მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
22-07-2013
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
უსამართლობა და ხათაბალა

ყოველთვის ასე ხდება: ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს. არგუმენტები არასდროს ილევა და მათ სიმრავლეში მოსახლეობაც იბნევა. ახლაც ასეა: საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებით არასაპარლამენტო ოპოზიცია უკმაყოფილოა. პრეტენზიები საკმაოდ დასაბუთებული აქვს. ასევე აქვს პასუხები ხელისუფლებასაც, ისიც თითქოს დასაბუთებული. სიტუაცია, საზოგადოდ, ასეთია: საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებით უკმაყოფილოა ყველა პარტია, გარდა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობისა". მგონი, ეს უკვე ბევრ ეჭვს აჩენს. თავად განსაჯეთ: "ოცნება" არ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნების წინ საარჩევნო
ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კომისიაში უმრავლესობა ოპოზიციაში მყოფ "ნაციონალურ მოძრაობას" რჩება. ცენტრალური საარჩევნო კომისია 13-კაციანია. აქედან ექვსი პროფესიული ნიშნით არჩეული ვითომ უპარტიო წევრია (სინამდვილეში კი "ნაციონალები"), ერთი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელია, კიდევ ექვსი - "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების. თავი რომ
დავანებოთ კომისიაში "ნაციონალების" უმრავლესობას, თავად ფაქტი, რომ მხოლოდ ორი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები არიან და სხვა პარტიების არა, უკვე უსამართლობის შეგრძნებას აჩენს.

როდესაც ძლიერსა და სუსტს შორის გაუგებრობაა, შეუძლებელია დამნაშავე სუსტი იყოს, რადგან ძლიერს აქვს ბერკეტები და მას შეუძლია დამოუკიდებლადაც მიიღოს მეტ-ნაკლებად სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც ყველას თუ არა, უმეტესობას დააკმაყოფილებს. დღეს კი ხელისუფლებას კმაყოფილი მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" ჰყავს. რა გასაკვირია, რომ ასეთ ვითარებაში არასაპარლამენტო პარტიებს გაუჩნდათ ეჭვი გარიგების თაობაზე. ლევან ვეფხვაძემ პირდაპირ განაცხადა: ურეკში ივანიშვილის, უსუფაშვილისა და ბაქრაძის შეხვედრაზე შედგა გარიგება - "ნაციონალები" საპრეზიდენტო არჩევნებზე პრობლემებს არ შექმნიან, ანუ მის ლეგიტიმურობას აღიარებენ, ხოლო "ოცნება" უზრუნველყოფს, რომ ბაქრაძე მეორე ადგილზე გავიდესო. ვინ იცის, სიმართლეა თუ არა ეს, მაგრამ ეჭვი არის და მის საფუძველს თავად ხელისუფლება ქმნის.

კარგად ვიცი, რომ დღეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მთავარი ოპოზიციური ძალა "ნაციონალური მოძრაობაა" და ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანობა უპირველესად მათ აღიარონ, მაგრამ, როდესაც ყველა სხვა ოპოზიციური პარტია წინასწარ აცხადებს, რომ ასეთ პირობებში საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმური იქნება და შენ მხოლოდ "ნაციონალების" იმედად რჩები, თავს ხათაბალაში ჰყოფ.   

ვინ არის მიხეილ სააკაშვილი?

ინტერნეტსივრცეში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია სააკაშვილის "ნანუკას შოუში" გამოჩენამ. არადა, ვფიქრობ, დროა ამ ადამიანს სულ უფრო ნაკლები დრო დავუთმოთ და მისი სახელის და გვარის გაგონებაზე გაკვირვებულებმა ვიკითხოთ: ვინ არის მიხეილ სააკაშვილი? ვფიქრობ, მასზე უკვე ისტორიკოსებმა უნდა ილაპარაკონ და არა მოქმედმა პოლიტიკოსებმა თუ ჟურნალისტებმა. მართალია, მის ყველა სიტყვაში იგრძნობოდა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი არ დაუკარგავს, მაგრამ, როგორც იტყვიან, ნეტარ არიან მორწმუნენი. დღევანდელი გადმოსახედიდან ამის არ მჯერა და ვისაც გჯერათ, მზად ვარ, გაგატაროთ. ის კი არა, დღეს რომ მითხრან, მიხეილ სააკაშვილი ექსკლუზიურ ინტერვიუს მოგცემსო, გეფიცებით, თუ დამაინტერესოს. როგორც ჟურნალისტს, მასთან ერთი კითხვაც კი აღარ მაქვს. იმიტომ კი არა, რომ კითხვები არ არის. უბრალოდ, ვიცი, ვერც ერთ კითხვაზე ადეკვატურ პასუხს ვერ მიიღებ. აქ ორი ვარიანტია: ან ისევ ცდილობს ხალხი დააბოლოს, ან მართლა ვერაფერს ხვდება. ვერ იგებს, რა არის და იყო მისი პრობლემა. ჰგონია, რომ ისტორიაში როგორც აღმშენებელი ისე შევა და ამიტომაც დაატარებდა ნანუკას ზევით-ქვევით და თავის აშენებულებს აჩვენებდა, მაგრამ ეს რომ ასე არ იქნება, ამაზე მის მიერვე მოხმობილი ბერიას მაგალითი მოწმობს. თბილისს ბოლო საუკუნეებში სამი აღმშენებელი ჰყავდა: ვორონცოვი, ბერია და მეო, ფაქტობრივად, ეს თქვა. ბერიასთან პარალელის გავლება მის მომხრეებსაც არ მოეწონათ დიდად და მერე განმარტებების კეთება მოუხდა, მაგრამ ბერიას მაგალითი სხვა მხრივ არის საინტერესო, - სწორედ ლავრენტი პავლოვიჩის მაგალითი მოწმობს, რომ ისტორიაში დადებითი სახით შესასვლელად სულაც არ არის საკმარისი აღმშენებლობა.

მართლაც ბევრი რამ ააშენა ბერიამ თბილისში, მაგრამ ვის ახსოვს? ბოლშევიკებმა რომ გზები გაიყვანეს და ფაბრიკა-ქარხნები ააშენეს, იმდენი "ნაციონალურ მოძრაობას" სად დაესიზმრება, მაგრამ ისტორიაში ისინი მაინც როგორც საშინელი ხელისუფლება, ისე შევიდნენ. ამას ვერ მიხვდა სწორედ მიშა:
პოლიტიკოსი ისტორიის გადმოსახედიდან იმით კი არ ფასდება, რა გააკეთა, არამედ იმით, რა გააფუჭა. როგორ, გაკეთებულს მნიშვნელობა არა აქვსო? - იკითხავთ თქვენ. როგორ არა აქვს, მაგრამ მხოლოდ მეორე რიგში.

ეშველება რამე ქართულ პოლიციას?


უკვე ვეღარ ვიხსენებ, მერამდენედ მიწევს ქართულ პოლიციაზე წერა, მაგრამ რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ დავწერ. გაიგებდით, მიქაუტაძის საქმეზე რა დასკვნაც წარმოადგინა შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, მიქაუტაძეზე პოლიციაში არანაირი ზეწოლა არ ყოფილაო. დავუშვათ, არ ყოფილა, მაშინ რატომ მოიკლა თავი? თეორიულად ყველაფერი დასაშვებია, მაგრამ როცა პოლიციიდან კაცი დაბრუნდება, თავს მოიკლავს, მერე მისი ცოლი ამბობს, ჩემი ქმარი ჩვენების ძალით მიცემაზე ლაპარაკობდა, მერე კი იგივე ცოლი აცხადებს, შსს-ს გამოძიებას ვენდობიო, ეჭვი თავისთავად ჩნდება. სიტუაცია მარტივია: შსს-მ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა, დღეს ამბობს, ჩვენ არ მიგვიყვანია ეს კაცი აქამდეო, ჰოდა, მაშინ გვითხრან, ვინ მიიყვანა?

ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მიქაუტაძის საქმე ერთადერთი არაა. ლამის ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია პოლიციაში ზეწოლაზე, ცემაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე. წინა კვირას შსს-ს ქობულეთში მომხდარ ფაქტზე მოუხდა პასუხის გაცემა. რამდენიმე ახალგაზრდა ქობულეთის პოლიციას ცემაში ადანაშაულებდა. შსს-ს გენინსპექციამ აქაც დაასკვნა, რომ ახალგაზრდები იტყუებიან. კვირის ბოლოს უკვე სახალხო დამცველმა მიმართა პროკურატურას პოლიციაში მომხდარი ახალი ძალადობის ფაქტის შესახებ. ამჯერად საქმე ვაკე-საბურთალოს შს პირველი განყოფილების თანამშრომელთა მიერ მოქალაქის ცემასა და მუქარას ეხება.
თუ შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიტიკა არ შეცვალა, ჩვენი პოლიცია ახალ ხელისუფლებასაც ისევე გადაიყოლებს, როგორც წინა გადაიყოლა.
nka
25 ივლისი 2013 18:58
ბატონო მერაბ, ისე სწერთ, როგორიც სიმართლეა, თუ ასე გაგრძელდა, პოლიცია ძველ მანტიას მალე მოისხამს, არჩევნების გაყალბებაც მოსალოდნელია, სიცრუის მანქანაც ნელნელა იქოქება, კარგი და მისასალმებელია - საყოველთაო ჯანდაცვა, სოფელზე უმაგალითო დახმარება, უფასო სახელმძღვანელოებები, იმედია ქარხნებიც აშენდება, მაგრამ რატომ გვიჩნდება ეჭვი - დემოკრატიული ქვეყანას მოვესწრებით?- როცა ასეთი სიმახინჯეები კვლავ გრძელდება, და ვერ დაგვიძლევია, ვფიქრობ, პრემიერი, ან რაღაცეებს ვერ მიმხვდარა, ან რაღაცეებზე თვალს ხუჭავს, ხალხს იმედები არ უნდა გაუცრუვდეს, არ არის მოსაწონი - ~ეს ინფორმაცა არა მაქვს~, ~ეს დღეს გავიგე~,შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ხალხს ეს არ აკმაყოფილებს, ოჰჰ, რა ბევრი რამ არის შესაცვლელი და გასაკეთებელი, იმედს არ ვკარგავთ, ურჩხული დავამარცხეთ, მონდომებით ყველაფერს ეშველება.
მადლობა ბატონო მერაბ, სიმართლის წერიასთვის, ვიცი უკან არ დაიხევთ
glaxuna
24 ივლისი 2013 16:08
ეეე,ამ გაბრიყვებულ ხალხს კიდევ გონიათ ივანიშვილები ხელისუფლებაში...საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის,დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება-გაძლიერებისა და ეროვნულ-სამართლებრივი,დასავლური ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის მოვიდა?!!!... ეეჰ, სამწუხაროდ პირიქით, ყოველივე ამის დაკნინება- დამცრობისა და ქართული სახელმწიფოებრიობის მაქსიმალურად დისკრედიტაციისათვის,რაც სახეზეა..ეხლანდელი ეკონომიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ საუბარი აღარც ღირს...მალე ალბათ ბიუჯეტის შეკვეცაზეც იძულებულები იქნებიან ლაპარაკი დაიწყონ!!!,,რა დაპირებები,რის სამუშაო ადგილების შექმნა,რომელი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საუბარიიი,60 ქარხანაო ?!!! ... მხოლოდ პუტინის ფაშისტური ხელისუფლების ოცნებები შეძლებისდაგვარად აასრულებისათვის ხო არ მოვიდნენ,(ტოტალური დემაგოგიით) და მით თავიანთი მილიარდები შეინარჩუნონ რუსეთში(!!!) და... ... ... -- ესენი აზრზე ხო არ არიან...სახელმწიფოც კი ,რას ნიშნავს,თორე...

ამათი სამართლიანობააა...კრიმინალურ-ფინანსურ-პოლიტიკური კლანები შექმნან და ქურდულ-კრიმინალური იდეოლოოგით იცხოვრონ და ხალხსაც ესეთი ცხოვრებისაკენ მოუწოდონ,ეს ხო არააა?!!! ...ერის მაქსიმალურად დეგრადირებისათვის!!! რა უმთავრესი მიზანიც არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის,რომ საბოლოოდ მოსპოს ქართული სახელმწიფოებრიობა და ქართველთა უდიდესი სურვილი ...პროგრესისირების : ინტელექტუალური,მენტალური სახელმწიფოებრივი!!!

ამისთანა ,,ჟურნალისტები,, რომ ამას გაიგებენ ?!!!...

2003 წლამდე რა და როგორ იყო დავით ისიც შეგვახსენე და სახელმწიფო ბიუჯეტიც რამდენი იყო და რატომ,და როგორ გაიზარდა 800 მლიონიდან ,8 მლიარდ 700 მილინამდე...ესეც დაწერე,ისიც როგორი კრიმინალური ვითარებაა ეხლა (რამდენი მარტო მკვლელობები ხდება) და რატომ,ისიც ,ეკონომიკა ვითარდება თუ არა, და რატომ, ტარიფები რატომ არ შეამცირეს და რატომ,რაღაც მათ მიერ გაუგებარ დაზღვევაზე (თავისთვისაც( ?!!!))გვესაუბრებიან და ვერავინ ვერაფერი გაარკვია,ხალხს რა შეღავათი მიეცა,რატომ ?! პენსიებსაც ვის მიერ შედგენილი ბიუჯეტით ზრდიან და რატომ კეკლუცობენ ,,ნაციონალების,, მიერ შედგენილი ბიუჯეტით და რატომ,როდემდე?! უმუშევრობამ ,რომ იმატა და რატომ ... დასავლელ პოლიტიკურ პარტნიორებს რომ ლანძღავენ და ფაშისტ პუტინს სიტყვასაც ვერ უბედავენ,რატომ?! და შედეგებს მოიტანს ეს საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის მომავალში... ... .... ,,ნაციონალებმა,, შეცდომები რაშიც დაუშვეს,ძალიან კარგად ვიცით და რაც გ ა ა კ ე თ ე ს სახელმწიფოსათვის (რეფორმებით ,მარტო საყოველთაო ცნობადობის გაზრდის მიზნით...დანარჩენი სამყაროსა და ც ი ვ ი ლ ი ზ ე ბ უ ლ ი დ ა ს ა ვ ლ ე თ ი ს ა თ ვ ი ს !!! და რას ნიშნავს ეს...ამას შენისთანები ალბათ ვერ გაიგებენ!!!) ... ვიცით ...

ამ პრობლემებზე გვესაუბრე.. რაღაცას რო გვეპრუტუნები!!!

თურმე ,,ნაციონალების,, დროს რასაც ჩადიოდნენ პოლიციაში და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში,ეს სისტემური დანაშაული იყო და ამისათვის ,,ნაციონალების,, ხელისუფლება უნდა გავასამართლოთ... და ახლა უარესი რომ ხდება ყველგან და ყველა მიმართულებით ეს თურმე პოლიციის ბრალია მარტო და არა ამ ხელისუფლების სისტემური დანაშაული...ან კიდევ ..,,ნაციონალების,, კადრებიაო რომ იძახით...და მერე...რატო არ შეცვალეთ სრულიად!!! შეეშინდათ შევარდნაძის დროის მოყვანილმა კადრებმა ...პოლიცია ისევ მილიციად არ გადააქციოსო ხალხის თვალში (ათასჯერ უარესი დანაშაულებებით!!!) და მასზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთო!!!...და ხალხის აზრზე რას იტყვით და სწორედ მეგობარი ქვეყნების ანალიტიკოსები,რომ უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ იმის შესახებ ,რომ ...ის ციხის კადრებიც და ფირებიც მოსისხლე მტრების მიერ დამზადებულიაოო,ახსნილ და გაანალიზებულ ეჭვს რომ გამოთქვამს ...საგანელიძის სიტყვები ,რომ ვიხმაროთ...ჩანერგილებითა და გადაბირებულებით...მაქსიმალურად მოეხდინათ დისკრედიტაცია არა მარტო ,,ნაციონალებისა,,,არამედ მთელი ც ი ვ ი ლ ი ზ ე ბ უ ლ ი დასავლეთისათვის ...ამ დამზადებული ფირებით და უსაზღვრო ცბიერებით მომზადებული დაპირებით გაბრიყვებული ქართველი ხალხის თვალში ...იმათი დისკრედიტაცია...ვინც უკვე 21 წელია უდიდეს დახმარებას უწერენ ქართულ სახელმწიფოებრიობას და იურიდიულად ამყარებენ და იცავენ ტერიტორიულ მთლიანობას,დარღვეულს და დაკნინებულს მუდამ ფაშისტ რუს-მონღოლთაგან!!!

ააა დავით, ვერაფერს ამჩნევ,უფრო სწორედ პრობლემები სახელმწიფოებრივი(!!!) , რომ გაცილებით გვირავლდება და დაგვიმწვავდება ეხლა,ვეღარ ამჩნევ?!!!...და საიდ მივექანებით?!!!...მაშინ შენისთანა ჟურნალისტები ჭირდება ,ოცნებას,, სწორედ !!!და მალე ოცნების ხალხი თუ წაიკითხავს შენს ,,ნაშრომებს,,! თორე...
: )))
24 ივლისი 2013 14:25
მერაბ კაი სტატიებს წერ მაგრამ ბიძინას რატომ არასდროს აკრიტიკებ მას მერე რაც ინტერვიუ ჩამოართვი??? ნუთუ ბიძინასმიერ ქვეყნის მართვა შენთვის დამაკმაყოფილებელია??? საერთოდ ოცნებაზე კრიტიკას აღარ წერ მხოლოდ რაღაც გარიგება და ჭორებს ყვები ((( არადა მაგარი ობიექტური ჟურნალისტი მეგონე ოღონდ კალამით ხარ ძლიერი ;) და მაინც ბიძინა მაგრად შეგიყვარდა შენც სექტანტი ხო არ გახდი ? :D

რედაქტორის რჩევით