"Nაციონალური Dადებილების Iინსტიტუტი"?!
22-07-2013
"Nაციონალური Dადებილების Iინსტიტუტი"?!
"ჩვენ მოგვიწოდებენ იმას, რაც საკუთარ ქვეყანაში ვერც კი წარმოუდგენიათ"

ენდო, არ ენდო, საკითხავი აი, ეს არის

"არ გამოვრიცხავ, რომ "ოცნებას" გადანახული აქვს რამდენიმე სვლა, რომელთა მეშვეობითაც  ძლიერი წინასაარჩევნო შფოთის გაჩენას ვარაუდობენ"


NDI-ს (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი) სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას ახლაც არ ჩაუვლია "არ გვჯერა! არ გვჯერას" გარეშე. მას შემდეგ, რაც ლუის ნავაროს ორგანიზაციამ მოახერხა საპარლამენტო არჩევნების წინ "ქართული ოცნებისთვის" 12% "დაეწერა", მაშინ როცა ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ 54% აიღო, NDI-ს სოციოლოგიური კვლევებისადმი
სკეფსისი გაიზარდა, ერთმა ჩემმა რესპონდენტმა NDI ასე გამიშიფრა - Nაციონალური Dადებილების Iნსტიტუტიო(?!). თუმცა ამის მიუხედავად, ქართველი საზოგადოების ნაწილი რომ მაინც ანგარიშს უწევს NDI-ს რეიტინგებს იქიდან ჩანს, რომ გაუთავებლად ნერვიულობს იმ შედეგების გამო, რასაც ეს ორგანიზაცია კვლევის შედეგად აცხადებს.


NDI-ს დაკვეთით "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" 2338
კაცი (12-26 ივნისის მონაკვეთში) გამოჰკითხა და გვამცნო, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებიდან გიორგი მარგველაშვილს 29% უჭერს მხარს, დავით ბაქრაძეს - 10%, ნინო ბურჯანაძეს - 5%, გიორგი თარგამაძეს - 4%, შალვა ნათელაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს კი 3%. NDI-ს გამოკითხვის შედეგებით მოიკლო ბიძინა ივანიშვილის (75%-დან 69%-მდე) და დავით უსუფაშვილის (66%-დან 61%-მდე) რეიტინგებმა, ხოლო გიორგი მარგველაშვილზე (მოწონების რეიტინგით 45%) მეტად თურმე დავით ბაქრაძე (48%) მოსწონთ.
თუ გიორგი მარგველაშვილს თავისი ყოფილი კოლეგების (გიორგი მარგველაშვილი წარსულში  NDI-ს თანამშრომელი იყო) სჯერა, წესით, შეფიქრიანებული უნდა იყოს. რადგან, თუ NDI კვლევას დავუჯერებთ, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის რეიტინგი დიდი სისწრაფით იკლებს. 7 მაისი - 2 ივნისის პერიოდში IღI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) კვლევებით მარგველაშვილს თუ 41%-იანი რეიტინგი ჰქონდა, ახლა  NDI-მ მას 29% დაუწერა.

ღირს თუ არა ამგვარი სოციოლოგიური კვლევების დაჯერება და როგორ უნდა "წავიკითხოთ" კვლევის შედეგები, ამის შესახებ "კვირის პალიტრა" ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა:

- ბატონო ზაზა, NDI-ს და IღI-ს სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ლამის ტრადიციად იქცა უკმაყოფილების გამოხატვა. ცნობილია, რომ NDI და IRI, თავის მხრივ, სხვა ორგანიზაციებს უკვეთენ გამოკითხვის ჩატარებას, ისიც გვესმის, ეს კვლევა თარხნიშვილის კანტორაში გაკეთდა და როგორ დაეჯერება, ან კიდევ, როგორ შეიძლება IRI-ს კვლევას ვენდოთ, როდესაც მისი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სააკაშვილის მეგობარი ჯონ მაკკეინიაო. თქვენთვის რამდენად სანდოა ის ორგანიზაციები, რომელთაც კვლევა ჩაატარეს.
- ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი ორგანიზაციები საქმიანობას კრახით დაამთავრებდნენ. რა შეიძლება იყოს არასამთავრობო ან კვლევითი ინსტიტუციისათვის ნდობის დაკარგვაზე უარესი? არადა, ისინი განაგრძობენ საქმიანობას და ჯიუტად ხატავენ საზოგადოებრივ განწყობათა მათთვის სასურველ სურათს.  მხოლოდ ვისურვებდი, რომ ცოტა უფრო მეტად გვცენ პატივი და ნუ განგვიხილავენ ერთგვარ ინფანტილურ და ემოციურ საზოგადოებად, რომელსაც ნებისმიერ მწარე აბს შეაპარებ.

- NDI-ს და IRI-ს კვლევები დაახლოებით 20-დღიანი სხვაობით ჩატარდა, მაგრამ თუ IRI-ს კვლევაში გიორგი მარგველაშვილს 41% ჰქონდა, NDI-ს კვლევაში მისი რეიტინგი 29%-ია. რატომ არის ამხელა სხვაობა რეიტინგში დროის მცირე მონაკვეთში და რომელ მაჩვენებელს დავუჯეროთ?

- ასეთი სხვაობა იოლად შეიძლებოდა გამოეწვია როგორც ერთი მათგანის (ან ორივეს) მეთოდოლოგიურ შეცდომებს, ისე პოლიტიკურ ინტერესებს. პირველი პროფესიონალ სოციოლოგთა სფეროა და მათ საქმეში მე არ ჩავერევი. რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივებს, NDI-ს კვლევაში ის უფრო გამოკვეთილია. ნამდვილად არ ველოდი, რომ მარგველაშვილს განსაკუთრებით მაღალი რეიტინგი ექნებოდა. საზოგადოებისათვის იგი უცნობი ფიგურა იყო. ცნობადობა საქართველოს მასშტაბით მას განათლების მინისტრობამ შესძინა და თუ შეიძლება ითქვას, მის რეიტინგში უმალ ივანიშვილის საკადრო პოლიტიკისადმი ნდობა აისახება, ვიდრე მისი, როგორც პიროვნების მიმართ დამოკიდებულება. ამას ზედ ერთვის ის გარემოებაც, რომ მარგველაშვილს ჯერაც არ შემოუთავაზებია თავი როგორც ლიდერს, როგორც კაცს, რომელმაც სახელმწიფოებრივი ცხოვრების არბიტრის როლი უნდა ითამაშოს. ყველა შემთხვევაში, 29% ზედმეტად შემცირებულ და ხელოვნურად გამოყვანილ რიცხვად მეჩვენება და 45% თითქოს უფრო ახლოს უნდა იდგეს სინამდვილესთან.

ამასთან, თუ მარგველაშვილი არ გააქტიურდა და საკუთარი თავი არ შემოგვთავაზა როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა,  რამდენიმე კვირაში 29%-იც შეიძლება რეალობასთან ახლოს აღმოჩნდეს.

-  თქვენთვის თუ არის დამაჯერებელი დავით ბაქრაძის მოწონების კოეფიციენტი 48%?
- ჯერჯერობით, ეს მაჩვენებლები დამაჯერებლობას მოკლებულია და, რა თქმა უნდა, ტოვებს ეჭვის საფუძველს. მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა დავითმა ერთგვარად მაინც გადაირჩინა თავი განვლილი თვეების განმავლობაში და დისტანცია შეინარჩუნა "ნაციონალების" მმართველ ელიტასთან, ძნელი წარმოსადგენია, რომ  ასეთი მშვენიერი საწყისი პირობები ჰქონდეს. უნდა გავიმეორო: თუ "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია ასეთივე ამორფული იქნა, ამგვარი თუ არა, მსგავსი სურათი შეიძლება მივიღოთ სადღაც სექტემბრის ბოლოსთვის, მაგრამ არა ახლა, როდესაც პროცესი ჯერაც არ დაწყებულა და "ნაციონალების" თავიდან მოშორებით გამოწვეული სიხარული ჯერაც არ განელებია მოსახლეობის უდიდეს ნაწილს.

- NDI-ს კვლევის მიხედვით "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი იკლებს. ამას რით ხსნით?
- კლება რომ გარდაუვალი იყო, თქმა არ უნდა.  ამის უმთავრესი მიზეზი, ჩემი აზრით, აღმოჩენილი ვიდეოჩანაწერებისა და "ნაციონალების" მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულების  გამომზეურებით საზოგადოებაში შურისგების სურვილის გაჩენა და შემდეგ ამ სურვილის დაუკმაყოფილებლობაა. აღარაფერს ვამბობ დაპირებებზე. დღეს "ოცნება" არ ჰგავს ძალას, რომელმაც ნათლად იცის, რას აკეთებს. უფრო მეტიც, თითქოს საგანგებოდ ხდება სასიცოცხლოდ აუცილებელი გადაწყვეტილებების დამუხრუჭება. ჩანაწერებზე დაუსრულებელმა ლაპარაკმა შეიძლება ერთგვარად გადაფაროს ეს, მაგრამ ასეთი რამ უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ერთ დღესაც ჩვენ შეიძლება მგრძნობელობა აღარ აღმოგვაჩნდეს ამის მიმართ, მით უფრო, რომ არ იგრძნობა სახელმწიფოს მტკიცე პოზიცია, არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი. თუ პროცესები გაჭიანურდა, ერთ დღესაც საქართველოს მოსახლეობა ყურადღებას მიაპყრობს იმას, რაც არ გაკეთებულა.

არ გამოვრიცხავ, რომ "ოცნებას" გადანახული აქვს რამდენიმე სვლა, რომელთა მეშვეობითაც მისი ლიდერები ძლიერი წინასაარჩევნო შფოთის გაჩენას ვარაუდობენ. თუ ასეა, წმინდა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეს სასარგებლოდ  არ მეჩვენება. როდემდე შეიძლება ვცხოვრობდეთ  და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვიღებდეთ ძლიერი შფოთის პირობებში? მუდმივი სამიტინგო აჟიოტაჟი, მუდმივი პოლიტიკური პროპაგანდისა და კონტრპროპაგანდის რეჟიმი დამღუპველია ქვეყნისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. 

დღეს საჭიროა არა კომპრომატები და შფოთი, არამედ სამართლის მეთოდური და თანამიმდევრული დამკვიდრება, ჩვენი ემოციები, ბოლოს და ბოლოს, რაციონალურ ფორმებში უნდა მოექცეს.

- დავუჯეროთ თუ არა იმ ორგანიზაციას, რომლის კვლევის თანახმადაც, 2012 წლის აგვისტოში "ქართული ოცნების" რეიტინგი 12% იყო, მაგრამ არჩევნებზე ამ პარტიამ 54% აჩვენა?
- პასუხი თავად კითხვაში გაქვთ ნაგულისხმევი. ცხადია, ამგვარი ორგანიზაციის ნდობა ძნელია. ასევე, ძნელი დასაჯერებელია, რომ 12% ერთბაშად 54%-ად იქცა ციხის ვიდეოფირის წყალობით. ნამდვილად ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ არც ამდენად. როგორც ჩანს, ბევრ შინაურსა და გარეულს არ სურს იმის აღიარება, თუ როგორ ჩიხში იყო "ნაციონალური მოძრაობა" შესული და მათი არჩევნებში დამარცხება საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. იმედია, თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" ზოგიერთს მაინც აქვს ეს გააზრებული.

-  ხომ არ არის ამ სოციოლოგიური კვლევების მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" სიცოცხლის ხელოვნურად გახანგრძლივება და მისი დაფიქსირება მეორე პოლიტიკურ ძალად?  
- არ არის გამორიცხული.

დასავლეთმა საკმაოდ დიდი პოლიტიკური და სხვა ტიპის რესურსები ჩადო "ნაციონალურ მოძრაობაში". ალბათ, არც ელოდნენ, თუ მათი აღზრდილები, საბოლოოდ, გათავხედებულ, სადისტური მიდრეკილებების მქონე და პიროვნული ბონაპარტიზმით შეპყრობილ არსებებად იქცეოდნენ.
გაწეულ სამუშაოზე უარის თქმა, ცხადია, ძნელია. არის მეორე მხარეც და ესეც მნიშვნელოვანია: "ნაციონალური მოძრაობის" მყისიერი გასვლა პოლიტიკური ასპარეზიდან გააჩენს ვაკუუმს, რომელსაც ისევ "ოცნება" ან მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები შეავსებენ. ძნელი არ არის წინასწარმეტყველება, თუ რა მოჰყვება ამას. ისევ ერთპარტიულ მმართველობას მივიღებთ მისი გარდაუვალი შედეგებით. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველაზე აქტიური ამ ვაკუუმის შესავსებად რუსოფილური ძალები იქნებიან. ანტინაციონალურმა ტალღამ შეიძლება გააცოცხლოს ის სტალინისტურ-რუსოფილური იდეოლოგია, რომელიც თითქოს ამ ოცდახუთი წლის წინ თავიდან მოვიშორეთ. ხომ აშკარაა, რომ არავის ისე არ დაუზარალებია დასავლური ცივილიზაციის იდეა, როგორც "ნაციონალებთან" ასოცირებულ ექსტრემისტ ლიბერალებს?!

ახლა უკვე იმასაც ვხედავთ, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც "ნაციონალების" განდევნასა და რუსოფილური სენტიმენტების გაჩენას ერთმანეთთან აიგივებენ. აჩქარებამ და შედეგების მყისიერი მიღების სურვილმა არასასურველი შედეგები შეიძლება მოგვიტანოს. ამიტომაც არ მიმაჩნია, რომ ვადამდე საპარლამენტო არჩევნების იდეა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით არის გამართლებული.  მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე საკმარისი დროა საიმისოდ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი გამოვიდეს სამიტინგო აჟიოტაჟის მდგომარეობიდან და ძალების გადანაწილებაც მოხდეს. თავად ქვეყანა უნდა ფლობდეს იმის ადამიანურ და პოლიტიკურ რესურსებს, რომ თავს ვადამდე არჩევნების უფლება მისცეს.  დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნა სრულიად გასაგებია და ამ შემთხვევაში შეიძლება ყურიც არ დავუგდოთ უცხო მეთვალყურეთა მოსაზრებებს. ბევრი მათგანის გამონათქვამი საბოლოოდ იმაზე დადის, რომ თურმე ჩვენთვის სულაც არ არის სამართლიანობის დამკვიდრება უზენაესი სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგანი. ანუ ჩვენ მოგვიწოდებენ იმას, რაც საკუთარ ქვეყანაში ვერც კი წარმოუდგენიათ. მეორე მხრივ, სამართლიანობის დამკვიდრება და რომელიმე პოლიტიკური ძალის რადიკალური განდევნა პოლიტიკური ცხოვრებისგან დიამეტრულად განსხვავებული მოვლენებია. ამასთან, თუ ზედმეტად გაჭიანურდება სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი, თუ ხელისუფლების განცხადებები დაემსგავსება მუქარას მუქარისათვის, რევოლუციური შურისგება ფსიქოლოგიურ გამართლებას პოვებს და წინა პლანზე წამოიწევენ ისინი, ვინც ამ იდეაზე აგებს თავის სტრატეგიას.
g.a--s
01 აგვისტო 2013 03:41
ბატონო ჩემო გეთანხმები არის ბოსელი...
მიზეზი??? ჩვენ ვართ საქონლის დონის და იმიტომ...
yvirila
23 ივლისი 2013 00:21
ქართულ პოლიტიკაში გაძლიერდება რუსოფილური მიმართულება(ამის ნიშნები უკვე არის)და თუ მარგველაშვილმა პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა, მეორეში (ბურჯანაძესთან) მას სავარაუდოდ ნაციონალური მოძრაობაც დაუჭერს მხარს.
g.a
22 ივლისი 2013 12:39
არაფერი ეშველება ამ დაწყევლილ ქვეყანას, ყველა ყველაფერს იბრალებს ქვეყანა კი არა ბოსელია.

რედაქტორის რჩევით