტიკებს ბედუკაძესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში.

- როდესაც კნინობით ფორმაში ლაპარაკობენ, კბილაშვილში ადვოკატი სჭარბობს პროკურორსო, მე ვამბობ, მადლობა ღმერთს, რომ ასეა. ნუთუ ამ ხალხს ვიშინსკი და ზურა ადეიშვილი მოენატრა?! ბედუკაძე არაადამიანურობის თანამონაწილე იყო, მაგრამ საკუთარი ნებით ამხილა სისტემა და მსოფლიოს დაანახა სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის სახე. წარმოიდგინეთ, ის რომ ადეიშვილს ჩავარდნოდა ხელში, რას დამართებდნენ?! კბილაშვილს არ უთქვამს, ბედუკაძე უდანაშაულოაო. თქვა, იმსახურებს, რომ ციხეში არ იჯდესო. არასწორია დათო უსუფაშვილის ნათქვამი, უმრავლესობის არც ერთი წევრი არ იზიარებს კბილაშვილის პოზიციასო. ის პარლამენტარები, ვინც კბილაშვილს ყელში ეცნენ დასახრჩობად, პარლამენტში ვერ მოხვდებოდნენ, ბედუკაძე რომ არ ყოფილიყო.

- სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელმა მამუკა ივანიაძემ ამხილა ის პროკურორი, რომელმაც ზეწოლით მიაცემინა ჩვენება დავით კირვალიძის წინააღმდეგ.

- დათო კირვალიძე და მე ჟვანიას დროინდელ მინისტრთა კაბინეტში ერთხანს კოლეგები ვიყავით და ერთი წუთითაც არ ვუშვებ, რომ დათო ასეთ დანაშაულს ჩაიდენდა ან სხვას ჩაადენინებდა. ამ საქმეში პოლიტიკურ ინტერესს ვხედავ. კირვალიძე ხელმძღვანელობდა სამინისტროს, რომელსაც მილიარდიანი ბიუჯეტი ჰქონდა და ამ თანხაზე თვალი ბევრს დარჩებოდა. ივანიშვილის გაპრემიერება ასეთებს ზნეს ვერ შეუცვლიდა. კირვალიძეზე გუნდის შიგნითაც არანაკლები შეტევაა, ვიდრე გარედან. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში არჩილ კბილაშვილი მონაწილეობს როგორც იმ სტრუქტურის ხელმძღვანელი, ვინც აწარმოებს გამოძიებას, თუმცა პროკურატურის შუა რგოლი, ვფიქრობ, პოლიტიკურ თამაშებშია ჩართული.

- დღეს, როდესაც სისტემის გაჰუმანურებაზე ლაპარაკობს ხელისუფლება, ჩვენ გავხდით მომსწრე მამუკა მიქაუტაძის ტრაგიკულად დაღუპვისა, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით პოლიციელთა ძალადობამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე.

- ეს იგივე პოლიციაა, რომელიც 9 წლის განმავლობაში სრულ უკანონობას შეაჩვია მერაბიშვილმა. 9 თვეში ეს დანაშაულებრივი სისტემა ვერ გარდაიქმნებოდა... შს სამინისტროს ხელმძღვანელობამ უნდა დაადგინოს, სად იყო მიქაუტაძის საქმეში უცოდინარობა, შეცდომა და სად - დანაშაული. კარგად მესმის ღარიბაშვილის, როდესაც მუნდირის დაცვაზე ლაპარაკობს, მაგრამ, როდესაც მუნდირი შიგნიდან ჭუჭყიანია, გარედან გაწმენდა არაფერს შველის.

- ზურაბ ჟვანიას საქმის გახსნას დიდი მოლოდინით შეჰყურებს ქართველი საზოგადოება.

- რთულად მიდის გამოძიება, საგამოძიებო ბიუროს გამოგზავნილი ექსპერტიზის დასკვნა ბოკერიამ გადააკეთა. ზურას საქმე სულ მალე ატომური ბომბივით აფეთქდება, როცა დადასტურდება, რომ ჟვანია არ მოწამლულა. როგორც კი ჟვანიას საქმე გახსნილად გამოცხადდება, სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. 8 წლის მერე ზურაბ ჟვანია განსასჯელის სკამზე დასვამს სააკაშვილს. ზურა განსასჯელის სკამამდე მიიყვანს თავის მეგობრებს: ბარამიძეს, გოგორიშვილს, გაბაშვილს, მაჭავარიანს, ნოღაიდელს. ამ კონტექსტში ასევე უნდა დადგეს ბურჯანაძის პასუხისმგებლობის საკითხიც, რომელიც 8 წელი დუმდა და არ უნდოდა იმის დანახვა, რაც ზედაპირზე იდო.