ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

ყველამ საკუთარი რესურსი მოიკითხოს

ბაჩო ახალაიას მიმართ სასამართლოს გამამართლებელმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში ხელისუფლებით უკმაყოფილოთა ახალი ტალღა ააგორა. საზოგადოების აზრით, ხელისუფლების უხერხემლობამ "ნაციონალებს"პოლიტიკური გადარჩენის და რეინკარნაციის შანსი მისცა. რეალობა კი ასეთია: 1. კოაბიტაცია, როგორც დრომ აჩვენა, "ნაციონალებისთვის" ის მაშველი რგოლი აღმოჩნდა, რომელმაც მათ სულის მოთქმის და აზრზე მოსვლის საშუალება მისცა; 2. ბიძინა ივანიშვილმა მთავარი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა: პოლიტიკური ველი გაათავისუფლა და ყველა პოლიტიკურ ძალას მიეცა თანაბარი ასპარეზი და მოღვაწეობის სუფთა ფურცლიდან დაწყების საშუალება. კანონმდებლობაში შესული ცვლილებით ბიუჯეტი იღებს ვალდებულებას, დააფინანსოს ლამის მთელი პოლიტიკური სპექტრი. ისეთი მონსტრი - ლიდერი პარტია, როგორსაც ჩვენ მიჩვეული ვიყავით "მოქალაქეთა კავშირის" და შემდეგ„"ნაციონალური მოძრაობის" სახით, რაც ავტორიტარიზმის თავიდათავი იყო, ჩვენ აღარ გვყავს და თუ ჭკვიანად მოვიქცევით, აღარც გვეყოლება.

ამისთვის, ივანიშვილმა საკუთარი პარტიის გაძლიერებაზეც კი თქვა უარი. ანუ ფაქტობრივად, მივიღეთ ის, რაზეც ივანიშვილი საუბრობდა: ნოყიერი ნიადაგი მრავალპარტიული პოლიტიკური სპექტრის ფორმირებისთვის, სადაც რამდენიმე პოლიტიკური ძალა თანაბრად გაინაწილებს ხელისუფლებას. მათ შორის ბალანსი: კონკურენცია თუ თანამშრომლობა უნდა გახდეს ქვეყნის სტაბილურობის საფუძველი. ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი! ყველამ აჩვენოს, რა ბიჭია. ყველამ საკუთარი რესურსი მოიკითხოს! - ასე ჰქვია მოცემულ პოლიტიკურ მომენტს საქართველოში. ვისი ბრალია, თუ ეს შანსი სხვებზე აქტიურად გამოიყენეს "რესპუბლიკელებმა": აკონტროლებენ რა პარლამენტს, იძლიერებენ პოზიციებს რეგიონებში და აფართოებენ პარტნიორების წრეს; ვისი ბრალია, რომ "ნაციონალების" პარტია ცდილობს და, ჯერჯერობით ახერხებს, დავით ბაქრაძის სახით  საფუძველი ჩაუყაროს საკუთარ პოლიტიკურ მომავალს?! დანარჩენმა პოლიტიკურმა სპექტრმაც თავად უნდა მოიპოვოს საშვი მრავალპარტიულ საქართველოში. თუ არა და, ავტორიტარულ წარსულთან მიბრუნებაზე იოლი რა არის?! ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია...

ახალი საპრეზიდენტო კანდიდატები

ბოლო დღეებში კიდევ რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატი გამოჩნდა ასპარეზზე, რომლებსაც ერთი საერთო ნიშანი ახასიათებთ: სხვებისთვის ხმების წართმევის რესურსი. საუბარია ორ კანდიდატზე: კობა დავითაშვილსა და დაშგინ გიულმამედოვზე.

კობა დავითაშვილმა სახელისუფლებო კოალიცია სამართლიანობის აღდგენის ტემპების მიმართ უკმაყოფილების გამო დატოვა. შესაბამისად, მისი ძირითადი საარჩევნო თემატიკაც სწორედ ეს იქნება - ვერაღდგენილი სამართლიანობის აღდგენის დაპირება, ხოლო ამომრჩეველი - "ქართული ოცნებით" იმედგაცრუებული ელექტორატის ნაწილი. ფაქტობრივად, კობა დავითაშვილი ნინო ბურჯანაძეს ეცილება როგორც წინასაარჩევნო თემებს, ასევე, ამომრჩეველს.

კობა დავითაშვილი რომ არ ყოფილიყო, როგორც ხელისუფლებას, ასევე "ნაციონალებს" ვიღაც მსგავსი უნდა მოეფიქრებინათ. მეორე ადგილისთვის ბრძოლაში "ნაციონალებს" სასიცოცხლოდ სჭირდებათ სხვა კანდიდატებს შორის ხმების დახლეჩა.

უფრო საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს დაშგინ გიულმამედოვის ფუნქცია. ის სხვადასხვა დროს იყო "საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული ასამბლეის" პრეზიდენტიც და „საქართველოს თურქთა კონფედერაციის“ პირველი პირიც. თუმცა, ინტერნეტში მასზე სხვა, ნაკლებად სასიამოვნო ინფორმაციებიც ვრცელდება, რომელთა მიხედვით ის საკმაოდ სკანდალურ პიროვნებად წარმოჩნდება. მაგალითად, მან გააჟღერა ინიციატივა ქვემო ქართლში ბორჩალოს პარლამენტის შექმნის თაობაზე. დაკავებულიც კი ჰყავდათ ერთხანს ბაქოში, როგორც მისი მომხრეები წერენ, პოლიტიკური ნიშნით. დაპირისპირებული იყო „ნაციონალურ“ ხელისუფლებასთანაც. მაშ, რითია საინტერესო მისი კანდიდატურა?! მოგეხსენებათ, ქვემო ქართლის ხმები არჩევნებში, ტრადიციულად, ხელისუფლების ყულაბაში მიდის. ერთადერთი გამონაკლისი 2012 წლის არჩევნები იყო. აზერბაიჯანელ თუ თურქ კანდიდატს ამ ხმების გაყოფა შეუძლია, რაც არცთუ უმნიშვნელო ბერკეტია. ასე რომ, წინ საინტერესო სანახაობა გველის.