როცა დუმილი ოქრო არ არის, ანუ 26 მაისი FBI-მ "გააპრავა"?! - კვირის პალიტრა

როცა დუმილი ოქრო არ არის, ანუ 26 მაისი FBI-მ "გააპრავა"?!

დუმილი ზოგჯერ ოქროა, ზოგჯერ თანხმობის ნიშანი, ხანდახან კი - მრავლისმეტყველი. საინტერესოა, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მხრიდან დუმილის რომელ კატეგორიასთან გვაქვს საქმე.

"მინდა გითხრათ, რომ 26 მაისს FBI-ს ჯგუფი იჯდა ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მიტინგის დაშლის ყველა ეტაპს თვალყურს ადევნებდა მონიტორებზე და ბოლოს დაწერა დასკვნა, რომ ყველაფერი იყო კანონიერი", - განაცხადა სააკაშვილმა 21 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას.

სიმართლე გითხრათ, თქვენს მონა-მორჩილს ეგონა, რომ ამ განცხადების შემდეგ მოვლენები შემდეგნაირი სცენარით განვითარდებოდა - თავად FBI, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ან ამერიკის საელჩო კატეგორიულად უარყოფდა სააკაშვილის განცხადებას. თუმცა 21 ივლისიდან საკმაოდ ბევრი დღე გავიდა და ამერიკული მხარე საეჭვოდ დუმს. არადა, სააკაშვილმა, არც მეტი, არც ნაკლები, დანაშაულის თანამონაწილედ დაასახელა. 2011 წლის 26 მაისის მოვლენები ოფიციალურად აღიარებულია, როგორც სადამსჯელო ოპერაცია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით გასამართლდება ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი.

თუმცა 2 წლის წინათაც ყველაფერი ნათელი იყო.

იმ დღეს, ათეულობით ჟურნალისტის თვალწინ, ადამიანები კი არ დაშალეს, სპეციალურად ალყაში მოაქციეს, სასტიკად დაარბიეს, ორი ადამიანის ცხედარი მაღაზიის სახურავზე გადამალეს და  ვითომდა მას შემდეგ "აღმოაჩინეს", რაც სააკაშვილმა ცხედრებიან რუსთაველზე აღლუმი ჩაიბარა. შემდეგ გარდაცვლილების ოჯახები დააშინეს და ლაპარაკი აუკრძალეს. მსოფლიო შემოიარა კადრებმა, სადაც სპეცრაზმელები გამეტებით ურტყამენ იმ ადამიანებს, რომლებიც წინააღმდეგობას არ უწევენ, გასისხლიანებულებს უკრავენ ხელებს და ცხვრებივით ყრიან მიწაზე. შემდეგ კი, ჟურნალისტებზეც დაიწყეს ნადირობა.

ნუთუ, FBI-ს წარმომადგენლები ამ ყველაფერს მონიტორებზე მართლა უყურებდნენ და დაწერეს დასკვნა - ყველაფერი კანონიერი იყოო?! ან რა სტატუსით იმყოფებოდნენ ერთი ქვეყნის (თუმდაც სტრატეგიული მოკავშირის) სპეცსამსახურის წარმომადგენლები მეორე სახელმწიფოს შს სამინისტროში?!

თუ სააკაშვილი ცრუობს, მაგრამ ამერიკული მხარე არ უარყოფს მის განცხადებას იმ მოტივით, რომ საქართველოს პრეზიდენტს იმიჯი კიდევ უფრო არ შეერყეს, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. გამოდის, ჩვენი კი არა, მხოლოდ ერთი კაცის მეგობრები ყოფილან და მზად არიან, დანაშაულის თანამონაწილეობაც კი იტვირთონ.

იმ შემთხვევაში კი, თუ სააკაშვილი არ ცრუობს, ალბათ, ბევრი რამის გადაფასება მოგვიწევს... მაინც არ მინდა დავიჯერო, რომ FBI-ს წარმომადგენლები 26 მაისის დარბევას მერაბიშვილთან ერთად გეგმავდნენ და შემდეგ დანაშაული დასკვნით "გაუპრავეს".

სხვათა შორის, ერთხელ FBI-ს დუმილმა არაჯანსაღი მითქმა-მოთქმა უკვე გამოიწვია - როდესაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე  FBI-ს ექსპერტიზის დასკვნა სააკაშვილის თანაგუნდელებმა გადააკეთეს და ყალბი სახით გაავრცელეს, ყველა ელოდა, რომ ამ ამბავს ნათელს FBI-ს ოფიციალური განცხადება მოჰფენდა. თუმცა ამერიკელებმა აქაც დუმილის ტაქტიკა აირჩიეს...

FBI ამჯერადაც დუმს. არადა, ალბათ, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, რომ ჩვენმა მეგობრებმა გაგვცენ მკაფიო და დასაბუთებული პასუხი - ასრულებდა თუ არა რაიმე როლს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო 26 მაისის მოვლენებში... და თუ ასრულებდა, რა დოზით.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც დუმილი ოქრო არ არის. რაც უფრო გაგრძელდება სიჩუმე, მით მეტი ადამიანი იტყვის, რომ ეს თანხმობის ნიშანია.