"ალასანია, უსუფაშვილი და ბაქრაძე ახალ კოალიციას შექმნიან" - კვირის პალიტრა

"ალასანია, უსუფაშვილი და ბაქრაძე ახალ კოალიციას შექმნიან"

"ბაჩო ახალაიას გამართლება წულუკიანისა და კბილაშვილის კრახი და ქართველი ხალხისთვის სილის გაწვნა იყო"

"მთავარი პროკურორი და იუსტიციის მინისტრი რომ საქმეს ვერ აკეთებენ, პასუხისმგებლობა პრემიერსაც ეკისრება"

"სასამართლო მერაბიშვილსაც გამოუშვებს"

"საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია ყველაფერს გააკეთებს, რომ მფლობელებს დაუბრუნოს ის წართმეული ქონება, რაც ჯერ გაყიდული არ არის. სახელმწიფომ გუდაურში დაატერორა მესაკუთრეები და ისე აჩუქებინა ქონება. მერე ეს ქონება თბილისს გადაეცა. ეს ქონება უნდა დაბრუნდეს. ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს ვკითხავთ, თბილისის ზღვაზე როგორ აშენებენ კვარტალს წართმეულ ქონებაზე", - აცხადებს თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე კახა კუკავა, რომელიც მერის იმპიჩმენტის საკითხის შეტანის ინიციატივით გამოდის:

- ბატონო კახა, თქვენ კი აპირებთ მერის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, უგულავასთან თანამშრომლობას ვაპირებო.

- შიხიაშვილი "ქართული ოცნების" კანდიდატია, რომელსაც მხარი დაუჭირეს პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" ლიდერებმა. მისი არჩევისას ხმები 23/23-ზე იყო და ჩემი ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი.

პოლიტიკაში გუშინდელი ბავშვი არა ვარ, რომ მოვტყუვდე. შიხიაშვილი არც მკვლელია და არც ზონდერი. რესპუბლიკელები რომ აცხადებდნენ, არც ერთი "ნაციონალი" ჩვენ გვერდითო, გავიგებდი შიხიაშვილზე შეტევას, მაგრამ ახლა მასზე შეტევა კონკრეტულ მიზანს ემსახურება. "ქართულ ოცნებაში"  რესპუბლიკური პარტია უპირისპირდება პრემიერ-მინისტრის გუნდს და საკადრო პოლიტიკაც ამის მაგალითია. ამას დაემთხვა განათლების მინისტრის მოადგილის, დავით ზურაბიშვილის მოხსნაც. რესპუბლიკელებმა გადაწყვიტეს, პრობლემები შეექმნათ შიხიაშვილისთვის და აქედან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილისთვისაც.

- შიხიაშვილი ღარიბაშვილის პროტეჟეა?

- შიხიაშვილი ივანიშვილის კანდიდატია. ღარიბაშვილი კი ივანიშვილის ერთადერთი დასაყრდენია და გავლენიანია მინისტრებს შორის. ძალები ასე ლაგდება: უსუფაშვილი, ალასანია, რომელთაც მალე შეიძლება შეუერთდეს ბაქრაძეც. ეს ორი სხვადასხვა ჯგუფია და მათ შორის ბრძოლაა.

- თუ ასეა, ამ ვითარებაში როგორ წავა ივანიშვილი პოსტიდან?

- ივანიშვილის განცხადება არასწორია. მარათონელის მსგავსად, ქართველმა

ხალხმა ბოლო ამოსუნთქვა მიიტანა 1-ელ ოქტომბერს საარჩევნო ყუთთან, დაეცა და ელოდება, როდის წამოაყენებს ხელისუფლება. მაშინ, როდესაც დაპირებების 95% შესასრულებელია, ივანიშვილი ამბობს, მარგველაშვილი შეასრულებსო, რაც არ არის ხალხთან პატიოსანი დამოკიდებულება.

ჩემი აზრით, იგივე სცენარი მზადდება, რაც მოხდა ეგვიპტეში, მოლდავეთსა და 2003 წელს საქართველოში. ტრანზიტის ფუნქციის შესრულების Dშემდგომ, რომლის ამოცანა სააკაშვილის პოლიტიკიდან გაყვანა იყო, ივანიშვილი ასპარეზს დატოვებს. ალბათ, შეიქმნება კოალიცია დაახლოებით ასეთი სახელით "კოალიცია ევროპული რეფორმებისთვის", სადაც გაერთიანდებიან ბაქრაძე, ალასანია და უსუფაშვილი. ეს კოალიცია გააგრძელებს ქვეყნის მართვას. პოლიტიკიდან წავა მხოლოდ სააკაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" რეაქციული ნაწილი კი დარჩება. ამას უსათუოდ მოჰყვება ვადამდე არჩევნების საკითხი და შს მინისტრი დადგება დარტყმის ქვეშ, რადგან ე.წ. ევროპული კოალიციის გეგმებისთვის ერთ-ერთი ბარიერი ღარიბაშვილია. ივანიშვილს რეალურად პარლამენტში თავისი გუნდი არა ჰყავს, რესპუბლიკელები და ალასანია კი მძლავრი გუნდებით არიან წარმოდგენილი. აჯობებს ივანიშვილმა 2 წლის მერე დატოვოს პოსტი და ქართველ ხალხს ყველაზე წარმატებული მინისტრი შესთავაზოს, როგორც პრემიერობის კანდიდატი.

- ჩანს, საკრებულო უგულავას იმპიჩმენტზე არ აპირებს მუშაობას?

- გადაწყვეტილებას პოლიტიკური გუნდი იღებს და არა შიხიაშვილი. ჩემი პარტიის, "თავისუფალი საქართველოს" სახელით გავიტან კანონპროექტს მერის იმპიჩმენტის შესახებ. თუ მხარს საკრებულო დაუჭერს, მერე პარლამენტმა უნდა განიხილოს.

...ბაჩო ახალაიას გამართლება წულუკიანისა და კბილაშვილის კრახი და ქართველი ხალხისთვის სილის გაწვნა იყო. კიდევ იტყვიან, რომ წულუკიანი მაგარი მინისტრია და კბილაშვილი კარგი პროკურორი?

ახალაიას გამართლება იგივეა, ნიურნბერგის პროცესზე გებელსის ან გერინგისთვის რომ დანაშაული ვერ დაემტკიცებინათ.

კბილაშვილი მიზანმიმართულად მოქმედებს და ამის გამო მისი დაპატიმრებისა და ბრალის წაყენების საკითხი უსათუოდ დადგება. ვერ ხედავთ, რომ მერაბიშვილის საქმესაც შეგნებულად აფუჭებს პროკურატურა, რომ მერე სასამართლომ გაამართლოს?! კოტე კუბლაშვილიც უკვე "ოცნების" მოსამართლეა.

იუსტიციის სამინისტრო ხალხს თაღლითურად ატყუებს, ვითომდა მუშაობს სამართლიანობის აღდგენაზე, ქონების დაბრუნებასა და უჩიპო პირადობის ბარათებზე. შედეგს კი 9 თვის მერეც ვერ ვხედავთ. უნდა გადააყენონ იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი!

- თუ ჯეროვნად ვერ მუშაობენ, პრემიერი რატომ არ იღებს ზომებს?

- მისი მიდგომაა "ნუ იქნება ოღონდ ბუნტი", ევროპელების კრიტიკა, უარყოფითი შეფასებები უცხოურ პრესაში, მაგრამ თუ ვინმე მტკიცედ დასვამს საკითხს, პრემიერი წინ არ აღუდგება. არა მგონია, ივანიშვილს ეთქვა, ახალაია ციხიდან გამოუშვითო, მაგრამ მთავარი პროკურორი და იუსტიციის მინისტრი რომ საქმეს ვერ აკეთებენ, პასუხისმგებლობა პრემიერსაც ეკისრება. დაგენაძლევებით, ვანოსაც მალე გამოუშვებს სასამართლო, ბრალდებაში არაფერი დევს ისეთი, რითაც ის ციხეში დარჩება. ერთადერთი პოლიტიკური ბრალი, რომელიც წაუყენეს, 26 მაისია, ბრალდებაში წერია, მისი პასუხისმგებლობაა 26 მაისი, სხვა არაფერიო. გინახავთ ამ საქმეზე ვინმე სხვა ბრალდებული? ჩვენ ამის მშვიდად ცქერას არ ვაპირებთ. საკრებულო სხდომაზე გაიტანს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა და ქონებრივად დაზარალებულთა საკითხს, ასევე არასწორი პრივატიზაციის საკითხებს. ამ საქმეების ამოქექვა ბევრს არ ეხალისება, რადგან ფეხი აქვთ სიბინძურეში ჩაყოფილი. ამას ჩემი გადაყენება მოჰყვება, თუ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა, ხალხი დაინახავს.