1937 წელი...
29-07-2013
1937 წელი...
(დასაწყისი იხ. "კვირის პალიტრა" #27-30)

მოახლოებული აღსასრულის წინ ვუბარებდი ისეთ ხალხს, რომლებიც, ჩემის აზრით, შეიძლება გადარჩენილიყვნენ, კერძოდ, ვინმე აკაკი მენაბდეს, რომელიც ხუთი თვე დაკითხვის გარეშე იჯდა, ვთხოვდი, რომ თუ გავიდოდა ქალაქში, ეთქვა, რომ შემხვდა პატიმრობაში და რომ ცოცხალი აღარ ვარ. არ მინდოდა, ჩემი ცოლ-შვილი მთელი ცხოვრება ამაო მოლოდინით გაწამებულიყო. ბევრად უმჯობესი იქნებოდა, თუ ერთხელ და სამუდამოდ გამომიტირებდნენ და ყველა თავის ცხოვრების გზას მონახავდა.

საინტერესო იყო ამ მენაბდის საქმე. ეს კაცი
1912 წელს სულ ახალგაზრდა წასულიყო საქართველოდან ხარბინში. იქ რესტორანი გაეხსნა, ძალიან გამდიდრებულიყო და შემდეგ გამხდარიყო მთელი აღმოსავლეთ ჩინეთის რკინიგზის ბუფეტების პატრონი (არენდატორი). გარდა რკინიგზის ბუფეტებისა, იგი ფლობდა აგრეთვე ქალაქ ხარბინში ერთ-ერთ დიდ სასტუმროს და პირველი ხარისხის რესტორანს. ამ კაცთან დაახლოებული იყო საბჭოთა ელჩი იაპონიაში იურიევი.
ყოველგვარი დიპლომატიური სადილები, საუზმეები და მთავრობის სხვა ღონისძიებები მენაბდის რესტორანში ტარდებოდა. მენაბდის გარდა, მთელი კოლონია იყო ხარბინში ქართველების, რუსების, საბჭოთა მოქალაქეების, რომლებიც პატრიოტულად იყვნენ განწყობილნი და არავის შეარჩენდნენ საბჭოთა ქვეყნის შესახებ ნათქვამ აუგ სიტყვას. 1936 წელს იაპონიამ საბჭოთა მთავრობისგან შეისყიდა აღმოსავლეთ ჩინეთის რკინიგზა, რამდენადაც რკინიგზა ჩვენი (საბჭოთა) იყო, ხოლო ტერიტორია იაპონიას ეკუთვნოდა, საბჭოთა მთავრობამაც უფრო ხელსაყრელად ჩათვალა რკინიგზის გაყიდვა. რკინიგზის გადაცემასთან დაკავშირებით იაპონიამ შეისყიდა ბუფეტებიც და რკინიგზაზე განლაგებული რესტორნები. რა თქმა უნდა, მენაბდემ მსხვილი თანხა აიღო იაპონიისაგან.

იურიევი ურჩევდა მენაბდეს, დაეტოვებინა თავისთვის ხარბინის სასტუმრო და რესტორანი და თვითონაც ჯერჯერობით დარჩენილიყო ხარბინში. მენაბდემ იურიევს უთხრა, რომ ძალიან ენატრება სამშობლო, გაგებული აქვს აგრეთვე, რომ გარდაეცვალა მამა. გურიაში ელოდება ძმა, გარდა ამისა, რაღა გააჩერებს იაპონიაში, როცა ყველა საბჭოთა მოქალაქე უკვე სამშობლოში გაემგზავრა. "მე მხოლოდ ვთხოვე იურიევს, აღმოეჩინა ჩემთვის დახმარება, რომ თბილისში წამეღო ჩემი პირველხარისხოვანი რესტორნის ინვენტარი, სულ ვერცხლის ჭურჭელი მქონდა, უმაღლესი ხარისხის ავეჯი, ნოხები, მრავალი მოწყობილობა - ყოველივე ეს მინდოდა მიმეძღვნა ჩემი მშობლიური თბილისისათვის, მომეწყო ქალაქისათვის ერთი ბრწყინვალე რესტორანი ჩემს სახელზედ. იურიევმა გამიკეთა 22-ვაგონიანი მატარებელი, რომელიც დაიტენა რესტორნის ავეჯით და ჭურჭლეულობით და ყოველივე ეს თბილისში ჩამოვიტანეთ. თბილისის საბჭომ დამავალა თავად გამომენახა შენობა რესტორნისათვის. შენობა შევარჩიე - კარლ მარქსის მოედანზე, ყოფილი "ელდორადოს" შენობა, ყოველივე იქ დავალაგე და დავლუქეთ. ორი კვირით შვებულება ვითხოვე მახარაძეში (ოზურგეთში) წასასვლელად და ჩემი ოჯახის მოსანახულებლად. ჩავედი, ვინახულე ძმა, მივხედე მამის საფლავს - რკინის ეკვდერი დავადგი. მახარაძეში შინსახკომელმა შემატყობინა, თბილისიდან დარეკეს რაღაც საქმეზეო. ვიფიქრე, რესტორნის შესახებ რეკავენ-მეთქი, საჩქაროდ წამოვედი და აი, უკვე თითქმის ნახევარი წელიწადია ვიცდი, ჯერ ერთი დაკითხვაც კი არა მქონია გამომძიებელთან, ვუცდიო.

თითქმის ნახევარი წელი დაუკითხავად იჯდა ციხეში საქართველოს მიწათმოქმედების კომისარიატის სუბტროპიკული სამმართველოს უფროსი აფრასიონ ჯიბუტი.
იმ დღეს ციხიდან მოიყვანეს აპოლონ ქუთათელაძე, რომელიც ამბობდა, ყოფილი ესერი ვარ, ნამყოფი ვარ გადასახლებაში, მაგრამ ამჟამად სრულიად არაფერი დამიშავებიაო. მითხრეს, გასამართლებული ქარცივაძის ჩვენებით, "ჩაბმული" ხარ კონტრრევოლუციურ საქმიანობაშიო, მაგრამ ეს არ არის მართალი, ახლა მომიყვანეს აქ და, ალბათ, პირში დამიყენებენ ქარცივაძესო.

2 იანვარს მოველოდით სამეულის (Тройка) დადგენილების სისრულეში მოყვანას და გამახვილებული ყურადღებით ვცდილობდით გამოგვეცნო, მოაწყობდნენ თუ არა იმ დღეს დახვრეტებს. ამისათვის სხვადასხვა მანიშნებლებს ვაკვირდებოდით. დაახლოებით დილის 11 საათზე ეზოში ავტომანქანაზე ტვირთავენ ბარებს. როდესაც ბარებს ჯარისკაცები ყრიან მანქანაზე, ხმა საკანში შემოდის. ნახევარ საათში მანქანა გადის ეზოდან. ესე იგი, წავიდნენ საფლავის ამოსათხრელად და მოსამზადებლად. დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ მანქანა ისევ ბრუნდება და ბარებს გადმოყრიან მოასფალტებულ ეზოში. ამით ვიგებთ, რომ საფლავის ოპერაცია დამთავრდა. ამის შემდეგ დაახლოებით 5 საათზე საკნის სარკმელში შემოიჭვრეტს კომენდანტი ზარგინავა, იკითხავს ახალმოყვანილ პატიმართა გვარებს.

მართლაც, თავის დროზე მოგვაკითხა ზარგინავამ, ასწია სარკმლის საფარავი და ქუთათელაძე იკითხა. აქ ვარო, უპასუხა იმან, მაგრამ უნდა გენახათ, როგორ გაქრა ერთ წუთში ამ კაცის სიცოცხლისუნარიანობა, მისი ოპტიმიზმი, როცა ჩვენ გვანუგეშებდა: რას ჩამოგიყრიათ, ბიჭებო, ყურები, რამ დაგანაღვლიანათ, არაფერიც არ იქნება, მე უკვე გამოცდილი მაქვს, ალბათ გადაგვასახლებენ და მეტი არაფერი; აი, მე მინუსინსკში ვიყავი და ათასი ფუთი ხაბურძაკის მოსავალი მომყავდა, ერთად წავალთ, გამხიარულდით, არაფერიც არ იქნებაო. აი, მე ორი ტომარა ბარგი მოვიტანე, - უკვე ვიცი, რა ნივთებია ციმბირში საჭირო და მომზადებული ვარო. საკმარისი იყო, ზარგინავას ეხსენებინა მისი გვარი, რომ კაცი გაფითრდა და ამოილუღლუღა: მგონი, მე მიგიძღობით, ბიჭEებო, დღეს წინო...     
ამის შემდეგ საღამოს მოდის ექიმი, ყოველი შემთხვევისათვის, ჭირვეული კლიენტების მოსარჯულებლად. ღამის თორმეტ საათზე დერეფანში შემოდის ჯარისკაცების გუნდი. ყველა სართულიდან ისმის ფეხების ბრახუნი და სწრაფად იწყება საკნებიდან გაყვანა.

ჩვენც, ვინც მოველით, ე.ი. ვინც უკვე ხელი მოვაწერეთ მამხილებელ ჩვენებას, უმწეოდ ვდგავართ და ვცახცახებთ. ნერვები დაჭიმულია უმაღლეს ზომამდე. აი, გვერდითი საკნის კარი გააღეს, ვიღაც გამოიყვანეს: კარები დახურეს. ო, ეს ჯოჯოხეთი! ჩვენს კარს შეეხებიან თუ არა? აი, გასაღები ჩხაკუნებს და კარი იღება, ოცდათოთხმეტი კაცის თვალები გადმოცვენაზეა, ვინ იქნება? - ქუთათელაძე აპოლონ. აპოლონი წყნარად დგება, ქაღალდივით ფითრდება. კოლოფიდან პაპიროსს იღებს. გამომრჩა მეთქვა, რომ აპოლონს პაპიროსების საკმაო მარაგი ჰქონდა გადანახული ციმბირისათვის. როცა ზარგინავამ იკითხა, მან ამოალაგა და ყველას დაგვირიგა თითო კოლოფი "ტემპი" და გვითხრა: ეს თითო კოლოფი თქვენ, ხოლო აი "რეკორდი", ეს ერთი კოლოფი, ფანჯრის რაფაზე იდოს, ვისაც გაიყვანენ, თითო ღერი ამოიღოს და ისე წავიდეს სიკვდილთან შესახვედრადო. პირველი ღერი "რეკორდის" ამოღება მასვე მოუხდა. მშვიდობით, ბიჭებო, - თქვა და გაჰყვა მორიგე კომენდანტს... რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ მოდიან და აფრასიონ ჯიბუტს ეძახიან, გაჰყავთ. ჯიბუტი ყვირის:
- ეს შეცდომაა, მე ჯერ დაკითხულიც არა ვარ! - მაგრამ ხმა მიწყდა, ალბათ, ექიმი ამუშავდა. აქ უკვე ნერვები საბოლოოდ დაწყდა. ე.ი. დაუკითხავად მიუსჯის სიკვდილს "სამეული".

იღება კარი:
- მგალობლიშვილი! - იძახის კომენდანტი - გამოდი!
ლამისაა გონება დავკარგო, ანგარიშმიუცემლად ვიწყებ ჩაცმას, თან რაღაცას ვლუღლუღებ.
- მეგონა დამტოვეს, მაგრამ არ გამოვიდა.
კომენდანტი კარს აღებს:
- ჩქარა, რას უზიხარ, შენი დედაც...
პაპიროსს ვიღებ და გავდივარ დერეფანში. ვფიქრობ, ვიყვირო, მაგრამ ვაითუ პაპიროსი წამართვან! მივდივარ იქით, საითაც, ჩვენი აზრით, მიდიან განწირულები და სადაც დგას მანქანა "შავი ყვავი". ჯარისკაცი მომვარდება, უხმოდ შემომაბრუნებს და საწინააღმდეგო მხარეს სწრაფად მიმარბენინებს. მივაღწიეთ ჩასასვლელ კიბეს, ქვემოთ ვეშვები, კარისაკენ, მაგრამ ჯარისკაცი უფრო მაგრად მიჭერს ხელებს მხრებში და ზემო სართულისაკენ მექაჩება. "სად მივყავარ? - კვლავ ვფიქრობ, - ააა! ამბობდნენ, ჯგუფობრივი გასამართლების დროს რაღაც სასამართლოს მსგავსი (10-15-წუთიანი) ეწყობა სიკვდილით დასჯის წინო. ალბათ ჩვენი (ხელოვნების) ხალხი იქნება, გაგვასამართლებენ. იქნებ ასე ჯობდეს. ჯერ ერთი, მსაჯულს მაინც დავინახავ, მეორეც -  იმ პიროვნებებს ვნახავ, რომლებიც რაღაცას მაბრალებენ". ამ ფიქრებში მყოფი გამცილებელმა რომელიღაც კარს მიმაყენა. არეული თვალებით ვკითხულობ ოთახის ნომერს: - ეს ხომ ოვიანის ოთახია, ე.ი. ისევ ჩემს გამომძიებელთან მომიყვანეს. ეს რატომ? მაგას რაღა ესაქმება კიდევ? - ალბათ ის ბრალდებები, რაც ჩემს ჩვენებაშია, არ არის საკმარისი; უმაღლესი სასჯელი განმტკიცებული უნდა იყოს უფრო მძიმე ბრალდებით. საკანში ამაზეც იყო ლაპარაკი. ახალ ბრალდებაზე მომაწერინებს ხელს.

შევდივართ კაბინეტში. ოვიანი მარტო ზის. სკამზე მითითებს და მხიარული სახით მომმართავს:
- მომილოცავს, მიშა, რვა წელიწადი მოგისაჯეს, შენ ხომ იცი, რომ მაგგვარ საქმეზე, შენ რომ გაქვს, ჩვენ სიკვდილს ვუსჯით, მაგრამ "ტროიკამ" მიიღო მხედველობაში, რომ შენ ნიჭიერი კაცი ხარ და სიცოცხლე შეგინარჩუნა. ალბათ, ხვალ ან ზეგ გადაგიყვანენ ციხეში. მერე სადმე გაგაგზავნიან და იცოდე, ლენინის ორდენით უნდა დაბრუნდე იქიდან. ეს "რვა წელიწადი", რა თქმა უნდა, სამ-ოთხ წელზე მეტს არ გასტანს. საკანში ნუ იტყვი, რომ "ტროიკის" განაჩენი გამოგიცხადე. ამის გამხელა არ შეიძლება, მაგრამ ვერ მოვითმინეო.
ოვიანმა ვიღაცას გასძახა დერეფანში, საკანში ჩააცილეო. მივედი და რას ვხედავ? არც ერთ პატიმარს არ სძინავს, ყველანი კარს მისჩერებიან. ჩემს შესვლაზე ერთი "უჰ!" აღმოხდა ყველას.
- რაშია საქმე? - მეკითხებიან, - რატომ დაგაბრუნეს?..

მე ხომ გაფრთხილებული ვიყავი, არ თქვაო, მით უფრო, რომ საკანში იყო ერთი კაცი, რომელთანაც გულახდილად არავინ ლაპარაკობდა, არ ენდობოდნენ.
- არაფერი, არ ყოფილა ჩემი საქმე დამთავრებული და კიდევ დამკითხეს-მეთქი.
როცა საეჭვო პირმა დაიძინა, მე ვუჩურჩულე რამდენიმე კაცს, თუ სად ვიყავი და რა მითხრა გამომძიებელმა. ერთ წუთში უკვე მთელმა საკანმა იცოდა ეს ამბავი. ყველა მილოცავდა, მკოცნიდა, მეხვეოდა, ზოგი ატირდა კიდევაც. რაც უფრო უკვირდათ ჩემი საქმე, მით უფრო დავფიქრდი და საგონებელში ჩავვარდი. აკაკი მენაბდემ თქვა:
- ხუთ თვეზე მეტია, ძმაო, ამ საკანში ვარ, აი, ამ საწოლზე. რამდენიმე ათასმა კაცმა გაიარა ამ საკანში. ერთნი მიდიან, მეორენი მოდიან. ზოგს ეძახიან დღით, ზოგს ღამით, ზოგს ბარგით, ზოგს უბარგოდ - მაგრამ პირველად ვხედავ კაცს, რომელსაც ოფიციალურად აცნობეს სასჯელის ზომა და აქედან გასვლისას ზუსტად იცის, სად წავაო.

"მით უკეთესი ჩვენთვის - მეტის დახვრეტას შევძლებთ"...

ის, რაც წინა ნომერში გიამბეთ, 37-38 წლებს ეხებოდა. მანამდე კი...
დიდი ოქტომბრის რევოლუციის განხორციელებისთანავე ყოფილ რუსეთის იმპერიაში სრული ქაოსი დამკვიდრდა. არავინ იცოდა, ხვალ რა ელოდა. თუმცა ეს მხოლოდ მოსახლეობის პრობლემა როდი იყო - არც რევოლუციის შემოქმედთ ესმოდათ როგორ ემართათ ეს ვეებერთელა ქვეყანა. არცოდნას პანიკა მოჰყვა, პანიკას - ხელისუფლების შენარჩუნების დაუძლეველი სურვილი. ერთადერთი გზა, რომელიც ვლადიმირ ლენინმა და მისმა თანამებრძოლებმა - თავადაც ყოფილმა ტუსაღებმა, კატორღაგამოვლილებმა, ურთიერთდამსმენებმა,  თუ გამარჯვებით ტკბობის ბურანში ჩაფლულმა, შურისძიებით აღტყინებულმა ბოლშევიკებმა აირჩიეს საკუთარი ხალხის მიმართ, იყო - ტერორი, ტერორი და კიდევ ტერორი...

რუსეთი სასიკვდილო კალოდ იქცა.1918 წლის აპრილში სახალხო კომისართა საბჭოსთან შეიქმნა სალიკვიდაციო განყოფილება. მისი დანიშნულება იყო ეკლესიის ადმინისტრაციულ-მმართველობითი სტრუქტურების სრული ლიკვიდაცია. და მართლაც, 1917-18 წლებში 79 ათასი ეკლესია-მონასტერი განადგურდა რუსეთში, რასაც 1991 წლამდე ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, კიდევ 7,500 საკულტო ნაგებობა დაემატა. 1918-20 წწ. განხორციელდა მკრეხელური კამპანია - რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიებში დაცული წმინდანთა ცხედრების (წმინდა ნაწილების) გათხრები. გაიხსნა კიდეც 65 ურნა, მათ შორის, სერაფიმ საროველის და სერგეი როდონეჟელის საფლავები... 1921 წლის ივლისში "აგიტპრომი" საერთო-სახალხო ანტირელიგიურ პროპაგანდას შეუდგა. 1922 წელს ბოლშევიკები აქტიურად გადავიდნენ რელიგიურ ინსტიტუტებთან ბრძოლაზე, რადგან მათ კონტრრევოლუციურ კერებად მიიჩნევდნენ. ბრძანებას, საეკლესიო ძვირფასეულობის ამოღების შესახებ, ვლ. ლენინის მოწოდება უძღოდა: "რადაც უნდა დაგვიჯდეს, აუცილებლად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ამოვიღოთ საეკლესიო ძვირფასეულობა, რაც საშუალებას მოგვცემს, ასობით მილიონი ოქროს მონეტა დავაგროვოთ ჩვენს ფონდებში. უამისოდ, ვერანაირი სახელმწიფო თუ სამეურნეო მშენებლობა ვერ შედგება. და რაც მეტი გვეყოლება რეაქციული სამღვდელოება და რეაქციული ბურჟუაზია, მით უკეთესი ჩვენთვის - მMეტის დახვრეტას შევძლებთ..."   
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით