მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

უსამართლობა და ხათაბალა

ყოველთვის ასე ხდება: ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს. არგუმენტები არასდროს ილევა და მათ სიმრავლეში მოსახლეობაც იბნევა. ახლაც ასეა: საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებით არასაპარლამენტო ოპოზიცია უკმაყოფილოა. პრეტენზიები საკმაოდ დასაბუთებული აქვს. ასევე აქვს პასუხები ხელისუფლებასაც, ისიც თითქოს დასაბუთებული. სიტუაცია, საზოგადოდ, ასეთია: საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებით უკმაყოფილოა ყველა პარტია, გარდა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობისა". მგონი, ეს უკვე ბევრ ეჭვს აჩენს. თავად განსაჯეთ: "ოცნება" არ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნების წინ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კომისიაში უმრავლესობა ოპოზიციაში მყოფ "ნაციონალურ მოძრაობას" რჩება. ცენტრალური საარჩევნო კომისია 13-კაციანია. აქედან ექვსი პროფესიული ნიშნით არჩეული ვითომ უპარტიო წევრია (სინამდვილეში კი "ნაციონალები"), ერთი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელია, კიდევ ექვსი - "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების. თავი რომ დავანებოთ კომისიაში "ნაციონალების" უმრავლესობას, თავად ფაქტი, რომ მხოლოდ ორი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები არიან და სხვა პარტიების არა, უკვე უსამართლობის შეგრძნებას აჩენს.

როდესაც ძლიერსა და სუსტს შორის გაუგებრობაა, შეუძლებელია დამნაშავე სუსტი იყოს, რადგან ძლიერს აქვს ბერკეტები და მას შეუძლია დამოუკიდებლადაც მიიღოს მეტ-ნაკლებად სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც ყველას თუ არა, უმეტესობას დააკმაყოფილებს. დღეს კი ხელისუფლებას კმაყოფილი მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" ჰყავს. რა გასაკვირია, რომ ასეთ ვითარებაში არასაპარლამენტო პარტიებს გაუჩნდათ ეჭვი გარიგების თაობაზე. ლევან ვეფხვაძემ პირდაპირ განაცხადა: ურეკში ივანიშვილის, უსუფაშვილისა და ბაქრაძის შეხვედრაზე შედგა გარიგება - "ნაციონალები" საპრეზიდენტო არჩევნებზე პრობლემებს არ შექმნიან, ანუ მის ლეგიტიმურობას აღიარებენ, ხოლო "ოცნება" უზრუნველყოფს, რომ ბაქრაძე მეორე ადგილზე გავიდესო. ვინ იცის, სიმართლეა თუ არა ეს, მაგრამ ეჭვი არის და მის საფუძველს თავად ხელისუფლება ქმნის.

კარგად ვიცი, რომ დღეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მთავარი ოპოზიციური ძალა "ნაციონალური მოძრაობაა" და ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანობა უპირველესად მათ აღიარონ, მაგრამ, როდესაც ყველა სხვა ოპოზიციური პარტია წინასწარ აცხადებს, რომ ასეთ პირობებში საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმური იქნება და შენ მხოლოდ "ნაციონალების" იმედად რჩები, თავს ხათაბალაში ჰყოფ.

ვინ არის მიხეილ სააკაშვილი?

ინტერნეტსივრცეში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია სააკაშვილის "ნანუკას შოუში" გამოჩენამ. არადა, ვფიქრობ, დროა ამ ადამიანს სულ უფრო ნაკლები დრო დავუთმოთ და მისი სახელის და გვარის გაგონებაზე გაკვირვებულებმა ვიკითხოთ: ვინ არის მიხეილ სააკაშვილი? ვფიქრობ, მასზე უკვე ისტორიკოსებმა უნდა ილაპარაკონ და არა მოქმედმა პოლიტიკოსებმა თუ ჟურნალისტებმა. მართალია, მის ყველა სიტყვაში იგრძნობოდა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი არ დაუკარგავს, მაგრამ, როგორც იტყვიან, ნეტარ არიან მორწმუნენი. დღევანდელი გადმოსახედიდან ამის არ მჯერა და ვისაც გჯერათ, მზად ვარ, გაგატაროთ. ის კი არა, დღეს რომ მითხრან, მიხეილ სააკაშვილი ექსკლუზიურ ინტერვიუს მოგცემსო, გეფიცებით, თუ დამაინტერესოს. როგორც ჟურნალისტს, მასთან ერთი კითხვაც კი აღარ მაქვს. იმიტომ კი არა, რომ კითხვები არ არის. უბრალოდ, ვიცი, ვერც ერთ კითხვაზე ადეკვატურ პასუხს ვერ მიიღებ. აქ ორი ვარიანტია: ან ისევ ცდილობს ხალხი დააბოლოს, ან მართლა ვერაფერს ხვდება. ვერ იგებს, რა არის და იყო მისი პრობლემა. ჰგონია, რომ ისტორიაში როგორც აღმშენებელი ისე შევა და ამიტომაც დაატარებდა ნანუკას ზევით-ქვევით და თავის აშენებულებს აჩვენებდა, მაგრამ ეს რომ ასე არ იქნება, ამაზე მის მიერვე მოხმობილი ბერიას მაგალითი მოწმობს. თბილისს ბოლო საუკუნეებში სამი აღმშენებელი ჰყავდა: ვორონცოვი, ბერია და მეო, ფაქტობრივად, ეს თქვა. ბერიასთან პარალელის გავლება მის მომხრეებსაც არ მოეწონათ დიდად და მერე განმარტებების კეთება მოუხდა, მაგრამ ბერიას მაგალითი სხვა მხრივ არის საინტერესო, - სწორედ ლავრენტი პავლოვიჩის მაგალითი მოწმობს, რომ ისტორიაში დადებითი სახით შესასვლელად სულაც არ არის საკმარისი აღმშენებლობა.

მართლაც ბევრი რამ ააშენა ბერიამ თბილისში, მაგრამ ვის ახსოვს? ბოლშევიკებმა რომ გზები გაიყვანეს და ფაბრიკა-ქარხნები ააშენეს, იმდენი "ნაციონალურ მოძრაობას" სად დაესიზმრება, მაგრამ ისტორიაში ისინი მაინც როგორც საშინელი ხელისუფლება, ისე შევიდნენ. ამას ვერ მიხვდა სწორედ მიშა:

პოლიტიკოსი ისტორიის გადმოსახედიდან იმით კი არ ფასდება, რა გააკეთა, არამედ იმით, რა გააფუჭა. როგორ, გაკეთებულს მნიშვნელობა არა აქვსო? - იკითხავთ თქვენ. როგორ არა აქვს, მაგრამ მხოლოდ მეორე რიგში.

ეშველება რამე ქართულ პოლიციას?

უკვე ვეღარ ვიხსენებ, მერამდენედ მიწევს ქართულ პოლიციაზე წერა, მაგრამ რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ დავწერ. გაიგებდით, მიქაუტაძის საქმეზე რა დასკვნაც წარმოადგინა შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, მიქაუტაძეზე პოლიციაში არანაირი ზეწოლა არ ყოფილაო. დავუშვათ, არ ყოფილა, მაშინ რატომ მოიკლა თავი? თეორიულად ყველაფერი დასაშვებია, მაგრამ როცა პოლიციიდან კაცი დაბრუნდება, თავს მოიკლავს, მერე მისი ცოლი ამბობს, ჩემი ქმარი ჩვენების ძალით მიცემაზე ლაპარაკობდა, მერე კი იგივე ცოლი აცხადებს, შსს-ს გამოძიებას ვენდობიო, ეჭვი თავისთავად ჩნდება. სიტუაცია მარტივია: შსს-მ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა, დღეს ამბობს, ჩვენ არ მიგვიყვანია ეს კაცი აქამდეო, ჰოდა, მაშინ გვითხრან, ვინ მიიყვანა?

ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მიქაუტაძის საქმე ერთადერთი არაა. ლამის ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია პოლიციაში ზეწოლაზე, ცემაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე. წინა კვირას შსს-ს ქობულეთში მომხდარ ფაქტზე მოუხდა პასუხის გაცემა. რამდენიმე ახალგაზრდა ქობულეთის პოლიციას ცემაში ადანაშაულებდა. შსს-ს გენინსპექციამ აქაც დაასკვნა, რომ ახალგაზრდები იტყუებიან. კვირის ბოლოს უკვე სახალხო დამცველმა მიმართა პროკურატურას პოლიციაში მომხდარი ახალი ძალადობის ფაქტის შესახებ. ამჯერად საქმე ვაკე-საბურთალოს შს პირველი განყოფილების თანამშრომელთა მიერ მოქალაქის ცემასა და მუქარას ეხება.

თუ შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიტიკა არ შეცვალა, ჩვენი პოლიცია ახალ ხელისუფლებასაც ისევე გადაიყოლებს, როგორც წინა გადაიყოლა.