"პრეზიდენტის განცხადება FBI-ს შესახებ არანორმალური და ანომალიურია"(ექსკლუზივი)
05-08-2013
"პრეზიდენტის განცხადება FBI-ს შესახებ არანორმალური და ანომალიურია"(ექსკლუზივი)
"ყოველივე ამის შემდეგ, "ვაშინგტონ პოსტი" თავს შეიკავებს მოვლენების ნაჩქარევად გაანალიზებისაგან"

ექსკლუზიური ინტერვიუ აშშ-ში საქართველოს ელჩთან, ბატონ არჩილ გეგეშიძესთან

"მეეჭვება, ასეთი ახლომხედველი იყოს სააკაშვილი"


რამდენიმე ხნის წინ ქართველი საზოგადოება გააოგნა პრეზიდენტის სკანდალურმა განცხადებამ, რომ 26 მაისს მომიტინგეთა დარბევისას შსს-ში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლები ისხდნენ, ამ ყველაფერს უყურებდნენ და მეტიც, მთავრობის ქმედება მოიწონეს. ეს განცხადება საზოგადოებამ სხვადასხვაგვარად შეაფასა, პრეზიდენტს კი უკვე მერამდენედ დასდეს ბრალი ქვეყნის საგარეო კურსის საბოტირებაში. ცხოველი ინტერესი გამოიწვია ასევე
საქართველოს უმაღლესი რანგის დელეგაციის ვიზიტმა ვაშინგტონში.


ამ და სხვა თემებზე საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა შეერთებულ შტატებში, ბატონმა არჩილ გეგეშიძემ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა:

- დავიწყოთ ელჩის რანგში თქვენი პირველი ხმაურიანი განცხადებით, როცა თქვენ ბრძანეთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობდა, დაეკნინებინა აშშ-ში საქართველოს საელჩოს მნიშვნელობა. რა მოხდა
მაშინ და მიმდინარეობს თუ არა ხელისუფლების გადაბარების პროცესი საგარეო ასპარეზზე უფრო რთულად, ვიდრე ეს მოხდა ქვეყნის შიგნით?

- ეს საკმაოდ დელიკატური თემაა. საქართველოში არსებული არაორდინარული ვითარება, როდესაც ხელისუფლება ერთგვარად გაორებულია, ცხადია, გავლენას ახდენს საელჩოების მუშაობაზეც. "კოჰაბიტაციის" პირობებში შეიქმნა ვითარება, როდესაც ერთი ძალა ცდილობს მეორის დისკრედიტირებას როგორც საშინაო, ასევე საგარეო ასპარეზზე. ამით განსაკუთრებულად ზარალდება "ქართული ოცნება", რომელსაც ოქტომბრიდან მოყოლებული გაუთავებლად აკრიტიკებენ, რომ თითქოსდა არ არიან ჭეშმარიტი დემოკრატები და აშშ-თან მეგობრობას რუსებთან ყოფნას ამჯობინებენ. პრეზიდენტის დამოკიდებულება საელჩოსადმი სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, სადაც მოახერხებს, თავისი გაიტანოს. რაც შეეხება კონკრეტულად იმ ინციდენტს: პრეზიდენტს სულ ორი შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის ერთი გავლენიან რესპუბლიკელ სენატორ მარკო რუბიოსთან. სწორედ ამ შეხვედრაზე არ ისურვა პრეზიდენტმა საელჩოს წარმომადგენელთა ხილვა, მიუხედავად იმისა, რომ საელჩო მონაწილეობდა მისი ორივე შეხვედრის დაგეგმვაში. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ წასვლის წინ პრეზიდენტმა დამირეკა და მადლობა გადაიხადა შეხვედრების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისათვის.

- კარგი იქნებოდა, სააკაშვილის ფიგურის წონადობაზეც გვესაუბრა ამერიკულ პოლიტიკურ ელიტაში. მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობისგან გამუდმებით ისმის ბრალდებები, რომ იგი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საბოტირებას ახდენს. რამდენად შესწევს სააკაშვილს ამის ძალა?
- პრეზიდენტი აკრიტიკებს მთავრობის შიდა და საგარეო პოლიტიკას და ეს ერთგვარად აძნელებს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ობიექტურ აღქმას მსოფლიოში. მაგალითად, აშშ-ის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ჯერ კიდევ ბევრს აწვალებს ეჭვი, მართლაც ხომ არ არის "ქართული ოცნების" დასავლური კურსი მოჩვენებითი და ხომ არ შეიცვალა ქვეყნის ორიენტაციის ვექტორი რუსეთისაკენ.

- თუმცა, ალბათ, ისეთი პოლიტიკოსებიც ბლომად არიან, ვინც ყოფილ ხელისუფლებას იმიტომ უჭერენ მხარს, რომ მათ პოლიტიკურ მოკავშირეებად რჩებიან და რეალური სურათის დანახვა სულაც არ აძლევთ ხელს.
- სავსებით გეთანხმებით. ამასთანავე, აქ, ვაშინგტონში, ძალიან ბევრს წყვეტს პიროვნული ურთიერთობები და კონტაქტები.
აქაური "პოლიტიკის კეთებისათვის" დამახასიათებელია პოლიტიკური მოვლენების პერსონიფიცირება. პირადი კონტაქტების გაბმა-დალაგება კი წლების განმავლობაში წინა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო.

ეს კეთდებოდა სხვადასხვა ფორმით, საზოგადოდ კი ამ მექანიზმს "მოპატიჟება-პატივისცემის" მექანიზმი შეგვიძლია ვუწოდოთ.

თუმცა ბოლო პერიოდში გამოვლენილმა დანაშაულებმა, რომელსაც წინა ხელისუფლება სჩადიოდა, თუნდაც ფარული ვიდეოფირის ინციდენტმა, მათი მოკავშირეების ენთუზიაზმი ერთგვარად გაანელა. კიდევ ერთი ფაქტორი: ახალი ხელისუფლების წინასთან შედარებით დაბალმა ცნობადობამ შექმნა ერთგვარი უნდობლობაც და სკეპტიკური დამოკიდებულებაც მის მიმართ. რაც შეეხება სააკაშვილის წონადობას, კვლავაც აქვთ მის მიმართ სიმპათიები, თუმცა შთაბეჭდილებები სულ უფრო და უფრო ფერმკრთალდება.

- კონკრეტული მაგალითებიც მოვიყვანოთ: სენატორ ტერნერის ინიციატივა, სენატის მიერ მიღებული დოკუმენტი, სენატორების წერილი. ამის ფონზე, უცნაურად ჩანს მაკკეინის ახალი განცხადება იმის თაობაზე, რომ უნდა დაჩქარდეს საქართველოს ნატოში შესვლა.
- ის, რომ ტერნერმა ჩანაწერი გააკეთებინა თავდაცვის ავტორიზების აქტში, მეტყველებს სწორედ იმ ცრუ წარმოდგენებსა და შავ პიარზე, რაც შექმნილია ახლანდელი ხელისუფლების გარშემო. რაც შეეხება მაკკეინის განცხადებას, იგი იყო მკვეთრად ანტირუსული, ერთგვარი სამაგიეროს გადახდა სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემის გადაწყვეტილების გამო.

- ეს არათანამიმდევრულობა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სენატორების ქებაცა და კრიტიკაც მოჩვენებითია და სინამდვილეში პოლიტიკურ კონიუნქტურას ემსახურება?
- ვფიქრობ, მაკკეინი გულწრფელადაა დაინტერესებული ნატოს გაფართოებითა და საქართველოს ალიანსში შესვლით. გარდა ამისა, ვფიქრობ, მან იმიტომაც გვახსენა, რომ ახლახან საქართველოს უმაღლესი რანგის დელეგაციისგან არგუმენტირებული განმარტება მიიღო, თუ როგორია საქართველოს საგარეო კურსი და ემუქრება თუ არა ამ კურსს ცვლილება. ვფიქრობ, ამ შეხვედრის შემდეგ იგი დარწმუნდა, რომ საქართველოს ჭეშმარიტად სურს ნატოში შესვლა.

დელეგაციას მისთვის ორჭოფობის საფუძველი რომ მიეცა, ამას არ იტყოდა. ძალიან სწორ და გონივრულ გადაწყვეტილებად მივიჩნევ იმას, რომ დელეგაციის შემადგენლობაში არჩილ კბილაშვილიც იყო. სენატორებს საშუალება მიეცათ, ენახათ, თუ ვინ არის მთავარი პროკურორი, როგორი განსჯის პატრონია და არის თუ არა ადამიანი, ვინც ხალხს პოლიტიკური მოტივებით აპატიმრებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სენატორებმა ახალ მთავრობას გამოუყვეს დროისა და ნდობის კრედიტი, რომლის განმავლობაშიც ისინი დააკვირდებიან, თუ რეალურად რა ხდება ქვეყანაში. ეს, სულ ცოტა, არჩევნების პერიოდამდე გაგრძელდება. შეიძლება ითქვას, ამერიკული პოლიტელიტა საქართველოს საკითხზე ლოდინის რეჟიმზე გადავიდა.

- დელეგაციის აშშ-ში ვიზიტისას საზოგადოების ყურადღება მიიპყრო შეხვედრამ კონდოლიზა რაისთან, რომლის შემდეგაც გავრცელდა ხმა, რომ ყოფილი სახელმწიფო მდივანი შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის მრჩევლად დანიშნულიყო.
- ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრა, სადაც ქალბატონმა რაისმა ჩვენს დელეგაციას რამდენიმე რჩევა მისცა და გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც მიიღოს მონაწილეობა ასეთ შეხვედრებში. არავითარ მრჩევლად ან თანამდებობაზე დანიშვნაზე ლაპარაკი არ ყოფილა.

- არანაკლებ საინტერესო იყო "ვაშინგტონ პოსტში" სტუმრობაც. საკმაოდ რთული ურთიერთობა ჩამოყალიბდა მთავრობასა და პრესტიჟულ ამერიკულ გამოცემებს შორის. ამ მხრივ რა შედეგებს მიაღწია ჩვენმა დელეგაციამ?

- დელეგაცია აქაც იმავე პრინციპით მოქმედებდა. ჩვენი მიზანი იყო, მათთვის გვეჩვენებინა, რომ არის ძირეული განსხვავება მათ მიერ დანახულსა და რეალურ სურათს შორის.

- შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ეს ნაბიჯი მორიგ მანევრად ყოფილ და ახლანდელ ხელისუფლებას შორის გაჩაღებულ ლობისტურ ომში? ხომ არ გამოდის, რომ მთავრობის დელეგაციამ სცადა, გადმოებირებინა, ან ასე ვთქვათ, გადაერწმუნებინა "ვაშინგტონ პოსტი", რომელმაც ახალი მთავრობა არაერთხელ მკაცრად გააკრიტიკა?

- ლობისტები, ფორმალურიცა და არაფორმალურიც, ორივე მხარეს ჰყავს და ამაში არაფერია საგანგაშო. თუმცა, კლასიკურ ლობიზმს ეს გამოცემები არ ეწევიან. აქ უფრო საქმე გვაქვს ზემოთ ნახსენებ პირადი კონტაქტებისა და მოპატიჟება-პატივისცემის მექანიზმთან. როდესაც ადამიანს მოიწვევ, პატივით დახვდები, აქეთ-იქით ვერტმფრენით გადააფრენ, გამჭვირვალე შენობებში ასეირნებ, ძვირად ღირებულ ოტელში დაასვენებ და ეცდები, საკუთარი ქვეყნის მხოლოდ კარგი მხარეები დაანახო, ბუნებრივია, მას სიმპათია უჩნდება იმ ხალხის მიმართ, რომელიც ასე პატივისცემით დახვდა და ილუზიასთან მიახლოებული წარმოდგენა აქვს იმაზე, სინამდვილეში რა ხდება ქვეყანაში. თუ ეს წლების განმავლობაში გრძელდება, ეს ჟურნალისტი ობიექტურ რეალობას მოსწყდება და მისი თითოეული ანალიზი ვარდისფერი სათვალით გაკეთდება, რომლის მოხსნაზეც იგი მწვავედ რეაგირებს.

ყველა მნიშვნელოვან, "ჩამჭრელ" შეკითხვას, რომელიც "ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო კოლეგიას ჰქონდა, ჩვენმა დელეგაციამ ამომწურავად და დამაჯერებლად გასცა პასუხი. ყოველივე ამის მერე, ვვარაუდობ, რომ "ვაშინგტონ პოსტი" თავს შეიკავებს მოვლენების ნაჩქარევად გაანალიზებისაგან და საქართველოზე სტატიებს გამოაქვეყნებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც საფუძვლიანად გაეცნობა რეალურ ვითარებას.

- ამერიკელი პოლიტიკოსებისა და გამოცემების იმაში დასარწმუნებლად, რომ საქართველო სწორი გზით მიდის, ყველაზე ოპტიმალური ხერხი, ალბათ, მაინც თავად პრემიერ-მინისტრის სტუმრობა იქნებოდა. ბატონი ივანიშვილი კი ჯერაც არ ჩქარობს ვაშინგტონში გამგზავრებას... მაინც, როდისთვის უნდა ველოდოთ პრემიერის პირველ ვიზიტს შტატებში?
- ალბათ, დამეთანხმებით, რომ ქვეყნის პირველი პირის ვიზიტი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აუცილებლად წარმატებული უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში ვიზიტს აზრი არა აქვს. წარმატება კი უპირველესად იმითაა განპირობებული, რომ ორივე მხარე მზად არის ამ ვიზიტისათვის - ანუ მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად, ახალი გეგმების დასასახად და ა.შ. ახლა რატომ არ არიან მხარეები მზად? ერთი მხრივ, ჩვენ არა ვართ მზად, იმიტომ, რომ როგორც უკვე გითხარით, ჩვენთან ახლა არაორდინარული ვითარებაა, ხელისუფლება ფაქტობრივად გაყოფილია. ვიმედოვნებ, ამ კუთხით ოქტომბრის შემდეგ მაინც გამოსწორდება ვითარება.

არ არის მზად ამერიკული მხარეც, იმიტომ, რომ დღემდე არ არის ჩამოყალიბებული სამთავრობო ადმინისტრაციაში საქართველოს საკითხზე მომუშავე ჯგუფი. ახალი სახელმწიფო მდივნის დანიშვნის შემდეგ დაიწყო როტაციები, რაც ჯერაც არ დასრულებულა.

- დასასრულ, არ შემიძლია, არ გკითხოთ პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებაზეც FBI-სთან დაკავშირებით. რამდენად დამაჯერებლად გეჩვენებათ პრეზიდენტის ეს განცხადება და რამდენად მიზანშეწონილია, როდესაც ქვეყნის პირველი პირი ასეთ განცხადებას აკეთებს? რა გავლენას იქონიებს ეს აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე?

- ბოლოდან დავიწყებ და გეტყვით, რომ ეს ჩვენს ურთიერთობაზე გავლენას არ იქონიებს...

- მაშინაც კი, თუ პრეზიდენტი ასეთ რიტორიკას გააგრძელებს?
- არა მგონია, გააგრძელოს. ვფიქრობ, მან ეს მომენტი უბრალოდ გამოიყენა პოლიტიკური განცხადების გასაკეთებლად 26 მაისის საკითხზე. ისე კი, ქვეყანაში არაორდინარული ვითარებაა და ზრდილობა რომ ნებას მრთავდეს, სხვა, უფრო შესაფერის ტერმინსაც გამოვიყენებდი.
ასეთი განცხადება არანორმალური და ანომალიურია, არ უნდა კეთდებოდეს, მაგრამ მას ასეთივე არანორმალური გარემო შობს. არანორმალური ვითარებაა, აბა, რა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი და უშიშროების საბჭო ოპოზიციაში არიან? ასეთ ვითარებაში თითოეული პოლიტიკური განცხადება მოწინააღმდეგისთვის კვანტის გამოდების მოტივაციით კეთდება. ამიტომ არ გამკვირვებია, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელსაც თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებდა, FBI მოიშველია არგუმენტად, როდესაც ცდილობდა 26 მაისის ძალადობა გაემართლებინა. რაც შეეხება იმას, მართლა ისხდნენ თუ არა შსს-ში FBI-ს თანამშრომლები და მონიტორებზე აკვირდებოდნენ ყველაფერს, ძნელი სათქმელია, ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. აი, თვითონ ფაქტს, რომ ამერიკელი სპეციალისტები იყვნენ იმ პერიოდში საქართველოში, უკვე აღარავინ უარყოფს.

მაგრამ რამდენად იყო მათი შეფასებები ისეთი, რომ ყოფილი ხელისუფლება შეეგულიანებინათ, წაექეზებინათ ან მათი ქმედება მოეწონებინათ, ძნელი სათქმელია. ცოტა ეჭვი მეპარება, რომ ისე ყოფილიყო ეს ყველაფერი, როგორც პრეზიდენტმა წარმოაჩინა. თუმცა, იმას, რაც მათ 9 აპრილის ტრაგედიის ადგილზე 26 მაისს გააკეთეს, ვერანაირი FBI-ს მოწონება და სამართლებრივ ჩარჩოებში მოხვედრა ვერ გამოასწორებს. ამის გამკეთებელმა ერის წინაშე უპატიებელი დანაშაული ჩაიდინა და დაისაჯა კიდეც არჩევნების გზით.

- ბევრმა ეს განცხადება ასე აღიქვა: პრეზიდენტი ფიქრობს, ჩემ შემდეგ ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა და ცდილობს, ახლა აშშ-ც გადაგვკიდოსო.
- ვერ გეტყვით დანამდვილებით, მაგრამ მეეჭვება, ასეთი ახლომხედველი იყოს სააკაშვილი. სხვა თუ არაფერი, თუ მას იმედი აქვს და სურს, მისმა პარტიამ შეინარჩუნოს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი, მაშინ აშშ-ზე გადაკიდება თავად დახვდება წინ.

ვაჟა თავბერიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით