ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
29-07-2013
ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
განათლება პარლამენტარებს!

პრემიერის მიერ მაჟორიტარების თემის წინ წამოწევამ ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული პრობლემები სააშკარაოზე გამოიტანა. რაიონებსა და რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, "ქართული ოცნების" მაჟორიტარებსა და თავად "ოცნების" წიაღში არსებულ სხვადასხვა ფრთას შორის დაპირისპირება ხშირად უცნაურ ფორმას იღებს. ზოგიერთი მაჟორიტარი იმაშიც კი ვერ გარკვეულა, რომ პარლამენტსა და ადგილობრივ საკრებულოს კანონმდებლობა სხვადასხვა ფუნქციას აკისრებს და სხვადასხვა დონის არჩევნებით ირჩევს. ასე რომ, პარლამენტში არჩევა არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ მაჟორიტარ დეპუტატს თავისი
რაიონის საკრებულოს შემადგენლობის ან გამგებლის შეცვლის უფლება აქვს.

არჩევითი თუ სხვადასხვა დონის აღმასრულებელი ორგანოების დაკომპლექტების წესი და მათ შორის ფუნქციების განაწილება კანონმდებლობით გამიჯნულია - სახელმწიფო მართვის სისტემის ეს მარტივი არითმეტიკა ბევრი მაჟორიტარისთვის დღემდე დაუძლეველი ამოცანაა.

უდავოდ კარგია, რომ პრემიერი ამ პრობლემას გვერდს არ უვლის და
თავისი საპარლამენტო გუნდის "სახელისუფლებო არითმეტიკის" უცოდინარ წევრებს საკუთარი ადგილისა და ფუნქციების ცოდნისკენ მიუთითებს, მაგრამ მათი მადის მოთოკვა არ არის მხოლოდ საკმარისი. საინტერესოა, რატომ არ მიიჩნევს პარლამენტის ხელმძღვანელობა აუცილებლად, თავისი კოლეგების იმ ნაწილს, რომელიც ამას საჭიროებს, საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა შეასწავლოს?! მით უმეტეს, რომ თავად დავით უსუფაშვილსაც ძალიან აწუხებდა კოლეგების არაპროფესიონალიზმი: პრემიერმა ჯერ კიდევ აპრილში თქვა, რომ გაითვალისწინა პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნა და გამოკლებული დეპუტატების ადგილას იურისტები წარადგინა. არც ჟვანიას, ბურჯანაძის თუ ბაქრაძის დროინდელი პარლამენტარების ნაწილი ბრწყინავდა პროფესიონალიზმით, მაგრამ რაც მათ კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგები უტარდებოდათ, დღევანდელ მათ კოლეგებს არც დაესიზმრებათ.

"ოცნების" მანტია - "ნაციონალების" მეორე შანსი?


სხვა თემაა, რომ 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ადგილობრივ საკრებულოებსა და გამგეობებში მიმდინარე პროცესები, ცოტა არ იყოს, გაშარჟებულ ხასიათს იძენს: საინტერესო სანახავია, როგორი მონდომებით იბრძვის ადგილობრივი საზოგადოების თუ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი სხვადასხვა ჯგუფი და პარტია საკრებულოებსა თუ გამგეობებში გამაგრებული "ნაციონალების" "ქართულ ოცნებაში" გადმოსაბირებლად! აბა, სხვა რა უნდა უწოდო იმ პროცესს, რაც თბილისის საკრებულოს მაგალითზე ვიხილეთ და რაც ტიპურია სხვა რაიონებისა და რეგიონებისთვისაც: "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაკარგა ზაალ სამადაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, სამაგიეროდ შეიძინა ირაკლი შიხიაშვილი - ასევე გამობრძმედილი "ნაციონალი", ოღონდ ამჯერად "ქართული ოცნების" მანტიით. თუ გავითვალისწინებთ, რამდენად სუსტია კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების ადგილობრივი სტრუქტურები, მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკურად გამოცდილი და "კოაბიტირებული" "ნაციონალები" შეიძლება ბევრი პარტიისთვის სასურველი რესურსი აღმოჩნდეს.

ოფიციალური სახელისუფლებო პოლიტიკა "ნაციონალებს" ოპოზიციად ყოფნის შანსს აძლევს: სულ ახლახან პრემიერმა განაცხადა ის, რაც არაერთხელ უთქვამს პარლამენტის თავმჯდომარეს: "უნდა მოვახერხოთ, რომ ოპოზიციაც მაქსიმალურად ქვეყნის სამსახურში ჩავაყენოთ და ჩატეხილი ხიდი, უფსკრული ამოვავსოთ. უნდა გავიაზროთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფნა არ არის დანაშაული მასობრივად, მას შემდგომ, რაც მოახერხებენ, შეიცვალონ პოზიცია და საკუთარი ქვეყნის სამსახურში ჩადგებიან. იყვნენ ოპოზიციაში, აკრიტიკონ ხელისუფლება და გაუწიონ ოპონირება. ნურც ერთ მხარეს ნუ დაავიწყდება, რომ ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო". პრემიერისგან ამას ითხოვს დემოკრატიაც, "კოაბიტაციაც" და საკუთარი კოალიციის გავლენიანი წევრებიც.
ფაქტია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა და სულ რაღაც 9 თვეში ქართველი ხალხის მიერ გამოტანილი პოლიტიკურ მოუსავლეთში წასვლის ვერდიქტი გააუქმა.

დანარჩენი მის მარიფათზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ოპოზიციად ყოფნის მოპოვებული შანსი ხელისუფლებაში დაბრუნების დივიდენდად გადააქციოს.
kolxida
01 აგვისტო 2013 17:08
ნინი მე კი თქვენი კომენტარი მაკვირვებს :) უნდა იცნობდეთ ქალბატონ ხათუნას და უფრო გაოცებული დარჩებით :) მართლაც რომ ექსპერტია გაკოტრების დარგში...
megzuri
01 აგვისტო 2013 02:46
თუ თქვენ,ამ კომენტარებში ჩართულებს მართლაც გჯერათ,
რომ ქოცებს უნდათ რაიმე სიკეთის გაკეთება ქვეყნისათვის,
მაშინ მოგახსენებთ რომ პოლიტიკაში ხართ უვიცები
ან ხართ 5-ე კოლონიდან და აჟღერებთ იმას რასაც
რუსები გავალებენ.
დღეისათვის ყველაზე დიდი საზრუნავი ის არის რომ
ქოცები ისე გავაცილოთ მთავრობიდან არ მოხდეს იარაღის
ჟღარუნი და გამოყენება, რომელს როგორც სასურველ
ვარიანტს მსგავსად 1991-92 წლისა ნამდვილად აპირებენ.
ნინი
31 ივლისი 2013 18:45
ლაგაზიძისთანა პროფესიონალები უნდა იყვნენ პარლამენტში,უჭკვიანესი ქალია,მისი მსჯელობა ყოველთვის მაკვირვებს,მაინტერესებს სად მუშაობს?მე მხოლოდ სატელევიზიო გამოსვლებიდან ვიცნობ.ბევრი ვერ ბედავდა არჩევნებამდე იმის თქმას,რასაც იგი ამბობდა.

რედაქტორის რჩევით