"ტრაქტორების ომი" გრძელდება - კვირის პალიტრა

"ტრაქტორების ომი" გრძელდება

თემის გაგრძელება

ზვიად ბრეგვაძე: "თუ არ იყო დაინტერესება, რატომ შეიძინეს 150 "ზეტორის" მარკის ტრაქტორი, რომელიც არც გამოგვიცდია, არც სერვისი აქვს და არც აუცილებელი მარაგნაწილების ბაზა"

სოსო ბარათაშვილი: "ექსპერიმენტის დროს არ აუწონიათ ტრაქტორები, "ნიუ ჰოლანდი" ხნულის პირას გაატარეს,  "ზეტორი" კი მოუხნავ ყამირზე"

"ტრაქტორების საქმესთან" დაკავშირებული სკანდალი გრძელდება. სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს, დავით კირვალიძეს გამოძიებისათვის ჩვენების მიცემა უწევს. ამის პარალელურად არ ცხრება სპეციალისტების დავა, რამდენად კანონიერად და გამჭვირვალედ ხდებოდა ტექნიკის ყიდვა და როგორი ხარისხის ტექნიკა შეიძინა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. ჩეხური "ზეტორისა" და თურქულად გამოცხადებული "ნიუ-ჰოლანდის" მხარდამჭერებმა ერთმანეთს იმდენი ბრალდება წაუყენეს, რომ აუცილებელი გახდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება იმის გასარკვევად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შეძენილი "ზეტორი" სჯობს თუ დაწუნებული "ნიუ ჰოლანდი". შს სამინისტროს განცხადების თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, ტრაქტორების ურთიერთშედარებით დადგინდა, რომ ექსპერიმენტის ოთხივე კომპონენტში (საცდელი ხნულების გატარება, საწვავის დაზოგვა, ხნულების სიღრმე და მოხვნის დრო)  NEW HOLLAND TD5 110 მარკის ტრაქტორმა მოიპოვა აბსოლუტური უპირატესობა. ექსპერიმენტის მიმდინარეობამ, რომელშიც მონაწილეობდნენ კვალიფიციური მექანიზატორები, ცხადყო, რომ ZETOR PROXIMA POWER 120 მარკის ტრაქტორმა შეფერხებით შეასრულა სამუშაო. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგს ბრალდებულების ადვოკატები ეჭვქვეშ აყენებენ.

დავაში ჩაერთო "ჯი-თი გრუპიც", რომელიც 2007 წლიდან NEW HOLLAND-ის ოფიციალური დილერია საქართველოში. ჩვენ წინა ნომერში შპს "მექანიზატორის" პოზიციები შემოგთავაზეთ, ახლა კი მეორე მხარესაც მოვუსმინოთ.

ლევან გოგსაძე, "ჯი-თი გრუპის" გენერალური დირექტორი:

"ბრალდებულებსა და დაცვის მხარეს არჩეული აქვთ ტაქტიკა, "ჯი-თი გრუპსა" და "ნიუ ჰოლანდს" იმიჯი შეულახონ. ამ მიზნით ისინი არ ერიდებიან სიცრუის ტირაჟირებას. ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს თურქული კომპანია უხარისხო ტექნიკას აწარმოებს, რომ "ჯი-თი გრუპი" სარგებლობდა მაღალჩინოსნების მფარველობით, იყო ბაზრის მონოპოლისტი, ტექნიკას ზემოგებებით ყიდდა და ე.წ. ტრაქტორების საქმე ჩვენი საჩივრის საფუძველზე აღიძრა, რაც სიცრუეა. ამით სურთ მიჩქმალონ გამოძიების დაწყების რეალური მიზეზი.

გამოძიება "ტრაქტორების საქმეზე" იმიტომ დაიწყო, რომ შესყიდვა მიკერძოებულად ჩატარდა. 2007 წლიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაყიდვის ბიზნესში ვართ და აქამდე არ გვინახავს ასეთი ტენდენციური შესყიდვა. სპეციფიკაციების (შესაძენი ტექნიკის პარამეტრების) დამდგენმა კომისიამ ისეთი პარამეტრები შეადგინა, რაც პირდაპირ მორგებული იყო "ზეტორზე". ჩვენს შეთავაზებულ გაცილებით უკეთესი ხარისხის ტექნიკაზე უარი თქვეს და დაახლოებით ათი ათასი ევროთი უფრო ძვირად შეისყიდეს "ზეტორის" ტრაქტორი.  როდესაც შესყიდვების პირობების დარღვევა გავაპროტესტე, "მექანიზატორის" ხელმძღვანელმა ვაჟა ნახუცრიშვილმა პირადი საუბრისას მითხრა, ფული ჩვენია და რასაც გვინდა, იმას ვიყიდითო. ჩვენი შეთავაზებული ტექნიკა რომ უკეთესი ხარისხის იყო, ვიდრე 10 ათასი ევროთი ძვირად ღირებული "ზეტორი", ეს საგამოძიებო ექსპერიმენტმაც დაადგინა. "ზეტორმა" მეტი დრო მოანდომა ნაკვეთის დახვნას, მეტი საწვავი დაწვა და მისი ხნულიც უხარისხო იყო, ახლა კი დაცვის მხარე სასაცილო არგუმენტებით ცდილობს, ეჭვქვეშ დააყენოს ექსპერიმენტის შედეგები.

ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, რომლებსაც ჩვენს ლობისტებად ასახელებენ, პირადად არ ვიცნობთ. რაც შეეხება ბაზრის მონოპოლისტობას, ჩვენი წილი  ბაზარზე 30%-ს არ აღემატება. CNH, რომელიც აწარმოებს "ნიუ ჰოლანდს", სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უმსხვილესი მწარმოებელი და გაყიდვების ლიდერია მსოფლიოში. რაც შეეხება ფასებსა და ჩვენს ზემოგებას, ჩვენი კომპანიის საკომისიო მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებში 2-დან 6%-მდე მერყეობდა. თუმცა, მეორე მხარის ადვოკატი ბარათაშვილი სრულიად ურცხვად აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას. რამდენიმე დღის წინ მან ჟურნალისტებს გადასცა არასწორი ინფორმაცია, რომ 2013 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შესყიდული ტექნიკა უფრო იაფი იყო, ვიდრე ჩვენ მიერ იქნა მიწოდებული 2007 წელს.

რადგან შესყიდვების ტენდენციურობა გავაპროტესტეთ და ვთქვით, რომ სპეციფიკაციები "ზეტორზე" იყო მორგებული, ამიტომაც გვაბრალებენ, რომ ჩვენ გამო აღმოჩნდა 3 მეცნიერი ციხეში. სინამდვილეში კი ისინი დააკავეს იმის გამო, რომ გარკვეული ჯგუფის დირექტივები შეასრულეს. სპეციფიკაციების კომისიამ შესყიდვების კომისიას (რომლის წევრიც იყო პრემიერის აპარატის წარმომადგენელი ირაკლი ქარსელაძე) მიაწოდა მონაცემები, თუ რა ტიპის ტექნიკა უნდა შეეძინა და როგორც ჩანს, ორივე კომისია დირექტივებს ასრულებდა.

გარდა ტრაქტორის შესყიდვისა, ასევე დარღვევით წარიმართა მისაბმელების შესყიდვაც. როდესაც სამინისტროს წარმომადგენლებს ვხვდებოდით, მინისტრი არც ერთ შეხვედრას არ დასწრებია. ვერ დავიჯერებ, რომ 70 მილიონზე მეტი ღირებულების ტექნიკის შესყიდვით მინისტრი არ ინტერესდებოდა".

ზვიად ბრეგვაძე, შპს "მსოფლიო ტექნიკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, აგროინჟინერიის დოქტორი: - დაკავებული მეცნიერების ადვოკატები და მათი დამკვეთები ბნელ ოთახში კატას ეძებენ, როდესაც მოწინააღმდეგეების პირად ინტერესებზე ლაპარაკობენ. ვაცხადებ, - დიახ, მაინტერესებს ყველაფერი, რაც სოფლის მეურნეობის ტექნიკას შეეხება, ვინაიდან მე ამ სფეროში ვმუშაობ და წლებია საქართველოში მაღალი დონის სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების დანერგვას ვემსახურები. შესყიდვაში მონაწილეობას აპირებდა ჩემი პარტნიორი, მისაბმელი მანქანა-აგრეგატების  მწარმოებელი წამყვანი იტალიური კომპანია "Maschio Gaspardo", რომლის ტექნიკაც წლების განმავლობაში აპრობირებულია საქართველოს ბაზარზე. შესყიდვების მზადების პროცესში სამინისტროში გამართულ არაერთ შეხვედრაზე, რომელსაც სამინისტროს ხელმძღვანელობის თითქმის მთლიანი შემადგენლობა და კონკურენტი კომპანიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, დაუფარავად, შესაბამისი პუნქტობრივი განმარტებებითა და ტექნიკური დასაბუთებით ვხსნიდი, რა იყო დაუშვებელი. იყო პრეცედენტიც, როცა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო, შეხვედრიდან გაიქცა, როცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტების მიერ შედგენილ ტექნიკის სპეციფიკაციებში დაუშვებელ შეცდომებზე მივუთითე. იმის გამო, რომ ჩემი შენიშვნების 50%-ს სპეციალისტები დაეთანხმნენ, ხოლო დანარჩენ კითხვებზე პასუხის გასაცემად დრო მოითხოვეს (ამ საკითხების დამუშავებას მანამდე სამი თვე მოანდომეს), მინისტრის მოადგილე დავით გალიგაშვილმა სპეციალისტებს უმკაცრესი შენიშვნა მისცა. მიუხედავად ამისა, სპეციფიკაციებში მაინც არაფერი შეცვლილა. ამიტომ რამდენიმე კომპანიამ სოფლის მეურნეობის მინისტრსა და შპს "მექანიზატორს" წერილით მივმართეთ, რომ შესყიდვები გამჭვირვალედ ჩაეტარებინათ, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

- პროფესორი ზაზა მახარობლიძე ამბობს, რომ თქვენი პარტნიორები "მექანიზატორს" სთავაზობდნენ პლასტმასისდეტალებიან აგრეგატებს და ამიტომ თქვეს ამ ტექნიკაზე უარი.

- დაუშვებლად მიმაჩნია საქმეში ჩახედული მეცნიერის მიერ საკითხის ამგვარად დასმა. ის, რასაც ესენი პლასტმასას ეძახიან, თანამედროვე ტექნოლოგიებში, მათ შორის კოსმოსურ მრეწველობაში, ფართოდ გამოიყენება. რაც შეეხება სათეს მანქანებში გამოყენებულ პლასტმასის დეტალებს, კომისიის წევრებს შევთავაზეთ, ამა თუ იმ დეტალის მასალებზე კი არა, ამ დეტალების სიმტკიცეზე გაემახვილებინათ ყურადღება, რადგან კომპოზიტური მასალები (ე. წ. პლასტმასა) ხშირად უფრო მტკიცეა, ვიდრე ლითონი.

ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ჩემზე ამბობს, ცილს სწამებს ბრალდებულებს, რომ "ზეტორი" დაინტერესების გამო შემოყარესო. თუ არ იყო დაინტერესება, რატომ შეიძინეს 150 "ზეტორის" მარკის ტრაქტორი, რომელიც არც გამოგვიცდია, არც სერვისი აქვს და არც აუცილებელი მარაგნაწილების ბაზა. მოვიდა კირვალიძე მინისტრად და უცებ "ზეტორი" გახდა მსოფლიოში საუკეთესო ტრაქტორი. Aამას პირად ინტერესთან კავშირი არა აქვს?

რატომ არის შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის 60-70% დღემდე გამოუყენებელი, როცა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დეფიციტია!

რატომ არის სავალდებულო, რომ ყველა ფერმერმა ტექნიკა მხოლოდ შპს "მექანიზატორისგან" იქირაოს მიწის მოვლა-პატრონობისთვის? რა სახელმწიფოს საქმეა ასეთი მონსტრი  კომპანიის შექმნა?

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: შესყიდვებში მონაწილეობისათვის აუცილებელ პირობად  ყველა კომპანიას რეგისტრაცია მოსთხოვეს, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ შესყიდვებში დაურეგისტრირებელმა ფირმებმა გაიმარჯვეს. ამის შემდეგ ვინმე იტყვის, რომ შესყიდვები გამჭვირვალედ ჩატარდა?!

ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, თითქოს სისხლის სამართლის საქმე ზვიად ბრეგვაძის განცხადების საფუძველზე აღიძრა. სოსო ბარათაშვილისგან მოვითხოვ: გამოაქვეყნოს ეს განცხადება, მაგრამ ასეთი განცხადება არ არსებობს, შესაბამისად ასეთი ცილისწამებისთვის, რომელიც თავადვე მის რეპუტაციას აყენებს ზიანს, საჯაროდ ბოდიში მომიხადოს!

სოსო ბარათაშვილი, დაკავებული მეცნიერების ადვოკატი: "არასოდეს მითქვამს, რომ ბრეგვაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. თუმცა ზვიად ბრეგვაძემ ტელევიზიით გააკეთა ცილისმწამებლური განცხადება, რომ "ზეტორის" ფირმის ტრაქტორები საქართველოში შემოყარეს. მე ხელთა მაქვს ბრეგვაძისა და სპეციფიკაციების კომისიის წევრის, ივანე ბოკუჩავას საუბრის ჩანაწერი (რომელიც კანონიერია და გაკეთებულია მას შემდეგ, რაც გამოძიება დაიწყო). კითხვები, რომელსაც ბოკუჩავას უსვამს ზვიად ბრეგვაძე, საფუძველს მაძლევს, ვიფიქრო, რომ ის ამ საქმეში "მექანიზატორის" მოწინააღმდეგე დაინტერესებული პირია. რაც შეეხება "ჯი-თი გრუპის" ხელმძღვანელს, ლევან გოგსაძეს, სწორედ ბატონი გოგსაძის ჩვენება დაედო საფუძვლად ამ გამოძიებას.

- ლევან გოგსაძე ამას კატეგორიულად უარყოფს.

- ამ საქმეზე გამოძიებისთვის პირველი ჩვენება სწორედ "ნიუ ჰოლანდის" წარმომადგენელს, ლევან გოგსაძეს აქვს მიცემული. გამოძიება ამბობს, რომ "ნიუ ჰოლანდია" საუკეთესო ტრაქტორი.

- ექსპერიმენტმაც ცხადყო, რომ "ზეტორს" "ნიუ ჰოლანდმა" აჯობა.

-  ექსპერიმენტი არადამაჯერებელია, რადგან არც ერთი სპეციალისტი არ დასწრებია. მოვითხოვეთ, დასწრებოდნენ ბრალდებული ექსპერტები, ზაზა მახარობლიძე და ოთარ ქარჩავა, მაგრამ უარი გვითხრეს. მეტსაც გეტყვით, ექსპერიმენტის დროს არ აუწონიათ ტრაქტორები ("ზეტორი" დატვირთული არ იყო. 270 კგ-ით ნაკლები წონა ჰქონდა, რასაც ხვნის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს), არ გაუთვალისწინებიათ საბურავების ცვეთა. ექსპერიმენტში მონაწილე "ზეტორს" გამომუშავებული ჰქონდა 300-ზე მეტი საათი, ხოლო "ნიუ ჰოლანდი" ახალთახალი იყო. "ნიუ ჰოლანდი" ხნულის პირას გაატარეს,  "ზეტორი" კი მოუხნავ ყამირზე. ეს პიარაქცია იმისთვის დასჭირდათ, რომ ეთქვათ, "ნიუ ჰოლანდმა" აბსოლუტური უპირატესობა მოიპოვაო.