მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

განსხვავება, სახელად გულიკო

თბილისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა დასრულდა. "ნაციონალი" თავმჯდომარე ყოფილმა "ნაციონალმა" შეცვალა. ცოტა ირონიულად კი ჟღერს, მაგრამ ასეა. სწორედ მათ, ყოფილმა "ნაციონალებმა" დაასრულეს "ნაციონალების" ეპოქა. სწორედ მათ ჰყავთ საკრებულოს ახალ უმრავლესობაში ყველაზე მეტი დეპუტატი, სწორედ მათთან შეკრა კავშირი "ქართულმა ოცნებამ".

დაახლოებით ისე გამოვიდა, როგორც იმ ანდაზაშია: ხემ თქვა, ცული რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო. "ნაციონალებს" რაც და რატომ დაემართათ, ცხადია, მაგრამ ახლა ის არის საკითხავი, რა შეიძლება დაემართოს "ოცნებას"? მათ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მხარი დაუჭირეს ადამიანს, ვინც 2011 წლის 26 მაისის დარბევას ამართლებდა, ადამიანს, ვინც წინასაარჩევნოდ ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეში მონაწილეობდა, ადამიანს, რომელიც ჯერ "მრეწველების" წევრი იყო, შემდეგ "ახლების", შემდეგ "ნაციონალების" და ახლა "ქართული ოცნების" მხარესაა. კარგად მესმის, რომ ახლა უმრავლესობაში ყველაზე მეტნი სწორედ ყოფილი "ნაციონალები" არიან და მათი ხმა გადამწყვეტია და რომ არა ყოფილ "ნაციონალებთან" შეთანხმება, შეიძლებოდა ისევ ზაალ სამადაშვილი დარჩენილიყო საკრებულოს თავმჯდომარედ. "ოცნება" არჩევანის წინაშე იდგა: ან ყოფილი "ნაციონალის" მხარდაჭერა, ან მოქმედი "ნაციონალის" საკრებულოს სათავეში დარჩენა, თუმცა ხომ შეიძლებოდა ყოფილი "ნაციონალებიდან" სხვა კანდიდატის შერჩევა? ან, როგორც "რესპუბლიკელი" გულიკო ზუმბაძე ირწმუნება, რატომ აცხადებდა ბატონი შიხიაშვილი, რომ მას მხარს შინაგან საქმეთა სამინისტრო უჭერს? ისევ ერევა შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკურ პროცესებში? ან რატომ დაჰყავდათ თითქმის ყველა ყოფილი "ნაციონალი" დაკითხვებზე, ვიდრე "ყოფილები" გახდებოდნენ, მერე კი დაკითხვაზე ერთხელაც აღარ მიუყვანიათ?

კარგად მახსოვს, ნიკო ხაჩირიშვილი როგორ გაიძახოდა, ჩემი დაკითხვებზე ტარება პოლიტიკური ზეწოლააო, რამდენიმე დღეში კი "ოცნების" მომხრე გახდა და აღარც დაკითხვაზე დადის და საკრებულოში ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარეობაც უბოძეს. განა "ნაციონალური მოძრაობაც" ასე არ იქცეოდა? მომავალ წელს ისედაც არის თვითმმართველობის არჩევნები და შეიძლებოდა მოთმინებით აღჭურვა. ამიტომ მომწონს გულიკო ზუმბაძის გადაწყვეტილება, შიხიაშვილს მხარი რომ არ დაუჭირა. ჯერჯერობით, საკრებულოში "ქართულ ოცნებას" "ნაციონალური მოძრაობისგან" სწორედ გულიკო ზუმბაძე განასხვავებს.

ძირს მაჟორიტარები!

ეჰ, ჯერ კიდევ როდის ვიძახდი, არ გვჭირდება მაჟორიტარები-მეთქი, მაგრამ ვინ დამიჯერა! მაინცდამაინც ივანიშვილმა უნდა თქვას?! ეს ხუმრობით, რასაკვირველია. სერიოზულად თუ ვიტყვით, მხოლოდ მიხარია, ამ თემაზე ლაპარაკი რომ დაიწყო. სიმართლე გითხრათ, მათ ფუნქციას ვერასდროს ვხვდებოდი. ერთადერთი, რასაც აკეთებდნენ, იყო ის, რომ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად იცვლიდნენ პოლიტიკურ შეხედულებებს. თავ-თავიანთ რეგიონებში მაგარ ტიპებად ითვლებოდნენ, პარლამენტში კი მათ არავინ არაფერს ეკითხებოდა, თუ იმ რამდენიმე დეპუტატს არ ჩავთვლით, რომლებიც მაჟორიტარობასთან ერთად პარტიის ლიდერებიც იყვნენ. ახლა გაირკვა, რომ ისინი პრობლემებს ქმნიან. ყოველ შემთხვევაში, ასე ბრძანა ივანიშვილმა - ფეოდალებად იქცნენო, საკადრო საკითხებში ერევიანო... ნეპოტიზმიც ახსენა... გახსოვთ, თავიდან რა თქვა ივანიშვილმა ნეპოტიზმზე? ყველგან ხდება ასეთი რაღაცებიო. ახლა თავად ამბობს, რომ ნათესავების დანიშვნა პრობლემად იქცა. რეგიონიც კი დაასახელა - მესტია. თუმცა მესტია ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც მაჟორიტარები თავს ყველაფრის ბატონ-პატრონად მიიჩნევენ. ისიც გემახსოვრებათ, როგორ გაბრაზდა ივანიშვილი, როდესაც ჟურნალისტმა ფოთის მაჟორიტარზე, ეკა ბესელიაზე უთხრა იგივე. არავინ იცის, ივანიშვილის განცხადება ქალბატონ ეკასაც ეხებოდა თუ არა, მაგრამ რადგან მან ამაზე ხმა ამოიღო, ესე იგი პრობლემა არსებობს და თან ისეთი, რომ პრემიერი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე ალაპარაკდა.

ეს სისტემა უდავოდ მახინჯია და კარგია, ივანიშვილი ამას რომ მიხვდა. ისიც კარგია, რომ ნეპოტიზმზე და ასეთ თემებზე პრემიერ-მინისტრი ექსპერტივით კი არ მსჯელობს, არამედ კონკრეტულ პოზიციას გამოხატავს, რომ ყველასთვის ნათელი იყოს, რა არის მისთვის მისაღები და რა - არა.

"ნერუშიმი"

უნდა ვმონაწილეობდეთ თუ არა იურმალაში მიმდინარე კონკურსში, ვფიქრობ, ახლა უკვე მეორეხარისხოვანი საკითხია. თუ ძალიან უნდათ ქართველ მომღერლებს, დაე, იმღერონ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი არ მომწონს, ტრაგედიად არ მიმაჩნია. პირიქით, რადგან მონაწილეობენ, ვგულშემატკივრობ. თუმცა, როგორც რიგითი მაყურებელი, ვერ ვიგებ იმას, რაც ტელეკომპანია "იმედმა" გააკეთა: კონკურსის პირველ დღეს ისე მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო: უცხო ენაზე მიმდინარე კონკურსის წამყვანის ტექსტს პირდაპირ ეთერში თარგმნიდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ვიღაცებს არ მოეწონათ - რუსულის თარგმნა ჩვენ რად გვინდაო და ტელეკომპანიამაც მომდევნო დღეებში კონკურსი თარგმანის გარეშე უჩვენა.

შეიძლება თარგმანის გარეშე უფრო ადვილია მისი გაშვება, მაგრამ ხომ არსებობს სახელმწიფოებრივი აზროვნება, საკუთარი ენის და ქვეყნის პატივისცემა? რატომ უნდა გადიოდეს ქართულ ტელეარხზე უცხოური შოუ უცხო ენაზე? თუ "ოსკარის" ცერემონიას თარგმნიან, ეს კონკურსი რატომ არ უნდა ითარგმნოს? სახელმწიფოებრივ აზროვნებას რომ თავი დავანებოთ, რატომ არ იფიქრეს ტელეკომპანიაში იმ ადამიანებზე, ვინც რუსული არ იცის? ვიღაცებმა მითხრეს, ცუდი თარგმანი იყოო. მაშინ ტელეკომპანიას თარგმანის ხარისხი გაეუმჯობესებინა! ჩემი აზრით, ეს პრინციპული საკითხია. ვიღაცებმა ისიც მისაყვედურეს, ინგლისურენოვან ფილმებს რომ უშვებდნენ სუბტიტრებით, რატომ არაფერს ამბობდიო. არც ეს მომწონდა, მაგრამ ეს პრინციპულად განსხვავებული საკითხია. ის ფილმები თარგმანის გარეშე არ გადიოდა. სუბტიტრებიც თარგმანია.

თუმცა ტელევიზიაზე რა უნდა თქვა, როდესაც კინოთეატრები ვერ ვაიძულეთ, ქართულად თარგმნონ ფილმები და ისევ რუსულად დუბლირებულს უშვებენ. უცხოელები ამას რომ ნახულობენ, გაკვირვებული კითხულობენ: ამერიკულ ფილმებს რუსულად რატომ უყურებთ, საბჭოთა კავშირის ნაწილი ხომ აღარ ხართო. როგორც ჩანს, ჯერ ისევ ვართ. მენტალობით მაინც. მართლა "ნერუშიმი" აღმოჩნდა ის დედააფეთქებული კავშირი.